გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – ააიპ "თავისუფალი თაობა" ნინო ჯანგირაშვილის წინააღმდეგ
05.06.2015
გადაწყვეტილება N 47 23 მარტი 2015 წელი საქმეზე - გადაწყვეტილება N 47 23 მარტი 2015 წელი საქმეზე - ააიპ "თავისუფალი თაობა" ნინო ჯანგირაშვილის წინააღმდეგ საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი საბჭოს წევრები: ირინა ყურუა, ირაკლი აბსანძე, გიორგი მგელაძე, თაზო კუპრეიშვილი, ნინო ნარიმანიშვილი განმცხადებელი: ააიპ "თავისუფალი თაობა" წევრი ჟურნალისტი:   ნინო ჯანგირაშვილი აღწერილობითი ნაწილი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებებით მომართა ააიპ "თავისუფალმა თაობამ". განცხადების თანახმად ქარტიის 1-ლი, მე-3 და მე-7 პრინციპები დაირღვა 2015 წლის 5 თებერვალს გადაცემა "ბარიერის" [ტელეკომპანია "კავკასია"] პირდაპირ ეთერში, რომლის წამყვანსაც წარმოადგენდა ნინო ჯანგირაშვილი, ხოლო ერთ - ერთ სტუმრად მიწვეული იყო ააიპ "თავისუფალი თაობის" წევრი ნინო ბუჩუკური. საქმის განხილვაზე გამოცხადდა განმცხადებლის წარმომადგენელი ნინო ბუჩუკური, მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება არ წარმოუდგენია. სამოტივაციო ნაწილი:
  1. ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია". საბჭომ შეისწავლა განცხადება, მოუსმინა განმცხადებლის წარმომადგენელს და მიიჩნია, რომ განმცხადებლის ძირითადი პრეტენზიები ეხებოდა ნინო ბუჩუკურის მიმართ წამყვანის დამოკიდებულებას, რაც პირველი პრინციპის რეგულირების სფეროს არ წარმოადგენს. განცხადებაში ასევე იყო მითითებული რომ რესპოდენტ ნინო ბუჩუკურს საშუალება არ ჰქონდა სრულად გამოეთქვა თავის პოზიცია ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. საბჭო დაინტერესდა ხომ არ იყო ნინო ბუჩუკური შეზღუდული დროში გადაცემის სხვა სტუმრებთან შედარებით. თვით გადაცემაში ცალსახად ჩანდა რომ მსგავს შეზღუდვას ადგილი არ ჰქონია, აღნიშნული გარემოება სხდომის დროს დაადასტურა ნინო ბუჩუკურმაც. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე არ დგინდება რომ ჟურნალისტმა გადასცა არასწორი ინფორმაცია ან/და ხელი შეუშალა სწორი ინფორმაციის გავრცელებას. ნინო ბუჩუკურს საშუალება ჰქონდა სხვა სტუმრების მსგავსად გამოეხატა საკუთარი პოზიცია და გაეცა დასმულ კითხვებზე პასუხი.
ქარტიის მე_3 პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია". განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ნინო ჯანგირაშვილმა გააყალბა რესპოდენტის [ნინო ბუჩუკური] საუბარი და აქტიურად მიუთითებდა, რომ თითქოს იგი [ნინო ბუჩუკური] რაიმე პრეტენზიას გამოხატავდა არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42 მუხლის" მიმართ. საბჭომ მიიჩნია, რომ წამყვანის მიერ "კონსტიტუციის 42" მუხლი ნახსენები იყო კონტექსტში, როგორც ერთ ერთი ორგანიზაცია, რომლის მიმართაც ააიპ "თავისუფალ თაობას" შეიძლება ჰქონოდა ან ჰქონდა გარკვეული პრეტენზიები. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს "უფლება დამცველთა გაერთიანების" 2014 წლის 30 ოქტომბრის განცხადება რომელსაც შეუერთდა ააიპ "თავისუფალი თაობა" და რომელიც შეიცავდა კრიტიკულ დამოკიდებულებას "კონსტიტუციის 42_ე" მუხლის მიმართ. ქარტიის მე_7 პრინციპის მიხედვით: "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით". განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ წამყვანის მიერ გადაცემის მსვლელობისას რამდენჯერმე მოხდა ნინო ბუჩუკურის ასაკზე და გამოცდილებაზე ხაზგასმა, რაც მისი აზრით დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებდა. საბჭომ გადაცემის შესწავლის შემდეგ მიიჩნია, რომ ასაკის ან/და გამოცდილების გამო ნინო ბუჩუკისათვის არ შექმნილა არათანაბარი პირობები გადაცემის სხვა სტუმრებთან შედარებით, ნინო ბუჩუკური იგივე უფლებებით სარგებლობდა მთელი გადაცემის განმავლობაში, როგორითაც სხვა რესპონდენტები, შესაბამისად ასაკის ნიშნით არ მომხდარა მისი დისკრიმინაცია [არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება] ან სტიგმატიზირება. მიუხედავად იმისა, რომ არ დგინდება ქარტიის მე_7 პრინციპის დარღვევა, საბჭო არ მიესალმება გადაცემის წამყვანის აგრესიულ დამოკიდებულებას რესპონდენტის მიმართ, რასაც ადგილი ჰქონდა სადავო გადაცემაში. ჟურნალისტი ასევე უნდა მოერიდოს იმ გარემოებებზე ხაზგასმას, რომელიც არ ეხება უშუალოდ გადაცემის თემას და ცალსახაა რომ შეურაცხმყოფელია რესპონდენტისათვის, მაგალითად ნინო ბუჩუკურის ასაკზე და გამოცდილებაზე აპელირება აგრესიული ტონით არ შეესაბამებოდა ჟურნალისტსა და რესპონდენტს შორის ურთიერთობის საუკეთესო პრაქტიკას. სარეზოლუციო ნაწილი: ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭომ გადაწყვიტა:
  1. ნინო ჯანგირაშვილს არ დაურღვევია ქარტიის პირველი, მე_3 და მე_7 პრინციპი.