გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – შალვა მეკრავიშვილი სოსო გოგინაშვილის წინააღმდეგ
01.07.2016

განმცხადებელი : შალვა მეკრავიშვილი;
მოპასუხე : სოსო გოგინაშვილი;
პრინციპები : 1 პრინციპი;
გადაწყვეტილება N 86
04 ივნისი 2016 წელი

საქმეზე - შალვა მეკრავიშვილი სოსო გოგინაშვილის  წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი

საბჭოს წევრები: მაია მეცხვარიშვილი, გერონტი ყალიჩავა, ჯაბა ანანიძე, ნინო ჯაფიაშვილი,            მაია მამულაშვილი

განმცხადებელი: შალვა მეკრავიშვილი

მოპასუხე: სოსო გოგინაშვილი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა შალვა მეკრავიშვილმა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ გაზეთ "ახალი თაობის" 2016 წლის 02 თებერვლის ნომერში გამოქვეყნებული წერილით "განგაშის ზარები", დაირღვა ქარტიის პირველი, მესამე და მეხუთე პრინციპი. თავისი არსით წერილი წარმოადგენდა პირთა ჯგუფის მოსაზრებას/შეფასებას სასკოლო საგნების მიმართ, რომელიც უცვლელი სახით გამოაქვეყნა გაზეთმა. მიუხედავად იმისა, რომ სადავო ტექსტის ავტორები არ იყვნენ ჟურნალისტები, გაზეთში გამოქვეყნებით, მასზე ვრცელდება რედაქტორის პასუხისმგებლობა, ვინაიდან მოსაზრება შეიცავდა ფაქტების შესახებ მითითებას და აწვდიდა საზოგადოებას ინფორმაცია სასკოლო საგნების შესახებ.  აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭომ გაიზიარა განმცხადებლის პოზიცია, რომ გამოქვეყნებული წერილი განხილულიყო როგორც ჟურნალისტური მასალა და  მოპასუხე პირად განსაზღვრულიყო გაზეთ "ახალი თაობის" რედაქტორი სოსო გოგინაშვილი.

სხდომას დაესწრო განმცხადებელი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.  განხილვის დროს განმცხადებელმა მოხსნა საკუთარი მოთხოვნა  მეხუთე პრინციპთან მიმართებით.

სამოტივაციო ნაწილი: 

ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია". სადავო მასალაში მითითებულია, რომ ახალი სასწავლო საგნების ["მე და საზოგადოება" და "ჩემი საქართველო"] შემოღების მიზანია "ბავშვების ერთი მხრივ, ბილწი და უსაშინლესი მამათმავლური ცნობიერებით მოწამვლა, გარყვნა და, მეორე მხრივ მათი სარწმუნოებრივ - ეროვნული ცნობიერების გადაგვარება და მოწამვლა", ამის საილუსტრაციოდ საუბარია სწავლების იმ მეთოდოლოგიის შესახებ, რომელსაც შეიცავს წიგნები "კომპასი" და "კომპასიტო", მაგალითად: "ვისაუბროთ სექსზე ! გაიგე, პიტერი გეი ყოფილა, ამოარჩიეთ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ღიად საუბრობენ თავიანთი სექსუალობაზე, ჰეტეროსექსუალიზმის, ჰომოსექსუალიზმის, ბისექსუალიზმის და ტრანსექსუალიზმისა და ტრანსსექსუალიზმის ჩათვლით". "რჩევები ხელმძღვანელებს, როგორია ჰომოსექსუალების სქესობრივი ურთიერთობა ?", განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების [საგნობრივი სასწავლო გეგმები] შესწავლის და გარემოებების გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ არც "კომპასი"  და არც "კომპასიტო" არ წარმოადგენს იმ მეთოდოლოგიურ მითითებებს, რომლითაც უნდა განხორციელდეს "მე და საზოგადოების" ან "ჩემი საქართველოს" სწავლების პროცესი ზოგადი განათლების სისტემაში.

სადავო მასალაში ასევე მითითებული იყო, რომ "მე და საზოგადოება" წარმოადგენდა ახალ სავალდებულო საგანს. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს, ვინაიდან "მე და საზოგადოება" არ არის ახალი საგანი და იგი უკვე წლებია ისწავლება სკოლებში.

საბჭო ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს იმსჯელოს თავად მასალის ძირითად მოტივებზე, არა რომელიმე პრინციპის ჭრილში, არამედ ზოგადად მის სულისკვეთებაზე. საბჭოს რჩება შთაბეჭდილება, რომ თავისი არსით წერილის მიზანი ანტიდასავლური გაწყობების გაძლიერება იყო, მასალა მოიცავს შემდეგ ფრაზას - "განათლების სამინისტრო ევროკავშირის დავალებით სექტემბრიდან ჩვენს შვილებზე მასირებული შეტევის განხორციელებას აპირებს". ევროსაბჭოს დირექტივები მიჩნეულია როგორც "ბილწი სახელძღვანელოების" შექმნის საფუძველი, სადავო მასალაში მოყვანილია გარკვეული ნაწყვეტები სასწავლო პროგრამიდან და ისინი შეფასებულია შეუსაბამოდ, მაგალითად, სახელმძღვანელოში მითითებულია: "წმინდა წიგნი [ბიბლია, ორა, ყურანი]", ხოლო ეს წინადადება შეფასებულია შემდეგნაირად: "ევროკავშირის მაცდური იდეოლოგიის მიხედვით ისინი [იგულისხმება განათლების სამინისტრო] ავალდებულებენ სხვადასხვა რელიგიური კუთვნილების მქონე შენს შვილებს წმინდა წიგნებად მიიჩნიონ და აღიარონ მათი რწმენისათვის შეუთავსებელი წიგნებიც, მაგალითად იუდაველებმა სახარება, ხოლო ქრისტიანებმა ყურანი".   საბჭო მიიჩნევს, რომ არაზუსტ ფაქტებზე დაფუძნებით ანტიდასავლური განწყობის გაძლიერება კიდევ უფრო პრობლემურია.

ქარტიის მესამე პრინციპის თანახმად: ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია.ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია. განმცხადებლის პოზიციით, მესამე პრინციპი დაირღვა, ვინაიდან სადავო სტატიაში ინფორმაცია გაყალბებული იყო, კერძოდ, ავტორების შეფასებები არ შეესაბამებოდა რეალობას. საბჭოს მოსაზრებით, არასწორი შეფასებები არ შეიძლება ჩაითვალოს ინფორმაციის ან დოკუმენტების გაყალბებად.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია:

  1. სოსო გოგინაშვილის მიერ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი
  2. სოსო გოგინაშვილს არ დაურღვევია ქარტიის მესამე პრინციპი
ჩამოტვირთეთ გადაწყვეტილების PDF ვერსია