გადაწყვეტილებების ძიება

ქარტიის საბჭოს სხდომის ოქმი საქმეზე – ელისო ჩაფიძე ვებპორტალ ctv.ge-ს რედაქტორების წინააღმდეგ
20.10.2015

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომის ოქმი

ქ. თბილისი, 2015 წლის 05 სექტემბერი

საბჭოს წევრები: გიორგი მგელაძე, ირინა ყურუა, ირაკლი აბსანძე, თაზო კუპრეიშვილი, ნინო ზურიაშვილი, ჯაბა ანანიძე.

ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა განმცხადებელმა ელისო ჩაფიძემ. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ვებ პორტალ http://ctv.ge/ ზე გამოქვეყნებული სტატიით „ელისო ჩაფიძე: აშშ-ში ლგბტ ქორწინების დაკანონებას პატივი უნდა ვცეთ“ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი. კერძოდ, განცხადებლის პოზიციით მას არ უთქვამს სტატიაში მითითებული შემდეგი წინადადება: „ტყიბული, იმ ქალაქმა რომელმაც ამირჩია და მომცა ლეგიტიმაცია იქაც არიან გეები. მათ შორის შახტაშიც, რომლებიც პირნათლად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. მე ვალდებული ვარ დავიცვა მათი უფლებები ეს ჩემი მოვალეობაა“.

მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების და საბჭოს მიერ განხორციელებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ელისო ჩაფიძეს ნამდვილად არ ეკუთვნოდა ზემოაღნიშნული წინადადება და არც საიტ http://ctv.ge/ _ზე განთავსებული სტატია არ შეიცავდა მასს, არამედ სახეზე იყო სავარაუდო თაღლითობა. სახელდობრ, დაუდგენელი პირების მიერ შექმნილია ვებ პორტალ http://ctv.ge/_ის კლონი ვებ გვერდი რომლის ინტერფეისი წარმოადგენს http://ctv.ge/_ ს ანალოგიურს, სადაც ხდება სტატიების კოპირება და მათი შინაარსის დამახინჯება. კონკრეტულ შემთხვევაში, ბმულ http://ctv.ge.clonezone.link/1232 _ზე განთავსდა ელისო ჩაფიძის ინტერვიუ დამახინჯებული და შეცვლილი სახით, კერძოდ ინტერვიუს ტექსტში ჩამატებული იქნა ზემოთ აღნიშნული სადავო წინადადება, რომელიც არ ეკუთვნოდა ელისო ჩაფიძეს და მის პოზიციას არ წარმოადგენდა.

დამატებით, როგორც საბჭოსათვის ცნობილი გახდა, ვებ პორტალ http://ctv.ge/ _ს ადმინისტრაციას განზრახული აქვს მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს, რათა მოხდეს შემთხვევის გამოძიება და დადგინდეს ის პირები რომლებიც ახორციელებენ დეზინფორმაციის გავრცელებას კლონი ვებ გვერდის გამოყენებით.