გადაწყვეტილებების ძიება
გადაწყვეტილება საქმეზე – პაატა ლაგვილავა აკაკი გოგიჩაიშვილის და ნონა ქვლივიძის წინააღმდეგ
19.07.2016

განმცხადებელი : პაატა ლაგვილავა;
მოპასუხე : აკაკი გოგიჩაიშვილი;
პრინციპები : 1 პრინციპი;
გადაწყვეტილება N 91
07 ივნისი 2016 წელი

საქმეზე - პაატა ლაგვილავა აკაკი გოგიჩაიშვილის და ნონა ქვლივიძის  წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი

საბჭოს წევრები: მაია მეცხვარიშვილი, გერონტი ყალიჩავა, ჯაბა ანანიძე, ნინო ჯაფიაშვილი,            თაზო კუპრეიშვილი

განმცხადებელი: პაატა ლაგვილავა

მოპასუხე: აკაკი გოგიჩაიშვილი და ნონა ქვლივიძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა პაატა ლაგვილავამ, განმცხადებელი მიჩნევდა, რომ 2016 წლის 12 მარტს, ტელეკომპანია რუსთავი 2 ის ეთერში, კერძოდ გადაცემა "ბიზნეს კურიერში" გასული სიუჟეტით - "ნეპოტიზმი სამეგრელოში", დაირღვა ქარტიის პირველი და მეთერთმეტე პრინციპი. "ბიზნესს კურიერის" წამყვანი  აკაკი გოგიჩაიშვილი, ხოლო უშუალოდ სიუჟეტის ავტორი - ნონა ქვლივიძე.

საქმის განხილვის დროს განმცხადებელმა საბჭოს კითხვებს უპასუხა სატელეფონო კავშირის გამოყენებით, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან და არც შეპასუხება წარმოუდგენიათ.

სამოტივაციო ნაწილი: 

ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია". სადავო სიუჟეტში "ნეპოტიზმი სამეგრელოში" ავტორი, თავის ტექსტში აღნიშნავს, რომ "ცვლილებები არ შეხებია ზუგდიდს, სადაც ადგილობრივი მოხელეები თანამდეობობებს პირადი ინტერესებისათვის იყენებენ და საკუთარ სამსახურებში ნათესავებსაც ნიშნავენ",  "... გუბერნატორის [იგულისხმება სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია] ნათესავები განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებში არიან დასაქმებულნი". აღნიშნულ ტექსტს მოსდევს ინტერვიუ ანა წითლიძესთან,  ზუგდიდის საკრებულოს ოპოზიციური პარტიის წევრთან, სადაც ის აღნიშნავს, რომ გუბერნატორს აქვს კავშირი და ბიზნეს ინტერესები აფხაზეთთან, ლევან შონია აკონტროლებს თხილის ფასს და თხილის ტრანზიტს და ამ საქმიანობაში ჩართულნი არიან მისი ნათესავები. გადაცემის წამყვანიც, აკაკი გოგიჩაიშვილი, სიუჟეტის წარდგენისას ასევე მტკიცებით ფორმაში აღნიშნავს, რომ სამეგრელოში მმართველობა ნეპოტიზმით ხორციელდება.

იმისათვის, რომ დაცული იყოს ქარტიის პირველი პრინციპი,  კერძოდ ჟურნალისტმა პატივი სცეს აუდიტორიის უფლებას მიიღოს ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია, ჟურნალისტი ვალდებული იყო, რომ მოეპოვებინა იმ პირების კომენტარები, რომელთა მიმართაც გამოითქვა ბრალდებები.  სიუჟეტი შეიცავს სატელეფონო ინტერვიუს გუბერნატორ ლევან შონიასთან, სადაც ის ჟურნალისტს ატყობინებს რომ შეხვედრაზეა, ვერ უპასუხებს ნეპოტიზმთან დაკავშირებულ კითხვებს და სთხოვს რომ მის პრესცენტრს დაუკავშირდნენ.  სიუჟეტის ავტორი აღნიშნავს, რომ ლევან შონიამ პრესსამსახურთან გადამისამართების შემდეგ საერთოდ უარი განაცხადა შესაძლო ნეპოტიზმის ფაქტებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე.

განმცხადებელი, პაატა ლაგვილავა, რომელიც ამავდროულად წარმოადგენს გუბერნატორის პრეს სამსახურს, განცხადებაში აღნიშნავდა, რომ ჟურნალისტი აღარ დაკავშირებია გუბერნატორს ან მის პრესსამსახურს კომენტარის მოსაპოვებლად. განმცხადებელმა ასევე მიუთითა, რომ ისინი მზად იყვნენ საკითხთან დაკავშირებით სრული განმარტება და პოზიცია დაეფიქსირებინათ ნებისმიერი დაინტერესებული მხარისათვის,  მაგალითად კი მოიყვანა ამავე თემაზე ტელეკომპანია "იმედის" მიერ მომზადებული სიუჟეტი, სადაც  გუბერნატორის მხარეს განმარტების მიცემისათვის თავი არ აურიდებია. საბჭო თავის მხრივ დამატებით აღნიშნავს, რომ გარდა გუბერნატორისა, სიუჟეტში ნეპოტიზმის ბრალდებები გამოთქმული იყო  სხვა პირების მიმართაც, მაგალითად, რესპოდენტის ინფორმაციით,  გუბერანტორის ძმის, მამუკა შონიას დავალებით მოხდა პოლიციის უფროსის გადმოყვანა ფოთიდან ზუგდიდში. არ ჩანს ჟურნალტის მცდელობა, რომ დაკავაშირებოდა სხვა პირებს კომენტარის მისაღებად.

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად, ჟურნალისტი ვალდებული იყო, გადაემოწმებინა რესპონდენტის მიერ მოწოდებული და  გავრცელებული ინფორმაცია, ამისათვის კი მინიმუმ საჭირო იყო მიეღო მეორე მხარის წარმომადგენლების კომენტარი/პოზიცია. აღნიშნულის საპირისპიროდ, სადავო სიუჟეტი მხოლოდ ერთი მხარის, ოპოზოციური პარტიის წევრების ბრალდებებს ეყრდნობა და ამით არ ხდება საზოგადოების უფლების დაცვა - მიიღოს ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად, "ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება". აღნიშნულ პრინციპთან მიმართებით საბჭო მიიჩნევს, რომ სახეზე არ ყოფილა ფაქტების განზრახ დამახინჯება, არამედ დაირღვა მხოლოდ ქარტიის პირველი პრინციპი, რომელიც ჟურნალისტს ავალდებულებდა,  გადაემოწმებინა მიღებული ინფორმაცია.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია:

  1. აკაკი გოგიჩაიშვილმა და ნონა ქვლივიძემ დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი
  2. აკაკი გოგიჩაიშვილს და ნონა ქვლივიძეს არ დაურღვევიათ ქარტიის მეთერთმეტე პრინციპი.
ჩამოტვირთეთ გადაწყვეტილების PDF ვერსია

საქმის მასალები: განცხადება სადავო მასალა