გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – MDF, GDI და TDI გიორგი გაჩეჩილაძის წინააღმდეგ
20.10.2015

განმცხადებელი : დემოკრატიული ინიციატივა;
მოპასუხე : გიორგი გაჩეჩილაძე;
პრინციპები : 7 პრინციპი;
გადაწყვეტილება N 68

 

05 სექტემბერი 2016 წელი

საქმეზე მედიის განვითარების ფონდი (MDF), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) გიორგი გაჩეჩილაძის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი

საბჭოს წევრები: თაზო კუპრეიშვილი, გიორგი მგელაძე, ჯაბა ანანიძე, ირინა ყურუა, ირაკლი აბსანძე

განმცხადებელი: მედიის განვითარების ფონდი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

არაწევრი ჟურნალისტი: გიორგი გაჩეჩილაძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართეს მედიის განვითარების ფონდმა, საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა. განმცხადებლები მიიჩნევდნენ, რომ ვებ გვერდზე http://www.gurianews.com/ ზე, გიორგი გაჩეჩილაძის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიით „თურქული კულტურის ექსპანსია გრძელდება“, დაირღვა ქარტიის მე_7 პრინციპი.

საქმის განხილვის დროს გამოცხადდნენ განმცხადებლების წარმომადგენლები გიორგი მშვენიერაძე, ეკა ჭითანავა და თამარ კინწურაშვილი. ქარტიის საბჭოს ჟურნალისტის სახელით შეპასუხება წარმოუდგინა ქალბატონმა ია მამალაძემ.

სამოტივაციო ნაწილი:

ქარტიის პირველი მე_7 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“

შეპასუხების თანახმად, მასალა იყო ყვითელი ხასიათის და გამოქვეყნდა სპეციალურ რუბრიკაში „ზაფრანი“, „ეს რუბრიკა სწორედ ფერზე [ზაფრანისფერი ყვითელი] და სიტყვებით თამაშზეა გათვლილი – ზაფრანი [ანუ რისი ცრუ შიში, ზაფრა აქვს საზოგადოებას]“. ქარტიის საბჭო განმარტავს რომ აღნიშნული რუბრიკა შეიცავს არა მარტო შეპასუხებაში მითითებული ხასიათის მასალებს, არამედ სხვა სახის სტატიებსაც, რომლებიც არ არის „ცრუ შიშის თუ ზაფრის გამომწვევი“. საბჭო ასევე განმარტავს, რომ ეთიკური მედიის პრინციპებიდან გამომდინარე, დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე აცილებული უნდა იქნას ყველა სახის ჟურნალისტურ პროდუქტში, გასართობი იქნება ეს თუ შედარებით მეტად ინფორმაციული.

აღსანიშნავია, რომ დღეს დღეობით საზოგადოებაში თურქოფობია ერთ ერთი მთავარი გამოწვევაა, აღნიშნული ნიშნით დისკრიმინაციის ფორმა კი ერთ – ერთი ყველაზე გავრცელებული დისკრიმინაციის სახეა, ამას ადასტურებს სახალხო დამცველის ანგარიშიც. ამ ფონზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჟურნალისტების ვალდებულებას, რომ მათ მიერ არ მოხდეს თურქოფობიის წახალისება.

საბჭო მიიჩნევს, რომ სტატია თავისი არსით ნაკლებად ეთმობა თურქული სერიალის ხარისხის და მხატვრული ღირებულების კრიტიკას და პრობლემად მიიჩნევს მხოლოდ მის წარმოშობას. ციტატა სტატიიდან: „ჩემი პირადი აზრი გახლავთ: რაც საუკუნეების განმავლობაში ოსმალებმა ცეცხლითა და მახვილით ვერ მოახერხეს, “უწყინარი” თურქული სერიალები მოკლე დროში შეძლებენ და უკვე შეძლეს – ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თურქული კულტურული ტყვეობის მსხვერპლი გახდა და ეს ტენდენცია უფრო და უფრო საშიშ სახეს ღებულობს“. დადასტურებული ფაქტია, რომ ისტორიის გარკვეულ მონაკვეთში საქართველოსა და თურქეთს შორის არსებობდა სამხედრო დაპირისპირებები ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებით და ამ ფაქტის ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე გაიგივება სერიალთან ქმნის არასწორ ასოციაციებს და ხელს უწყობს საერთო თურქოფობიური ფონის გამძაფრებას.

შემდეგი ციტატა: „ჩემი პირადი აზრია, რომ თურქული სერიალები ჩვენი მოსახლეობის სულიერ დეგრადაციას  და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ამ ქვეყნის ტრადიციების დამკვიდრებას ემსახურება… ოსმალოთა კულტურული ემანსიპასია მოქმედებას განაგრძობს და ქართველთა უსისხლო და უმტკივნეულო “გათურქებაში” დიდი წვლილი შეაქვს.“ თურქული წარმოების სერიალები მოხსენიებულია, როგორც სულიერი დეგრადაციის გამომწვევი, სიტყვა „გათურქებას“ ჟურნალისტი იხსენიებს ნეგატიურ კონტექსტში.

ზემოაღნიშნული ფრაზები ხელს უწყობენ თურქოფობიის გაღრმავებას და ჟურნალისტი არა თუ ყველას ღონეს მიმართავს დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად, არამედ თავად ახდენს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭომ მიიჩნია:

  1. გიორგი გაჩეჩილაძემ დაარღვა ქარტიის მე_7 პრინციპი.

შენიშვნა: საბჭოს მიერ სარეზოლუციოს ნაწილის გამოქვეყნების შემდეგ ვებ გვერდმა http://www.gurianews.com მოხსნა სადავო მასალა. საბჭო მიესალმება ამ გადაწყვეტილებას და აღნიშნავს რომ მსგავსი ქმედება წარმოადგენს ეთიკური ჟურნალისტიკის პატივისცემას და ძალისხმევას, რომ დაცული იყოს ქარტიის მე_7 პრინციპის მოთხოვნები, ხაზს უსვამს მედიის პასუხისმგებლობას.