გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – გიორგი ტატიშვილი ზურაბ ვარდიაშვილის წინააღმდეგ
01.03.2017

განმცხადებელი : გიორგი ტატიშვილი;
მოპასუხე : ზურა ვარდიაშვილი;
პრინციპები : 1 პრინციპი;
გადაწყვეტილება N 115
28 იანვარი, 2017 წელი

საქმეზე - გიორგი ტატიშვილი  ზურაბ ვარდიაშვილის  წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: ჯაბა ანანიძე, თეა ზიბზიბაძე, თამარ უჩიძე, თაზო კუპრეიშვილი, მაია მეცხვარიშვილი.

განმცხადებელი: გიორგი ტატიშვილი

მოპასუხე: ზურაბ ვარდიაშვილი

 აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გიორგი ტატიშვილმა,  რომელიც მიიჩნევდა, რომ 2016 წლის 27 ოქტომბერს, ვებგვერდზე liberali.ge, ზურაბ ვარდიაშვილის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიით "როგორ მუშაობს გიორგი ტატიშვილის სქემა" დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე-3, მე-5, მე-10  და მე-11 პრინციპი. სტატია ეხებოდა საჯარო სკოლებიდან ინფორმაციის გამოთხოვას, კერძოდ, ფაქტებს, როცა სხვადასხვა იურიდიული პირი, საჯარო სკოლებიდან ითხოვდა საჯარო ინფორმაციას, ხოლო ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში ინფორმაციის მომთხოვნი პირი შესაბამისი სარჩელით მიმართავდა სასამართლოს.

საქმის განხილვას დაესწრო როგორც განმცხადებელი, ისე მოპასუხე ჟურნალისტი.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია".

სკოლებზე დაყრდნობით ჟურნალისტი სტატიაში უთითებს, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია 15 000-20 000 ერთეულ ფურცელს შეადგენს, თუმცა მან საბჭოს ვერ წარმოუდგინა რაიმე მტკიცებულება, რომ ტატიშვილის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მოცულობა ნამდვილად 15-20 ათას ფურცელს აღწევდა, რის გამოც, როგორც სტატიაშია აღნიშნული, სკოლები ვერ ახერხებდნენ ამ ინფორმაციის გაცემას. ჟურნალისტს ეს ინფორმაცია არც თავად გიორგი ტატიშვილთან გადაუმოწმებია, რომელსაც სტატიის მომზადების პროცესში ესაუბრა. განმცხადებელმა მიუთითა, რომ თითოეული სკოლისგან მოთხოვნილი მაქსიმალური ინფორმაციის ოდენობა რამდენიმე ასეული გვერდია და არა 15-20 ათასი. მისივე თქმით, ინფორმაცია, რომელსაც იგი ითხოვს, კანონმდებლობის თანახმად, ელექტრონული ფორმით უნდა ინახებოდეს სკოლებში და მათი მოწოდება ისეთ ძალისხმევასთან არ არის დაკავშირებული, როგორც ეს სტატიაშია აღნიშნული. შესაბამისად, ჟურნალისტის მიერ არ გადამოწმდა არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია.

სტატიაში ასევე მითითებული იყო, რომ: "მას შემდეგ, რაც ვერ ხერხდება მოთხოვნილი ინფორმაციის სრულად გაცემა, გიორგი ტატიშვილი მიმართავს სასამართლოს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოსარჩელის სასარგებლოდ წარმომადგენლობითი ხარჯების, ანუ ადვოკატის იურიდიული მომსახურების ხარჯის დაკისრებას ითხოვს" და "მოსარჩელის მიზანი წარმომადგენლობითი ხარჯის ანაზღაურებაა. სტანდარტულად ის 550 ლარს ითხოვს. თანხას  მის მიერ დაარსებული ერთი ორგანიზაცია მის მიერ დაარსებული მეორე ორგანიზაციის დაცვისთვის იღებს. წარმოებაში მრავალი ათეული საქმეა".

სხდომის დროს საბჭოს ჟურნალისტმა განუცხადა, რომ თავად არ იყო გაცნობილი არც ერთ სასამართლო გადაწყვეტილებას, სადაც წარმომადგენლობითი ხარჯების ანაზღაურება სრული მოცულობით დაეკისრა საჯარო სკოლას. ხოლო, გიორგი ტატიშვილმა მიუთითა, რომ ანაზღაურება ხშირად შეადგენდა 20, 50 ან 100 ლარს და მაქსიმალური ოდენობით - 550 ლარამდე აუნაზღაურდა ერთეულ შემთხვევაში.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ სტატიაში გამოყენებულია სხვადასხვა ფრაზების ერთობლიობა: "როგორ მუშაობს გიორგი ტატიშვილის სქემა" [სათაური"], "ამგვარი სარჩელების სამიზნე ათეულობით სკოლაა, მათ შორისაა რეგიონების სკოლებიც".  "რაც საშუალებას აძლევს ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს კოდექსის პრინციპები მანიპულირების საგნად აქციოს, რომლის მსხვერპლი ამ ეტაპზე საჯარო სკოლები აღმოჩნდნენ", "რით უნდა დასრულდეს სკოლებზე "მასირებული შეტევა",  რასაც ამძაფრებს ინტერვიუ იურისტ ინგა არახამიასთან, რომელიც ინფორმაციის ამ სახით გამოთხოვას, აფასებს როგორც "თაღლითობას". ჟურნალისტმა მხოლოდ ერთ ღია წყაროზე, იურისტზე დაყრდნობით მკითხველს შეუქმნა წარმოდგენა, რომ გიორგი ტატიშვილის ქმედება იყო თაღლითობა, რაც საბჭოს საბჭომ ასევე მიიჩნია სიზუსტის პრინციპის დარღვევად.

რა თქმა უნდა, ჩნდება  ეჭვი, რომ ინფორმაციის გამოთხოვას არ ჰქონდა ობიექტური საფუძველი და ინფორმაციის მიმღებს სხვა მიზნები ამოძრავებდა და არა  ინფორმაციის რეალური საჭიროება, მაგრამ იმისათვის, რომ ჟურნალისტს მკითხველისათვის ინფორმაცია სრულად მიეწოდებინა, მიზანშეწონილი იყო დაინტერესებულიყო თუ რა მიზნისთვის იყენებდა მოთხოვნილ ინფორმაციას მიმღები და გამოეკვლია დამატებითი დეტალები, რათა მკითხველს ჰქონოდა სრული ინფორმაცია დასკვნის გასაკეთებლად, თუ რამდენად იყო ინფორმაციის მიღების რეალური საჭიროება.

ქარტიის მესამე პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია". განმცხადებელმა მესამე პრინციპთან დაკავშირებით მიუთითა ის გარემოებები, რომელთა საფუძველზე დადგინდა პირველი პრინციპის დარღვევა და შესაბამისად მე-3 პრინციპი დარღვეულად არ იქნა მიჩნეული.

ქარტიის მე-5 პრინციპის თანახმად: "მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება". ხოლო მე-11 პრინციპის მიხედვით "ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება". სხდომის მიმდინარეობისას განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ერთი კვირის ვადაში საბჭოს წარმოუდგენდა მტკიცებულებას, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ იგი ითხოვდა ინფორმაციის შესწორებას, ასევე მტკიცებულებებს, რომლის თანახმად მოპასუხე ჟურნალისტს ჰქონდა ინტერესი, რომ გაევრცელებინა არაზუსტი ინფორმაცია. საბჭომ განმცხადებელს მტკიცებულებების წარმოსადგენად მისცა ვადა, თუმცა მას დამატებითი ინფორმაცია აღარ წარმოუდგენია. შესაბამისად, ვადის გასვლის შემდეგ მე-5 და მე-11 პრინციპების დარღვევა არ დადგინდა.

ქარტიის მე-10 პრინციპის თანახმად:  "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი".

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ფაქტის გაშუქებით დაირღვა მისი პირადი ცხოვრება, ვინაიდან საზოგადოებისათვის  ცნობილი გახდა თუ რა საქმიანობას ეწევიან ის ორგანიზაციები, რომლებშიც  ამა თუ იმ სახით მონაწილეობს გიორგი ტატიშვილი. საბჭო აღნიშნავს, რომ როგორც თავად იურიდიული პირების, ასევე მისი წარმომადგენლობაზე/ხელძღვანელობაზე უფლებამოსილი პირების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია [napr.gov.ge],  ასევე მათ მიერ მოხდა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა, შესაბამისად, აღნიშნული ფაქტების გაშუქება არ შეიძლება ჩაითვალოს მე-10 პრინციპის დარღვევად.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ზურა ვარდიაშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
  2. ზურა ვარდიაშვილს არ დაურღვევია ქარტიის მე-3, მე-5,  მე-10 და მე-11 პრინციპი.
საქმის მასალები: სადავო მასალა განცხადება