გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – ირაკლი მანაგაძე ლევან გოგორელიანის და თემო მჟავიას წინააღმდეგ
11.08.2016

განმცხადებელი : ირაკლი მანაგაძე;
მოპასუხე : ლევან გოგორელიანი;
პრინციპები : 7 პრინციპი;
გადაწყვეტილება N 96
14 ივნისი 2016 წელი

საქმეზე - ირაკლი მანაგაძე ლევან გოგორელიანის და თემო მჟავიას წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი

საბჭოს წევრები: მაია მეცხვარიშვილი, თაზო კუპრეიშვილი, ჯაბა ანანიძე, ნინო ჯაფიაშვილი,  მაია მამულაშვილი

განმცხადებელი: ირაკლი მანაგაძე

მოპასუხე: ლევან გოგორელიანი და თემო მჟავია

 აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ირაკლი მანაგაძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია GDS-ზე გასულ გადაცემაში, "ბინა 18", რომელიც ლევან გოგორელიანსა და თემო მჟავიას მიჰყავდათ, დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 პრინციპი.  სადავაო გადაცემაში სტუმრად იყო მოწვეული  სალომე გაბრიჩიძე, რომელიც ცნობილი გახდა იმ ვიდეოს საშუალებით, სადაც იგი შეურაცხყოფას აყენებს სექსუალურ უმცირესობას და  მათ მიმართ იყენებს სიძულვილის ენას.

საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებელი, მოპასუხე პირები სხდომას არ დასწრებიან და არც შეპასუხება წარმოუდგენიათ.

სამოტივაციო ნაწილი: 

ქარტიის მეშვიდე პრინციპის თანახმად, მიხედვით "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით." აღნიშნული პრინციპის თანახმად, ჟურნალისტმა ერთის მხრივ, თავად არ უნდა მოახდინოს პირის თუ პირთა ჯგუფის დისკრიმინაცია, ხოლო მეორეს მხრივ, ხელი არ უნდა შეუწყოს სხვა პირების მიერ დისკრიმინაციული ქმედებების/გამონათქვამების ტირაჟირებას. სალომე გაბრიჩიძე გადაცემაში მოწვეული იყო, როგორც იმ ვიდეოს მონაწილე, სადაც ის სექსუალურ უმცირესობის მიმართ მძიმე შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს იყენებდა. შესაბამისად, გადაცემაში მისი მოწვევა და პოზიტიურად გაშუქება არ შეესაბამება ჟურნალისტის ეთიკურ მოვალეობებს. გადაცემის მსვლელობის დროს ჟურნალისტები არ გამოხატავენ  თავიანთ ნეგატიურ დამოკიდებულებას სტუმრის ჰომოფობიურ პოზიციაზე, სტუმარმა დაადასტურა, რომ იგი კვლავ მხარს უჭერს თავის დისკრიმინაციულ გამონათქვამებს და ამასთან დაკავშირებით არც ერთმა წამყვანმა არ დააფიქსირა განსხვავებული აზრი, პირიქით, აპლოდისმენტებით შეხვდნენ რესპონდენტის პასუხს რომ "მართალი თქვა", "რაც ეკუთვნის, ის თქვა".   რესპონდენტმა სურვილი გამოხატა ბოდიში მოეხადა საზოგადოებისათვის სალანძღავი სიტყვების გამოყენების გამო, ოღონდ არა იმიტომ, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა კონკრეტულ პირთა ჯგუფს, არამედ იმიტომ, რომ "არ შეეფერება ქართველ ქალს ეს გინება".

გადაცემა ასევე შეიცავდა გამოკითხვას, რომელიც ჩაატარებინეს რესპონდენტს, კერძოდ სალომე გაბრიჩიძე, რომელიც ცნობილი იყო თავის დისკრიმინაციული პოზიციით სექსუალური უმცირესობის მიმართ, ქუჩაში გამვლელებს ეკითხებოდა თუ რას ფიქრობდნენ ისინი სექსუალურ უმცირესობაზე. თავად გამოკითხვაში მონაწილე პირები ავლენდნენ ასევე ჰომოფობიურ დამოკიდებულებას ["უნდა მოვსპოთ",  "ისინი არიან დასახვრეტები" ], გამოკითხვის დროს თავად სალომე გაბრიჩიძემ ხაზის გაუსვა, რომ  იყო ის პირი, რომელმაც ჰომოსექსუალ პირებს შეაგინა. გამოკითხვა, რომელიც დისკრიმინაციულ/ჰომოფობიურ გამონათქვამებს შეიცავდა,  გადაცემის წამყვანი ჟურნალისტების მიერ შეფასდა როგორც "ძალიან კარგი", გამოკითხვას თან ახლდა ჟურნალისტების ირონიული დამოკიდებულება და დაცინვა იმ გამოკითხული პირების მიმართ, რომლებიც არ ამჟღავნებდნენ ჰომოფობიას.

საბჭოს შეფასებით, გადაცემის წამყვანი ჟურნალისტები არა თუ გაემიჯნენ დისკრიმინაციას სექსუალური უმცირესობის მიმართ, არამედ პირიქით, თავადაც გამოხატეს ირონიული და დამცინავი დამოკიდებულება, მოიწონეს დისკრიმინაციული გამონათქვემები და ხელი შეუწყეს მათ გავრცელებას. საბჭოს შეფასებით, გადაცემა არის  დისკრიმინაციული და უხეშად არღვევს ქარტიის მე-7 პრინციპს.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია:

  1. ლევან გოგორელიანმა და თემო მჟავიამ დაარღვიეს ქარტიის მეშვიდე პრინციპი.
საქმის მასალები: განაცხადება სადავო მასალა