გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – “ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი” ვახო ხუზმიაშვილის წინააღმდეგ
21.04.2017

განმცხადებელი : ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი;
მოპასუხე : ვახო ხუზმიაშვილი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 3 პრინციპი;
გადაწყვეტილება საქმეზე N 123
06 აპრილი, 2017 წელი

ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი ვახო ხუზმიაშვილის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: ჯაბა ანანიძე, ნინო ჯაფიაშვილი, თაზო კუპრეიშვილი, თეა ზიბზიბაძე, მაია მეცხვარიშვილი.

განმცხადებელი: ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი

მოპასუხე: ვახო ხუზმიაშვილი

 აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა  ჟურნალისტიკის რესურს ცენტრმა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ 2016 წლის 22 დეკემბერს ,,იბერია TV” საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტში პასპორტიღორებისთვის? – ახალი დადგენილების გამო მთავრობა კვლავ მედიის ყურადღებისცენტრში მოექცა დაირღვა ქარტიის პირველი და მესამე პრინციპი,  სიუჟეტი ეხებოდა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 დეკემბრის N548-ე  დადგენილებას [შემდგომ „დადგენილება“] „ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მისი სადგომის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“. სადავო სიუჟეტზე არ იყო მითითებულ კონკრეტული ავტორი და შესაბამისად მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა ,,იბერია TV”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ვახო ხუზმიაშვილი.

საქმის განხილვის დროს სხდომას დაესწრო განმცხადებლის წარმომადგენელი, მოპასუხე  სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის პირველი  პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლესდა საზოგადოების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

როგორც აღინიშნა, სადავო სიუჟეტი ეხებოდა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 დეკემბრის N548-ე  დადგენილებას „ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მისი სადგომის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“. სიუჟეტში ჟურნალისტი ცდილობს გამოკითხოს მოსახლეობა, რათა გაიგოს მათი პოზიცია აღნიშნულ რეგულაციასთან დაკავშირებით. სიუჟეტის ნახვის შემდეგ მაყურებელს დარჩებოდა შთაბეჭდილება რომ:

  1. ღორების რეგისტრაცია თავის თავში გულისხმობს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის – პასპორტის მსგავსი დოკუმენტის გაცემას. ასევე ჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ თავად ჟურნალისტის მიერ  გამოკითხვის დროს რესპონდენტებს სრული  ინფორმაცია არ მიეწოდებოდა, ვინაიდან უმრავლესობის პასუხებში ფიგურირებს მოსაზრება, რომ ღორებს „პასპორტი“ არ სჭირდებათ. ერთ – ერთი რესპონდენტი საერთოდ პარალელს ავლებს მოქალაქის მიერ პასპორტის  მიღების პროცედურასთან [საჯარო რეესტრში ვიზიტი, ხელის მოწერა და ა.შ] და ღორის რეგისტრაციის წესს შორის. თავად სიუჟეტის დასაწყისში ეკრანზე ჩნდება ფოტო, სადაც მოქალაქის პასპორტის ანალოგიურია ღორებზე გასაცემი პასპორტი.
  2. რეგისტრაციის პროცესი ფასიანია. როგორც თავად ჟურნალისტი, ისე ერთ – ერთი რესპონდეტი საუბრობს იმაზე, რომ რეგულაციამ შესაძლებელია ღორის ხორცზე ფასების ზრდა გამოიწვიოს. რესპონდენტი: „პასპორტის გაცემაში ალბათ ისევ ფულს გამოართმევენ“.

დადგენილების გაცნობის შედეგად ცალსახაა, რომ რეგისტრაციის პროცესი უფასოა [დადგენილების მე-2 მუხლი: საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, 2022 წლის 1 იანვრამდე, ამ წესის შესაბამისად, განახორციელოს ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და მისი სადგომის რეგისტრაცია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში].

დადგენილების თანახმად ღორების რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად. მატერიალური სახით გაიცემა მხოლოდ სადგომის რეგისტრაციის მოწმობა და არა რაიმე სახის დოკუმენტი ყოველ კონკრეტულ ღორზე.

მართალია, სიუჟეტში ჟურნალისტი დადგენილებასთან დაკავშირებით კომენტარს სთხოვს პარლამენტის წევრებს, მაგრამ უმეტესი მათგანი ხაზს უსვამს, რომ იგი არ არის რელევანტური რესპონდენტი და ვერ შეძლებს დადგენილებასთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას, რაც ლოგიკურია, ვინაიდან დადგენილება მიღებული იყო მთავრობის და არა პარლამენტის მიერ]. მიუხედავად აღნიშნულისა, ჟურნალისტი არ დაკავშირებია კომპეტენტურ წყაროს [მაგალითად სურსათის ეროვნულ სააგენტოს], რომ მაყურებლისათვის მიეწოდებინა არგუმენტირებული პოზიცია, თუ რეალურად რას ითვალისწინებდა დადგენილება და რა მიზანი ჰქონდა მის მიღებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

ქარტიის მე-3 პრინციპის თანახმად: ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდიმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არუნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები დაინფორმაცია. ჟურნალისტი „ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მისი სადგომის რეგისტრაციის წესს“ უწოდებს კომიკურ დადგენილებას. ცდილობს დადგენილება წარმოაჩინოს როგორც არასერიოზული, აღუსრულებადი რეგულაცია, რომელიც პრობლემებს შეუქმნის მოსახლეობას. ჟურნალისტი არ აწოდებს მაყურებელს მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც არსობრივად შეცვლის დადგენილების აღქმას. კერძოდ,  დადგენილების  თანახმად იგი მიღებულია „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“  75-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, რომელიც თავის მხრივ ავალდებულებს მთავრობას, რომ უზრუნველყოს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობა. ანუ დადგენილების მიზანია, რომ რეგისტრირებული და კონტროლის ქვეშ იყვნენ ის ცხოველები, რომელთა ხორცი შესაძლებელია, რეალიზებული და გამოყენებული იქნას საკვებად. შინაური ცხოველის  იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია, სურსათის უვნებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია და მის სათანადო განხორციელებაზეა დამოკიდებული ადამიანთა ჯანმრთელობის ხელშეწყობა, დაავადებათა პრევენცია. ეს ვალდებულება საქართველოს ნაკისრი აქვს ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებშიც. აღნიშნული ინფორმაციის მაყურებლისათვის არ მიწოდება იწვევს ქარტიის მე-3 პრინციპის დარღვევას.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია:

  1. ვახო ხუზმიაშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი და მე-3 პრინციპი.

საქმის მასალები: