გადაწყვეტილებების ძიება
გადაწყვეტილება საქმეზე ლაშა შუშანაშვილი ნინო ბურჭულაძის წინააღმდეგ
23.12.2015

განმცხადებელი : ლაშა შუშანაშვილი;
მოპასუხე : ნინო ბურჭულაძე;
პრინციპები : 1 პრინციპი;
გადაწყვეტილება N 67
07 ნოემბერი 2015  წელი

საქმეზე - ლაშა შუშანაშვილი ნინო ბურჭულაძის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი
საბჭოს წევრები: ირაკლი აბსანძე, მაია მეცხვარიშვილი, ჯაბა ანანიძე, თაზო კუპრეიშვილი, ირინა ყურუა
განმცხადებელი: ლაშა შუშანაშვილი
არაწევრი ჟურნალისტი: ნინო ბურჭულაძე
აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ლაშა შუშანაშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ გაზეთ "კვირის პალიტრის" 2015 წლის 13 ივლისის N 28 ნომერში, ჟურნალისტ ნინო ბურჭულაძის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიით "რისთვის იყენებს "ქართული მაფია" საბერძნეთის კრიზისს ?!" დაირღვა ქარტიის პირველი, მე-3, და მე-4 პრინციპი.  სადავო სტატია ეხებოდა ევროპაში არსებულ კრიმინოგენურ სიტუაციაში ეთნიკურად ქართველი კრიმინალების ჩართულობას.

საქმის განხილვაზე გამოცხადდა განმცხადებლის წარმომადგენელი ნანა ფრიდონაშვილი. მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია". განმცხადებელი აპელირებდა, რომ  სადავო სტატიაში მითითებული უმეტესი ფაქტობრივი გარემოება [ბიზნესის და ნარკოტრაფიკის მარშუტების კონტროლი და ა.შ] კონტექსტურად ლაშა შუშანაშვილს უკავშირდებოდა და შესაბამისად  სადავოდ ხდიდა აღნიშნული გარემოებების ლაშა შუშანაშვილთან დაკავშირებას. საბჭო მიიჩნევს, რომ  სტატიაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ზოგადად ეხებოდა ქართულ ორგანიზებულ დანაშაულს და მიზანშეწონილად თვლის იმსჯელოს კონკრეტულად ლაშა შუშანაშვილთან დაკავშირებულ ფაქტებთან.

განმცხადებელი სადავოდ ხდიდა ჟურნალისტის მიერ ლაშა შუშანაშვილის "მაფიის ბოსად" მოხსენიებას. საბჭო განმარტავს, რომ მის კომპეტენციას არ განეკუთვნება იმის შეფასება, არის თუ არა ლაშა შუშანაშვილი "მაფიის ბოსი", აღნიშნული ტიტული არ წარმოადგენს სამართლებრივ ან სხვა საზოგადოდ მიღებულ განმარტებით კატეგორიას, შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ ლაშა შუშანაშვილის "მაფიის ბოსად" მოხსენიება კონკრეტული პირის შეფასებაა და არა გადამოწმებადი/ობიექტიური ფაქტი. აქვე აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა უცხოური მედია საშუალებები (BBC, moscow.usembassy.gov), სწორედ მაფიის/კრიმინალურ ბოსად მოიხსენიებს ლაშა შუშანაშვილს და ჟურნალისტს შეეძლო ეს ტერმინი გამოეყენებინა.

სტატიაში ჟურნალისტი ასევე აღნიშნავს, რომ "ციხეში შუშანაშვილმა ნარკოტიკების მოხმარება აკრძალა და ამით შემოსავლის წყარო გადაუკეტა­ ალბანელებს, რომლებიც საბერძნეთის ციხეებში დაუბრკოლებლად ყიდდნენ ჰეროინს". ამასთან სტატია არ შეიცავს წყაროზე მითითებას, თუ რის საფუძველზე აცხადებს ჟურნალისტი, რომ ლაშა შუშანაშვილმა ნარკოტიკების მოხმარება აკრძალა, სცადა თუ არა ფაქტის გამოკვლევა და სხვადასხვა წყაროებთან გადამოწმება. ასევე გადაუმოწმებელია ფაქტი, რომლის მიხედვითაც "დღეს საბერძნეთში ფული მხოლოდ "ქართულ მაფიას" აქვს, რომელიც მზად არის, საკუთარი ბოსის თავისუფლებისთვის ნებისმიერი­ თანხა გადაიხადოს". ამასთან გასათვალისწინებელია, რომ სხდომაზე განმცხადებლის წარმომადგენელმა საბჭოს მიაწოდა დოკუმენტი, კერძოდ, სალონიკის სასამართლოს საბჭოს რეზოლუცია, რომლის თანახმადაც ლაშა შუშანაშვილი, როგორც მსჯავრდებული, გათავისუფლდა  მისი ინვალიდობის ხარისხიდან გამომდინარე.

ქარტიის მე-3 პრინციპის თანახმად "ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია". განმცხადებელი აპელირებდა, რომ ჟურნალისტს არ ჰყავდა წყაროები, რომლებზე დაყრდნობითაც მოხდა ინფორმაციის გავრცელება. სტატიაში, სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, ჟურნალისტი მიუთითებს წყაროებს [მაგ. "ესპანეთის პროკურატურა", "ესპანური მედია"], არის ფაქტობრივი გარემოებები, როცა წყაროს მითითება არ ხდება. ასეთ შემთხვევებზე საბჭომ უკვე იმსჯელა პირველ პრინციპთან მიმართებით და აღნიშნა, რომ არ მომხდარა ფაქტობრივი გარემოებების გადამოწმება. დამატებით საბჭო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ფაქტთან მიმართებით კონკრეტული წყაროს არა იდენტიფიცირება არ ნიშნავს, რომ წყარო დაუდასტურებელია.

ქარტიის მე-5 პრინციპის თანახმად "ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს". განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ ჟურნალისტს უფლება არ ჰქონდა გამოექვეყნებინა ლაშა შუშანაშვილის ფოტო თანხმობის გარეშე,  ასევე პრეტენზია ჰქონდა ფოტოს მოპოვების გზებთან დაკავშირებით. თუ საძიებო სისტემა "Google-ს" გამოვიყენებთ და საძიებო ველში მივუთითებთ "ლაშა შუშანაშვილს", შედეგად გვაქვს საჯაროდ ხელმისაწვდომი ფოტოები და ვიდეოები, მათ შორის ის ფოტო რომელიც გამოყენებული იყო სადავო სტატიაში. რაც შეეხება ზოგადად ფოტოს გამოყენებას, მართალია, ლაშა შუშანაშვილი არ არის საჯარო მოხელე, მაგრამ მის მიმართ არსებობს საჯარო ინტერესი, მისი საქმიანობიდან გამომდინარე ცნობადობა მაღალია საზოგადოებაში და შეგვიძლია მივიჩნიოთ როგორც საჯარო პირი, რომლის სურათის გამოყენება არ შეიძლება ჩაითვალოს ეთიკური პრინციპების დარღვევად.

სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია:
  1. ნინო ბურჭულაძემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
  2. ნინო ბურჭულაძეს არ დაურღვევია ქარტიის მე-3 და მე-4 პრინციპი.
ტერმინი "ინვალიდი" გამოყენებულია სალონიკის სასამართლოს საბჭოს რეზოლუცის იმ თარგმანიდან, რაც განმცხადებლმა წარმოადგინა. ქარტიის საბჭო ემიჯნება აღნიშნული ტერმინის გამოყენებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ. საქმის თანდართული მასალები: განცხადება სადავო მასალა