გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე-გოჩა დავითაშვილი გიორგი ახალკაცის წინააღმდეგ
05.05.2016

განმცხადებელი : გოჩა დავითაშვილი;
მოპასუხე : გიორგი ახალკაცი;
პრინციპები : 1 პრინციპი;
გადაწყვეტილება N 84
26 მარტი 2016  წელი

საქმეზე - გოჩა დავითაშვილი გიორგი ახალკაცის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი

საბჭოს წევრები: ნინო ნარიმანიშვილი, თაზო კუპრეიშვილი, გერონტი ყალიჩავა, ნინო ჯაფიაშვილი, მაია მამულაშვილი

განმცხადებელი: გოჩა დავითაშვილი

მოპასუხე ჟურნალისტი: გიორგი ახალკაცი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გიორგი ახალკაცმა, განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ 2015 წლის 17 დეკემბერს, ტელეკომპანია "დიას" ეთერში გასულ  "საგანგებო გამოშვებაში" გავრცელებული ინფორმაციით დაირღვა ქარტიის 1_ლი, მე_3 და მე_11 პრინციპი.

საქმის განხილვის დროს  სხდომას არ დასწრებია განმცხადებელი, მოპასუხე ჟურნალისტი გამოცხადდა საბჭოს სხდომაზე და ასევე წარმოადგინა  შეპასუხება.

სამოტივაციო ნაწილი: 

ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით, "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია".

საბჭოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

  1. ტელეკომპანია "თრიალეთის" მიერ მომზადდა სიუჟეტი, სადაც სტუდენტი შმაგი ბერუაშვილი გარკვეულ ბრალდებებს გამოთქვამდა ტელეკომპანია "დიას" მიმართ [ამ სიუჟეტის შეფასება მოცემულია საბჭოს გადაწყვეტილებაში, საქმეზე "გიორგი ახალკაცი გოჩა დავითაშვილის და ლადო ბიჭაშვილის წინააღმდეგ"]. სიუჟეტი შეიცავდა ტელეკომპანია "დიას" წარმომადგენლის შეპასუხებასაც.
  2. პირველ პუნქტში აღნიშნული სიუჟეტის შემდეგ, 2015 წლის 17 დეკემბერს ტელეკომპანია "დიას" ეთერში გავიდა "საგანგებო გამოშვება", რომელშიც მოცემული იყო  [1] ტელეკომპანია "დიას" განცხადება  [2] წამყვანის [გიორგი ახალკაცი] ტექსტი  [3] საარქივო მასალა, რომელიც ასახავდა 2012 წელს შმაგი ბერუაშვილის აქტივობას. როგორც განცხადება, ისე გიორგი ახალკაცის ტექსტი გამოხმაურება იყო პირველ პუნქტში მითითებულ სიუჟეტზე,  შეეხებოდა ტელეკომპანია "თრიალეთს" და  აფასებდა მის საქმიანობას.

"საგანგებო გამოშვებაში"  გავრცელებული ინფორმაციის უმრავლესობა შეფასებითი ხასიათისაა და გადმოცემული არ იყო ფაქტის სახით, რომლის სიზუსტეზეც შეიძლება ემსჯელა საბჭოს. ამასთან, "საგანგებო გამოშვებაში" ქარტიის საბჭოს პრობლემურად მიაჩნია წამყვანის [გიორგი ახალკაცის] ტექსტის ის  ნაწილი, სადაც წამყვანი აღნიშნავს, რომ: "არხმა  [იგულისხმება ტელეკომპანია თრიალეთი] სტუდენტი ასაუბრა, რომელიც ჩვენ ბრალდებებს გვიყენებდა და ამბობდა, რომ ტელეკომპანია "დია" ზონდერ ტელევიზიაა და ის პოლიტიკოსების შეკვეთას ასრულებს. ამავე სიუჟეტში გაჟღერებული იყო ტერმინი, რომ ვითომ და ჩვენ ადამიანების გაფუჭებას ვცდილობთ.  ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სტუდენტმა ბერუაშვილმა, რომელიც არხის ხელმძღვანელ პირებთან დაახლოებულია, მოახდინა სწორედ "თრიალეთის" პოზიციის გაჟღერება, რათა ჩვენი საქმიანობა და ობიექტურობა ეჭქვეშ დადგეს."

საბჭო მიიჩნევს, რომ პირს [ამ შემთხვევაში სტუდენტ შმაგი ბერუაშვილს] აქვს ტელევიზიის [იგულისხმება ტელეკომპანია "დიას"] კრიტიკის ლეგიტიმური უფლება, აღნიშნულ პოზიციას საქმის ზეპირი განხილვის დროს დაეთანხმა  მოპასუხე  გიორგი ახალკაციც.

იმის გათვალისწინებით, რომ  ტელეკომპანია "დიამ" მოამზადა სიუჟეტი თავად შმაგი ბერუაშვილზე, დასაშვებია, რომ ამ უკანასკნელს ჰქონოდა გარკვეული პრეტენზიები "დიას" მიმართ, გამოეთქვა პრეტენზიები და შეფასებები. თავის მხრივ სტუდენტის პრეტენზიების და ბრალდებების გაშუქება ტელეკომპანია "თრიალეთის" მიერ ვერ ჩაითვლება ტელეკომპანია "თრიალეთის" პოზიციად. არ შეიძლება მივიჩნიოთ თითქოსდა "თრიალეთი" იყენებს შმაგი ბერუაშვილს ტელეკომპანია "დიას" წინააღმდეგ და სტუდენტმა "მოახდინა სწორედ "თრიალეთის" პოზიციის გაჟღერება".  ბრალდებებს ჰყავდა კონკრეტული ავტორი, შმაგი ბერუაშვილი და თავად ტელეკომპანია "თრიალეთს" არ დაუფიქსირებია, რომ ეთანხმება ამ ბრალდებებს, პირიქით, საშუალება მისცა "დიას" წარმომადგენელს, გაეცა პასუხი გამოთქმული პრეტენზიებისთვის.

ქარტიის მესამე პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია.  ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია". განცხადებაში არ იყო მითითებული  პრინციპის რომელ ნაწილს ხდიდა სადავოდ განმცხადებელი, მას ასევე არ დაუსაბუთებია, თუ რაში გამოიხატა ამ პრინციპის დარღვევა.

წყაროს დადასტურებასთან დაკავშირებით საბჭო მიიჩნევს, სადავო სიუჟეტში ხდებოდა წყაროებზე მითითება ["როგორც ჩვენთვის არის ცნობილი" "საუბრობენ" "წერდა"], ისე რომ წყარო არ იყო იდენტიფიცირებული, ამასთან,  წყაროს არაიდენტიფიცირება არ ნიშნავს წყაროს არ არსებობას. მაგალითად, განმცხადებელს პრეტენზია ჰქონდა შემდეგ ფრაზასთან დაკავშირებით: "თრიალეთის" არაობიექტურობის შესახებ მას შემდეგ აქტიურად საუბრობენ, რაც არხმა ხელისუფლებას სარეკლამო ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის მიღების შემდეგ ბრძოლა დაუწყო. ამაზე ონლაინ მედიაც აქტიურად წერდა". საბჭომ თავად მოიძია და მართლაც არის ხელმისაწვდომი რამდენიმე ჟურნალისტური პროდუქტი [მაგ. http://www.qartli.ge/ ზე იძებნება სტატია, სათაურით "პიარი არ გინდათ? - ანუ რა მისწერა "თრიალეთმა" გუბერნატორს], სადაც საუბარია სახელმწიფოს და ტელეკომპანიას შორის ურთიერთობებზე სარეკლამო მომსახურების კუთხით.

პრინციპის მეორე ნაწილთან  დაკავშირებით საბჭოს აღნიშნავს, რომ განცხადებაში არ იყო მითითებული იმის შესახებ, თუ რა ინფორმაციის მიჩქმალვა მოხდა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში, შესაბამისად, საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მიჩქმალვის ფაქტთან დაკავშირებით.

ქარტიის მე_11 პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება" ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში ტელეკომპანია დიას სადავო მასალაში ფაქტი განზრახ არ დაუმახინჯებია და  არასწორი ინფორმაციის გავრცელებას საფუძვლად დაედო ტელეკომპანია "დიას" ვარაუდები, თითქოს ტელეკომპანია "თრიალეთი" მიზანმიმართულად ცდილობდა "დიას" დისკრედიტაციას.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია:

  1. ჟურნალისტმა გიორგი ახალკაცმა დაარღვია ქარტიის პირველი  პრინციპი.
  2. ჟურნალისტმა გიორგი ახალკაცს არ დაურღვევია ქარტიის მესამე და მე-11 პრინციპი.
გადაწყვეტილების PDF ვერსია საქმის მასალები: განცხადება სადავო მასალა