გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – ააიპ "მომავლის სოფელი" მაია ასათიანის წინააღმდეგ
08.06.2016

პრინციპები : 7 პრინციპი; 10 პრინციპი;

გადაწყვეტილება N 93
19  მაისი 2016 წელი

საქმეზე - ააიპ "მომავლის სოფელი"  მაია ასათიანის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი

საბჭოს წევრები: მაია მეცხვარიშვილი, თაზო კუპრეიშვილი, ჯაბა ანანიძე, ნინო ჯაფიაშვილი,            მაია მამულაშვილი

განმცხადებელი: ააიპ "მომავლის სოფელი"

მოპასუხე: მაია ასათიანი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ააიპ "მომავლის სოფელმა". განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ მაია ასათიანმა დაარღვია ქარტიის პირველი, მე-3, მე-7  და მე-10 პრინციპი. განცხადების თანახმად, ქარტიის პრინციპები დაირღვა 2016 წლის 14 აპრილს, ტელეკომპანია "რუსთავი 2 - ის" ეთერში გასულ გადაცემაში "პროფილი". გადაცემა, რომლის  წამყვანიც მაია ასათიანი იყო, ეხებოდა სტალინის კულტს, მის პატივისცემას საზოგადოების ნაწილის მიერ. გადაცემის პირველ ბლოკში მოწვეული იყო ილარიონ სამხარაძე და ნინო სირაძე, რომელთაც სტალინი წმინდანად მიაჩნდათ. სწორედ აღნიშნულ ნაწილთან დაკავშირებით მიიჩნევდა განმცხადებელი, რომ ადგილი ჰქონდა ქარტიის პრინციპების დარღვევას.

საქმის განხილვის დროს  სხდომას დაესწრო განმცხადებლის, ააიპ "მომავლის სოფლის" წარმომადგენლები,  მოპასუხე სხდომას არ დასწრებია და არც საპასუხო პოზიცია წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი: 

ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია".

განცხადების თანახმად, არასწორი ფაქტი იყო ილარიონ სამხარაძის "მეუფედ" მოხსენიება. ზეპირი განხილვის დროს, განმცხადებელმა შეცვალა არგუმენტაცია პირველ პრინციპთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ პრინციპის დარღვევა გამოიხატა ნინო სირაძისადმი მიმართვის ფორმაში, კერძოდ, წამყვანი მას მიმართავდა როგორც "დედაო". ააიპ "მომავლის სოფელი" მიუთითებდა, რომ მსგავსი სახის მიმართვას შეცდომაში შეჰყავდა მაყურებელი და ნინო სირაძეს აღიქვამდა საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წევრად, რაც  თავის მხრივ სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

აღნიშნულ არგუმენტაციასთან დაკავშირებით საბჭო აღნიშნავს, რომ გადაცემის თანახმად თავად რესპოდენტმა სთხოვა წამყვანს მოეხსენიებინა როგორც "დედა" შესაბამისად, ამ ტერმინის  გამოყენება არ აღნიშნავდა რესპონდენტის სტატუსს საეკლესიო იერარქიაში. კერძოდ, მაია ასათიანი ეკითხება ნინო სირაძეს:  "თქვენ მთხოვეთ, რომ მე მომემართა "დედაო". მონაზონი ხართ ანუ?".   აქედან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ ნინა სირაძისადმი მიმართვა "დედაო",  არ წარმოადგენდა ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას.

ქარტიის მესამე პრინციპის თანახმად "ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია" ქარტიის აღნიშნულ პრინციპთან დაკავშირებით განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტმა მიჩქმალა ფაქტი იმის შესახებ, რომ მეუფე ილარიონ სამხარაძეს შეჩერებული ჰქონდა მღვდელმსახურების უფლებამოსილება. თავის მხრივ ამ ფაქტის მიჩქმალვა, იმის გათვალისწინებით, რომ ილარიონ სამხარაძე შემოსილი იყო მღვდელმსახურის ფორმაში, მას მიმართავდნენ როგორც "მეუფე",  ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ილარიონ სამხარაძე გამოხატავდა საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას.  საბჭო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის არგუმენტაციას, ვინაიდან გადაცემაში რამდენჯერმე გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ილარიონ სამხარაძე არ წარმოადგენდა  საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელ ეკლესიას. კერძოდ, წამყვანი სვამს კითხვას ილარიონ სამხარაძის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ: "თუმცა, მე როგორც ვიცი, მეუფე ილარიონი, მაპატიეთ ამას რომ გეკითხებით,  განკვეთილია ეკლესიიდან". გადაცემა ასევე შეიცავს სატელეფონო ინტერვიუს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანთან, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველთან,  რომელიც აღნიშნავდა, რომ ილარიონ სამხარაძე გათავისუფლებულია მოქმედი ეპისკოპოსის თანამდებობიდან და ის არ გამოხატავს ეკლესიის პოზიციას.

აქვე აღსანიშნავია, მიქაელ ბოტკოველთან ზემოაღნიშნული ინტერვიუ ქრონოლოგიურად წინ არ უსწრებდა და არც მყისიერად უკან მოსდევდა ილარიონ სამხარაძესთან ინტერვიუს. საბჭო მიიჩნევს, უმჯობესი იქნებოდა, რომ ილარიონ სამხარაძის წარდგენამდე ან მასთან ინტერვიუს დამთავრებისთანავე ცხადი ყოფილიყო მაყურებლისათვის, რომ ილარიონ სამხარაძე არ იყო საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური წარმომადგენელი, მაგრამ ვინაიდან ფორმალურად დაცული იყო ჟურნალისტის მოვალეობა მიეწოდებინა მაყურებლისათვის ამომწურავი ინფორმაცია, მესამე პრინციპის დარღვევა ვერ დადგინდება.

ქარტიის მე-7 და მე-10 პრინციპების თანახმად "[7] ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით". [10] "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი". ორივე პრინციპთან დაკავშირებით გადაცემის სადავო ნაწილი კომპლექსურად უნდა იქნას განხილული. თავდაპირველად საბჭო აღნიშნავს, რომ მას არა აქვს დადასტურებული ფაქტის სახით ინფორმაცია ილარიონ სამხარაძის ჯანმრთელობის შესახებ, მეტიც, საბჭოს უფლებამოსილებას არ წარმოადგენს გაასაჯაროოს პირის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ან იმსჯელოს მასზე.  მაგრამ გადაცემაში, როგორც წამყვანის მიერ დასმული კითხვების, ისე რესპოდენტების პასუხით, მაყურებლისათვის იქმნება შთაბეჭდილება, რომ ილარიონ სამხარაძეს ჰქონდა ფსიქიკური ჯანმრთელობის მხრივ გარკვეული სახის პრობლემები. მაგალითად: რესპონდენტი ნინო სირაძე წამყვანს ერთ - ერთ კითხვაზე პასუხობს - "მაშინდელი სინოდის დასკვნით: ფსიქიური დაავადებიდან გამომდინარე, ეპისკოპოსი ილარიონ სამხარაძე გათავისუფლებული იქნეს ბოდბის ეპარქიის მღვდელმთავრობიდან ხარისხის შენარჩუნებით",   მეორე რესპონდენტმაც, არჩილ ჭყოიძემაც ხაზი გაუსვა, რომ "თავად პიროვნებამ [იგულისხმება ილარიონ სამხარაძე] თვითონ თქვა, რომ ფსიქიურად ვერ იყო კარგად და ამის გამო გამოაგდეს" და რაც ყველა მნიშვნელოვანია, მიქაელ ბოტკოველი, რომელიც საპატრიარქოს პოზიციას გამოხატავდა ასევე  აღნიშნავდა, რომ: "მეუფე ილარიონთან დაკავშირებით, არსებობს ამონაწერი სინოდის სხდომის ოქმიდან, სადაც წმინდა სინოდმა მიიჩნია, რომ ის ავად არის და გაათავისუფლა ის მოქმედი ეპისკოპოსის თანამდებობიდან".

საბჭოს მიაჩნია, რომ პირის ჯანმრთელობის შესახებ დადასტურებული ან სავარაუდო ინფორმაციის გავრცელება წარმოადგენს ქარტიის მე-10 პრინციპის დარღვევას, ამასთან არ არსებობდა საზოგადოებრივი ინტერესი ილარიონ სამხარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ.  რესპონდენტების პასუხებით მაყურებელს შთაბეჭდილება შეექმნა, რომ ილარიონ სამხარაძეს ჰქონდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და სწორედ ამის ფონზე მოხდა მისი დისკრიმინაცია მის მიმართ. როგორც წამყვანის, ის გადაცემაში მონაწილე სხვა პირების მიერ გამოყენებული იყო დამცინავი ტონი. სტალინის წმინდანად შერაცხვა არ არის საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური პოზიცია, ამის გათვალისწინებით, საკითხის განხილვა არაუფლებამოსილ პირთან, რომელზეც გადაცემის მიმდინარეობისას საზოგადოებას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ჰქონდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, იყო ამ პიროვნების დაცინვისა და გაშარჟების მცდელობა. ამით კი გაძლიერდა სტიგმა, რომ ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანები მუდმივად ვერ აღიქვამენ რეალობას ადეკვატურად და მათი პოზიცია დაცინვის საგანია. ფსიქიკური პრობლემა შეიძლება იყოს მრავალი სახის და ეს შესაძლოა სულაც არ უშლიდეს ხელს ადამიანის მიერ მოვლენათა აღქმისა და გადმოცემის ადეკვატურობას, ხოლო რა სიმძიმისაა ფსიქიკური პრობლემა, ამის დადგენა მხოლოდ კომპეტენტურ სპეციალისტს შეუძლია. გარდა ამისა, არ შეიძლება ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანს შეეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება. შესაბამისად საბჭო თვლის, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის ნიშნით მოხდა ილარიონ სამხარაძის დისკრიმინაცია.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია:

  1. მაია ასათიანმა დაარღვია ქარტიის მეშვიდე და მეათე პრინციპი.
  2. მაია ასათიანს არ დაურღვევია ქარტიის პირველი და მესამე პრინციპი.
ჩამოტვირთეთ გადაწყვეტილების pdf ვერსია საქმის მასალები: