04.05.2023

Facebook-ის მფლობელი კომპანიის, META-ს, მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო კომპანიამ Facebook-ის 80 ანგარიში, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და ინსტაგრამის 2 ანგარიში წაშალა. წაშლილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერი ჯგუფები და სხვა პროსახელისუფლებო ანგარიშები.

კომპანიის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ოპერაციის უკან მყოფი პირები ცდილობდნენ საკუთარი ვინაობისა და კოორდინაციის დამალვას, META-ს გამოძიებამ „აღმოაჩინა კავშირი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან“.

როგორც ანგარიშიდან დგინდება, აღნიშნული ქსელი ხშირად იყენებდა კომენტარების ფუნქციას, რისი საშუალებითაც საზოგადოებაში ავრცელებდა არაავთენტურ, ცრუ ინფორმაციას სასურველი განწყობის შესაქმნელად.  ქსელი ასევე ცდილობდა პროსამთავრობო გზავნილების  პოპულარიზებას, ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაციას. ანგარიშში ისიც ხაზგასმულია, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ კანონის“ კონტექსტში. META-ს ინფორმაციით, სოციალურ ქსელებში პროსამთავრობო ქსელების პოსტების რეკლამირებაში დაახლოებით 33,500 აშშ დოლარი დაიხარჯა.

ცნობისათვის, საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის მხარდაჭერის მიზნით მოქმედი გვერდების სქემა, სხვადასხვა ორგანიზაციასა და მკვლევარს წარსულშიც გამოუვლენია. „სამართლიანი არჩევნების” მიერ 2021 წელს ჩატარებული მონიტორინგით გაირკვა, რომ მთავრობის სტრატკომთან ფარულად დაკავშირებული გვერდები პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის  საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციას ითავსებდნენ და, პარალელურად, ოპოზიციის მადისკრედიტირებელ კამპანიას აწარმოებდნენ.

საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დეკლარირებულ ძირითად ამოცანას მთავრობის გრძელვადიანი მიზნების მხარდაჭერა წარმოადგენს. ამ კუთხით უმთავრესია საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდა. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ META-ს გამოძიების თანახმად, დეპარტამენტი, დეკლარირებული მიზნების საწინააღმდეგოდ,  საქართველოს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანის ფარულ ოპერაციებშია ჩართული. 

ვითვალისწინებთ რა ზიანის მასშტაბს, რასაც საქართველოში დეზინფორმაციული სქემები შეიძლება ქმნიდნენ, ჩვენ, „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, რომ გამოიყენოს მის ხელთ არსებული საზედამხედველო მექანიზმები ანგარიშში მითითებული დეზინფორმაციული სქემების შესასწავლად, მათ შორის, შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია ან/და მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.



ხელმომწერი ორგანიზაციები:

ევროპულ ქართული ინსტიტუტი - EGI

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი - DRI

მმართველობის მონიტორინგის ცენტრი - GMC

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI

ღია სივრცე კავკასია - COS

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ფრანკლინის კლუბი 

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

IWPR საქართველო

აი, ფაქტი - Ifact

04.05.2023

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება სოციალური ქსელის Meta-ს (Facebook) ანგარიშს, რომლის თანახმადაც მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან დაკავშირებული ანგარიშები ჩართული იყვნენ ყალბი და მადისკრიტებული ინფორმაციების გავრცელებაში. 

2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშის თანახმად, მთავრობის სტრატეგიულ დეპარტამენტთან აფილირებული ყალბი ანგარიშები ცდილობდნენ პროსამთავრობო ნარატივის პოპულარიზებას, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას. აღნიშნული ქმედებები ხდებოდა რუსული კანონის განხილვის პერიოდში. მთავრობის დეპარტამენტთან დაკავშირებული 80 ყალბი ანგარიში, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და 2 Instagram გვერდი კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო წაიშალა. ასევე აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 33 500 აშშ დოლარი იყო Facebook-ისა და Instagram-ის რეკლამებისთვის დახარჯული.

აღნიშნული ანგარიში ადასტურებს ღია წყაროებით მოპოვებულ ინფორმაციებს, რომელიც ადრეც აჩენდა ეჭვებს, რომ ხშირად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არა საჯარო ინტერესის, არამედ პარტიული მიზნით ხდება, ხოლო მმართველი პარტია პოლარიზაციას და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის გაჩენას უწყობს ხელს, რაც ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას კიდევ უფრო აღრმავებს. ეს კი იმ ფონზე, როდესაც მედია გარემო სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, ძალადობა, ბოიკოტი, უკანონო მოსმენები და ა.შ. ნაცვლად რეალური საფრთხეების წინააღმდეგ აქტიური ქმედების გადადგმისა, ხელისუფლება თავად ეწევა შიდა პროპაგანდას, ჟურნალისტების უფლებების დარღვევას და ოპონენტების დისკრედიტაციას. 

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შიდა დეზინფორმაციული კამპანია, დაიცვას მედიის უფლებები და შექმნას  უსაფრთხო სამუშაო და პლურალისტური გარემო.

03.05.2023
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს მედიას, ხელი არ შეუწყონ  ანტიდასავლურ და ჰომოფობიურ კამპანიას.
 
ბოლო რამდენიმე დღეა ტელეკომპანიები: იმედი და POSTV აქტიურად და მანიპულაციურად აშუქებენ ევროპასა და ამერიკაში ლგბტქი ადამიანების უფლებებისა და გამოხატვის შესახებ ინფორმაციას და ავრცელებენ ღიად ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ გზავნილებს. ორივე ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს Gallup-ის კვლევაზე, რომლის მიხედვით, 1997-2003 წლებში დაბადებული ამერიკელი ახალგაზრდების დაახლოებით 21% საკუთარ თავს ლგბტქი თემის წევრად აიდენტიფიცირებს. იმედის ჟურნალისტების ამბობენ: „ისმის შეკითხვები, ხომ არ არის ეს იმის შედეგი, რომ სკოლაში ბავშვებს გენდერულ იდენტობაზე და სექსუალურ ორიენტაციაზე ესაუბრებიან”.
 
ჟურნალისტების მხრიდან ამ ტიპის განცხადებები მიანიშნებს იმაზე, თითქოს მიმდინარეობს „ლგბტ პროპაგანდა” და მანიპულაციური გაშუქების ნიმუშია. სინამდვილეში, „ლგბტ პროპაგანდა” არ არსებობს და ამ ტიპის მოსაზრებების გაჟღერება ჰომოფობიას, ბიფობიასა და ტრანსფობიას აძლიერებს. ის, რომ შესაძლოა, გაიზარდა ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ღიად საუბრობენ ორიენტაციასა თუ გენდერულ იდენტობაზე, მხოლოდ იმის შედეგი შეიძლება იყოს, რომ განათლების ხელმისაწვდომობის ზრდისა და რიგ ქვეყნებში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების გამო, ადამიანებმა უფრო მეტი გაიგეს საკუთარი იდენტობისა და უფლებების შესახებ და შეუძლიათ ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი. ეს სტატისტიკა ვერ აჩვენებს ლგბტქი ადამიანების რაოდენობის ზრდას, არამედ, აჩვენებს იმას, რომ უფრო ნაკლები ადამიანია იძულებული, დამალოს საკუთარი თავი.
 
გარდა ამ კვლევისა, ორივე ტელეკომპანიამ მანიპულაციურად გააშუქა ევროპარლამენტში დაგეგმილი გამოფენა — ისინი ეყრდნობიან ჟურნალისტ ჯეკ პეროკს, რომელმაც გამოფენას Twitter-ზე „სექსუალური გეი იესო” უწოდა. მარტივად გადამოწმებადია, რომ ეს არ ყოფილა გამოფენის სახელი და მეტიც, მოგვიანებით, თავად ამ ჟურნალისტმა გამოაქვეყნა ტელეკომპანია იმედის ფოტო და დაწერა: „ბუნდოვანია, რა მიმართულება აქვს ამ ქართულ არხს. როგორც ვხვდები, ამ არხთან აფილირებული პარტიები ცდილობენ გაიტანონ ანტი-ლგბტ კანონი”. 
 
აღსანიშნავია, რომ ამავე ჟურნალისტზე დაყრდნობით ინფორმაცია გამოაქვეყნა რუსთავი 2-მაც
 
რჩება შთაბეჭდილება, რომ პარლამენტში ალტ ინფოს კანონის რეგისტრაციის შემდგომ, ხელისუფლება ცდილობს, საზოგადოებაში გაავრცელოს ღიად პროპაგანდისტული მოსაზრებები ევროპისა და ამერიკის წინააღმდეგ.
 
ეთიკის ქარტია მოუწოდებს მედიას, არ ჩაერთონ დისკრიმინაციულ კამპანიაში, ნუ შეუწყობენ ხელს მანიპულაციური ინფორმაციის, ანტიდასავლური გზავნილების, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის გავრცელებას და ნუ გახდებიან იარაღი ხელისუფლების ხელში. მედია შესაძლოა მარტივად გახდეს სტერეოტიპების გაღრმავების ხელშემწყობი, თუკი თითოეულ შემთხვევას სიფრთხილით არ მოეკიდება და არ იფიქრებს გაშუქების კუთხესა თუ ტერმინოლოგიაზე. ჟურნალისტებს მგრძნობიარე, არადისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებასა და სტერეოტიპების შემცირებაში მნიშვნელოვანი როლი აქვთ. მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, არამედ საინფორმაციო ქმედებებით ხელი შეუწყოს საზოგადოებაში არსებული ირაციონალური შიშებისა და ზიზღის წინააღმდეგ ბრძოლას.
 
 
03.05.2023

3 მაისი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა. 1993 წლიდან დღემდე ეს თარიღი სიმბოლური მანიფესტია ყველა ხელისუფლებისთვის, რათა პატივი სცენ პრესას, როგორც თავისუფლების ერთ-ერთ მთავარ საყრდენ კედელს. ამ დღესთან დაკავშირებით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ვეხმიანებით „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეს.  თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს1 მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 2022 წლის 16 მაისს  „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.2 მივიჩნევთ, რომ ნიკა გვარამიას მიმართ არსებული სამართალწარმოება პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზნად ისახავს კრიტიკული ხმის ჩახშობას. ნიკა გვარამიას მიმართ წარმოებული საქმე მთლიანობაში ძირს უთხრის მის მიერ სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობას, ატარებს მსუსხავ ეფექტს გამოხატვის თავისუფლების მიმართ და ქმნის თავისუფალი სივრცის შევიწროების იმგვარ პრეცედენტს, რომელსაც გავლენა აქვს სახელმწიფოში პლურალისტული მედია გარემოს არსებობაზე.

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, ნიკა გვარამიას მიმართ თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს განაჩენები გამოტანილია კანონიერების ფუნდამენტური პრინციპის დარღვევით და დასტურდება პოლიტიკური მოტივის/მდგენელის უპირატესობა.ხელმომწერი ორგანიზაციები ვიზიარებთ ამ შეფასებას. საქმის მონიტორინგიდან გამომდინარე, დგინდება, რომ:

პირველი ინსტანციის სასამართლოში ნ. გვარამიას საქმეზე განაჩენი გამოიტანა მოსამართლემ, რომლის  ობიექტურობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არსებობდა საფუძვლიანი კითხვები.პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის წარდგენილი ბრალდება არ შეიცავდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საკმარის მკაფიო ნიშნებს.5 საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე არსებულ კითხვებს, რაც ბრალის წარდგენის, სასამართლო განხილვის, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის სტანდარტებთან და მოსამართლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან მიმართებით არსებობდა, სასამართლო არც განაჩენში პასუხობს, რის გამოც განაჩენი დაუსაბუთებელად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ამასთანავე, სასამართლო სხდომის დარბაზში გამოკვლეული არც ერთი მტკიცებულება არ ქმნიდა საფუძველს, ქმედებაში დანაშაულის ნიშნების იდენტიფიცირებისთვის.6

სააპელაციო სასამართლომ 2022 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ნიკა გვარამია კვლავ დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში.7

ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი გასაჩივრებულია საკასაციო წესით.  მიუხედავად იმისა, რომ კანონით განსაზღვრული ვადა თითქმის იწურება, ნიკა გვარამიას საკასაციო საჩივრის განხილვა არათუ არ დაწყებულა, სასამართლოს შემადგენლობაც კი არ არის განსაზღვრული.8

ხაზგასასმელია, რომ ნიკა გვარამიას საქმე ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან, მე-7 რეკომენდაციას პირდაპირ უკავშირდება, რომელიც ჯერ კიდევ შესასრულებელია.9 ამ კუთხით, რეკომენდაცია მოითხოვს „უფრო ძლიერი ძალისხმევა იყოს მიმართული თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმისათვის, რომ მედიის მფლობელთა წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლებრივი პროცედურები აკმაყოფილებდეს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს, და ჩატარდეს მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიებები ჟურნალისტებისა და მედიის სხვა მუშაკთა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მუქარების შემთხვევებზე.“10 ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურიც მედიის მფლობელების მიმართ აღძრულ სისხლის სამართალწარმოების უმაღლეს საკანონმდებლო სტანდარტებთან შესაბამისობის აუცილებლობაზე მიუთითებს.11 ამ მიმართულებით, მიგვაჩნია, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, პატიმრობიდან გათავისუფლება ერთ-ერთი ნაბიჯია აღნიშნული რეკომენდაციის შესასრულებლად.  ამასთანავე მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ დაფუძნდა ნიკა გვარამიას გათავისუფლების  მოძრაობა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს.12 გვარამიას შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართავდნენ/მიმართავენ  საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი და მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები.13 ასევე, საქართველოს სახალხო დამცველმაც14 მიმართა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს  ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით.15 დღეის მდგომარეობით, ნიკა გვარამია კვლავ პატიმრობაში რჩება.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში16 ხაზგასმულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის Amnesty International-მა, ნიკა გვარამიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნიეს.17 აშშ-ს საელჩოს განცხადებით, ნიკა გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლის გაცხადებულ მიზანს.18

ამასთან, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები19 აღნიშნავენ, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრება, რომელიც საქართველოს პოსტსაბჭოთა ევრაზიის რეპრესიული, ავტორიტარული სახელმწიფოების სიაში აქცევს, ზიანს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას.20

ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ,

- საქართველოს უზენაეს სასამართლოს დროულად, ობიექტურად და მიუკერძოებლად განიხილოს ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე;

- საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მიმართ ევროკომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, და საქმეზე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, სახალხო დამცველის შეფასებების შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები: 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ადამიანის უფლებათა ცენტრი

მედიის ინსტიტუტი

ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო

საქართველოს სასამართლოს გუშაგი

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

დემოკრატიის მცველები

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

ასოციაცია მწვანე ალტერნატივა

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

დემოკრატიის ინდექსი - საქართველო (DIG) 

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

უფლებები საქართველო 

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

საფარი

სამოქალაქო იდეა (Civic IDEA)

სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი

არასამთავრობო ორგანიზაცია "ნეოგენი"

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი

საინფორმაციო სააგენტო FirstNews.ge

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი WISG

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

ქალთა ასოციაცია "გვირილა"

ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა

საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი  - GARB

ჟურნალისტიკის რესურსცენტრი - JRC

მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი “მედიახმა” 

მედიაობმუდსმენი

ღია სივრცე კავკასია (COS)

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

ასოციაცია "ქალები რეგიონების განვითარებისათვის"

მედიის განვითარების ფონდი 

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი)

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

,,კანონის უზენაესობის ცენტრი“

თბილისი პრაიდი

 

[1] ე.წ. „რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლომ განაჩენი დაადგინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებ-გვერდი, 16.05.22, ხელმისაწვდომია: https://tcc.court.ge/ka/Decision/e-w---rusTavi-2--is-saqmeze-sasamarTlom-ganacheni-daadgina, [განახლებულია: 27.04.2023].

[2] თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას მიმართ წარდგენილი ბრალდება მითვისება ან გაფლანგვის მუხლი (სსკ-ის 182-ე მუხლი მე-2 (ა,დ) და მე-3 (ბ) ნაწილები) გადააკვალიფიცირა სსკ-ის 220-ე მუხლზე, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, ასევე დამნაშავედ ცნო ანალოგიური მუხლით ე.წ. ავტომობილის ეპიზოდზე და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად  3 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ნიკა გვარამია დანარჩენ ბრალდებებში სასამართლომ გაამართლა .

[3] საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიში, გვ.121, ხელმისაწვდომია: https://www.ombudsman.ge/res/docs/2023033120380187763.pdf, [განახლებულია: 27.04.2023].

[4] კერძოდ, სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას გამოიკვეთა, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე არის ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მფლობელი ჰოლდინგის დირექტორის ზ. გ.-ის ბავშვობის მეგობარი. შესაბამისად მას, როგორც ჰოლდინგის დირექტორს  გააჩნია პირდაპირი ფინანსური ინტერესი საქმის შედეგის მიმართ.  მოსამართლემ თავი არ აიცილა მაშინვე, როდესაც შეიტყო, რომ საქმე რუსთავი 2-ს ეხებოდა და ზ. გ. ბრალდების მხარეს მოწმეთა სიაში ჰყავდა. შემდგომში აღნიშნულთან დაკავშირებით დაცვის მხარემაც დააყენა მოსამართლის აცილების თაობაზე შუამდგომლობა. პროცესზე წარმოდგენილი იქნა მოსამართლისა და ზ. გ.-ს ახლო მეგობრობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც მოსამართლემაც არ უარყო. მათ შორის მტკიცებულებებიდან ირკვეოდა, რომ მათ მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდათ საქმის მიმდინარეობის პერიოდშიც. ამის მიუხედავად, მოსამართლემ თავი არ აიცილა. მართალია, ამგვარი შემთხვევების დროს კანონი პირდაპირ არ უთითებს სავალდებულო აცილების გარემოებებზე მაგრამ განსაზღვრავს, რომ  მოსამართლე  ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში, თუ არსებობს გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას. გარდა ამისა, საქართველოს სამოსამართლო ეთიკის წესების მიხედვით, მოსამართლე უნდა შთააგონებდეს საზოგადოებრივ რწმენას მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობისადმი, ამასთანავე მოსამართლეს ეკრძალება პროცესის მხარეებთან ან საქმით დაინტერესებულ პირებთან ცალ-ცალკე (ex parte) შეხვედრა ან ნებისმიერი სხვა ფორმით კომუნიკაცია სასამართლოში ან მის გარეთ, საქმის სასამართლოში შესვლის მომენტიდან საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. ზემოხსენებული გარემოებები კი აჩენდა ეჭვს მოსამართლის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობის შესახებ. იხ. საიას განცხადება: ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებულია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ვებ-გვერდი, 16.05.22, ხელმისაწვდომია:

https://www.gyla.ge/ge/post/nika-gvaramias-mimart-gamotanili-ganacheni-ukanono-da-politikurad-motivirebulia, [განახლებულია: 27.04.2023].

