გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – WISG ქეთი ხოსიტაშვილის წინააღმდეგ
10.02.2017

პრინციპები : 10 პრინციპი;
გადაწყვეტილება N 114
28 იანვარი, 2017 წელი

საქმეზე - ა[ა]იპ "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი"  ქეთი ხოსიტაშვილის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: ჯაბა ანანიძე, თეა ზიბზიბაძე, თამარ უჩიძე, თაზო კუპრეიშვილი, მაია მეცხვარიშვილი.

განმცხადებელი: ა[ა]იპ "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი"

მოპასუხე: ქეთი ხოსიტაშვილი

 აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ა[ა]იპ "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფმა", რომელიც მიიჩნევდა, რომ 2016 წლის 17 ოქტომბერს, ვებგვერდ kvira.ge ზე გამოქვეყნებული სტატიით "ვინ არის ტრანსგენდერი, რომელსაც სასტიკად გაუსწორდნენ? – "ერთმა ქვა ჩაარტყა, მეორემ ყელი გამოჭრა" დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი და მე-10 პრინციპი. სტატია ეხებოდა ტრანსგენდერ ქალზე განხორციელებული ძალადობის ფაქტს. სტატიაში მითითებული არ იყო კონკრეტული ავტორი ჟურნალისტი და შესაბამისად, მოპასუხე პირად განისაზღვრა ვებსაიტ kvira.ge-ის რედაქტორი  ქეთი ხოსიტაშვილი.

საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებლის წარმომადგენელი, მოპასუხე რედაქტორი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.

შენიშვნა: არაოფიციალური სახით საბჭოსათვის ცნობილი გახდა მოპასუხე რედაქტორის, ქეთი ხოსიტაშვილის პოზიცია, რომ სადავო სტატია არ იყო მომზადებული თავად kvira.ge-ის მიერ და მხოლოდ სხვა საინფორმაციო პორტალის/გაზეთის მიერ მომზადებული მასალა  გაავრცელეს. თავად სტატიაში ცალსახად არ იყო მითითებული, რომ სტატია Kvira.ge-ს მიერ არ იყო მომზადებული და სხვა გამოცემის მასალის ტირაჟირებას ახდენდა. ამასთან, როგორც საბჭომ საკუთარ გადაწყვეტილებებში არა ერთხელ აღნიშნა, ყველა ჟურნალისტურ პროდუქტზე ვრცელდება იმ გამოცემის სარედაქციო პასუხისმგებლობა, ვისი პლატფორმაც არის გამოყენებული ინფორმაციის ტირაჟირებისთვის.

სამოტივაციო ნაწილი: 

ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია". სადავო სტატიაში აღნიშნული იყო, რომ  "ზიზის [იგულისხმება დაზარალებული ტრანსგენდერი ქალი] უფლებებს უფლებადამცველი გიორგი ტატიშვილი იცავს".  განმცხადებელი აპელირებდა, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს, რადგან დაზარალებულის ინტერესებს იცავდა არა გიორგი ტატიშვილი, არამედ ა[ა]იპ "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი". აღნიშნულის დასადასტურებლად, განმცხადებლმა საბჭოს მიაწოდა ხელშეკრულება ა[ა]იპ "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფსა" და დაზარალებულის კანონიერ წარმომადგენელს შორის.

მას შემდეგ, რაც ქარტიაში შემოსული განცხადება საჯაროდ გამოქვეყნდა, ქარტიის საბჭოს სამდივნოს დაუკავშირდა ააიპ "ბუნებრივი რესურსების და გარემოს დაცვის სააგენტოს" წარმომადგენელი გიორგი ტატიშვილი. მან წარმოადგინა ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერდა დაზარალებული და რომლის მიხედვით ააიპ "ბუნებრივი რესურსების და გარემოს დაცვის სააგენტო" [ს/ნ  430798639] უფლებამოსილი იყო დაეცვა დაზარალებული პირი ყველა ინსტანციის სასამართლო და ადმინისტრაციულ ორგანოში.  აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ  ჟურნალისტის მიერ გიორგი ტატიშვილის [რომელიც არის   ააიპ "ბუნებრივი რესურსების და გარემოს დაცვის სააგენტოს" წარმომადგენლობაზე უფლებამოსი პირი] დასახელება, როგორც დაზარალებულის ინტერესების დამცველ პირად, არ შეიძლება ჩაითვალოს  ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევად.

ქარტიის მე-10 პრინციპის თანახმად:  "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი".

განმცხადებელი მე-10 პრინციპს  დარღვეულად მიიჩნევდა ორი საფუძვლით:

  1. დაზარალებულს ჟურნალისტისთვის არ მიუცია ინფორმირებული თანხმობა მისი პერონალური მონაცემების, სახელისა და გვარის, ასაკის [პირადობის მოწმობის მიხედვით] და ფოტოსურათის გამოქვეყნების შესახებ.
  2. დაირღვა საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაცია ტრანსგენდერებთან დაკავშირებული თემის გაშუქების სტანდარტის შესახებ, კერძოდ სიტყვა "ტრანსგენდერი" სტატიაში გამოყენებულია როგორც არსებითი სახელი, ასევე გამჟღავნებულია ტრასგენდერი ქალის რეგისტრირებული სახელი და გვარი, საბჭოს რეკომენდაციის მიხედვით კი, ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპებიდან გამომდინარე კი ტრანსგენდერი ადამიანის მიერ არჩეული სახელი უნდა იქნას აღიარებული ჟურნალისტების მიერ მის ნამდვილ სახელად, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ეს სახელი მის საბუთებში შეცვლილი.

დაზარალებული პირის სახელის, გვარის და ფოტოსურათის გავრცელებით, საბჭოს აზრით, არ დარღვეულა ქარტიის მე-10 პრინციპი, ვინაიდან როგორც ფაქტის [ტრანსგენდერ ქალზე განხორციელებული ძალადობა] ისე დაზარალებულის მიმართ არსებობდა საზოგადოებრივი ინტერესი.  დაზარალებულ პირი ცნობილი იყო საზოგადოებისთვის - აწყობდა პრესკონფერენციებს, მონაწილეობდა სატელევიზიო გადაცემებში.

რაც შეეხება მეორე არგუმენტს. გადაწყვეტილებას, საქმეზე  "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი ჟურნალისტების: ლევან სუთიძის, ქეთი კვაჭანტირაძის, ბექა მჭედლიშვილის, თეა სიჭინავას და ნანუკა ქაჯაიას წინააღმდეგ", საბჭომ თან დაურთო სახელმძღვანელო რეკომენდაციები ტრანსგენდერ ადამიანებთან დაკავშირებული თემების ის გაშუქებასთან დაკავშირებით და განსაზღვრა, რომ რეკომანდაციების დარღვევა განხილული იქნება მე-10 პრინციპთან შეუსაბამო ჟურნალისტიკად.  რეკომენდაციის თანახმად:

  1. სიტყვა "ტრანსგენდერი" არის ზედსართავი სახელი და არ შეიძლება, გამოიყენებოდეს, როგორც არსებით სახელი ან გადაკეთდეს ზმნიზედად. სტატიაში ტერმინი გამოყენებული იყო როგორც არსებითი სახელი:   "ვინ არის ტრანსგენდერი, რომელსაც სასტიკად გაუსწორდნენ".
  2. ტრანსგენდერი ადამიანის მიერ არჩეული სახელი უნდა იქნას აღიარებული ჟურნალისტების მიერ მის ნამდვილ სახელად, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ეს სახელი მის საბუთებში შეცვლილი. სტატიაში დაზარალებული იყო მოხსენიებული მისი რეგისტრირებული სახელით და გვარით, რომელსაც თავად დაზარალებული საჯაროდ არ ცნობდა.

მითითებული რეკომენდაციების დარღვევის საფუძველზე საბჭომ მიიჩნია, რომ დარღვეული იქნა ქარტიის მე-10 პრინციპი.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ქეთი ხოსიტაშვილს არ დაურღვევია ქარტიის პირველი პრინციპი.
  2. ქეთი ხოსიტაშვილმა დაარღვია ქარტიის მე-10 პრინციპი.
საქმის მასალები: განცხადება სადავო მასალა