გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - მარინე მინდორაშვილი 5 მედიასაშუალების წინააღმდეგ
18.08.2017

განმცხადებელი : მარინე მინდორაშვილი;
მოპასუხე : ახალი თაობა;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი; 10 პრინციპი;
გადაწყვეტილება

 

07 აგვისტო, 2017 წელი

 

საქმეებზე N 135, N 137, N 138, N 142, N 143   - მარინე მინდორაშვილი ვებპორტალებზე ახალი თაობა, exclusivenews, ww.ge, kvira.ge, artnews.ge გამოქვეყნებულ სტატიათა არაიდენტიფიცირებული ავტორების წინააღმდეგ

 

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: მაია მეცხვარიშვილი, თამუნა უჩიძე, ჯაბა ანანიძე, თაზო კუპრეიშვილი, მაია მამულაშვილი.

განმცხადებელი: მარინე მინდორაშვილი

მოპასუხე: ახალი თაობა, exclusivenews, ww.ge, kvira.ge, artnews.ge გამოქვეყნებულ სტატიათა არაიდენტიფიცირებული ავტორები

 

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებებით მომართა მარინე მინდორაშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ ვებპორტალებზე ახალი თაობა, exclusivenews, ww.ge, kvira.ge, artnews.ge გამოქვეყნებულ სტატიებში დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3, მე-4, მე-5 და მე-10 პრინციპი. ყველა სადავო სტატია ეხებოდა კრიმინალური შემთხვევის გაშუქებას, კერძოდ, ბალერინა ანი მურადელის მიერ დედის მკვლელობას.

საქმის განხილვის თავისებურებანი:

· გადაწყვეტილება მიღებული იქნა საბჭოს წევრების მიერ პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, თანახმად ქარტიის წესდებისა: საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენების საშუალებით (სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, online ვიდეო და აუდიო ზარები“.

· ვინაიდან ყველა სადავო სტატიაში ფაქტობრივი გარემოებები იყო ერთი და იგივე, მათ მიმართ მიღებული იქნა ერთი, შემაჯამებელი გადაწყვეტილება.

· სადავო სტატიებზე არ იყო აღნიშნული ავტორი ჟურნალისტი, ქარტიის საქმის წარმოების წესის თანახმად შესაძლებელია გადაწყვეტილებაში მიეთითოს არაიდენტიფიცირებადი ავტორი და ამასთან ის მედია საშუალება, რომელმაც გამოაქვეყნა სადავო სტატია.

სამოტივაციო ნაწილი:

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”. როგორც აღწერილობით ნაწილში აღინიშნა, სადავო სტატიებით გაშუქდა ბალერინა ანი მურადელის მიერ დედის მკვლელობა, ამასთან სტატიებში მითითებული იყო, რომ გარდაცვლილი [მოკლული პირი] იყო მარინე მინდორაშვილი, ასევე აღნიშნული იყო მარინე მინდორაშვილის სამუშაო ადგილი და აკადემიური წოდება, შესაბამისად მკითხველისათვის ასოცირებული პროფესორი მარინე მინდორაშვილი წარდგენილი იყო როგორც შვილის მიერ მოკლული პირი. სინამდვილეში ანი მურადელის დედა და შესაბამისად, გარდაცვლილი, იყო არა ასოცირებული პროფესორი მარინე მინდორაშვილი, არამედ ლამარა მინდორაშვილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ სადავო მედია საშულებების მიერ გავრცელდა გადაუმოწმებელი, არასწორი ინფორმაცია, რითაც დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

ქარტიის მესამე პრინციპის თანახმად ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია, ხოლო მეოთხე პრინციპი აღნიშნავს, რომ ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს

განცხადებაში მითითებული იყო, რომ ინფორმაცია არაკეთილსინდისიერად [მეოთხე პრინციპი] იყო მოპოვებული, დაუდასტურებელ წყაროებზე [მესამე პრინციპი] დაყრდნობით, კონფიდენციალობის დარღვევით, იყო გაყალბებული [მეოთხე პრინციპი]“, განცხადებაში ასევე აღნიშნულია თუ როგორ მოხდა მისი პოზიციით ინფორმაციის მიპოვება და რამ გამოიწვია შეცდომა: როგორც ჩემთვის ცნობილია, გარდაცვლილი ლამარა მინდორაშვილი აკადემიურ თანამდებობაზე ბოლოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობდა. ჩემი ვარაუდით, ჟურნალისტმა, რომელმაც პირველმა გაიგო ამ ინციდენტის შესახებ, ყური მოკრა, რომ მოკლულის გვარი იყო მინდორაშვილი და ის ლექტორი იყო, შემდეგ დაგუგლა და ინტერნეტმა მე ამომაგდო, რადგან აკადემიური საბჭოს წევრი ვარ, ინტერნეტში მრავლად არის ჩემზე ინფორმაცია. თავად განმცხადებლის არგუმენტაცია გამორიცხავს მე-3 და მე-4 პრინციპების დარღვევას, ვინაიდან ინფორმაცია მიღებული იყო საჯარო წყაროებიდან [ანუ არ დგინდება წყაროს არ არსებობა, არა კეთილსინდისიერება და გაყალბება] მაგრამ არ იყო გადამოწმებული, შესაბამისად, ამით დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი და არა მე-3/მე-4 პრინციპები.

ქარტიის მეხუთე პრინციპის მიხედვით მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. როგორც პირველი პრინციპზე მსჯელობისას დადგინდა, ხუთივე სტატიით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, ასევე დადგენილია, რომ მათ მიმართა მარინე მინდორაშვილმა და სთხოვა არასწორი ინფორმაციის შესწორება, რათა გარდაცვლილ პირად აღარ ყოფილიყო მოხსენიებული, კერძოდ თითოეული სადავო სტატიის ქვემოთ განათავსა კომენტარი და ამ სახით მოითხოვა ინფორმაციის გასწორება. მიუხედავად აღნიშნულისა, წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვისაც სადავო სტატიები არ არის ჩასწორებული და ისევ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია. აქედან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს მე-5 პრინციპის დარღვევას.

ქარტიის მეათე პრინციპის თანახმად ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი. განსახილველ შემთხვევაში საბჭო მივიდა დასკვნამდე, რომ სადავო სტატიებში ასევე დაირღვა ქარტიის მე-10 პრინციპი. არასწორი ინფორმაციის გასაჯაროებით მკითხველმა მიიღო ინფორმაცია, რომ თითქოს მარინე მინდორაშვილი მოკლული იყო შვილის მიერ. მე-10 პრინციპის მიზნებისათვის არა აქვს არსებითი მნიშვნელობა გავრცელებული ინფორმაცია იყო სწორი თუ პირიქით, არ შეესაბამებოდა სიმართლეს. მთავარია რამდენად დაზიანდა პირის ინტერესი, რომ საზოგადოებრივი ინტერესის გარეშე არ მოხდეს მის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. ერთი შეხედვით მკვლელობის ფაქტის შესახებ არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი, მაგრამ ეს ინტერესი გამოირიცხება, როცა დგინდება რომ ინფორმაცია არასწორია. როგორც განმცხადებელი აღნიშნავს, მას და მის ქალიშვილს მიადგა მორალური ზიანი“. შესაბამისად, მარინე მინდორაშვილის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით, რომელიც ეხებოდა მის პირად ცხოვრებას, დაირღვა ქარტიის მე-10 პრინციპი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:

1. ახალი თაობა, exclusivenews, ww.ge, kvira.ge, artnews.ge გამოქვეყნებულ სტატიათა არაიდენტიფიცირებული ავტორთა მიერ დაირღვა ქარტიის პირველი, მე-5 და მე-10 პრინციპი.

2. ახალი თაობა, exclusivenews, ww.ge, kvira.ge, artnews.ge გამოქვეყნებულ სტატიათა არაიდენტიფიცირებული ავტორთა მიერ არ დარღვეულა ქარტიის მე-3 და მე-4 პრინციპი.