გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – გიორგი გაბრიაძე ლერი კვაჭანტირაძის წინააღმდეგ
20.03.2017

განმცხადებელი : გიორგი გაბრიაძე;
დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი;
გადაწყვეტილება საქმეზე N 121
19 თებერვალი, 2017 წელი

საქმეზე - გიორგი გაბრიაძე  ლერი კვაჭანტირაძის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: ჯაბა ანანიძე, ნინო ჯაფიაშვილი, თეა ზიბზიბაძე, თამარ უჩიძე, მაია მამულაშვილი, მაია მეცხვარიშვილი 

განმცხადებელი
: გიორგი გაბრიაძე

მოპასუხე
: ლერი კვაჭანტირაძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გიორგი გაბრიაძემ,  რომელიც მიიჩნევდა, რომ ჟურნალ "ჰოროსკოპის"  ოქტომბრის თვის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში "ზანგი ქართველები"  დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი.  სტატია ეხებოდა აფრიკის კონტინეტზე მცხოვრებ შავკანიან პირებს, რომლებსაც, სხვადასხვა წყაროს თანახმად, ჰქონდათ ქართული გვარები და ქართულად მეტყველებდნენ.  ვინაიდან სტატიაზე მითითებული არ იყო ავტორი, მოპასუხედ განისაზღვრა ჟურნალის რედაქტორი ლერი კვაჭანტირაძე. საქმის განხილვას არ დასწრებია არც განმცხადებელი და არც მოპასუხე პირი, მოპასუხეს  არ წარმოუდგენია საკუთარი პოზიცია.
სამოტივაციო ნაწილი: 
ქარტიის მეშვიდე პრინციპის მიხედვით "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე. ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით". სტატიაში პირის კანის ფერის აღსანიშნავად ჟურნალისტი არა ერთხელ იყენებს სიტყვას  "ზანგი". ქართულ ენაში და შესაბამისად, საზოგადოებაში სიტყვა "ზანგს" უარყოფითი დატვირთვა აქვს, იგი ძირითად გაიგივებულია შავკანიანი მოსახლეობის ცხოვრების იმ  პერიოდთან, როდესაც ისინი იმყოფებოდნენ მონურ და უფლებაშელახულ მდგომარეობაში. "ზანგის" გამოყენება ასოცირდება დაბალ სოციალურ და უფლებრივ მდგომარეობასთან: "ზანგებივით გვექცევიან", "ზანგები ხომ არ ვართ". აღნიშნულიდან გამომდინარე "ზანგი" დამაკნინებელი  ტერმინია და წარმოადგენს დისკრიმინაციას კანის ფერის გამო. დისკრიმინაციის თავიდან არიდება ეთიკური ჟურნალისტიკის ერთ - ერთი მთავარი პრინციპია. ჟურნალისტი ვალდებულია, მაღალი პროფესიული სტანდარტების შესაბამისად, სწორად შეარჩიოს ტერმინები და ფრაზები. არა თუ ხელი არ უნდა შეუწყოს დისკრიმინაციის გაღრმავებას, არამედ თავად უნდა იყოს ანტიდისკრიმინაციული ტერმინოლოგიის და მიდგომების დამცველი. ეთიკური ჟურნალისტური პროდუქტი მკითხველისათვის უნდა იყოს მაგალითი  დისკრიმინაციული კონტექსტიდან დაცლილი ინფორმაციის გადმოცემის და არა - პირიქით. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, დისკრიმინაციული ტერმინის "ზანგის" გამოყენება შეუსაბამოა ქარტიის მე-7 პრინციპთან.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:
  1. ლერი კვაჭანტირაძემ დაარღვია ქარტიის მეშვიდე პრინციპი.