გადაწყვეტილებების ძიება
გადაწყვეტილება საქმეზე – CRRC-საქართველო- ჯაბა ხუბუას წინააღმდეგ
07.12.2015

განმცხადებელი : CRRC საქართველო;
მოპასუხე : ჯაბა ხუბუა;
პრინციპები : 1 პრინციპი; 11 პრინციპი;
გადაწყვეტილება N 74
08 ნოემბერი 2015  წელი

საქმეზე - CRRC-საქართველო ჯაბა ხუბუას წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი

საბჭოს წევრები: ირაკლი აბსანძე, ნინო ნარიმანიშვილი, ჯაბა ანანიძე, თაზო კუპრეიშვილი, ირინა ყურუა

განმცხადებელი: CRRC-საქართველო

არაწევრი ჟურნალისტი: ჯაბა ხუბუა

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა CRRC-საქართველომ, რომელიც მიიჩნევდა, რომ გაზეთ "ასავალ დასავალის" 2015 წლის 26 ოქტომბერი - 01 ნოემბრის ნომერში ჟურნალისტ ჯაბა ხუბუას ავტორობით გამოქვეყნებული სტატიით - "იცნობდეთ გამყალბებლებს", დაირღვა   ქარტიის პირველი, მე-3, და მე-11 პრინციპი.  სადავო სტატია ეხებოდა განმცხადებლის მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევას, რომელიც ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით მომზადდა.

საქმის განხილვაზე გამოცხადდა განმცხადებლის წარმომადგენელი კობა თურმანიძე, მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი:

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია". სადავო სტატუსში მითითებულია, რომ CRRC-საქართველო "გამყალბებელია". ნებისმიერ პირს, მათ შორის ჟურნალისტს, სრული უფლება აქვს ჩათვალოს რომ კვლევა რეალობას არ ასახავს, გააკრიტიკოს კვლევის მეთოდები, მაგრამ "გაყალბება" ნიშნავს, როცა კონკრეტულ შემთხვევაში რესპოდენტებს გამოკითხვის დროს სხვა პოზიცია ჰქონდათ ხოლო კვლევის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ სხვა შედეგები გამოაქვეყნა. სტატია არ შეიცავს იმაზე მითითებას, თუ რაში გამოიხატა "გაყალბება", რა მონაცემი დამალა ან შეცვალა  "CRRC-საქართველომ". მტკიცებით ფორმაში იმაზე მითითება, რომ "CRRC-საქართველომ" კვლევის შედეგები "გააყალბა"გადაუმოწმებელი და დაზუსტებული ინფორმაციაა და არღვევს ქარტიის პირველ პრინციპს.  სადავო სტატიაში ასევე მითითებული იყო, რომ "CRRC-საქართველო" "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ლევან თარხნიშვილის და თინათინ ბოკუჩავას მიერ არის დაფუძნებული. საბჭომ გადაამოწმა ინფორმაცია და დაადგინა, რომ "CRRC-საქართველო" [ს/ნ 404997152] წარმოადგენს არასამეწარმეო [არაკომერციულ] იურიდიულ პირს, რომელიც 2013 წელს გამოეყო ევრაზიის თანამშრომლობის ფონდს [205198864], თავის მხრივ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დამფუძნებლებს შორის არ ფიგურირებს არც ლევან თარხნიშვილი და არც თინათინ ბოკუჩავა. შესაბამისად "CRRC-საქართველო" "ნაციონალური მოძრაობის" წევრების: ლევან თარხნიშვილის და თინათინ ბოკუჩავას მიერ დაფუძნების შესახებ ინფორმაცია არაზუსტია.

ქარტიის მესამე პრინციპთან მიმართებით, რომლის მიხედვითაც  ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია, საბჭო მიიჩნევს, აღნიშნულ შემთხვევაში  მესამე პრინციპი არ დარღვეულა, ვინაიდან განმცხადებელმა ვერ დაასაბუთა, თუ რომელი  წყარო არ არსებობდა. როგორც საბჭომ არა ერთხელ აღნიშნა, ჟურნალისტურ პროდუქტში წყაროს არა იდენტიფიცირება, თავისთავად არ ნიშნავს წყაროს არ არსებობას.

ქარტიის მეთერთმეტე პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:  ა) ფაქტის განზრახ დამახინჯება, ბ) ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ, გ) პლაგიატი". განმცხადებელი აპელირებდა, რომ ჟურნალისტის მიერ ფაქტების დამახინჯება მოხდა განზრახ. საბჭო მიიჩნევს, რომ განზრახვის დასადგენად აუცილებელია გამოიკვეთოს მოტივი, ხოლო იმის განსასაზღვრად, იყო თუ არა მოტივი, ერთ - ერთი გზა არის გამოირკვეს ხომ არ აქვს კამპანიური ხასიათი კონკრეტული პირის მიმართ ნეგატიური სტატიების ციკლს.  კონკრეტულ შემთხვევაში, იგივე "ასავალ - დასავალის"  18-24 მაისის და 19-25 ოქტომბრის ნომრებში მკვეთრად უარყოფითი და შეურაცხმყოფელი ტერმინებით არის შეფასებული/მოხსენიებული ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი და მისი პარტნიორი საქართველოში, უშუალოდ კვლევის განმახორციელებელი ორგანიზაცია.   ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ სახეზე არის მიზანმიმართული კამპანია და განზრახვა, რომ არასწორი ფაქტების განზრახ გავრცელებით შეილახოს განმცხადებლის საქმიანი რეპუტაცია.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია:

  1. ჯაბა ხუბუამ დაარღვია ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპი.
  2. ჯაბა ხუბუას არ დაურღვევია ქარტიის მე-3 პრინციპი.

იხილეთ გადაწყვეტილების PDF ვერსია

გადაწყვეტილების თანდართული მასალები: