გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – ირაკლი მანაგაძე ზურაბ ნაყეურის წინააღმდეგ
11.11.2016

განმცხადებელი : ირაკლი მანაგაძე;
მოპასუხე : ზურაბ ნაყეური;
დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი;
გადაწყვეტილება N  100
27 ოქტომბერი 2016

საქმეზე - ირაკლი მანაგაძე ზურაბ ნაყეურის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი

საბჭოს წევრები: ჯაბა ანანიძე, თაზო კუპრეიშვილი, მაია მამულაშვილი, მაია მეცხვარიშვილი, ნინო ნარიმანიშვილი

განმცხადებელი: ირაკლი მანაგაძე

მოპასუხე: ზურაბ ნაყეური

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ირაკლი მანაგაძემ, განცხადების თანახმად ტელეკომპანია მაესტროს ეთერში 2016 წლის 16 მაისს მე-10 მსოფილო საოჯახო კონგრესის  პირდაპირი ტრანსლირებით და შემდგომ,  მამა ჯოზაია თრენჰემის მოხსენების გაშუქებით დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 და მე-9 პრინციპები.

განცხადებაში მოპასუხე პირად მითითებული იყო ტელეკომპანია მაესტროს დირექტორი ზურაბ ნაყეური. განცხადების მოპასუხისათვის გადაგზავნის შემდეგ მას არ გამოუთქვამს პრეტენზია მისი მოპასუხედ განსაზღვრის შესახებ და შესაბამისად, საბჭომ ჩათვალა, რომ იგი იღებდა პასუხისმგებლობას სადავო ჟურნალისტურ პროდუქტთან დაკავშირებით.

საქმის განხილვას დაესწრო როგორც განმცხადებელი, ისე მოპასუხე პირის  წარმომადგენელი.

სამოტივაციო ნაწილი: 

ქარტიის მეშვიდე პრინციპის მიხედვით "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით".  მე-10 მსოფილო საოჯახო კონგრესზე ფარგლებში, აღნიშნულ კონგრესზე სიტყვით გამოვიდა ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომლის მოხსენება ტელეკომპანია მაესტროს მიერ გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში. განმცხადებლის პოზიციით  გამოსვლის ტექსტი სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციას ახდენდა. საბჭოს არ უმსჯელია გამოსვლის ტექსტის შინაარსზე, ვინდაიდან  მიიჩნევს, რომ პირდაპირი ეთერის დროს მაესტროს არ ჰქონდა საშუალება, რომ რეაგირება მოეხდინა დისკრიმინაციულ გამონათქვამებზე [ასეთი არსებობის შემთხვევაში] და შესაბამისად, იგი ობიექტურად ვერ უზრუნველყოფდა ქარტიის მე-7 პრინიციპის დაცვას  ლევან ვასაძის გამოსვლის დროს.

საბჭო განსხვავებულად აფასებს მამა ჯოზაია თრენჰემის მოხსენების გადაცემას. თავად მოხსენება შეიცავდა დისკრიმინაციულ პოზიციას ლგბტ პირების მიმართ, გამსჭვალული იყო მათ მიმართ ზიზღით და შეურაცხყოფით. აღნიშნული მოხსენება გადაიცა ჩანაწერის სახით, არა პირდაპირი ეთერის წესით. შესაბამისად, მაესტროსათვის წინასწარვე იყო ცნობილი  მოხსენების დისკრიმინაციული [ჰომოფობიური] შინაარსი და მისი გავრცელებით ხელი შეუწყო დისკრიმინაციის/სიძულვილის ენის გავრცელებას. აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ მამა ჯოზაია თრენჰემის მოხსენების გაშუქებით დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი.

ქარტიის მეცხრე პრინციპის თანახმად "სარედაქციო მასალები მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მარკეტინგული, სარეკლამო და სპონსორის მიერ დაფინანსებული მასალებისაგან". განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ  მე-10 მსოფილო საოჯახო კონგრესის  პირდაპირი ტრანსლირებისათვის მაესტრომ მიიღო ფულადი ანაზღაურება და შესაბისად ეს ცნობილი უნდა ყოფილიყო აუდიტორიისათვის. საქმის განხილვისას, მაესტროს წარმომადგენელმა განმცხადებლის პოზიცია უარყო და განცხადა, რომ კონგრესის მიმდინარეობის ტრანსლირება ტელევიზიის სარედაქციო გადაწყვეტილება იყო და საეთერო დროის შესყიდვის შესახებ კომერციული გარიგება არ გაფორმებულა. განმცხადებელმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა, რომ ტრანსლირება დაფინანსებული იყო, შესაბამისად, საბჭო ვერ დაადგენს ქარტიის მე-9 პრინციპის დარღვევას.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია:

  1. ზურაბ ნაყეურმა დაარღვია ქარტიის მეშვიდე პრინციპი.
  2. ზურაბ ნაყეურს არ დაურღვევია ქარტიის მეცხრე  პრინციპი.
საქმის მასალები: განცხადება სადავო მასალა 1 სადავო მასალა 2