გადაწყვეტილებების ძიება
გადაწყვეტილება საქმეზე – ჟურნალი "ლიბერალი- შორენა გაბუნიას წინააღმდეგ
05.06.2015

პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი;
გადაწყვეტილება N 51 19 აპრილი 2015 წელი საქმეზე - ჟურნალი "ლიბერალი" შორენა გაბუნიას წინააღმდეგ საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი საბჭოს წევრები: მაია მეცხვარიშვილი, თაზო კუპრეიშვილი, გიორგი მგელაძე, ჯაბა ანანიძე, ნინო ნარიმანიშვილი. განმცხადებელი: ჟურნალი ლიბერალი ჟურნალისტი:   შორენა გაბუნია აღწერილობითი ნაწილი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ჟურნალმა "ლიბერალმა", ჟურნალისტების, თამარ სხულუხიასა და მარიამ ქაჯაიას წინააღმდეგ. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტების მიერ დაირღვა ქარტიის პირველი და მეხუთე პრინციპი. განცხადების თანახმად, ქარტიის პრინციპები დაირღვა ონლაინ გამოცემა 17maisi.org ზე განთავსებულ ვიდეო სიუჟეტში. მხარეებთან შემდგომი კონსულტაციების შედეგად, მოპასუხედ განისაზღვრა 17maisi.org _ის რედაქტორი შორენა გაბუნია, რომელმაც განაცხადა რომ მას ეკისრებოდა სარედაქციო პასუხისმგებლობა სადავო სიუჟეტთან დაკავშირებით. 2015 წლის 18 იანვარს "ლიბერალმა" საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსის" ციტირებით, ვებგვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სომხეთი იუნესკოს საქართველოში არსებული 450 ეკლესიის სომხურად აღიარებას სთხოვდა, აღნიშნული ინფორმაცია ასევე გაავრცელეს სხვა მედია საშუალებებმაც. როგორც შემდგომში აღმოჩნდა და დადასტურდა, აღნიშნული ინფორმაცია არასწორ ფაქტს წარმოადგენდა. საინფორმაციო საშუალებების მიერ არასწორი ფაქტის მასობრივად და გადაუმოწმებლად გავრცელებაზე მომზადდა სწორედ სადავო სიუჟეტი, სადაც მითითებული იყო, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს და ასევე ჩამოთვლილი იყო ის საინფორმაციო საშუალებები, რომლებმაც გაავრცელეს არაზუსტი ინფორმაცია. სიუჟეტი შეიცავდა წამყვანის ტექსტს, სადაც ის აღნიშნავდა, რომ: "ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს კონკრეტული რელიგიური და ეთნიკური ჯგუფის მიმართ სიძულვილის მიზანმიმართულ წახალისებაში. მით უმეტეს ეს გასაკვირია იმ ქართული მედია საშუალებებისგან, რომელთაც ჟურნალისტური ეთიკის უმაღლესი სტანდარტების დაცვა თავიანთი საქმიანობის პრიორიტეტად მიაჩნიათ". სხდომაზე გამოცხადნენ განმცხადებლის წარმომადგენელი ზურაბ ვარდიაშვილი და მოპასუხე ჟურნალისტი შორენა გაბუნია, რომლებიც დამატებით გამოიკითხნენ საბჭოს წევრების მიერ. სამოტივაციო ნაწილი: ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია". სადავო სიუჟეტი, მას შემდეგ რაც ჩამოთვლილია, ყველა ის საინფორმაციო საშუალება, რომელმაც გაავრცელა არაზუსტი ინფორმაცია, 02:08 წუთზე შეიცავს ჟურნალისტის ფრაზას: "ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს კონკრეტული რელიგიური და ეთნიკური ჯგუფის მიმართ სიძულვილის მიზანმიმართულ წახალისებაში, მით უმეტეს ეს გასაკვირია იმ ქართული მედიასაშუალებებისგან, რომელთაც ჟურნალისტური ეთიკის უმაღლესი სტანდარტების დაცვა თავიანთი საქმიანობის პრიორიტეტად მიაჩნიათ" აღნიშნული ფრაზით, ჟურნალისტი, მტკიცებით ფორმაში აუწყებს საზოგადოებას, რომ არასწორი ინფორმაცია, რომელიც იწვევდა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფის მიმართ სიძულვილის წახალისებას, ყველა ჩამოთვლილმა საინფორმაციო საშუალებამ [მათ შორის ჟურნალმა "ლიბერალმა"] გაავრცელა მიზანმიმართულად, შუღლის გამოწვევის მიზნით. ამასთან, სიუჟეტი არ შეიცვას იმ გარემოებებზე მითითებას, რომელიც საფუძველს აძლევდა ჟურნალისტს მტკიცებით ფორმაში განეცხადებინა "მიზანმიმართულების" შესახებ. საქმის ზეპირი განხილვის დროს საბჭომ კითხვა დაუსვა მოპასუხე ჟურნალისტს, ჰქონდა თუ არა რამე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ შუღლის გაღვივება წარმოადგენდა ჟურნალ ლიბერალის მიზანს, რაზეც მოპასუხემ განაცხადა, რომ მტკიცებულება არ არსებობდა და არც თავად ფიქრობს რომ ჟურნალ ლიბერალს მსგავსი მიზანი ჰქონდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო თვლის, რომ ფრაზით "ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს კონკრეტული რელიგიური და ეთნიკური ჯგუფის მიმართ სიძულვილის მიზანმიმართულ წახალისებაში". დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი, ვინაიდან ვერ დადასტურდა განზრახულობის [მიზანმიმართულების] ფაქტი. ქარტიის მე_5 პრინციპის თანახმად: "მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება". განმცხადებლის მიერ საბჭოსათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, განმცხადებლის წარმომადგენელი დაუკავშირდა 17maisi.org _ის რედაქტორს შორენა გაბუნიას და სთხოვა გაესწორებინა არასწორი ინფორმაცია და "სიძულვილის მიზანმიმართული წახალისება" აღარ ყოფილიყო ასოცირებული ჟურნალ ლიბერალთან. მოპასუხემ განაცხადა, რომ მათ დააკმაყოფილეს ჟურნალ ლიბერალის მოთხოვნა და დასტურად წარმოადგინეს ვებ გვერდ 17maisi.org ზე გამოქვეყნებული მასალა სათაურით: "ლიბერალი" დაშვებულ შეცდომას ასწორებს". საბჭო გაეცნო წარმოდგენილ ჟურნალისტურ პროდუქტს და საქმის განხილვის დღისათვის აღნიშნულ მასალაში არ იყო მითითება იმის შესახებ, რომ ფრაზა "ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს კონკრეტული რელიგიური და ეთნიკური ჯგუფის მიმართ სიძულვილის მიზანმიმართულ წახალისებაში" არ ვრცელდებოდა ჟურნალ ლიბერალზე. არამედ საუბარი იყო, რომ ჟურნალმა ლიბერალმა გაასწორა დაშვებული შეცდომა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან საბჭო მიიჩნევს, მოპასუხე ჟურნალისტის მიერ ჩასწორება არ განხორციელებულა და შესაბამისად დაირღვა ქარტიის მე_5 პრინციპი. სარეზოლუციო ნაწილი: ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ გადაწყვიტა:
  1. შორენა გაბუნიამ დაარღვია ქარტიის პირველი და მე_5 პრინციპი.