გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – გიორგი ტუმასიანი ნანა ძველაიას წინააღმდეგ
01.12.2015

განმცხადებელი : გიორგი ტუმასიანი;
მოპასუხე : ნანა ძველაია;
პრინციპები : 7 პრინციპი;
საქმეზე - გადაწყვეტილება N 69
08 ნოემბერი 2015  წელი
საქმეზე - გიორგი ტუმასიანი ნანა ძველაიას წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი

საბჭოს წევრები: ირაკლი აბსანძე, ნინო ნარიმანიშვილი, ჯაბა ანანიძე, თაზო კუპრეიშვილი, ირინა ყურუა
განმცხადებელი: გიორგი ტუმასიანი
არაწევრი ჟურნალისტი: ნანა ძველაია

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გიორგი ტუმასიანმა,  რომელიც მიიჩნევდა, რომ ვებგვერდზე http://interfactnews.ge/ გამოქვეყნებული სტატიით "სკანდალი სომხურ დამწერლობაზე –  სომხური კი არა, ეთიოპური ალფავიტია! – მესროპ მაშტოცმა ასოები ეთიპიელებს მოპარა?" დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი. სადავო ჟურნალისტური პროდუქტის ავტორად ვებგვერდზე მითითებული იყო თამილა ალიევა. interfactnews.ge  რედაქტორთან, ნანა ძველაიასთან კომუნიკაციის საფუძველზე დადგინდა,  რომ თამილა ალიევა იყო იმ სტატიის ავტორი, რომელსაც სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ეფუძნებოდა [სტატია ნათარგმნი იყო უცხოური წყაროდან] და შესაბამისად, interfactnews.ge-ზე სტატიის გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა რედაქტორი ნანა ძველაია.

საქმის განხილვაზე გამოცხადდა განმცხადებელი, მოპასუხე სხდომას არ დასწრები და არც შეპასუხება წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი:

ქარტიის  მეშვიდე  პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით". საბჭოს მიერ დადგინდა, რომ  სადავო ჟურნალისტური პროდუქტი, რომელიც 2015 წლის 05 სექტემბერს გამოქვეყნდა ვებგვერდზე, http://interfactnews.ge/, ნათარგმნი იყო და აღნიშნული სტატიის პირველ წყაროს წარმოადგენდა ვებგვერდ http://haqqin.az/ -ზე რუსულ ენაზე 2014 წლის 23 ნოემბერს გამოქვეყნებული იდენტური შინაარსის სტატია.

თავისი შინაარსით სტატია ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს, კერძოდ, სჭარბობს დამცინავი ფრაზები ეთნიკურად სომეხი მესროპ მაშტოცისადმი, რომელიც მიიჩნევა სომხური დამწერლობის ავტორად, იგი მოხსენიებულია როგორც "ქურდბაცაცა", "თაღლითი",  სტატიაში გამოყენებულია ირონიული და დამცინავი ტონი, მაგალითად ცალსახად დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელია შემდეგი წინადადება - "მეტი რა შეუძლიათ ფანდურის, ლავაშის, ტოლმის, ხაშის, ხალიჩების და ათასობით ხალხური მელოდიის --- ანუ, ყველაფერი იმის, რაც პირველად სხვა ხალხებთან ნახეს თავიანთი უბადრუკი გადაადგილების დროს ფინიკიიდან ფრიგიის, აღმოსავლეთ ანატოლიის და სპარსეთის გავლით კავკასიაში, მიმთვისებელ სომხებს?". ამასთან, სტატიაში არ არის  მცდელობა, რომ მეცნიერულად დასაბუთდეს ეთიოპიური და სომხური დამწერლობის იდენტურობა, გადამოწმდეს რელევანტურ რესპოდენტებთან და ა.შ.

როგორც საბჭომ მე-7 პრინციპთან დაკავშირებით არაერთხელ აღნიშნა, ჟურნალისტი არა მარტო ვალდებულია, რომ თავად არ გამოხატოს დისკრიმინაციის შემცველი პოზიცია, არამედ  თავიდან უნდა აიცილოს დისკრიმინაცია. შესაბამისად, საბჭო თვლის, რომ ერთი წლის დაგვიანებით ცალსახად დისკრიმინაციული, არგუმენტირებულ მსჯელობას მოკლებული სტატიის თარგმნა და გამოქვეყნება მიზნად მხოლოდ დისკრიმინაციის წახალისებას ისახავს და ჟურნალისტი [რედაქტორი] ხელს უწყობს  მის გავრცელებას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია:
  1. ნანა ძველაიამ დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.
იხილეთ გადაწყვეტილების PDF ვერსია გადაწყვეტილების თანდართული მასალები: