გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – "თი-ვი-ემ-არ საქართველო" სოფო ბერიძის და ნინო ჟიჟილაშვილის წინააღმდეგ
23.06.2015

განმცხადებელი : TVMR საქართველო;
მოპასუხე : სოფო ბერიძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
გადაწყვეტილება N 41
18 ნოემბერი 2014 წელი

საქმეზე - შპს თი-ვი ემ-არ საქართველო ოფო ბერიძის და ნინო ჟიჟილაშვილის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნათია კუპრაშვილი
საბჭოს წევრები: ნინო ზურიაშვილი, ირაკლი აბსანძე, გიორგი მგელაძე, ირინა ყურუა, ნინო ნარიმანიშვილი

განმცხადებელი
: შპს თი-ვი ემ-არ საქართველო
არაწევრი ჟურნალისტები:   სოფო ბერიძე და ნინო ჟიჟილაშვილი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა განმცხადებელმა, შპს თი-ვი ემ-არ საქართველომ, რომელიც მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტებმა სოფო ბერიძემ და ნინო ჟიჟილაშვილმა დაარღვიეს ქარტიის პირველი, მე_3, მე_5 და მე_11 პრინციპები. განცხადების თანახმად ქარტიის პრინციპები დაირღვა ტელეკომპანია მაესტროს ეთერში 2014 წლის 12 და 18 ნოემბერს გასულ სიუჟეტებში. შპს თი-ვი ემ-არ საქართველო ახორცილებს ტელევიზიათა რეიტინგების გაზომვას, სწორედ აღნიშნულ საქმიანობას ეხებოდა სადავო სიუჟეტები. განმცხადებლის აზრით რიგ შემთხვევაში ჟურნალისტების მიერ მოხდა გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რაც იწვევდა ქარტიის პრინციპების დარღვევას. სხდომაზე გამოცხადდა განმცხადებლის წარმომადგენელი ნინო გოგოლაძე, ხოლო მოპასუხე სოფო ბერიძემ საბჭოს უპასუხა დისტანციური საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.

სამოტივაციო ნაწილი:

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია". საბჭო გაეცნო განცხადებას, სადავო სიუჟეტებს და მიიჩნევს, რომ რიგ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებას. სადავო გადაცემის ერთ ნაწილში ჟურნალისტი აცხადებს და პრეტენზიას გამოთქვამს შპს "თი-ვი ემ-არ საქართველოს" მიმართ შემდეგ არგუმენტაციაზე დაყრდნობით: "რატომ აქვს ერთსა და იმავე პოპულარულ სერიალს განმეორებისას თანაც ღამის ოთხ საათზე უფრო მაღალი რეიტინგი, ვიდრე პრაიმ-ტაიმში გასვლისას ? ასევე მაესტროს ცხრიანს 11 ნოემბერს დილის 06:37 ზე მაყურებლის 26%_მა უყურა, ხოლო ორიგინალურ დროს მხოლოდ 7%_მა".

განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ახსნა განმარტების თანახმად გამოიკვეთა, რომ ჟურნალისტს სრულყოფილად არ ჰქონდა შესწავლილი, თუ რა პრინციპით იზომება რეიტინგები და რატომ არის ერთი შეხედვით არალოგიკური პროცენტული მაჩვენებლები. შპს "თი-ვი ემ-არ საქართველო" ზომავს ორ პარამეტრს: AMR და SHR. თავის მხრივ AMR განსაზღვრავს რეიტინგს - სრული აუდიტორის [რომელიც ცხოვრობს საკვლევ არეალში] იმ მაყურებელთა საშუალო რაოდენობასთან შეფარდება, ვინც დროის მოცემულ მონაკვეთში უყურებდა მოცემულ არხს [გადაცემას]. ხოლო SHR განსაზღვრავს აუდიტორიის წილს - ვისაც ტელევიზორი ჰქონდა ჩართული იმ მოცემულ მომენტში მათ შეფარდებას ვინც უყურებდა მოცემულ არხს [გადაცემას].

სიუჟეტში ნახსენებ მაესტროს ცხრიანთან დაკავშირებით AMR და SHR მონაცემები იყო შემდეგი:
დრო AMR SHR
06:37:15 0.53 % 26.06 %
20:58:53 2.59 % 6.62 %


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან ცალსახაა, რომ ჟურნალისტმა გაავრცელა არასწორი ინფორმაცია და აუდიტორიის წილის [SHR] შესახებ მონაცემები შეაფასა როგორც რეიტინგი [AMR]. ანუ ჟურნალისტის მიერ მოყვანილი ციფრები: 26 % და 7 % ასახავდა აუდიტორიის წილს და არა რეიტინგს. რეალურად 11 ნოემბრის მაესტროს ცხრიანს რეიტინგი 06:37 სთ_ზე ჰქონდა 0.53 %, ხოლო ორიგინალ დროს 2.59 %. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი განმარტებით ნათელია, გამთენიისას გადაცემის SHR ის პროცენტული რაოდენობის მეტობა ორიგინალურ დროსთან მიმართებით ლოგიკურია, რადგან როგორც უკვე აღინიშნა SHR ზომავს აუდიტორიის წილს - ვისაც ტელევიზორი ჰქონდა ჩართული იმ მოცემულ მომენტში მათ შეფარდებას ვინც უყურებდა მოცემულ არხს [გადაცემას], ანუ გამთენიისას ცოტაა აქტიური აუდიტორია და შესაბამისად გადანაწილება [ანუ წილი] არხებს შორის უფრო  დიდი მონაცემია. საბჭოს ასევე მიეწოდა ინფორმაცია, რომ სიუჟეტის მომზადებამდე ჟურნალისტი კომენტარისათვის დაუკავშირდა შპს "თი-ვი ემ-არ საქართველოს" წარმომადგენელს.

საბჭო დაინტერესდა, ჰკითხა თუ არა ჟურნალისტმა იმ "შეუსაბამოების" შესახებ რესპოდენტს, რომელსაც ჟურნალისტის აზრით ადგილი ჰქონდა რეიტინგების პროცენტული ოდენობების ნაწილში. საბჭოს ვერ წარედგინა მტკიცებულება, რომ მსგავსი კითხვა ნამდვილად დასმული იყო რესპოდენტისათვის, რომც დავუშვათ რომ ასეთი კითხვით მიმართა ჟურნალისტმა და რესპოდენტისაგან ვერ მიიღო ნათელი და ამომწურავი პასუხი, ასეთი პასუხი უნდა ყოფილიყო ასახული სიუჟეტში, რათა სახეზე იყოს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მანა ყველა ღონე იხმარა, რომ გაევრცელებინა სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დგინდება, რომ სახეზე გვაქვს არასწორი ინფორმაციის გავრცელება და შესაბამისად პირველი პრინციპის დარღვევა. ერთ - ერთ ეპიზოდში ჟურნალისტი ასევე აღნიშნავს, რომ: "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მედია და კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელი [იგულისხმება უჩა სეთური] თი-ვი ემ-არისადმი უნდობლობის ერთ-ერთ მიზეზად იმ ფაქტს ასახელებს, რომ ტელევიზიებისათვის უცნობია თუ რომელ ოჯახებშია განთავსებული ფიფლმეტრები [იგულისხმება მონაცემების გამზომი ტექნიკური საშუალებები]. საბჭომ მაესტროსგან გამოითხოვა უჩა სეთურთან ჩაწერილი ინტერვიუს სრული ვერსია, რომლის გაცნობის შემდეგ არ დგინდება, რომ უჩა სეთური პრობლემად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ტელევიზიებისათვის უცნობია თუ რომელ ოჯახებშია განთავსებული ფიფლმეტრები, არამედ, იგი გარკვევით ამბობს, რომ პანელი ყველასთვის უნდა იყოს დახურული, რაც ეწინააღმდეგება ჟურნალისტის მიერ რეპორტაჟში გაჟღერებულ ტექსტს, შემდეგ, ინტერვიუში უჩა აგრძელებს, რომ დამკვეთებს უნდა ჰქონდეთ პანელში ჩართული ოჯახების პერიოდული გადამოწმების საშუალება, რაც აღიარებული პრაქტიკაა და სრულიად არ გულისხმობს ყველა ოჯახის მისამართის ცოდნას, არამედ იგულისხმება პანელის გადამოწმების აპრობირებული მეთოდი, წელიწადში 5% შემოწმება და გამოცვლა.

ქარტიის მესამე პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია". განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ სახეზე იყო მნიშვნელოვანი ფაქტების მიჩქმალვა, მაგალითად განსხვავებები AMR სა და SHR_ ს შორის და ა.შ. განმცხადებელმა ვერ დაადასტურა რომ კონკრეტულ, სიუჟეტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა ჟურნალისტი და მიჩქმალა ის.

ქარტიის მე_5 პრინციპის თანახმად:  "მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება". განმცხადებლმა საბჭოს წარმოუდგინა ელექტრონული ფოსტით ჟურნალისტებისათვის გაგზავნილი წერილი, სადაც განმცხადებელი უთითებს იმ უზუსტობების შესახებ, რომელსაც შეიცავდა სიუჟეტი. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მიუხედავად აღნიშნული შეტყობინებისა, შემდგომ სიუჟეტში არ გაასწორეს არასწორი ფაქტი. განმცხადებლის პოზიციის მიუხედავად, ვერ დადასტურდა, რომ აღნიშნულ წერილს ნამდვილად გაეცნენ ადრესატები, შესაბამისად ვერ დგინდება ქარტიის მე_5 პრინციპის დარღვევა.

ქარტიის მე_11 პრინციპის პირველი ნაწილის თანახმად: "ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება". ქარტიის მე_11 პრინციპის პირველი ნაწილი დარღვეულად ჩაითვლება, რომ არასწორი ინფორმაცია გამიზნულად გავრცელდა, რომ ჟურნალისტისათვის ცნობილი იყო სწორი ინფორმაცია, მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა განზრახ ხდება არასწორი ფაქტების გავრცელება. კონკრეტული განცხადების შემთხვევაში არ გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ სახეზე იყო ჟურნალისტების განზრახვა, რომ გაევრცელებინათ არასწორი ინფორმაცია. სარეზოლუციო ნაწილი: ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ:
  1. სოფო ბერიძის და ნინო ჟიჟილაშვილის მიერ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.
  2. სოფო ბერიძის და ნინო ჟიჟილაშვილის მიერ არ დარღვეულა ქარტიის მე_3, მე_5 და მე_11 პრინციპი.