[5] ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილი განაჩენი საიას შეფასებით დაუსაბუთებელია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 03.06.2022, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3oHbddL, [განახლებულია: 27.04.2023].

[6] კერძოდ, კანონმდებლობისა და საერთაშორისო გამოცდილების/სტანდარტების გათვალისწინებით, საწარმოს დირექტორის მიერ მიღებული, თუნდაც საზიანო გადაწყვეტილება არათუ სისხლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება. დირექტორის გადაწყვეტილება, თუნდაც ნაკლები მოგების მიღებას გულისხმობდეს, შესაძლებელია ემსახურებოდეს კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს და უზრუნველყოფდეს მოკლე, ან გრძელვადიანი რისკების დაზღვევას. იხ. ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილი განაჩენი საიას შეფასებით დაუსაბუთებელია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 03.06.2022, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3oHbddL, [განახლებულია: 27.04.2023].

[7] ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ, რადიო თავისუფლება, 02.11.22, ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/32111762.html, [განახლებულია: 27.04.2023].

[8] ვინ არის ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე უზენაესში და რატომ ჭიანურდება  საკასაციო საქმის განხილვის დაწყება, მთავარი არხის ვებ-გვერდი, 27.03.2023, ხელმისაწვდომია: https://mtavari.tv/news/117565-vin-aris-nika-gvaramias-sakmis-mosamartle., [განახლებულია: 27.04.2023].

[9] სტატუსმეტრი - როგორ მიდის საქართველო ევროკომისიის 12 პირობის შესრულებისკენ, 2023, ხელმისაწვდომია: https://osgf.ge/statusmetri-rogor-midis-saqartvelo-evrokomisiis-12-pirobis-shesrulebisken/?fbclid=IwAR2-2OkDFgSli9Dyh5AMve0VwXwlnv-6jndQW3KC-5xn5xUNc5wU1wta9bc,  [განახლებულია: 27.04.2023].

[10] იქვე, 25.  

[11] Georgia: Statement by the Spokesperson on the verdict by the Tbilisi Court of Appeal, in the case of Mr Gvaramia, Delegation of the European Union to the Council of Europe,02.11.2022 avaliable: https://www.eeas.europa.eu/eeas/georgia-statement-spokesperson-verdict-tbilisi-court-appeal-case-mr-gvaramia_en?s=51, [განახლებულია: 27.04.2023].

[12] ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის ახალი მოძრაობა დაფუძნდა, ფორმულას ვებ-გვერდი,  16.02.2023, ხელმისაწვდომია: https://formulanews.ge/News/85302, [განახლებულია: 27.04.2023].

[13]  "მედიის ადვოკატირებისთვის" წევრი ორგანიზაციები პრეზიდენტს მიმართავენ, შეიწყალოს გვარამია, ფორმულას ვებ-გვერდი, 16.06.2022, ხელმისაწვდომია: https://formulanews.ge/News/72616, [განახლებულია: 27.04.2023].

[14]გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი სახალხო დამცველის შეფასებით წარმოადგენდა კონსტიტუციით, ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით განმტკიცებული კანონიერების პრინციპისა და დასაბუთებულობის სტანდარტის უხეშ დარღვევას, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

[15] სახალხო დამცველის შემოწმების შედეგები ნიკა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის ვებ-გვერდი, 08.06.2022, ხელმისაწვდომია: https://ombudsman.ge/geo/akhali-ambebi/sakhalkho-damtsvelis-shemotsmebis-shedegebi-nika-gvaramias-ganachentan-dakavshirebit,  [განახლებულია: 27.04.2023].

[16] U.S. DEPARTMENT of STATE, GEORGIA 2022 HUMAN RIGHTS REPORT, available: https://bit.ly/3HecDCT, [განახლებულია: 27.04.2023].

[17] აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში გვარამიასა და კეზერაშვილის საქმეებიც მოხვდა, News. On.ge, 20.03.23, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3L8gG57, [განახლებულია: 27.04.2023].

[18] US Embassy Tbilisi, Georgia-ის განცხადება, ფეისბუქ-გვერდი, 02.11.2012, ხელმისაწვდომია: 

 https://www.facebook.com/usingeo/posts/512203304282941. [განახლებულია:27.04.2023].

[19] მათ შორის, “ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი“ (CPJ), „Article 19“, „ევროპელი ჟურნალისტების ასოციაცია“ (AEJ), „პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი“ (ECPMF), „ჟურნალისტების ევროპული ფედერაცია“ (EFJ), Human Rights Watch, ფონდი „სამართალი ჟურნალისტებისთვის“, „ცენზურის ინდექსი“, „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI), PEN International, „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ (RSF).

[20] საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას თავისუფლებისკენ მოუწოდებენ, ინტერპრესნიუსი, 20.04.23, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3n8H5I2, [განახლებულია: 27.04.2023].

03.05.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ულოცავს ყველა ჟურნალისტს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს.  

ამასთან, ქარტია აღნიშნავს, რომ მედიის წარმომადგენლებს მუდმივად უწევთ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართულ კანონპროექტებსა თუ ინიციატივებთან გამკლავება და პროფესიული საქმიანობის შესრულება მძიმე პირობებში.

ქარტია გამოყოფს რამდენიმე საკითხს, რომელზე რეაგირებაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია:

◾️ გახშირდა ძალადობა მედიის წარმომადგენლებზე, რომელიც გამოწვეულია, ერთი მხრივ, მმართველი პარტიის აგრესიული რიტორიკითა და, მეორე მხრივ, მომხდარ ფაქტების გამოუძიებლობითა და არასათანადო რეაგირებით;

◾️ მედიის წარმომადგენლებს აქვთ საჯარო ინფორმაციის მიღების პრობლემა და გართულებულია, ხშირად კი შეუძლებელიც კია კომუნიკაცია სახელმწიფო უწყებების მედიასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლებთან. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგინდა მედიის აკრედიტაციის წესი პარლამენტში, რომელიც ჟურნალისტებს გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს;

◾️ პატიმრობაში იმყოფება ტელეკომპანია მთავარის გენერალური დირექტორი;

◾️ არ ხდება აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების დირექტივის სათანადო იმპლემენტაცია, რაც ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ საქართველოში მედიის თავისუფლება რისკის ქვეშაა და აუცილებელია, ხელისუფლების მხრიდან გადაიდგას სათანადო ნაბიჯები გამოხატვის თავისუფლების უფლების სათანადოდ რეალიზებისთვის.

01.05.2023

მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს „ტელეკომპანია პირველის” საგამოძიებო გუნდზე თავდასხმას და მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დროულად გამოიძიოს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი კიდევ ერთი უკანონობა. 

„ტელეკომპანია პირველის” მიერ 2023 წლის 29 აპრილს გავრცელებულ მასალაში ცალსახად ჩანს, როგორ აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ტელევიზიის საგამოძიებო გუნდის წევრებს და ხელს უშლიდნენ პროფესიული საქმიანობის განხორციელებას. ნოდარ მელაძის განცხადებით, ჟურნალისტები იძიებდნენ პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მამის, ტარიელ ღარიბაშვილის ღვინის ქარხანასთან დაკავშირებულ საქმეს. მედიის ინფორმაციით, ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში მონაწილეობდნენ ნუგზარ ალუღიშვილი და ზაქარია ბოსტოღანაშვილი. ნუგზარ ალუღიშვილი „ტელეკომპანია პირველის" ჟურნალისტებს სასამართლოშიც უჩივლა ჟურნალისტური გამოძიების გამო და ითხოვს ზიანის ანაზღაურებას.

სამწუხაროდ, ჟურნალისტებზე თავდასხმა სერიოზულ გამოწვევად რჩება ქართული მედიისთვის. ჟურნალისტების მიმართ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების” აგრესიული რიტორიკა, ძალადობაზე უმოქმედობა, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები თუ მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია კიდევ უფრო ახალისებს მსგავსი სახის ძალადობას. აღნიშნულის ფონზე, კიდევ უფრო შესამჩნევია ხელისუფლების მტრული დამოკიდებულება ნოდარ მელაძის გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდის მიმართ. 

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ინციდენტის სწრაფ გამოძიებასთან ერთად, ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა მედიის ყველა წარმომადგენლისთვის.

30.04.2023

2023 წლის 29 აპრილს „TV პირველმა" გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტი. მედიასაშუალების ინფორმაციით, მათ გუნდს ირაკლი ღარიბაშვილის მამის, ტარიელ ღარიბაშვილის ღვინის ქარხანასთან გაუსწორდნენ. ნოდარ მელაძის თქმით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გაიგეს, რომ ჟურნალისტის ხელში იყო დოკუმენტები, რომელთა მიხედვით, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიფორმა ბიზნესი, რომელსაც, მედიასაშუალების თქმით, დიდი ალბათობით, ფიქტიური პირების სახელზე მალავდა. ადგილზე ჟურნალისტმა გამოიძახა საპატრულო პოლიცია, უჩვენა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, როგორ უსწორდებიან ფიზიკურად მედიასაშუალების ოპერატორს, ცდილობენ ტექნიკის დაზიანებას, თუმცა, ჟურნალისტის თქმით, საბოლოოდ სამართალდამცველებმა განუცხადეს, რომ ეს მათ უწყებას არ ეხებოდა. ამჟამად მაკა ანდრონიკაშვილი დაბარებულია გამოკითხვაზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. 

ქარტია გმობს „TV პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტს და მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სწრაფად და ეფექტიანად შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი.

მნიშვნელოვანია, ყველას ესმოდეს მედიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში, უწყებებმა კი უნდა იზრუნონ, მათ შორის, კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და სათანადოდ მოექცნენ მათ. 

ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია. ქარტია კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა აუცილებელია. შევახსენებთ ყველას, რომ ჟურნალისტების დანიშნულება სწორედ მწვავე და კრიტიკული კითხვების დასმაა.

26.04.2023

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონი დროულად,  2023 წლის 31 მაისამდე, მოიყვანოს ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. გასათვალიწინებელია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის საინფორმაციო საზოგადოების დეპარტამენტის დამოუკიდებელ საექსპერტო დასკვნაში მითითებული ათობით რეკომენდაცია, რათა არ შეექმნას საფრთხე არა მარტო მედიაგარემოსა და კინოინდუსტრიას, არამედ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. 

„მაუწყებლობის შესახებ” კანონში 2022 წლის დეკემბერში შეტანილი ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებულად, დაინტერესებული პირების ჩართულობის გარეშე მიიღო. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ევროკავშირმა დაინახა დისკუსიების საჭიროება და ვალდებულების შესრულების ვადა 2023 წლის 31 მაისამდე გადაწია, პარლამენტი არ დაელოდა აღნიშნულ საკითხზე  ევროპის საბჭოს საექსპერტო შეფასებებს და არ გაიზიარა ტელემაუწყებლების უმრავლესობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ალტერნატიული კანონპროექტი. მედიის ადვოკატირების კოალიციამ კრიტიკულად შეაფასა პარლამენტის მიერ დაჩქარებულად, დაინტერესებული პირების ჩართულობისა და რისკების შეფასების გარეშე ცვლილებების მიღება

2023 წლის თებერვალში გამოქვეყნებული ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის დასკვნის თანახმად, „მაუწყებლობის შესახებ კანონის რამდენიმე სფერო არ შეესაბამება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს სტანდარტებს“. საერთო ჯამში, აღნიშნულია, რომ არსებული კანონი არ შეესაბამება ევროდირექტივას. გარდა ამისა, „არსებობს მთელი რიგი დებულებები, რომლებიც, სავარაუდოდ, არღვევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლს (გამოხატვის თავისუფლებას).

„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა პირდაპირ კავშირშია „შემოქმედებით ევროპაში” საქართველოს წევრობის საკითხთან. „შემოქმედებითი ევროპა” ევროკავშირის პროგრამაა, რომელიც ევროპული კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების მხარდასაჭერად შეიქმნა. 

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გაითვალისწინოს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის დასკვნაში მითითებული რეკომენდაციები და 2023 წლის 31 მაისამდე „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონი მოიყვანოს ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში, რათა საქართველოს არ შეუწყდეს „შემოქმედებითი ევროპის” ნაწილობრივი წევრობა და ხელი არ შეეშალოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას.

20.04.2023

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტის დროს დაკავებული ჟურნალისტების, კერძოდ ონლაინ-გამოცემა „პუბლიკას“ დირექტორის, ზურა ვარდიაშვილის და ონლაინ-გამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტის ბექა ჯიქურაშვილის 2200-2200 ლარით დაჯარიმებას. აღნიშნული გადაწყვეტილებები ჟურნალისტების, მათი საქმიანობის და დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ გადადგმულ მორიგი ნაბიჯია.

ჟურნალისტები 2023 წლის 2 მარტს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, როდესაც მედია და სამოქალაქო სექტორი პარლამენტში რუსული კანონის საპროცედურო განხილვებს აპროტესტებდა. ზურა ვარდიაშვილი  აქციის მიმდინარეობის დროს, ხოლო ბექა ჯიქურაშვილი ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების დროს დააკავეს, ორივე მათგანის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები  „წვრილმანი ხულიგნობისა“ და „პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის" ბრალდებით. სასამართლოს წარედგინა მტკიცებულებები, რომელიც უტყუარად ადასტურებდა, რომ ბექა ჯიქურაშვილი  დაკავების დროს ჟურნალისტური საქმიანობის ახორციელებდა. შესაბამისად, მისდამი სასამართლოს მხრიდან  სამართალდამრღვევად ცნობა ორმაგად საგანგაშოა.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ორივე საქმის განხილვა სასამართლოში ღამის 5 საათზე დასრულდა. ძირითად მტკიცებულებად შინაგან საქმეთა სამინისტროს  დაკავების ოქმი და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის ჩვენება ჰქონდათ წარმოდგენილი. ზურა ვარდიაშვილის შემთხვევაში კი დაკავების ბრძანების გამცემი, ვაჟა სირაძე მოწმის სახით არ დაკითხულა, ვინაიდან სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა. არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა წარმოდგენილი სამხრე კამერის ჩანაწერები. შესაბამისად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშეც ცხადია, რომ მოსამართლე დაეყრდნო მხოლოდ საპატრულო პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ ახსნა-განმარტებებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული ჟურნალისტების დაჯარიმება სახიფათო პრეცენდენტს ქმნის და მედიაგარემოსთვის დამაზიანებელია. ცალსახაა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება  პროფესიული საქმიანობის ხელშეშლასა და შეზღუდვას ისახავს მიზნად.

07.04.2023

მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს პარლამენტის მიერ ტელეკომპანია “ფორმულას”, “ტვ პირველისა” და “მთავარი არხის” ჟურნალისტებისა და ოპერატორებისათვის აკრედიტაციის შეჩერებას. აღნიშნული გადაწყვეტილებები სადამსჯელო ხასიათს ატარებს, განსაკუთრებით, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მხრიდან კრიტიკული მედიის მიმართ გაცხადებული ბოიკოტისა და პოლარიზებული მედიაგარემოს ფონზე.

მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით პარლამენტმა სამი წამყვანი მედიის წარმომადგენლებს, კერძოდ ტვ „პირველის“ ჟურნალისტ რუსუდან დუმბაძეს და ოპერატორ ირაკლი მურმანიშვილს, „მთავარი არხის“ ჟურნალისტ თათია წოწონავას და ოპერატორ ზუკა ჩხვირკიას, „ფორმულას“ ჟურნალისტ სოფიო გოზალაშვილს აკრედიტაცია შეუჩერა.

პარლამენტის გადაწყვეტილება დაკავშირებულია მედიების მხრიდან მომზადებული სიუჟეტებისას დეპუტატებისათვის პარლამენტის შენობაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებული მოსამართლეებისა და პროსამთავარობო მედია POST TV-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის ქალთა სექსუალურ შევიწროებაში მხილებულ შალვა რამიშვილთან დაკავშირებით.

ქვეყანაში მედიაგარემო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. კრიტიკული მედია პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების, ფიზიკური თავდასხმის, მუქარის, დეზინფორმაციისა თუ უკანონო მოსმენის სამიზნეა. ხელისუფლება კრიტიკულ მედიასთან ბოიკოტის რეჟიმშია და ამით, ართმევს საზოგადოებას განსხვავებული მოსაზრებებისა და პოზიციის მოსმენის შესაძლებლობას. ამ ფონზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტში ჟურნალისტებისათვის აკრედიტაციის წესებს იღებს.

მედიის ადვოკატირების კოალიციამ არაერთგზის განაცხადა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება, მედიის ჩართულობისა და მათი ლეგიტიმური პოზიციების გათვალისწინების გარეშე, ჟურნალისტებისათვის საფრთხის შემცველია და შესაძლოა მედიისათვის კრიტიკული კითხვების შეზღუდვისა თუ სარედაქციო პოლიტიკაზე წნეხის მექანიზმად იყოს გამოყენებული.

ჩვენი შეშფოთება დადასტურდა კიდეც, როგორც პარლამენტის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების დროს, ასევე რუსული კანონის განხილვისას, როდესაც მედიას ხელისუფლებამ საკანომდებლო ორგანოში პროფესიული საქმიანობის განხორციელებისა თუ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები უკანონოდ შეუზღუდა, მათ შორის აკრედიტაციის შეჩერებით. საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი გასაჩივრებულია სასამართლოში.

ამ ვითარებაში, პარლამენტის გადაწყვეტილება კრიტიკული ტელევიზიების ჟურნალისტებისა და ოპერატორებისათვის აკრედიტაციის შეჩერებასთან დაკავშირებით, ზღუდავს განსხვავებულ აზრის გამოხატვისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებისთვის კრიტიკული კითხვების დასმის შესაძლებლობას.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს სასწრაფოდ აღუდგინოს ტელეკომპანიების თანამშრომლებს აკრედიტაცია და შეწყვიტოს ამ ფორმით კრიტიკულ მედიაზე დამატებითი ზეწოლის ახალი, მანკიერი პრაქტიკის დამკვიდრება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.