გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – WISG და EMC სოფო მთივლიშვილის წინააღმდეგ
30.03.2017

განმცხადებელი : ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი;
მოპასუხე : სოფო მთივლიშვილი;
პრინციპები : 7 პრინციპი;
გადაწყვეტილება საქმეზე N 119
27 თებერვალი, 2017 წელი


საქმე
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი სოფო მთივლიშვილის წინააღმდეგ


საბჭოს
თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: ჯაბა ანანიძე, ნინო ჯაფიაშვილი, თეა ზიბზიბაძე, თამარ უჩიძე, მაია მეცხვარიშვილი.

განმცხადებელი: ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

მოპასუხე: სოფო მთივლიშვილი

აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართეს "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" და "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა", რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, 2016 წლის 23 ოქტომბერს, გადაცემა "იმედის დროში" გასულ სიუჟეტში "ტრანსგენდერთა ნაწილი სექსუალური უმცირესობების უფლებადამცველებს უპირისპირდება"  დაირღვა ქარტიის  პირველი და მე-7 პრინციპი.  სიუჟეტი ეხებოდა სექსუალური უმცირესობების საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებს  შორის სავარაუდო დაპირისპირების ფაქტებს და ასევე იმ პრობლემებს, რომელთაც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები აწყდებიან საზოგადოებაში. საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებლების წარმომადგენელი, მოპასუხე ჟურნალისტი საქმის განხილვას არ დასწრებია და არც საპასუხო პოზიცია წარმოუდგენია. სხდომის მიმდინარეობისას განმცხადებელმა მოხსნა მისი მოთხოვნა პირველი პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის მეშვიდე პრინციპის მიხედვით "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე. ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით". სადავო სიუჟეტში სტუდიაში მოწვეული ტრანსგენდერი ქალები საუბრობენ. მასალაში ფართო კადრებით ნაჩვენებია ის განმასხვავებელი ნიშნები [მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელები, ტანსაცმელი, მკვეთრი მაკიაჟი] რომლებიც საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებებით შეუფერებელია ტრანსგანდერი ქალების ბიოლოგიურ სქესთან. მსგავსი სახით გაშუქებამ გამოწვია ტრანსგენდერი ქალების ეგზოტიკურ პირებად წარმოჩენა და მათ მიმართ სტიგმის გაძლიერება. თავის მხრივ, როგორც საბჭომ არა ერთხელ აღნიშნა "სტიგმატიზირება/სტიგმის გაძლიერება ჟურნალისტური ეთიკის მიზნებისათვის დისკრიმინაციის სახეა’’.  ჟურნალისტი ვალდებული იყო რომ აქცენტი არ გაეკეთებინა გარეგნულ ნიშნებზე და ამით ხელი არ შეეწყო სექსუალური უმცირესობების განსხვავებულ და უჩვეულო   ან პირებად  წარმოჩენისათვის. სიუჟეტში  ჟურნალისტი მაყურებელს ასევე აწვდის ინფორმაციას, რომ "მათი [ტრანსგენდერი ქალების] ერთადერთი შემოსავლის წყარო სხეულით ვაჭრობაა". ამასთან დაკავშირებით ქარტიის საბჭო იზიარებს განმცხადებლის პოზიციას, რომ "ჯგუფის უხილავობის ფონზე, ამ კონკრეტული სიუჟეტით და ავტორის მიდგომებით, ტრანსგენდერი ადამიანების შესახებ საზოგადოებაში არსებული სტიგმა კიდევ უფრო ძლიერდება და ჯგუფის მარგინალიზებას უწყობს ხელს. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის ფაქტიც, რომ პროსტიტუცია საქართველოში არ არის ლეგალური საქმიანობა. ჩვენს ქვეყანაში პროსტიტუცია წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რისთვისაც კანონით გათვალისწინებულია ჯარიმა. შესაბამისად, სიუჟეტში გამოთქმული ამგვარი დამოკიდებულება ამძაფრებს სტიგმას ტრანსგენდერი ქალების მიმართ". შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს,  სიუჟეტით დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი.

სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:
  1. სოფო მთივლიშვილმა დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.
საქმის მასალები: სადავო მასალა განცხადება