გადაწყვეტილებების ძიება
გადაწყვეტილება საქმეზე – გიორგი ტატიშვილი ირაკლი მანაგაძის წინააღმდეგ
28.03.2017

განმცხადებელი : გიორგი ტატიშვილი;
პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი;
გადაწყვეტილება საქმეზე N 117

19 თებერვალი, 2017 წელი

საქმეზე გიორგი ტატიშვილი ირაკლი მანაგაძის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე
: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: ჯაბა ანანიძე, ნინო ჯაფიაშვილი, თეა ზიბზიბაძე, თამარ უჩიძე, მაია მამულაშვილი, მაია მეცხვარიშვილი.

განმცხადებელი: გიორგი ტატიშვილი

მოპასუხე:
ირაკლი მანაგაძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გიორგი ტატიშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2016 წლის 26 ოქტომბერს, ინტერნეტ გამოცემა 1news.ge-ზე ტრანს ჯგუფის განცხადების [„არაეთიკურად მიგვაჩნია ტატიშვილის მხრიდან თემის წევრების ვინაობების გამხელა“] განთავსებით დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3, მე-5 და მე-11 პრინციპი. განცხადება ეხებოდა ტრანს ჯგუფის პოზიციას გიორგი ტატიშვილის აქტივობებთან დაკავშირებით. 1news.ge-ს რედაქტორია მოპასუხე ჟურნალისტი ირაკლი მანაგაძე.

საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებელი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტმა საბჭოს კითხვებს სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით უპასუხა. საქმის განხილვის დროს განმცხადებელმა მოხსნა თავისი მოთხოვნა მე-3 და მე-11 პრინციპების სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

როგორც შესავალ ნაწილში აღინიშნა, ვებგვერდზე 1news.ge უცვლელი სახით გამოქვეყნდა ტრანს ჯგუფის განცხადება: „არაეთიკურად მიგვაჩნია ტატიშვილის მხრიდან თემის წევრების ვინაობების გამხელა“. საბჭომ თავის გადაწყვეტილებაშია რა ერთხელ მიუთითა, რომ სხვა პირის განცხადების გავრცელება არ ათავისუფლებს მედია საშუალებას სარედაქციო პასუხისმგებლობისაგან, მით უმეტეს როცა ამ განცხადებაში საუბარია ფაქტებზე, პირებზე და როცა განცხადება გარკვეულ ბრალდებებს შეიცავს სხვა პირის მიმართ. ჟურნალისტი ვალდებული იყო დაკავშირებოდა გიორგი ტატიშვილს [რომელსაც ეხებოდა განცხადება] და მკითხველისათვის შეეთავაზებინა მისი პოზიცია განცხადებაში აღნიშნულ ფაქტებთან/ბრალდებებთან დაკავშირებით. საინფორმაციო სააგენტო სიზუსტის უზრუნველსაყოფად, ვალდებული იყო მასალის გამოქვეყნებამდე დაკავშირებოდა გიორგი ტატიშვილს, რადგან გამოსაქვეყნებლად რედაქციაში მისული განცხადება უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენდა ტატიშვილს და მის მიმართ ბრალდებებს შეიცავდა. თუ ვერ მოხერხდებოდა ტატიშვილთან დაკავშირება, განცხადება შესაძლებელია გამოქვეყნებულიყო, თუმცა რედაქციას უნდა გაეკეთებინა მინაწერი, რომ მზად იყვნენ მკითხველისთვის ტატიშვილის საპასუხო პოზიცია შეეთავაზებინათ, როგორც კი მასთან დაკავშირებას მოახერხებდნენ.

განცხადებაში მითითებული იყო, რომ: “მის მიერვე [იგულისხმება გიორგი ტატიშვილი] ნებართვის [იგულისხმება ზიზი შეყილაძის თანხმობა] გარეშე მოხდა დაზარალებულის ვინაობისა და საქმიანობის გამხელა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას“. გიორგი ტატიშვილმა კი საბჭოს წარმოუდგინა მის ორგანიზაციასა და ტრანსგენდერ ქალ ზიზი შეყილაძეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გიორგი ტატიშვილს უფლება ჰქონდა დაეცვა ზიზი შეყილაძის ინტერესები და წარმოედგინა იგი. აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი, ვინაიდან გამოქვეყნებული ინფორმაცია არ გადამოწმდა მეორე მხარესთან.

ქარტის მე-5 პრინციპის თანახმად „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“. სტატიის განთავსების შემდეგ გიორგი ტატიშვილმა მიმართა გამავრცელებელ მედია საშუალებას, რომ მისი კომენტარიც გამოქვეყნებულიყო, ამას ადასტურებს გიორგი ტატიშვილის ფეისბუქ გამოხმაურება სტატიაზე და ასევე სატელეფონო საუბარი მხარეებს შორის, რომლის არსებობაც დაადასტურა როგორც განმცხადებელმა, ისე მოპასუხე პირმა. მიუხედევად აღნიშნულისა ვებსაიტზე არ გამოქვეყნებულა მეორე მხარის პოზიცია, რაც ქარტიის მე-5 პრინცნიპის დარღვევას წარმოადგენს.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  • ირაკლი მანაგაძემ დაარღვია ქარტიის პირველი და მე-5 პრინციპი.

საქმის მასალები:

განცხადება


სადავო მასალა