გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – საია ირაკლი კიკნაველიძის და თამარ ჩერგოლეიშვილის წინააღმდეგ
20.03.2017

განმცხადებელი : საია;
მოპასუხე : თამარ ჩერგოლეიშვილი;
დარღვეული პრინციპები : არ დარღვეულა;
გადაწყვეტილება 110
19 თებერვალი, 2017 წელი

საქმეზე - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ირაკლი კიკნაველიძის და თამარ ჩერგოლეიშვილის  წინააღმდეგ


საბჭოს
თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: ჯაბა ანანიძე, ნინო ჯაფიაშვილი, თეა ზიბზიბაძე, თამარ უჩიძე, მაია მამულაშვილი, მაია მეცხვარიშვილი.

განმცხადებელი: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

მოპასუხე: ირაკლი კიკნაველიძე და თამარ ჩერგოლეიშვილი
 აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ,  რომელიც მიიჩნევდა, რომ 2016  წლის 06 აგვისტოს, ვებსაიტზე tabula.ge-ზე გამოქვყნებულ სტატიაში: "საია: ივანიშვილს კანონი არ დაურღვევია, საზოგადოებრივი მოძრაობა დააფუძნა" დაირღვა ქარტიის 1-ლი და მე-3 პრინციპი. სტატია შეეხებოდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პოზიციას მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის ქმედებების მიმართ, კერძოდ ორივე მათგანის აქტივობის [როცა ისინი სხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ] სამართლებრივ შეფასებას. სადავო სტატიასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა აიღო  ჟურნალისტმა ირაკლი კიკნაველიძემ და რედაქტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა. საქმის განხილვას დაესწრო როგორც განმცხადებლის წარმომადგენელი, ისე მოპასუხე ჟურნალისტები. ზეპირი განხილვის დროს განმცხადებელმა მოხსნა თავისი მოთხოვნა პირველი პრინციპის მიმართ.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის მესამე პრინციპის მიხედვით "ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია". განმცხადებელი ფიქრობდა, რომ სტატიაში მნიშვნელოვანი ფაქტი მიიჩქმალა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ [შემდგომ "საია"] მიიჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილმა დაარღვია საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეს უკრძალავს წინასაარჩევნო აგიტაციას და მისი დაჯარიმება მოითხოვა. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მოპასუხე ჟურნალისტმა ირაკლი კიკნაველიძემ მიმართა საიას, თუ როგორ აფასებდა ორგანიზაცია ბიძინა ივანიშვილის აქტივობას 2012 წელს გამართული არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, როცა ბიძინა ივანიშვილი ასევე არ იყო საქართველოს მოქალაქე. საიას პასუხი სტატიაში გადმოცემულია შემდეგი სახით: "საიას განმარტებით, ივანიშვილს დაფუძნებული ჰქონდა არა პოლიტიკური, არამედ საზოგადოებრივი მოძრაობა -  "ივანიშვილმა 2011 წლის ოქტომბერში დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა. შესაბამისად, უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის თანახმად, მას არ ჰქონდა უფლება გამხდარიყო პოლიტიკური გაერთიანების წევრი, მონაწილეობა მიეღო მის საქმიანობაში, ანდა დაეფუძნებინა პარტია. თუმცა, აღნიშნული კანონი მას აძლევდა საზოგადოებრივი გაერთიანების შექნის უფლებას, რა უფლებითაც კანონიერად ისარგებლა კიდეც ივანიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჯერ დააფუძნა საზოგადოებრივი მოძრაობა 2011 წლის დეკემბერში, ხოლო პარტია 2012 წლის 7 მაისს დაფუძნდა".

საია მე-3 პრინციპის დარღვევად მიიჩნევდა ფაქტს, რომ  არ გამოაქვეყნდა საიას პასუხი სრულად, კერძოდ სტატია არ შეიცავდა პასუხის იმ ნაწილს, სადაც მითითებული იყო, რომ საიას არ გააჩნდა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას, ასევე ის ნაწილი, სადაც ხაზგასმული იყო, რომ ბიძინა ივანიშვილს თავად პარტია არ დაუფუძნებია და არც პარტიის წევრი იყო. განმცხადებლის მოსაზრებით, აღნიშნულის მითითება აუცილებელი იყო, ვინაიდან პასუხის მხოლოდ ნაწილის "შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჯერ დააფუძნა საზოგადოებრივი მოძრაობა 2011 წლის დეკემბერში, ხოლო პარტია 2012 წლის 7 მაისს დაფუძნდა" გავრცელებით მკითხველს შეექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ თითქოს პარტიის დაფუძნებაში 2012 წლის 07 მაისს მონაწილეობას იღებდა ბიძინა ივანიშვილი.  ქარტიის საბჭო ვერ დაეთანხმება განმცხადებლის მოსაზრებას, ვინაიდან სტატიაში საიას პოზიციას წინ უძღვის ჟურნალისტის ტექსტი: "საიას განმარტებით, ივანიშვილს დაფუძნებული ჰქონდა არა პოლიტიკური, არამედ საზოგადოებრივი მოძრაობა". შესაბამისად, მკითხველისათვის ცნობილი და აღქმადი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილს ოფიციალურად პარტია არ დაუფუძნებია. საბჭო ასევე არ თვლის ფაქტის მიჩქმალვად იმას, რომ სტატიაში არ იყო მითითება იმ გარემოებებზე, რომელზე დაყრდნობითაც საიამ ჩათვალა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ საქმიანობაში არ მონაწილეობდა. საია, როგორც პროფესიული ორგანიზაცია, აკეთებს და საზოგადოებას, მათ შორის მედია საშუალებების მეშვეობით, აწვდის პოზიციას/მოსაზრებებს. მსგავსი ტიპის სტატიაში იმაზე არ მითითება  თუ რა სიღრმისეული, ფაქტობრივი თუ სამართლებრივი კვლევა უდევს ამ დასკვნას საფუძვლად, არ არის ფაქტის მიჩქმალვა. მთავარია, რომ მედიასაშუალებამ უზრუნველყო საიას პოზიციის [ბიძინა ივანიშვილი არ იყო ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში]მკითხველისადმი ზუსტად მიწოდება.

სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  • ირაკლი კიკნაველიძეს და თამარ ჩერგოლეიშვილს არ დაურღვევიათ ქარტიის მე-3 პრინციპი.

საქმის მასალები