გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფორმულას ერთ-ერთ
დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად
გაუსწორდა.
2023 წლის 21 ივნისს, „TV მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფს ჟურნალისტური საქმიანობის დროს თავს დაესხნენ. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, კლინიკა „გორმედში“ მოხდა.
„TV მონიტორინგის“ ინფორმაციით, ჟურნალისტი და ოპერატორი ადგილზე მოქალაქეების შეტყობინების შემდეგ მივიდნენ, რომლის მიხედვით, რეგისტრატურასთან საათობით რიგში დგომა უწევთ, რაც აფერხებს სამედიცინო მომსახურებას.
„TV მონიტორინგის “გადამღები ჯგუფი ვითარების გასარკვევად კლინიკაში მივიდა, რასაც კლინიკა „გორმედის“ დაცვის თანამშრომლის მხრიდან აგრესია მოჰყვა. თანამშრომლის მხრიდან იყო ტექნიკის დაზიანების მცდელობაც.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაინტერესდეს „TV მონიტორინგის“ წარმომადგენლების საქმით და ეფექტიანი გამოძიების პირობებში, საფუძვლიანად გამოიკვლიოს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შესაბამისს უწყებებს, გააცნობიერონ თავიანთი ვალდებულება და უზრუნველყონ მედიასაშუალებებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო.
ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია. ასევე, თავდასხმები შეიძლება გამოიწვიოს მმართველი პარტიის წარმომდგენლების აგრესიულმა დამოკიდებულებამ ჟურნალისტების მიმართ.
მედიის ადვოკატირების კოალიცია უკიდურესად კრიტიკულად აფასებს საკასაციო სასამართლოს განაჩენს ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც „მთავარი არხის” დირექტორი პატიმრობაში რჩება. ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება და სასამართლო პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია და განაჩენი უსამართლო და დაუსაბუთებელია.
19 ივნისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა, დაუშვებლად ცნო რა ნიკა გვარამიას ადვოკატის, ასევე კახაბერ დამენიას და პროკურატურის მიერ შეტანილი საკასაციო საჩივრები.
მედიის ადვოკატირების კოალიცია, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველთან ერთად, გამოძიების დაწყების დღიდან ვაცხადებდით, რომ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ არსებული საქმე იყო პოლიტიკურად მოტივირებული და რომ ის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას წარმოადგენდა. საკასაციო სასამართლოს განაჩენი კი მხოლოდ ამ უსამართლობის დროში გახანგრძლივებას ემსახურება.
არსებულ ვითარებაში მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს გადადგას ნაბიჯი „მთავარი არხის” გენერალური დირექტორის გასათავისუფლებლად. იმ დროს, როდესაც უდანაშაულო ადამიანი გამოხატვის თავისუფლების გამო ისჯება, პრეზიდენტმა პროცესს გვერდიდან არ უნდა უყუროს. დროა, საქართველო პრეზიდენტმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, შეიწყალოს ნიკა გვარამია და ევროინტეგრაციის პროცესში პოზიტიური როლი ითამაშოს.
ფოტო: მთავარი არხი
ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მტკიცე მხარდაჭერას
ვუცხადებთ საქართველოს პარლამენტთან დაკავებულ უფლებადამცველებს,
რომლებიც გაბედულად იბრძვიან გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი
შეზღუდვების წინააღმდეგ. ამ ღამით პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე
ტერიტორიაზე სრულიად თვითნებურად, უკანონოდ და მკვეთრად აგრესიული
მანერით დააკავა მშვიდობიანი შეკრების 7 მონაწილე. დაკავებულთა შორის
არიან ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის იურისტი - შოთა
თუთბერიძე (ამჟამად გათავისუფლებულია ხელწერილის საფუძველზე),
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე - ედუარდ
მარიკაშვილი, ღია საზოგადოების ფონდის თანამშრომელი - საბა ბრაჭველი,
აქტივისტი - ნიკა რომანაძე და სხვები.
