გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – ზვიად ბიაშვილი ეკა გაგუას წინააღმდეგ
16.03.2016

განმცხადებელი : ზვიად ბიაშვილი;
მოპასუხე : ეკა გაგუა;
დარღვეული პრინციპები : არ დარღვეულა;
გადაწყვეტილება N 77
27 თებერვალი 2016  წელი

საქმეზე - ზვიად ბიაშვილი ეკა გაგუას წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი

საბჭოს წევრები: მაია მეცხვარიშვილი, თაზო კუპრეიშვილი, ირინა ყურუა, ნინო ჯაფიაშვილი, მაია მამულაშვილი

განმცხადებელი
: ზვიად ბიაშვილი

მოპასუხე:
ეკა გაგუა
აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ზვიად ბიაშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2015 წლის 30 ნოემბერს ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის"  გადაცემა "კურიერში" გასული სიუჟეტით [ავტორი ეკა გაგუა]  დაირღვა ქარტიის პირველი და  მე_3 პრინციპი.  სადავო სიუჟეტი ეხებოდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2013-2014 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესახებ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშს, სადაც საუბარი იყო მუნიციპალიტეტში აღმოჩენილ დარღვევებზე.

საქმის განხილვის დროს  სხდომას დაესწრო და  საბჭოს კითხვებს უპასუხა განმცხადებელმა ზვიად ბიაშვილმა. მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი: 
ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგაოდების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია".

 

ხოლო ქარტიის მესამე პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია.  ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია".
განცხადების თანახმად, ჟურნალისტის მიერ ეთიკის პრინციპები დაირღვა, რადგან  სიუჟეტში არ აღინიშნა მნიშვნელოვანი გარემოების შესახებ, კერძოდ, ის, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ამჟამინდელი გამგებელი, გივი გერგიძე გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობას  2014 წლის 14 ივლისიდან იკავებს. განმცხადებლის პოზიციით, აღნიშნული გარემოების შესახებ მითითება, ნათელს გახდიდა, რომ იმ დარღვევების ნაწილი, რომელზეც საუბარი იყო სიუჟეტში ეხებოდა პერიოდს, რა დროსაც გივი გერგიძე არ იყო მუნიციპალიტეტის გამგებელი. განმცხადებლის პოზიციის ანალიზის შედეგად საბჭო მიიჩნევს, რომ იგი არ დავობს ინფორმაციის სიზუსტეზე და შესაბამისად საბჭო ვერ იმსჯელებს ქარტიის პირველ პრინციპთან დაკავშირებით. განმცხადებლის არგუმენტაცია შეესაბამება ქარტიის მესამე პრინციპის მოთხოვნას, რომლის თანახმადაც "ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები".

დადასტურებულ გარემოებად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ

  1. ფინანსური დარღვევები ეხებოდა 2013 – 2014 წლების პერიოდს
  2. გივი გერგიძე გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობას 2014 წლის 14 ივლისიდან იკავებს
  3. სიუჟეტში არ იყო ნახსენები გივი გერგიძის მიერ თანამდებობის დაკავების პერიოდი.

იმისათვის, რომ დადგინდეს დაირღვა თუ არა მესამე პრინციპი, უნდა შეფასდეს რამდენად მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებას სცოდნოდა, რომ გივი გერგიძე მხოლოდ  2014 წლის 14 ივლისიდან იყო გამგებელი და დარღვევების ნაწილი მისი გამგებლად ყოფნის პერიოდში არ მომხდარა.

სიუჟეტის მიზანი იყო, გაეშუქებინა ზოგადად სახელმწიფო აუდიტის დასკვნა და მასში არ იყო საუბარი/მითითება კონკრეტულ პირებზე, რომლებსაც შეიძლება ბრალი მიუძღოდათ აღმოჩენილ დარღვევებში. ლოგიკურია, რომ ჟურნალისტმა დარღვევების შესახებ განმარტება მოითხოვა იმ პირისგან, რომელსაც სიუჟეტის მომზადების დროს ეკავა გამგებლის პოზიცია [გივი გერგიძე]. ვინაიდან, რომ დაუშვათ, დარღევების ნაწილის მისი გამგებლად ყოფნის პერიოდში არ მომხდარა, მათზე ინფორმაციის ფლობის და რეაგირების ვალდებულება სწორედ მოქმედ გამგებელს ეკისრება, მიუხედავად იმისა, მის დროს მოხდა  თუ არა  ხელშეკრულების გაფორმება ან/და დარღვევა. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ აუდიტის ანგარიშიდან ის ნაწილი, რომელიც ეხება კაჭრეთის ჭაბურღილის მოწყობას. ჭაბურღილის მოწყობაზე ხელშეკრულება გაფორმდა 2014 წლის 5 ივნისს  [როცა გივი გერგიძე არ იყო გამგებელი], მაგრამ სამუშაოს შესრულებაზე მიღება - ჩაბარების აქტი 2014 წლის 4 აგვისტოს გაფორმდა  [გივი გერგაძის გამგებლად ყოფნის პერიოდში].  შესაბამისად, ვინაიდან სიუჟეტის მიზანი იყო ზოგადად დარღვევებზე საუბარი და არა რომელიმე კონკრეტული ბრალდებული პირის გამოკვეთა, იმის არ აღნიშვნა, რომ გივი გერგიძემ თანამდებობა 2014 წლის 14 ივლისს დაიკავა, ვერ ჩაითვლება მნიშვნელოვანი ფაქტის მიჩქმალვად.  ამასთან აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტმა კომენტარის მოპოვება სცადა თავად გამგებლისგან და  გივი გერგიძეს საშუალება ჰქონდა თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა და თუ მნიშვნელოვან გარემოებად მიიჩნევდა, მას შეეძლო აღენიშნა, რომ დარღვევების ნაწილი მისი გამგებლად ყოფნის პერიოდში არ მომხდარა.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია:

  1. ეკა გაგუას არ დაურღვევია ქარტიის პირველი და მე-3 პრინციპი.
საქმის მასალები: