გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – შპს "ჯორჯიან მანგანეზი" დარეჯან მეფარიშვილის წინააღმდეგ
05.06.2015

განმცხადებელი : ჯორჯიან მანგანეზი;
მოპასუხე : დარეჯან მეფარიშვილი;
პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი;
გადაწყვეტილება N 49

23 მარტი 2015 წელი

საქმეზე - შპს "ჯორჯიან მანგანეზი" დარეჯან მეფარიშვილის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი

საბჭოს წევრები: ირაკლი აბსანძე, ირინა ყურუა, გიორგი მგელაძე, ნინო ნარიმანიშვილი, თაზო კუპრეიშვილი

განმცხადებელი: შპს "ჯორჯიან მანგანეზი"

არაწევრი ჟურნალისტი:   დარეჯან მეფარიშვილი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა შპს "ჯორჯიან მანგანეზმა", რომელიც მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტმა დარეჯან მეფარიშვილმა, დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 1-ლი, მე-3, მე-5 და მე-10 პრინციპი. განცხადების თანახმად ქარტიის პრინციპები დაირღვა ვებგვერდზე mtavari.info 2015 წლის 10 და 12 თებერვალს გამოქვეყნებული სტატიებით: "ჯორჯიან მანგანეზში ფინანსური პოლიცია შევიდა" და "დედი რა უნდა ზაქარას?" - ანუ რა სხვაობაა ფინანსურსა და საგადასახადო შემოწმებას შორის".

საქმის განხილვაზე გამოცხადდა განმცხადებლის წარმომადგენელი ზაქარია ზალიკაშვილი, მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი:

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია". განმცხადებლის პოზიცია 1-ლი პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით ეყრდნობოდა არგუმენტაციას, რომ 2015 წლის 10 თებერვალს გამოქვეყნებული სტატია: "ჯორჯიან მანგანეზში ფინანსური პოლიცია შევიდა" შეიცავდა არაზუსტ ინფორმაციას, კერძოდ სტატიაში აღნიშნული ინფორმაცია ჯორჯიან მანგანაზში ფინანსური პოლიციის შესვლის შესახებ არ შეესაბამებოდა სიმართლეს. თავდაპირველად საბჭო განმარტავს, რომ "ფინანსური პოლიცია", როგორც სტრუქტურული ერთეული, მოქმედი კანონმდებლობით აღარ არსებობს და იმ ფუნქციებს რომელსაც არსებობის დროს ფინანსური პოლიცია ასრულებდა, დღეს დღეობით ასრულებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

როგორც ფინანსური პოლიციის, ისე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ფუნქციებს წარმოადგენდა/წარმოადგენს: "საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მისი ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ საქმეთა გამოძიება". ვინაიდან სტატიაში მითითებულია, რომ ჯორჯიან მანგანეზში ფინანასური პოლიცია [ანუ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური] შევიდა, აღნიშნული ორგანოს ფუნქციების გათვალისწინებით, მკითხველს გაუჩნდებოდა შთაბეჭდილება, რომ ორგანიზაციაში აღმოჩენილია ისეთი დარღვევები რომლებიც იწვევენ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. თავად ჯორჯიან მანგანაზის მიერ წარმოდგენილი ცნობით ირკვევა, რომ ორგანიზაციაში ადგილი ჰქონდა გასვლით საგადასახადო შემოწმებას.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ სტატიაში მითითებული ინფორმაცია "ჯორჯიან მანგანაზში "ფინანსური პოლიცია შევიდა" არ შეესაბამებოდა სიმართლეს და დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი. სტატიაში ასევე არ ჩანდა ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია. განმცხადებლის მითითებით, მას ჟურნალისტი არ დაკავშირებია, რათა გადაემოწმებინა სტატიაში მითითებული ფაქტები, აღნიშნული მცდელობის შესახებ ინფორმაციას არც თავად სტატია შეიცავს. ანუ ჟურნალისტმა ისე გამოაქვეყნა არასწორი ინფორმაცია, რომ არც სცადა მისი გადამოწმება.

ქარტიის მე-3 პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია". განმცხადებელმა მე-3 პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით იმ გარემოებებზე მიუთითა, რომლის საფუძველზეც დადგინდა ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა. ასევე განმცხადებელმა ვერ დაადასტურა, რომ ჟურნალისტმა იცოდა რაიმე დამატებითი ინფორმაცია და განზრახ დამალა იგი.

ქარტიის მე-5 პრინციპი: "მედია ვალდებულია შეასწოროს არსებითად არასწორი ინფორმაცია,რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება" შპს "ჯორჯიან მანგანეზი" სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, დაუკავშირდა ქალბატონ დარეჯან მეფარიშვილს [რაც დასტურდება მტკიცებულების სახით წარმოდგენილი ელექტრონული წერილით] და სთხოვა არსებითად არაზუსტი ინფორმაციის შესწორება, რომლის საფუძველზეც, სტატიის "დედი რა უნდა ზაქარას?"-ანუ რა სხვაობაა ფინანსურსა და საგადასახადო შემოწმებას შორის" ბოლოში გამოქვეყნდა შპს "ჯორჯიან მანგანეზის" აღნიშნული მიმართვა. ქარტიის მე-5 პრინციპი განმარტებულია იმგვარად, რომ "ჟურნალისტები და რედაქტორები პასუხისმგებლობას იღებენ, რომ პატიოსნად განაცხადონ არაზუსტი ინფორმაციის გამოქვეყნების შესახებ და შეასწორონ ის." 2015 წლის 12 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში არ ყოფილა ნახსენები, რომ წინა სტატიაში არაზუსტი ინფორმაცია გავრცელდა, ასევე თავდაპირველი, არაზუსტი ინფორმაციის შემცველი სტატია, "შპს "ჯორჯიან მანგანეზში" ფინანსური პოლიცია შევიდა" კვლავ იძებნება იგივე სახით. საბჭოს განმარტებით, იმისათვის რომ შეცდომა გასწორებულად ჩაითვალოს საჭიროა, რომ არაზუსტი ინფორმაციის შემცველი სტატია, რომელიც იძლევა ამის ტექნიკურ საშუალებას, უნდა გასწორდეს და ჟურნალისტმა უნდა მიუთითოს შეცდომის და შემდგომ მისი გასწორების შესახებ.

განმცხადებელი ასევე მიიჩნევდა, რომ დაირღვა ქარტიის მე-10 პრინციპი, რომლის თანახმად: "ჟურნალისტმა პატივის უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი." განმცხადებელი თვლიდა, რომ მათი თანამშრომლის ტელეფონის ნომრის სტატიაში გამოქვეყნებით დაირღვა პირის პირადი ცხოვრება. მოცემულთან დაკავშირებით საბჭო აღნიშნავს, რომ თანამშრომელი, რომლის ტელეფონის ნომერიც განთავსდა mtavari.info-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში არის საზოგადოესთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი და მისი ნომერი ზოგადად ხელმისაწვდომია საჯაროდ. ამიტომ საბჭო მიიჩნევს, რომ ტელეფონის ნომრის გამოქვეყნებით არ მომხდარა იქამდე გაუსაჯაროებელი ინფორმაციის გამჟღავნება.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ გადაწყვიტა:
  1. დარეჯან მეფარიშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი და მეხუთე პრინციპი.
  2. დარეჯან მეფარიშვილს არ დაურღვევია ქარტიის მესამე და მეათე პრინციპი.