შემაშფოთებელია, რომ ქართული საზოგადოება ხდება ამგვარი ნეგატიური ტენდენციის მოწმე, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს და, ფაქტობრივად, არარად აცხადებს გამოხატვის თავისუფლების ძირითად უფლებას. ადმინისტრაციული დაკავებების თვითნებური პრაქტიკით კი სისტემა ცდილობს საპოლიციო კონტროლს დაუქვემდებაროს მშვიდობიანი შეკრების მონაწილეები და ორგანიზატორები, რაც მოქალაქეების თვითორგანიზების დასუსტებას, საზოგადოების დაშინებასა და აქტივისტების შევიწროებას ისახავს მიზნად.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყონებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები და შეწყვიტოს უკანონო დაკავებების პრაქტიკა;
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - შეისწავლოს მშვიდობიანი აქტივისტების უკანონო დაკავების და სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები;
საქართველოს სახალხო დამცველს, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელს, იმოქმედოს მისი მანდატით გათვალისწინებული მექანიზმებით და, მათ შორის, განახორციელოს შეკრების და გამოხატვის თავისუფლების, დაკავებულთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგი ადგილზე;
Საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას - გამოეხმაუროს ადვოკატების უფლებადარღვევების შემთხვევებს.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს სასამართლოს გუშაგი
დემოკრატიის მცველები
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
სალამი
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
ღია საზოგადოების ფონდი
ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო
საერთაშორისო- გამჭვირვალობა საქართველო
მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
უფლებები საქართველო
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
მედიაომბუდსმენი
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
ქალთა ინიციატივების მხარდამჭრი ჯგუფი, WISG
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალურო და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი -GCRT
მედიის განვითარების ფონდი
საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, თავისუფლების მოედანზე მომუშავე მედიას თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძისთვის კითხვების დასმის საშუალება არ მიეცა. ჟურნალისტების მიკროფონები და ხმის ჩამწერები მედიისთვის განკუთვნილი სივრციდან რამდენიმე მეტრის მოშორებით მდგარ მინისტრთან პრესსამსახურის თანამშრომლებმა მიიტანეს კომენტარისთვის. ამ სივრცის მიმდებარედ მუშაობდნენ ტელევიზიების ვიდეო ოპერატორები. რაც შეეხება ონლაინ მედიას, რომელიც საქართველოში მეტწილად მობილური ტელეფონების გამოყენებით იღებს ვიდეოს, მანძილის გამო მათთვის ვიდეოს ჩაწერა, სადაც რესპონდენტის ხმაც აღქმადი იქნებოდა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო.
საქართველოს ჟურნალისტების ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტების ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება მწვავე და კრიტიკული კითხვების დასმაა, განსაკუთრებით პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის და არა პოლიტიკოსებისთვის სასურველი ინფორმაციის გავრცელება კითხვების დასმის გარეშე. მსგავსი პრაქტიკა ხელს უშლის მედიის სრულფასოვან მუშაობას და შესაბამისად, საზოგადოების ინფორმირებას.
მნიშვნელოვანია, რომ ყველას, განსაკუთრებით კი საჯარო პირებს, ესმოდეს მედიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში. მედიის როლი საზოგადოების ინფორმირებაა - პოლიტიკური თანამდებობის პირებმა პატივი უნდა სცენ საზოგადოების უფლებას, მიიღოს ინფორმაცია და უპასუხონ დასმულ კითხვებს.
გუშინ, 2023 წლის 24 მაისს, ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა გაავრცელა აუდიო ჩანაწერი, რომლის შინაარსის მიხედვით, „მთის ამბების” მიერ გამოქვეყნებული ჟურნალისტური მასალის გამო, მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.
ჟურნალისტის საქმიანობა დაცულია საქართველოს კანონმდებლობით. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ჟურნალისტები და შეაჩეროს საფრთხეები, რაც მათი სიცოცხლის ხელშეუხებლობას და პროფესიული საქმიანობის თავისუფლებას უკავშირდება.
ქარტია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დროულად და ეფექტიანად გამოძიოს მედიის წარმომადგენელზე მუქარის ფაქტი.
ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია. ქარტია კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა აუცილებელია.