გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – თანასწორობის მოძრაობა ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ
29.05.2017

განმცხადებელი : თანასწორობის მოძრაობა;
მოპასუხე : ინგა გრიგოლია;
დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი;
გადაწყვეტილება N 131
19 აპრილი, 2017 წელი

საქმეზე თანასწორობის მოძრაობა  ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: ჯაბა ანანიძე, ნინო ჯაფიაშვილი, მაია მამულაშვილი, თაზო კუპრეიშვილი, მაია მეცხვარიშვილი

განმცხადებელი: თანასწორობის მოძრაობა

მოპასუხე: ინგა გრიგოლია

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა თანასწორობის მოძრაობამ,  რომელიც მიიჩნევდა, რომ 2017 წლის 3 აპრილს ტელეკომპანია ,,პირველის’’ პირდაპირ ეთერში ტოქშოუ ,,რეაქციაში“, რომლის წამყვანიც არის ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი.  გადაცემის თემა იყო  უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობა, კერძოდ ტრანსგენდერი ადამიანების უფლებები.

საქმის განხილვას დაესწრო  განმცხადებლის წარმომადგენელი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის მეშვიდე პრინციპის მიხედვით ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერდისკრიმინაციის წახალისების საფრთხე. ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერიპირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალურიორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნულიან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.

ქარტიის საბჭომ არაერთ გადაწყვეტილებაში, რომელიც ეხებოდა მეშვიდე პრინციპის დარღვევას, აღნიშნა, რომ მეშვიდე პრინციპი ჟურნალისტს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას. კერძოდ, ჟურნალისტი არა მხოლოდ თავად არ უნდა იყოს დისკრიმინაციული განცხადებების და ზოგადად დისკრიმინაციის წყარო, არამედ ყველა ღონე უნდა იხმაროს სხვა პირთა დისკრიმინაციული განცხადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად. დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის შემცველი მოსაზრება შესაძლებელია ჟურნალისტურ მასალაში მოხვდეს იმ შემთხვევაში, როდესაც გაშუქების მიზანია იმის ჩვენება თუ რა დისკრიმინაციული ტერმინოლოგიით საუბრობს საჯარო პირი ან/და ასეთი განცხადება კეთდება პირდაპირ ეთერში. ასეთ დროს ჟურნალისტმა მაშინვე ცხადად უნდა დააფიქსიროს, რომ დისკრიმინაციული ტერმინოლოგია/დამოკიდებულება არის მიუღებელი როგორც მისთვის, ისე მედიასაშუალებისათვის.

სადავო გადაცემაში მოწვეული სტუმრები იყენებდნენ დისკრიმინაციულ, ჰომოფობიურ გამონათქვამებს სექსუალური უმცირესობების მიმართ და აყენებდნენ შეურაცხყოფას. მაგალითად, ხშირად მოიხსენიებდნენ მათ როგორც „მამათმავლებს“. როგორც უკვე საბჭომ აღნიშნა გადაწყვეტილებაში „ბექა გაბადაძე თეა ადეიშვილის წინააღმდეგ“, ეს ტერმინი თავად სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი  პირების მიერ აღიქმება შეურაცხყოფად, ასევე მისი გამოყენება თანხვედრაშია ჰომოფობიური ჩაგვრის [როგორც ვერბალური, ისე ფიზიკური] პრაქტიკაში დამკვიდრებულ ტერმინებთან. შეურაცხყოფის ობიექტი იყო სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი პირების ჩაცმულობა, ინტელექტი და ა.შ. არც ერთ ასეთ შემთხვევაში ჟურნალისტს არ დაუფიქსირებია საკუთარი პოზიცია და არ შეუფასებია რესპონდენტების ტერმინები როგორც ჰომოფობიური და დისკრიმინაციული.

აღსანიშნავია ისიც, რომ გადაცემაში მონაწილე პირების შერჩევისას სავარაუდო იყო მოსალოდნელი დისკრიმინაცია, ვინაიდან უმრავლესობა მათგანი ცნობილია ჰომფობიური გამონათქვამებით და განწყობით, შესაბამისად წაყვანს უნდა ჰქონოდა მოლოდინი, რომ ისინი კვლავ გაიმეორებდნენ დისკრიმინაციულ ტერმინებს. ამის გათვალისწინებით მით უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ჟურნალისტის მიერ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, რომ მიუღებელია დისკრიმინაცია.

გადაცემის სტუმრებს მიეცათ შეუზღუდავი შესაძლებლობა, ყოველგვარი ჯანსაღი შეფასებების და ოპონირების გარეშე მოეხდინათ ჰომოფობიური იდეების, დამოკიდებულებების ტირაჟირება, ასევე სიძულვილის ენის, დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი შეფასებების  [არანორმალურები, არანორმალური ცხოვრების წესის მქონენი, მამათმავლები, ცოდვილი ადმიანები, ბილწი ადამიანები, გარყვნილები, მონები და ა.შ.] გამოყენებით ტრანსგენდერი ადამიანებისთვის მიეყენებინათ შეურაცხყოფა, დაემცირებინათ და მოეხდინათ მარგინალიზაცია, წაეხალისებინათ და გაეღვივებინათ მათ მიმართ მტრული დამოკიდებულება. ასეთ შემთხვევაში წამყვანმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა რესპონდენტების მოწვევაზე, მათთვის შეუზღუდავი თავისუფლების მინიჭებაზე, კონფლიქტის პროვოცირებაზე, სიძულვილის და ჰომოფობიური იდეების სათანადო არშემჩნევასა და შეფასებაზე, გადაცემაში პრობლემის რეალურად წარმოჩენისა და განხილვის ნაცვლად, ხელი შეეწყო საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებისა და სტიგმების გამყარებას.

თავად ჟურნალისტმა გადაცემის მიმდინარეობისას აღნიშნა, რომ მისი მიზანი იყო აესახა რეალობა. აღნიშნული არგუმენტი არ ამართლებს დისკრიმინაციის და ჰომოფობიის ტირაჟირების ხელშეწყობას. პრობლემაზე საუბარი სრულად შესაძლებელია შეურაცხყოფის და დისკრიმინაციის გარეშე, ხოლო თუ ეს პრობლემა [შეურაცხყოფა და დისკრიმინაცია] გადაცემის მსვლელობისას იჩენს თავს, წამყვანმა უნდა უზრუნველყოს მისი შეზღუდვა. ჟურნალისტის ვალდებულებაა მიმართოს თავისი საქმიანობა საზოგადოებაში არსებული ირაციონალური შიშების და ზიზღის წინააღმდეგ სექსუალური უმცირესობების მიმართ. ქარტიის მე-7 პრინციპის მიზნებისათვის შეუსაბამოა ჟურნალისტური პლატფორმის გამოყენება მხოლოდ დისკრიმინაციის და ჰომოფობიის გასავრცელებლად.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ინგა გრიგოლიამ დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.