გადაწყვეტილებების ძიება
გადაწყვეტილება საქმეზე – არჩილ ხაჭაპურიძე და მიხეილ ყელბერაშვილი ზაზა დავითაიას წინააღმდეგ
01.07.2016

განმცხადებელი : არჩილ ხაჭაპურიძე;
მოპასუხე : ზაზა დავითაია;
პრინციპები : 1 პრინციპი;
გადაწყვეტილება N 87
04 ივნისი 2016 წელი

საქმეზე - არჩილ ხაჭაპურიძე და მიხეილ ყელბერაშვილი ზაზა დავითაიას  წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი

საბჭოს წევრები: მაია მეცხვარიშვილი,  გერონტი ყალიჩავა, ჯაბა ანანიძე, ნინო ჯაფიაშვილი,  მაია მამულაშვილი

განმცხადებელი: არჩილ ხაჭაპურიძე და მიხეილ ყელბერაშვილი

მოპასუხე: ზაზა დავითაია

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართეს არჩილ ხაჭაპურიძემ და მიხეილ ყელბერაშვილმა. განმცხადებლების პოზიციით, გაზეთ ასავალ - დასავალის 2016 წლის 1-7 თებერვლის ნომერში გამოქვეყნებული ინტერვიუთი დაირღვა ქარტიის პირველი, მესამე, მეოთხე და მეხუთე პრინციპი. ინტერვიუ მომზადებული იყო ჟურნალისტ ზაზა დავიათაიას მიერ, რესპონდენტი  კი  ტრისტან წითელაშვილი იყო.

საბჭოს სხდომას დაესწრნენ არჩილ ხაჭაპურიძე და მიხეილ ყელბერაშვილი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.  განხილვის დროს განმცხადებლებმა მოხსნეს საკუთარი მოთხოვნა მესამე და მეხუთე პრინციპთან მიმართებით.

სამოტივაციო ნაწილი: 

ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია". სადავო ინტერვიუში რესპონდენტი ტრისტან წითელაშვილი აღნიშნავდა, რომ ვეტერანებთან შეხვედრის დროს დარბაზში შემოიჭრა პირთა ჯგუფი, რომ "შემოჭრილთა შორის  ჩვენ დავაფიქსირეთ ბატალიონ "დონბასის" წევრები არჩილ ხაჭაპურიძე და მიხეილ ყელბერაშვილი, რომლებიც "ნაცების" მიერ დადგმულ სხვადასხვა პროვოკაციაში გვყავს შენიშნული".  რესპონდენტი ასევე მიუთითებდა შემდეგ გარემოებებს: 1.არჩილ ხაჭაპურიძე და მიხეილ ყელბერაშვილი იყვნენ იმ ჯგუფის წევრები, რომელსაც იყენებენ მშვიდობიანი მიტინგების დასარბევად და სხვა პოლიტიკური დაკვეთის შესასრულებლად, 2. ჯგუფი ასევე შენიშნეს      "რუსთავი 2-თან" გამართულ აქციაზე. 3. ჯგუფმა ახალი დავალება მიიღო - ვეტერანთა შორის დაპირისპირების გაღვივება 4. "ეს კრიმინალური კამპანია სააკაშვილის ბანდის მიერ უკრაინაში ნაშოვნი არანაკლებ კრიმინალური ფულით ფინანსდება".

განმცხადებლებმა აღნიშნეს, რომ ტრისტან წითელაშვილის მიერ მათ შესახებ გამოთქმული არც ერთი ფაქტი არ შეესაბამებოდა სიმართლეს, იყო ცილისწამება და ლახავდა მათ რეპუტაციას.

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად, ჟურნალისტი ვალდებულია გადაამოწმოს ის ინფორმაცია, რომელსაც აწვდის რესპონდენტი ამა თუ იმ პირის თუ ფაქტის შესახებ, მით უმეტეს, რომ რესპონდენტი საკმაოდ მძიმე ბრალდებებს, მათ შორის დანაშულის შესახებ უყენებდა კონკრეტულ პირებს. მიუხედავად აღნიშნულისა,  ჟურნალისტი არ დაკავშირებია  არჩილ ხაჭაპურიძეს და მიხეილ ყელბერაშვილს. რათა გადაემოწმებინა ინფორმაცია ან/და მკითხველისათვის მიეწოდებინა მეორე მხარის პოზიცია, ჟურნალისტმა არ შეასრულა ეთიკური ვალდებულება გადამოწმებული და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდების შესახებ და ხელი შეუწყო გადაუმოწმებელი, მძიმე ბრალდებების შემცველი, ინფორმაციის გავრცელებას, რითაც დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.

ქარტიის მეოთხე პრინციპის თანახმად: "ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს". სადავო ჟურნალისტურ პროდუქტს თან ერთვოდა არჩილ ხაჭაპურიძის და მიხეილ ყელბერაშვილის ფოტოსურათები წარწერით "ბატალიონ "დონბასის" წევრები". განმცხადებლები მიიჩნევდნენ, რომ ფოტოსურათების გამოყენება მათი თანხმობის გარეშე წარმოადგენდა ქარტიის მეოთხე პრინციპის დარღვევას.  ფოტოსურათებზე თანდართული წარწერის ["ბატალიონ "დონბასის" წევრები"] შესახებ საბჭომ უკვე იმსჯელა პირველი პრინციპის ჭრილში,  აღნიშნა რომ ინფორმაცია გადაუმოწმებელი იყო. რაც შეეხება ფოტოსურათების გამოყენებას, როგორც თავად განმცხადებლებმა დაადასტურეს, ფოტოები გადაღებული იყო საჯარო თავშეყრის ადგილას, საჯარო სივრცეში და მათი გამოყენების უფლება ჟურნალისტს ჰქონდა, შესაბამისად, მეოთხე პრინციპი სადავო მასალაში არ დარღვეულა.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია:

  1. ზაზა დავითაიას მიერ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი
  2. ზაზა დავითაიას არ დაურღვევია ქარტიის მეოთხე პრინციპი
ჩამოტვირთეთ გადაწყვეტილების PDF ვერსია საქმის მასალები განცხადება სადავო მასალა