24.12.2018

გადაწყვეტილება

14 დეკემბერი 2018 წელი

საქმე N 239

დავით მახარაშვილი დიანა ჯოჯუას და თამარ ბაღაშვილის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: ნინო ჯაფიაშვილი, ლიკა ზაკაშვილი, გელა მთივლიშვილი, მაია მამულაშვილი

განმცხადებელი: დავით მახარაშვილი

მოპასუხე: დიანა ჯოჯუა და თამარ ბაღაშვილი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა დავით მახარაშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2018 წლის 16 ნოემბერს, ტელეკომპანია “რუსთავი2-ის” გადაცემა “კურიერში” გასულ სიუჟეტში “მორიგი სკანდალური ბრალდება - კახა კალაძე ქართველ სამხედროებს აგვისტოს ომში თანამებრძოლების მიტოვებაში ადანაშაულებს“ დაირღვა ქარტიის პირველი, მე-3 და მე-11 პრინციპი. სიუჟეტის ავტორი თამარ ბაღაშვილია, განმცხადებელი ასევე სადავოდ ხდიდა გადაცემის წამყვანის, დიანას ჯოჯუას მიერ სიუჟეტის წარდგენის ტექსტს, შესაბამისად მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრენ დიანა ჯოჯუა და თამარ ბაღაშვილი.

მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან და არც შეპასუხება წარმოუდგენიათ.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”. სადავო სიუჟეტის ძირითადი ნაწილი ეხებოდა კახა კალაძის ბრიფინგს. წამყვანმა დიანა ჯოჯუამ სიუჟეტი შემდეგი ტექსტით წარადგინა “კახა კალაძის უმძიმესი ბრალდება, დედაქალაქის მერი ქართველ სამხედროებს 2008 წელს საკუთარი თანამებრძოლების ცხედრების ბრძოლის ველზე მიტოვებაში ადანაშაულებს” თავად სიუჟეტში ჟურნალისტმა თამარ ბაღაშვილმა კი განაცხადა, რომ “ამავე ბრიფინგზე კახა კალაძემ ქართველ სამხედროებს კიდევ უფრო მძიმე ბრალდება წაუყენა და გარდაცვლილი თანამებრძოლების ცხედრების მიტოვებაში დაადანაშაულა”. აღნიშნულ ტექსტს თან მოსდევდა კახა კალაძის ბრიფინგიდან ნაწყვეტი, სადაც კახა კალაძე აცხადებდა რომ “პარტია და მისი ლიდერი, ვინც საკუთარი გაუაზრებელი, თუ მოღალატეობრივი პოლიტიკით პრაქტიკულად რუსის ჯარს შემოუძღვა საქართველოში, დაკარგა 150 სოფელი, მათ შორის ჯერ განაიარაღა და მერე უბრძოლველად ჩააბარა კოდორის ხეობა, მტერს შეატოვა მშვიდობიანი მოსახლეობა და ჩვენი დაღუპული გმირების ცხედრების გამოტანაზეც კი არ უზრუნია, ისე მოაწყო გამარჯვების ყალბი ზეიმი რუსთაველის გამზირზე და რომ არა პატრიარქის პირადი გმირობა და ჩვენი სამღვდელოების თავდადება, ზოგიერთი გმირის საფლავიც არ გვექნებოდა”.

ზემოთ მითითებული ტექსტების შეჯერების შედეგად ცალსახაა, რომ ჟურნალისტებმა საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს კახა კალაძე გარდაცვლილი მეომრების ცხედრების მიტოვებას უშუალოდ მათ თანამებრძოლებს აბრალებდა, ხოლო ბრიფინგის მიხედვით, კახა კალაძემ ბრალდება [“დაღუპული გმირების ცხედრების გამოტანაზეც კი არ უზრუნია”] იმ დროს მოქმედ მმართველ პარტიას და მის ლიდერს წაუყენა.

ქარტიის საბჭო გაეცნო ბრიფინგის სრულ ვიდეოჩანაწერს საიდანაც ჩანს, რომ კახა კალაძე უშუალოდ ქართველ სამხედროებს არ ადანაშაულებს გარდაცლილი თანამებრძოლების ცხედრების მიტოვებაში.

მართალია სიუჟეტი შეიცავდა კახა კალაძის ბრიფინგიდან იმ ნაწილს, სადაც ისმის, რომ ის თანამებრძოლების ცხედრების მიტოვებაში “პარტიასა და მის ლიდერს” ადანაშაულებს და არა სამხედროებს, მაგრამ საბჭოს შეფასებით, იმდენად განსხვავდებოდა კახა კალაძის პოზიცია და ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მაყურებელს შესაძლოა დარჩენოდა შთაბეჭდილება, რომ თითქოს ბრიფინგის მიმდინარეობისას პარტიის და მისი ლიდერის გარდა, გარდაცვლილი თანამებრძოლების ცხედრების მიტოვებაში კახა კალაძემ სამხედროებიც დაანაშაულა, რაც როგორც უკვე აღინიშნა, ბრიფინგის სრული ჩანაწერის მოსმენისას გამოირიცხა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ჟურნალისტებმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს და ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვიეს.

ქარტიის მე-3 პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია.” განცხადებაში არ იყო მითითებული, თუ რაში გამოიხატა ფაქტების მიჩქმალვა, თავად საბჭომ მსგავსი ფაქტი ვერ მოიძია განსახილველ სიუჟეტში და მესამე პრინციპი დარღვეულად არ მიიჩნია.

ქარტიის მე-11 პრინციპის მიხედვით “ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება”. პირველი პრინციპის მსჯელობისას დადგინდა, რომ ჟურნალისტების მიერ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია. მე-11 პრინციპის ჭრილში კი საბჭომ შეაფასა არასწორი ინფორმაცია დაუდევრობით გამოწვეული შეცდომა იყო თუ იკვეთებოდა განზრახვა. როგორც აღინიშნა სიუჟეტი ეძღვნებოდა სწორედ კახა კალაძის ბრიფინგს, შესაბამისად საბჭო დარწმუნებულია, რომ ჟურნალისტები სრულად გაეცნენ აღნიშნულ ბრიფინგს, რომელიც მხოლოდ 4 წუთს გაგრძელდა. მათთვის ცნობილი იყო, რომ კახა კალაძეს ქართველი სამხედროები თანამებრძოლების ცხედრების მიტოვებაში არ დაუდანაშაულებია, მეორეს მხრივ არასწორი ინფორმაციის შემცველი ბრალდება “ქალაქის მერი ქართველ სამხედროებს 2008 წელს საკუთარი თანამებრძოლების ცხედრების ბრძოლის ველზე მიტოვებაში ადანაშაულებს” სადავო სიუჟეტის მთავარი აქცენტი იყო. შესაბამისად, საბჭოს მოსაზრებით, მსგავსი არსებითი საკითხის არასწორად გავრცელების საფუძველი არ იყო უყურადღებობა. საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტებმა კახა კალაძის პოზიცია განზრახ დაამახინჯეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

დიანა ჯოჯუამ და თამარ ბაღაშვილმა დაარღვიეს ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპი.
დიანა ჯოჯუას და თამარ ბაღაშვილს არ დაურღვევია ქარტიის მე-3 პრინციპი.

საქმის მასალები: