გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ტარიელ ნაკაიძე ნათია ვასაძისა და თამარ როსტიაშვილის წინააღმდეგ
14.03.2015

განმცხადებელი : ტარიელ ნაკაიძე;
მოპასუხე : ნათია ვასაძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი; 7 პრინციპი;
გადაწყვეტილება N __
__ 2014 წელი

საქმეზე - ტარიელ ნაკაიძე ნათია ვასაძის და თამარ როსტიაშვილის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნათია კუპრაშვილი
საბჭოს წევრები: დავით მჭედლიძე, ნათია როყუა, ირაკლი აბსანძე, ირინა ყურუა, გიორგი მგელაძე, ნინო ზურიაშვილი

განმცხადებელი: ტარიელ ნაკაიძე
არაწევრი ჟურნალისტები: ნათია ვასაძე და თამარ როსტიაშვილი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ტარიელ ნაკაიძის წარმომადგენელმა ააიპ "მედიის განვითარების ფონდმა", რომელიც მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტმა ნათია ვასაძემ დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე_5, მე_7 და მე_11 პრინციპი. განცხადების თანახმად, ქარტიის პრინციპები დაირღვა ინტერნეტპორტალ "Mediacity.ge" _ზე 2014 წლის 02 აგვისტოს გამოქვეყნებული ინტერვიუთი "ნუ გვეთამაშები ღარიბაშვილო, ქართველ მუსლიმებს ! მე გამიფრთხილებიხართ ...." განმცხადებლის პოზიციით ინტერვიუში მისი პასუხები არასწორად იყო მოყვანილი, შეცვლილი იყო პასუხების კონტექსტი, რაც იწვევდა ქარტიის პრინციპების დარღვევას. განცხადების მოპასუხისათვის გადაგზავნის შემდეგ, სადავო ინტერვიუზე პასუხისმგებლობა ასევე აიღო ინტერნეტპორტალ "Mediacity.ge"_ის რედაქტორმა, თამარ როსტიაშვილმა, რომელიც (თავისივე განცხადებით) ასევე მონაწილეობდა ინტერვიუს რედაქტირებასა და გამოქვეყნებაში. საქმის განხილვაზე გამოცხადნენ განმცხადებელი ტარიელ ნაკაიძე, ააიპ "მედიის განვითარების ფონდის" წარმომადგენელი თამარ კინწურაშვილი და ასევე მოპასუხე ჟურნალისტები. მხარეები დამატებით გამოიკითხნენ საბჭოს წევრების მიერ სხდომის მიმდინარეობის პროცესში. სხდომაზე დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
  1. ტარიელ ნაკაიძესთან ინტერვიუ ჩაწერილი იყო ტელეფონით ნათია ვასაძის მიერ. აღნიშული ჩანაწერი მოპასუხე მხარემ სხდომაზე ვერ წარმოადგინა, რადგან მათივე განცხადებით ტექნიკური მიზეზის გამო ჩანაწერი წაიშალა. მოპასუხე ჟურნალისტის მიერ საბჭოს წარედგინა ჩანაწერის გაშიფვრა წერილობითი სახით.
  2. განმცხადებელი ტარიელ ნაკაიძე სხდომაზე გაეცნო ჩანაწერის გაშიფვრას და დაადასტურა, რომ იგი შეესაბამებოდა იმ პასუხებს, რომლებიც რეალურად გასცა ნათია ვასაძეს ინტერვიუს პროცესში.
  3. ტარიელ ნაკაიძის განმარტებით, მისი პოზიციის ძირითადი აქცენტი იყო, რომ ქართველი მუსლიმებისათვის მიუღებელია ე.წ. "ნაცვალგების პრინციპი". კერძოდ ის, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში აშენდება საქართველოში მუსლიმთა სამლოცველო, თუ თურქეთის მხარე დათანხმდება ქართული ძეგლების რეაბილიტაციას. მისი აზრით, საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და საკუთარ მუსლიმ მოქალაქეებზე ზრუნვა ეკისრება სწორედ რომ სახელმწიფოს, მიუხედავად იმისა მეზობელ ქვეყანას რა პოზიცია ექნება ქრისტიანულ ძეგლებთან დაკავშირებით.
  4. გაშიფვრაში მითითებული ტარიელ ნაკაიძის პასუხები, არ შეესაბამებოდა საიტზე გამოქვეყნებულს. მაგალითად: საიტზე განთავსებულ ინტერვიუში, როგორც ტარიელ ნაკაიძის მიერ ნათქვამ ფრაზად, მითითებულია: "სულ რომ დაინგრეს ოშკი და იშხანი". გაშიფრული ინტერვიუს მიხედვით პასუხი შემდეგი სახისაა "სულ რომ დაიშალოს ოშკი და იშხანი, ღმერთმა ნუ ქნას". სტატიის სათაურად გამოტანილია შემდეგი ფრაზა: "ნუ გვეთამაშები ღარიბაშვილო, ქართველ მუსლიმებს ! მე გამიფრთხილებიხართ ...." გაშიფვრის მიხედვით ტარიელ ნაკაიძის პასუხი შემდეგი სახით ჟღერს: "ნუ თამაშობს ბატონი ღარიბაშვილი, ცუდად ნუ გვეთამაშება, ასე ვიტყვი ზუსტად, ნუ თამაშობს იმას რომ თითქოს გააფართოებს [მეჩეთს] და ამით ეს პრობლემა მოიხსნება."
  5. თავად ნათია ვასაძემ და თამარ როსტიაშვილმა დაუდასტურეს საბჭოს, რომ მას შემდეგ რაც გამოქვეყნდა სტატია და მოჰყვა ძირითადად ნეგატიური ხასიათის გამოხმაურება, ჟურნალისტმა გაშიფრა ინტერვიუ და მათთვის ცხადი იყო რომ საიტზე გამოქვეყნებული ინტერვიუ არ შეესაბამებოდა ტარიელ ნაკაიძის პასუხებს.
თამარ როსტიაშვილმა სხდომის მიმდინარეობისას განცხადა, რომ უფრო მართებული იქნებოდა, თავი შეეკავებინა ინტერვიუს ამ სახით გამოქვეყნებისაგან და რომ მისი ქმედება, გარკვეულწილად, განპირობებული იყო რეიტინგის ფაქტორით. სამოტივაციო ნაწილი:
  1. ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია". გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტების მიერ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი. მათ არასრულყოფილად და რიგ შემთხვევაში შეცვლილი სახით გამოაქვეყნეს ტარიელ ნაკაიძის ინტერვიუ, რამაც გამოიწვია საზოგადოებისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება ტარიელ ნაკაიძის პოზიციის შესახებ. საბჭო რა თქმა უნდა მიიჩნევს რომ შესაძლებელია ინტერვიუს რედაქტირება მედია საშუალების მიერ, მაგრამ ამით არ უნდა მოხდეს კონტექსტის ცვლილება. მაგალითად, ფრაზის: "ღმერთმა ნუ ქნას" უგულვებელყოფით გამოდის, რომ ტარიელ ნაკაიძისთვის ქართული ძეგლების ბედი მეზობელ სახელმწიფოში არ წარმოადგენს სენსიტიურ საკითხს და მისთვის სულ ერთია როგორ მდგომარეობაში იქნებიან ისინი. ასევე, ობიექტური მკითხველისათვის ფრაზას: ""ნუ გვეთამაშები ღარიბაშვილო, ქართველ მუსლიმებს ! მე გამიფრთხილებიხართ ...." აქვს შემდეგი კონტექსტი: (1) ტარიელ ნაკაიძე საუბრობს ყველა მუსლიმის სახელით (2) მისი პოზიცია კონფრონტაციულია (3) შეიცავს მუქარას. რეალურად ტარიელ ნაკაიძეს ["ნუ თამაშობს ბატონი ღარიბაშვილი, ცუდად ნუ გვეთამაშება, ასე ვიტყვი ზუსტად, ნუ თამაშობს იმას რომ თითქოს გააფართოებს [მეჩეთს] და ამით ეს პრობლემა მოხსნება."] არ ჰქონდა მუქარის შემცვლი განცხადებები და არც კონფრონტაციული დამოკიდებულება.
  1. ქარტიის მე_5 პრინციპის თანახმად: "მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება". იმისათვის რომ დადგინდეს აღნიშნული პრინციპის დარღვევა, უნდა დასტურდებოდეს შემდეგი -  ჟურნალისტმა იცოდა, რომ ის არასწორ ინფორმაციას ავრცელებდა და მიუხედავად ამისა არ გაასწორა/უარყო. მოპასუხე ჟურნალისტებმა დაადასტურეს, რომ გაშიფვრის შემდეგ მათთვის ცნობილი იყო უზუსტობის შესახებ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ინტერვიუ არ ჩაასწორეს, რაც შესაბამისად იწვევს ქარტიის მე_5 პრინციპის დარღვევას.
  1. ქარტიის მე_7 პრინციპის თანახმად "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით". პრინციპის თანახმად ჟურნალისტმა არა თუ თავად არ უნდა მოახდინოს ამა თუ იმ ჯგუფის/პირის დისკრიმინაცია, არამედ უნდა უზრუნველყოს დისკრიმინაციის წახალისების საფრთხის თავიდან აცილება.
საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტების მიერ დაირღვა ქარტიის მე_7 პრინციპი. დისკრიმინაციული ხასიათის იყო თავად ჟურნალისტის კითხვაც: "ხომ არ გავიწყდებათ, რომ საქართველოს სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა არის გამოცხადებული". კითხვიდან ჩანს, რომ თითქოს ქრისტიანობა კანონმდებლობის ჭრილში უფრო მაღლა დგას ვიდრე ისლამი, ასეთი პოზიცია დისკრიმინაციულია, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციით ნებისმიერი რელიგია თანაბრად არის დაცული და აღმსარებლობის თავისუფლება უზრუნველყოფილია. საბჭომ აღწერილობით ნაწილში დადგინა, რომ ფრაზა: "ნუ გვეთამაშები ღარიბაშვილო, ქართველ მუსლიმებს ! მე გამიფრთხილებიხართ ...." არ ეკუთვნოდა რესპოდენტს, ამ გარემოებით დაირღვა არა მარტო ქარტიის პირველი, არამედ მე_7 პრინციპიც, რადგან ფრაზიდან ჩანს, რომ თითქოს ტარიელ ნაკაიძე ქართველი მუსლიმების სახელით ემუქრება ხელისუფლებას. მსგავსი სურათი იწვევს უკურეაქციას, რაც დადასტურდა კიდეც იმ კომენტარებით და შეფასებებით, რაც მოჰყვა ინტერვიუს გამოქვეყნებას. კომენტარებში და შეფასებებში ჭარბობდა აგრესიული და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ზოგადად ისლამის და მისი აღმსარებლების მიმართ. ანუ, ჟურნალისტის ქმედებით არა თუ საფრთხე, არამედ რეალური შედეგი დადგა დისკრიმინაციის და რელიგიური შუღლის გაღვივების.
  1. ქარტიის მე_11 პრინციპთან დაკავშირებით განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ადგილი ჰქონდა ფაქტის განზრახ დამახინჯებას. როგორც დადგინდა, ინტერვიუ გაიშიფრა მისი გამოქვეყნების შემდეგ და საკუთარი მცდარი ინტერპრეტაციების შესახებ ცნობილი ჟურნალისტებისათვის მხოლოდ მაშინ გახდა ცნობილი. საბჭოს მიიჩნევს, რომ სახეზე იყო დაუდევარი დამოკიდებულება ჟურნალისტური პროდუქტისადმი და არა ფაქტის განზრახ დამახინჯება.
სარეზოლუციო ნაწილი: ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ გადაწყვიტა:
  1. ნათია ვასაძემ და თამარ როსტიაშვილმა დაარღვიეს ქარტიის პირველი, მე_5 და მე_7 პრინციპები.
  2. ნათია ვასაძეს და თამარ როსტიაშვილს არ დაურღვევიათ ქარტიის მე-11 პრინციპი.