გადაწყვეტილებების ძიება
გადაწყვეტილება საქმეზე – გიორგი ყიფიანი მარიკა ბაკურაძის წინააღმდეგ
11.12.2016

განმცხადებელი : გიორგი ყიფიანი;
მოპასუხე : მარიკა ბაკურაძე;
პრინციპები : არ დარღვეულა;
გადაწყვეტილება N 105

 

20 ნოემბერი, 2016 წელი

საქმეზე - გიორგი ყიფიანი მარიკა ბაკურაძის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი

საბჭოს წევრები: ჯაბა ანანიძე, ნინო ჯაფიაშვილი, მაია მამულაშვილი, ირინა ყურუა, ნინო ნარიმანიშვილი.

განმცხადებელი: გიორგი ყიფიანი

მოპასუხე: მარიკა ბაკურაძე

 აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გიორგი ყიფიანმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გაცემაში "იმედის დრო", 2016 წლის  12 ივნისს გასული სიუჟეტით, რომელიც ეხებოდა სასულიერო პირებსა და საზოგადოებას შორის დაპირისპირებებს,  დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი და მე-3 პრინციპი.

საქმის განხილვის დროს სხდომას დაესწრო განმცხადებელი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტმა საბჭოს წარმოუდგინა შეპასუხება წერილობითი სახით.

სამოტივაციო ნაწილი: 

ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია".

განმცხადებელი პირველი პრინციპის დარღევად თვლიდა შემდეგ გარემოებებს:

  1. სიუჟეტში ჟურნალისტი ამბობს: "საზოგადოებრივი აზრი ორად გაიყო: ერთმა ნაწილმა მეკლდეურებს  წმინდა სვეტის შეურაცხყოფა დააბრალა". განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტის მიერ  არ იქნა მოყვანილი კონკრეტული ფაქტი საზოგადოებრივი აზრის ასეთი მიმართების დასადასტურებლად და ამით დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.  საბჭოს შეფასება: სადავო სიუჟეტში, ბოლოს, კოლაჟის სახით წარმოდგენილია ფეისბუქ კომენტარები და პოსტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ საკითხი განხილვის საგანი გახდა, ასევე საბჭოს თავადვე იხსენებს, რომ კაცხის სვეტის მიმდებარე ტერიტორიაზე კლდეზე ცოცვის აკრძალვას აზრთა სხვადასხვაობა და გამოხმაურება მოჰყვა.
  1. განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტის დასკვნა, რომ მიწა არავის სახელზე არ არის რეგისტრირებული [იგულისხმება კაცხის სვეტი და მისი მიმდებარე ტერიტორია], არასწორი ფაქტია, ვინაიდან კონსტიტუციური შეთანხმების თანახმად, რომელიც გაფორმებულია საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის, "სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს [მოქმედს და არამოქმედს], მათ ნანგრევებს, აგრეთვე, მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული" [მუხლი 7] აღნიშნული სამართლებრივი საფუძვლით განცხადებელი მიიჩნევდა, რომ კაცხის სვეტი ავტომატურად ეკლესიის საკუთრება იყო და ჟურნალისტის პოზიცია, რომ "არავის სახელზე არ არის რეგისტრირებული", არ შეესაბამებოდა სინამდვილეს.

საბჭოს შეფასება: საბჭო არ იზიარებს განმცხადებლის პოზიციას აღნიშნულთან დაკავშირებით. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით მოქმედებს ე.წ. "გამიჯვნის პრინციპი", კერძოდ, იმისათვის რომ უძრავ ნივთზე პირს წარმოეშვას საკუთრების უფლება, უნდა არსებობდეს ორი კუმულაციური პირობა: 1. სამართლებივი საფუძველი/უფლება [სამართლებრივი აქტი, ხელშეკრულება და ა.შ.] და 2. ამ საფუძვლის რეგისტრაცია უნდა მოხდეს საჯარო რეესტრში.   რა თქმა უნდა, განსახილველ შემთხვევაში არსებობს სამართლებრივი საფუძველი [კონსტიტუციური შეთანხმება], მაგრამ  კაცხის სვეტზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის საჯარო რეესტრში, რასაც ადასტურებს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 08 ივნისის წერილი რომელიც მოთხოვნის საპასუხოდ გაეგზავნა ჟურნალისტს და რომლის თანახმადაც "უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი მონაცემებით უძრავ ნივთზე [მდებარე: რაიონი ჭიათურა, კაცხის სვეტი], რომელიც თქვენს მიერ წარმოდგენილ ორთოფოტოზეა მონიშნული [2008 წლის 01 მარტიდან დღემდე] საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის." შესაბამისად, ჟურნალისტის ტექსტი, რომ  მიწა არავის სახელზე არ არის რეგისტრირებული,  წარმოადგენდა ნამდვილ ფაქტს.

განმცხადებელი ასევე გამოთქვამდა პრეტენზიას, თუ რატომ არ გადაამოწმა ჟურნალისტმა მიწის კუთვნილების საკითხი სხვა პირებთან [გამგეობა, ეკონომიკის სამინისტრო და ა.შ.]. საბჭო თვლის, რომ ვინაიდან  ერთადერთ სახელმწიფო ორგანო, რომლის მონაცემების მიხედვითაც უტყუარად დგინდება მიწაზე საკუთრების უფლება, არის საჯარო რეესტრი, ამიტომ სხვა სახელმწიფო ორგანოებთან საკუთრების უფლების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება აზრს მოკლებულია და არ უზრუნველყოფს სრული და ამომწურავი ინფორმაციის მოძიებას.

საბჭო აქვე დასძენს, რომ საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია აუცილებელია იმისათვის, რომ ქონების მესაკუთრემ სხვა პირებს სამართლებრივად შეუზღუდოს მისი საკუთრებით სარგებლობა.

ქარტიის  მესამე პრინციპის თანახმად "ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია."

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტმა მიჩქმალა ფაქტები, კერძოდ:

  1. ჟურნალისტის ტექსტის თანახმად "ადგილობრივმა ბერებმა გამოაძევეს სპორტსმენი მეკლდეურები და საჩხერის სამთო ბატალიონი კაცხის სვეტის მიმდებარე ტერიტორიიდან", თუმცა, არ აღუნიშნავს, კონკრეტულად როდის გამოაძევეს მეკლდეურები და ამით მოხდა ფაქტების მიჩქმალვა.

აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკაშირებით მოპასუხე ჟურნალისტმა განმარტა, რომ გადაცემაში "იმედის დრო"  სიუჟეტები მზადდება კვირის განმავლობაში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების მიხედვით, შესაბამისად ვინაიდან გადაცემა გავიდა კვირას, 12 ივნისს, იგულისხმებოდა,  რომ  საკითხი აქტუალური წინა კვირის დღეებში გახდა.

საბჭო თავის მხრივ განმარტავს, რომ ფაქტის მიჩქმალვა შესაძლებელია გახდეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპის დარღვევის საფუძველი, თუ ამ ფაქტის მიჩქმალვით მსმენელი/მაყურებელი/მკითხველი მოკლებულია შესაძლებლობას, რომ მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია და ასევე ზეგავლენას ახდენს თავად ამბის აღქმაზე, წარმოადგენს რა ამბის მნიშივნელოვან ნაწილს.   განსახილველ შემთხვევაში უდავო ფაქტია, რომ პირები გამოაძევეს, ხოლო დროის აღნიშვნა, თუ როდის მოხდა გამოძევება, არ წარმოადგენს  არსებით საკითხს, ვინაიდან გამოძევების დროსთან არ იყო დაკავშირებული სხვა მოვლენა [მაგალითად კანონმდებლობაში ცვლილება, კონკრეტული პირების მიერ გადაწყვეტილებების მიღება და ა.შ.] შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ ამ გარემოების გამო მესამე პრინციპი არ დარღვეულა.

  1. განმცხადებელი ასევე აღნიშნავდა, რომ ჟურნალისტმა რომელმაც მიწაზე საკუთრების უფლების დასადგენად გამოიყენა საჯარო რეესტრის წერილი,  მთლიანად არ გამოაქვეყნა საჯარო რეესტრის პასუხი [კერძოდ არ გაასაჯაროვა წერილის მეორე ნაწილი] და ამით მიჩქმალა მნიშვნელოვანი ფაქტი.

საჯარო რეესტრის პასუხი შედგებოდა ორი ნაწილისაგან, პირველი ნაწილის თანახმად:

"საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2016 წლის 08 ივნისს შემოსული თქვენი N119923/17 განცხადების შესაბამისად, გაცნობებთ, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით უძრავ ნივთზე [მდებარე: რაიონი ჭიათურა, კაცხის სვეტი], რომელიც თქვენს მიერ წარმოდგენილ ორთოფოტოზეა მონიშნული [2008 წლის 01 მარტიდან დღემდე] საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის".

მეორე ნაწილში მითითებული იყო რომ:

"აგრეთვე, გაცნობებთ, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო რეესტრის შესახებ" ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად რეგისტრაციის მიზნებისთვის, უძრავი ნივთის დაზუსტებული საკადასტრო მონაცემები ნიშნავს ამ ინსტრუქციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილ, საჯარო რეესტრში დაცულ საკადასტრო ინფორმაციას, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები მიიჩნევა დაუზუსტებლად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემები არ იძლევა განცხადებაზე თანდართულ ნახაზზე წარმოდგენილ ტერიტორიაზე დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების მქონე უფლებარეგისტრირებულ უძრავ ნივთებზე ინფორმაციის სრულყოფილად მოძიების საშუალებას".

ფაქტის შესაფასებლად საჭიროა განისაზღვროს რა იყო ჟურნალისტის მიზანი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჟურნალისტის მიზანი იყო გაერკვია, თუ ვისი საკუთრება იყო უძრავი ნივთი - კაცხის სვეტი. წერილის პირველი ნაწილი სრულ და ამომწურავ პასუხს იძლევა საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ხოლო რაც შეეხება მეორე ნაწილს, მასში საჯარო რეესტრი განმარტავს, რომ მისთვის ამ დრომდე არავის მიუმართავს აღნიშნულ მიწაზე უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით და შესაბამისად, საკადასტრო მონაცემები დაუზუსტებელია. მეორე ნაწილი არ ცვლის პირველ აბზაცში მითითებულ გარემოებას და არც ეჭვის ქვეშ აყენებს  საკუთრების უფლების არ არსებობის ფაქტს, შესაბამისად, ჟურნალისტის და მაყურებლის მიზნისათვის, რომ გაეგო ვისი საკუთრების უფლებაა რეგისტრირებული მიწაზე, წერილის მეორე აბზაცი რამე დამატებით და საჭირო ინფორმაციას არ შეიცავდა.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია:

  1. მარიკა ბაკურაძეს არ დაურღვევია ქარტიის პირველი და მესამე პრინციპი.
ჩამოტვირთეთ გადაწყვეტილების PDF ვერისია

საქმის მასალები: