გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გაზეთ "ბათუმელების- რედაქტორის, ეთერ თურაძის წინააღმდეგ
20.10.2015
გადაწყვეტილება N 61 05 სექტემბერი 2016 წელი საქმეზე - სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ეთერ თურაძის წინააღმდეგ საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი საბჭოს წევრები: თაზო კუპრეიშვილი, გიორგი მგელაძე, ჯაბა ანანიძე, ლაშა ზარგინავა, ირაკლი აბსანძე განმცხადებელი: სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო წევრი ჟურნალისტი: ეთერ თურაძე აღწერილობითი ნაწილი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, რომელიც მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტმა ეთერ თურაძემ დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპი. საქმის განხილვის დროს საბჭოს კითხვებს დისტანციური კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით უპასუხეს განმცხადებლის დირექტორმა მირანდა ჩარკვიანმა და მოპასუხე ჟურნალისტმა ეთერ თურაძემ, რომელმაც ასევე წერილობითი სახით წარმოადგინა შეპასუხება. განცხადების თანახმად, ქარტიის პრინციპები დაირღვა ეთერ თურაძის ავტორობით გამოქვეყნებულ შემდეგ სტატიებში: [1] გაზეთი "ბათუმელები" - "პირველი აფთიაქი, ფული და ბიზნესინტერესები", [2] ონლაინ გაზეთ "netgazeti.ge" - "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევის სურვილი ხელისუფლებამ დაადასტურა". სამოტივაციო ნაწილი: ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია".
  1. სადავო სტატიაში ჟურნალისტი აღნიშნავდა, რომ: "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის [იგულისხმებოდა ბათუმში, ევროპის მოედანზე არსებული ყოფილი N1 აფთიაქი] დანგრევის სურვილი ხელისუფლებამ დაადასტურა... ამჟამინდელი ხელისუფლება იზიარებს ყოფილის გამოცდილებას - კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის ხარჯზე მოიზიდოს ფული." განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს, რადგანაც "არ არსებობს არათუ კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის ფაქტი, არამედ განსახილველი პროექტებიც არ ითვალისწინებს ძეგლის დემონტაჟს".
"კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე_3 მუხლის "ჭ" პუნქტის თანახმად ძეგლის განადგურებად ჩაითვლება "ძეგლის მოსპობა, ასევე ძეგლზე ან მის ნაწილზე იმგვარი ზემოქმედება, რომელიც ძეგლს უკარგავს იმ მახასიათებლებს, რომლებისთვისაც მას მიენიჭა ძეგლის სტატუსი". როგორც საბჭომ გამოიკვლია, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ ახალი საინვესტიციო პროექტების პრეზენტაციაზე, წარმოადგინა პროექტი რომელიც ითვალისწინებდა ყოფილი N 1 აფთიაქის [კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის] იერსახის მნიშვნელოვან ცვლილებას [მათ შორის დაშენებას]. აღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების საფუძველზე დასტურდება, რომ ჟურნალისტს არასწორი ინფორმაცია არ გაუვრცელებია, ვინაიდან პროექტის წარმოდგენით ძეგლზე ზემოქმედების სურვილი ნამდვილად გამოხატა ხელისუფლებამ, ხოლო ზემოქმედება კანონის თანახმად, გამოიწვევდა ძეგლის განადგურებას.
  1. შემდეგ სადავო წინადადებად განმცხადებელი მიიჩნევდა სტატიის შემდეგ ნაწილს: "ჟასმინსა" და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის 2013 წლის 25 სექტემბერს გაფორმებული შეთახმებით ერთი რამ სრულიად ნათელია: ამ ხელშეკრულებით სამინისტრო არც კი უშვებს, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა შეიძლება ხელი არ მოაწეროს კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას, ანუ არ დათანხმდეს მშენებლობას". საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ფრაზით ჟურნალისტმა შეაფასა ის დამოკიდებულება რაც ჰქონდა სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიმართ. სტატიაში რამდენჯერმე იყო აღნიშნული, რომ სააგენტო წარმოადგენდა სწორედ იმ ადმინისტრაციულ ორგანოს რომლის საბოლოო თანხმობა არის საჭირო ძეგლზე სამუშაობის დაწყებისათვის, რომ ძეგლისათვის იარსახის ცვლილებაზე ერთხელ უკვე უარი განაცხადა სააგენტომ, მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა, მთავრობის წარმომადგენლების პრინციპული პოზიცია იყო რომ პროექტი განხორციელებულიყო: "...ასეთიპროექტებისთვის უარის თქმა არ გამოვა [მინისტრი დავით ბალაძე]". ასევე სტატიაში მითითებული იყო რომ სააგენტოს მიერ ერთხელ უკვე გაცხადებული უარი სამშენებლო სამუშაოების განხორცილებაზე, შესაბამისი საჩივრის საფუძველზე გააუქმა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ. ყველა ზემოაღნიშნული ფაქტი ცხადყოფდა რომ მთავრობა ყველა ღონეს ხმარობდა რომ უგულვებელყო სააგენტოს პოზიცია.
  1. განმცხადებელი ასევე სადავოდ ხდიდა სტატიის შემდეგ ნაწილს: "არაოფიციალურ ვერსიად კი ის განიხილება, რომ გადაწყვეტილების მიმღებმა კონკრეტულმა პირებმა "ჟასმინთან" მიღწეული შეთანხმებით" ძალიან კონკრეტული ფულადი სარგებელი ნახეს."
ჟურნალისტი კონკრეტული ფულადი სარგებლის მიღებას, როგორც ფაქტს ისე არ ავრცელებს, არამედ უთითებს, რომ ეს არის არაოფიციალური ვერსია და შესაბამისად მკითხველს თავად შეუძლია შეაფასოს წყაროს და ვერსიის სანდოობა. ჟურნალისტს ასევე არ მოეთხოვება, რომ ასეთ შემთხვევაში დაასახელოს წყარო ვინაიდან იგი ვალდებულია დაიცვას წყაროს კონფიდენციალურობა, რომელიც ინფორმაციას აწვდის სავარაუდო კორუფციული გარიგების შესახებ.
  1. მე_4 სადავო ციტატა: "მოქალაქეებს სურთ აფთიაქის შენობის ნაცვლად კომპანია "ჟასმინს" ბათუმის ცენტრალურ უბანში, ზღვასთან ახლოს გამოუყოს ხელისუფლებამ მიწის ნაკვეთი." როგორც მოპასუხე ჟურნალისტმა აღნიშნა, მან გამოკითხა რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრები და მათ დააფიქსირეს სურვილი, რომ კომპანია "ჟასმინის" საინვესტიციო პროექტი არ შეხებოდა N 1 აფთიაქს და სხვა ადგილზე განხორციელებულიყო. ასეთი პირების არსებობა და მათ მიერ პოზიციის გამოხატვა სრულიად დასაშვებია, ამასთან მსგავსი ინფორმაციის მიმართ არ შეიძლება იყოს წაყენებული გადამოწმების მოთხოვნა, ვინაიდან იგი გამოხატავს კონკრეტული პირის სურვილს და არა ფაქტს.
ქარტიის საბჭოს პრაქტიკის თანახმად, მე-11 პრინციპის დარღვევა ["ფაქტის გაზრახ დამახინჯება]   ვერ დადგინდება, თუ ადგილი არ ექნა ქარტიის პირველი პრინციპის [არაზუსტი ინფორმაციის გავრცელება] დარღვევას.   პირველ პრინციპთან დაკავშირებით მსჯელობისას კი საბჭომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში პირველი პრინციპის დარღვევას არც ერთ ეპიზოდში ადგილი არ ჰქონდა. სარეზოლუციო ნაწილი: ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭომ მიიჩნია:
  1. ეთერ თურაძეს არ დაურღვევია ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპი