გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – თამარ ჯანჯღავა ეკა ბარაბაძის წინააღმდეგ
17.01.2016

პრინციპები : 7 პრინციპი;
გადაწყვეტილება N 72
19 დეკემბერი 2015  წელი

საქმეზე - თამარ ჯანჯღავა ეკა ბარაბაძის  წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი

საბჭოს წევრები: მაია მეცხვარიშვილი, ნინო ნარიმანიშვილი, ჯაბა ანანიძე, ირინა ყურუა, თაზო კუპრეიშვილი, ლაშა ზარგინავა

განმცხადებელი: თამარ ჯანჯღავა

მოპასუხე: არაწევრი ჟურნალისტი ეკა ბარაბაძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით თამარ ჯანჯღავამ,  განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ ჟურნალ "თბილისელების" 2015 წლის 21 სექტემბრის ნომერში დაიბეჭდილი  სტატიაში,  სათაურით - "როგორ აქცია ქალმა ქმარ-შვილი მკვლელებად და რა გახდა სასტიკი დანაშაულის მიზეზი", დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი. სტატია ეხებოდა დანაშაულებს, კერძოდ ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის მცდელობის ფაქტს, ხოლო შვილის მიერ ნათესავის მკვლელობას.

საქმის განხილვისას სხდომაზე გამოცხადდა განმცხადებელი. მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.

 სამოტივაციო ნაწილი: 

ქარტიის მეშვიდე პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით". სადავო სტატიის სათაურში დადასტურებულ ფაქტად არის მითითებული, რომ ქალი იყო მისი მეუღლის და შვილის მიერ ჩადენილ დანაშაულთა მაპროვოცირებელი. ასევე აღსანიშნავია ჟურნალისტის მიერ ზმნა "აქციას" გამოყენება, რომლითაც ხაზი ესმევა თითქოსდა ქალის გამიზნულ ქმედებებს იმისათვის, რომ მის მეუღლეს და შვილს დანაშაული ჩაედინა.

თავად სტატიის თანახმად,  მოწმედ დაკითხული პირი უთითებს,  რომ დანაშაულის ჩამდენ ერთ-ერთ პირს [მამაკაცი მეუღლე] მენტალური პრობლემები ჰქონდა, ასევე მოწმეები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ მკვლელობის მცდელობის მიზეზი გახდა ქალის მიერ სხვა პირთან სექსუალური კავშირი. რა თქმა უნდა ასეთი კავშირი დაუდასტურებელი  ფაქტია, სრულად შესაძლებელია რომ მოარული ჭორი იყოს და ეს ჭორი ყოფილიყო ზუსტად ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი. რომც დავუშვათ, რომ ქალს ჰქონდა სექსუალური ურთიერთობა სხვა პირთან, ეს არ ნიშნავს რომ მის მეუღლეს ჰქონდა უფლება  ეძალადა მასზე. ამასთან, სათაურიდან - "როგორ აქცია ქალმა ქმარ-შვილი მკვლელებად" ჩანს ჟურნალისტის დისკრიმინაციული დამოკიდებულება, რომელიც ქალის მიერ დაუდასტურებელი სექსუალური კავშირის ფაქტს აფასებს როგორც ქალის ბრალს მეუღლის მიერ დანაშაულის ჩადენაში.  სტატიაში აქცენტი გაკეთებულია არა დანაშაულზე, როგორც ანტისოციალურ ქმედებაზე, არამედ დაზარალებული ქალის ცხოვრების წესზე, რომელიც მხოლოდ ვარაუდებს ეყრდნობა "რადგან თამრიკოს ცუდი სახელი ჰქონდა – რამდენიმე წელი თურქეთში მუშაობდა და, როგორც სოფელში ამბობდნენ, იქ მეძავობით იყო დაკავებული"  "სოფელში  ჭორი გავრცელდა, რომ თამრიკო ჩემი ქმრის საყვარელი გახდა". მიუხედავად იმისა, რომ ქალი მსხვერპლია, სტატიაში მითითებული გარემოებებით თითქოს ხდება მის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამართლება, რაც ხელს უწყობს იმ დისკრიმინაციული სტიგმის გაძლიერებას, რომ ქალის სექსუალური ცხოვრების წესი შეიძლება ამართლებდეს მის მიმართ ჩადენილ დანაშაულს.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია:

  1. ეკა ბარაბაძის მიერ დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი.
გადაწყვეტილების PDF ვერსია საქმის თანდართული მასალები: განცხადება