გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – შპს GWP მაია ფურცელაძის წინააღმდეგ
03.01.2017

განმცხადებელი : GWP;
მოპასუხე : მაია ფურცელაძე;
პრინციპები : 1 პრინციპი;
გადაწყვეტილება N 88
21 დეკემბერი, 2016 წელი

საქმეზე - შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მაია ფურცელაძის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი

საბჭოს წევრები: ჯაბა ანანიძე, ნინო ჯაფიაშვილი, მაია მამულაშვილი, თაზო კუპრეიშვილი, ნინო ნარიმანიშვილი.

განმცხადებელი: შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"

მოპასუხე: მაია ფურცელაძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა", რომელიც მიიჩნევდა, რომ გაზეთ "ვერსიას" 2016 წლის 22-23 თებერვლის N 19 [1179] ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში - "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" თაღლითობაში გამოიჭირეს?!"  დაირღვა  ქარტიის პირველი პრინციპი.  სტატია ეხებოდა შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიერ კონკრეტული აბონენტებისათვის ტარიფების გაანგარიშების საკითხს.

სტატიაზე არ იყო მითითებული კონკრეტული ავტორი და პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა გაზეთ "ვერსიის" რედაქტორი მაია ფურცელაძე.

საქმის განხილვის დროს სხდომას დაესწრო განმცხადებლის წარმომადგენელი იოსებ ნიკოლაიშვილი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტმა საბჭოს წარმოუდგინა შეპასუხება წერილობითი სახით.

სამოტივაციო ნაწილი: 

ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია".

სადავო სტატიაში აღნიშნული იყო: "ახლა, რაც შეეხება თაღლითობაში დადანაშაულებას, სემეკი-, იგივე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს, წყალმომარაგების ტარიფის შესახებ დადგენილების პირველივე მუხლის მეორე პუნქტში, რომელიც წყალმომარაგების ტარიფების ზედა ზღვარს განსაზღვრავს, შავით თეთრზე და გამართული ქართულით წერია: "წყალარიდების ზღვრული ტარიფი 0,716 ლარი/3''. ეს იმას ნიშნავს, რომ საკანალიზაციო მომსახურებისთვის კომპანიამ, ერთ კუბურ მეტრ წყალზე, მომხმარებელს მაქსიმუმ, 0,716 ლარი შეუძლია გადაახდევინოს. ვიმეორებთ, ეს არის მაქსიმალური ზღვარი... კანონმდებლობის თანახმად, ამ ტარიფს ემატება დამატებითი ღირებულების გადასახადი, რაც 18%- შეადგენს და საერთო ტარიფი 0,845 ლარამდე ადის. ამ დროს, 2015 წლის თებერვლის, მარტისა და აპრილის თვეებში აბანოების მფლობელებს მიუვიდათ ქვითრები, სადაც ერთ კუბურ მეტრზე 0,90 ლარია ნაანგარიშევი ანუ, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" ერთ კუბურ მეტრზე გადასახადი 0,055 ლარით აბსოლუტურად უკანონოდ გაზარდა. მას შემდეგ, რაც აბანოების მენეჯერებმა გაზრდილი ტარიფი გააპროტესტეს, ახალ ქვითრებში ტარიფმა დაიწია და 0,845 ლარი დაფიქსირდა, თუმცა წინა ქვითრებით მიღებული სხვაობა არავის გამოუქვითავს და ისევ აბანოების გადასახადია."

სტატიის აღნიშნული ნაწილით მკითხველს მიეწოდა ინფორმაცია, რომ 2015 წლის თებერვალში, მარტში და აპრილში,  შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" აბონენტებს დაარიცხა გაზრდილი ტარიფი [0,90 ლარი ერთ კუბურ მეტრზე] ისე, რომ ამის უფლება არ ჰქონდა და მხოლოდ აბონენტების პროტესტის შედეგად დასწია ტარიფი [0,845 ლარი ერთ კუბურ მეტრზე]. სტატიის ავტორს საფუძვლად მოჰყავს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს დადგენილება N17 [წყალმომარაგების ტარიფების შესახებ]. კერძოდ, უთითებს, რომ აღნიშნული დადგენილებით, წყალარინების ზღვრული ტარიფი შეადგენდა  0,716 ლარს და დღგ-ს გათვალისწინებით, შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" თებერვალში, მარტსა და აპრილში უნდა დაერიცხა ერთ კუბურ მეტრზე 0,845 ლარი [0.716*1.18] ნაცვლად 0.90 ლარისა.

ქარტიის საბჭომ შეისწავლა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს დადგენილება N17 და გამოარკვია, რომ 2015 წლის 18 მაისს, წყალარინების ტარიფი შემცირდა და გახდა 0,716 ლარი. აღნიშნულ თარიღამდე კი წყალანირების ტარიფი შეადგენდა   0, 763 ლარს. შესაბამისად 0, 763  ლარზე  დღგ-ს [18 %]  დამატებით ტარიფი გამოდიოდა 0.90 ლარი. ანუ 2015 წლის მაისამდე შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" სრული უფლება ჰქონდა ტარიფის სახით დაერიცხა 0.90 ლარი, ხოლო მაისიდან ტარიფის შემცირება გამოიწვია არა აბონენტების პროტესტმა, არამედ კანონმდებლობაში განხორციელებულმა ცვლილებამ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არასწორი იყო გაზეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს და შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"  2015 წლის თებერვალში, მარტსა და აპრილში აბონენტებს ახდევინებდა კანონმდებლობასთან შეუსაბამო ტარიფს.  სტატიის ავტორი ვალდებული იყო, საფუძვლიანად გაცნობოდა ნორმატიულ აქტს, მასში განხორციელებული ცვლილებების ისტორიას, ან მსგავსი შეკითხვით მიემართა კომპეტენტური პირებისათვის და ამით თავიდან აეცილებინა არასწორი ინფორმაციის გავრცელება.

საბჭომ ასევე იმსჯელა მოპასუხე პირის პოზიციაზე, რომლის თანახმადაც გაზეთი პასუხისმგებლობას იხსნიდა სადავო სტატიაზე, ვინაიდან: "აღნიშნული სტატია გაზეთ "ვერსიაში" მოწოდებულია სარეკლამო სააგენტო "კლიპ-არტის" მიერ, რომელსაც გაფორმებული აქვს ხელშეკრულება საინფორმაციო-სარეკლამო მომსახურეობის შესახებ და ამ ხელშეკრულების საფუძველზე შესყიდული აქვს გაზეთ "ვერსიის" გვერდების გარკვეული რაოდენობა. "არ იყო მინიშნება [იგულისხმება რომ არ იყო მინიშნება სტატიის კომერციულ შინაარსზე]. თუმცა სტატია იყო აყვანილი ჩარჩოში და არ ეწერა ავტორი, რაც ნიშნავს, რომ იგი არ იყო ჩვენი გაზეთის მიერ მომზადებული".

შეპასუხებიდანაც ცალსახაა, რომ მკითხველისათვის ვერ იქნებოდა ცნობილი, რომ სადავო სტატია იყო სარეკლამო და იგი აღქმული იქნებოდა როგორც ჟურნალისტის მიერ, ეთიკური პრინციპების [გადამოწმება, სწორი ინფორმაციის გავრცელება და ა.შ] დაცვით მომზადებული მასალა, შესაბამისად სტატიაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება გაზეთის რედაქციას. ამასთან, როგორც საბჭომ აღნიშნა საქმეში "გიორგი მოსიაშვილი მაია მამულაშვილის წინააღმდეგ" [გადაწყვეტილება N 45, 01 მარტი  2015 წელი]:

"ეთიკური პრინციპების დაცვისათვის მიზანშეწონილია მედია საშუალებამ  თავი შეიკავოს საფასურის სანაცვლოდ ისეთი მასალის გამოქვეყნებისაგან, რომელიც არ წარმოადგენს პირდაპირ სარეკლამო/სასპონსორო ინფორმაციას და მასში ხდება კონკრეტული ფაქტებზე ან პირებზე მითითება, ვინაიდან ასეთი მასალა ყველაზე მეტად ჰგავს ჟურნალისტურ პროდუქტს და ამასთან არსებობს იმის ალბათობა, რომ მასალაში ფაქტები არ იყოს ზუსტი,  შეიცავდეს ცილისმწამებლურ განცხადებებს და ა.შ.

თუ მიუხედავად ზემოაღნიშნულისა მედია საშულება გადაწყვეტს, საფასურის სანაცვლოდ გამოაქვეყნოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც თავისი არსით არ წარმოადგენს წმინდა სახის სარეკლამო/სასპონსორო მასალას, მან უნდა უზრუნველყოს, რომ ცალსახა და  ერთმნიშვნელოვანი იყოს მითითება იმის შესახებ, რომ მასალაზე არ ვრცელდება სარედაქციო პასუხისმგებლობა.  მკითხველს/მსმენელს აქვს მოლოდინი, რომ მედია საშუალებით გამოქვეყნებული მასალის შინაარსი ასახავს ავტორი ჟურნალისტის ძალისხმევას, რომ გაევრცელებინა სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია და თუ გამოქვეყნებული მასალა გადახდილი საფასურის სანაცვლოდ  ატარებს სხვა პირის ინტერესს, ამის  შესახებ ცალსახად და ვრცლად უნდა იყოს ხაზგასმული, კერძოდ მითითებული უნდა იყოს რომ ინფომაციაზე არ ვრცელდება სარედაქციო პასუხისმგებლობა და უნდა აღინიშნოს ვის მიერ დაფინანსდა მასალის გამოქვეყნება".

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია:

  1. მაია ფურცელაძემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის დადგენილება N 13, 2015 წლის 18 მაისი "წყალმომარაგების ტარიფების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქმის მასალები:

განცხადება

სადავო მასალა