06.01.2023

2022 წლის 5 იანვარს სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია ბელგიაში მცხოვრები ლიზა ქისტაურის მკვლელობის შესახებ.

ამ დრომდე [23:50, 05.01.2023] ლიზა ქისტაურის გარდაცვალება არ დაუდასტურებიათ არც მისი ოჯახის წევრებს და არც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. არ არსებობს არცერთი ოფიციალური წყარო, რომელიც ქალის გარდაცვალებას ადასტურებს.

ქარტიის საბჭო მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. 

ამასთან, მნიშვნელოვანია გაშუქების დროს მოხდეს ბალანსის დაცვა საზოგადოებრივ ინტერესსა და ეთიკურ გაშუქებას შორის. მედია თანამგრძნობი უნდა იყოს ამგვარი მოვლენების მონაწილე პირების მიმართ და თავი უნდა აარიდოს პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას. 

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ აუცილებელია, მედიამ გაითვალისწინოს ოჯახის წევრები და ახლობელი ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაში, მათ ამის შესახებ მედიიდან არ შეიტყონ.

 

21.12.2022

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესი დაჩქარებულად, სფეროში ჩართული ადამიანების მოსაზრებების გაზიარების და რისკების შეფასების გარეშე წარიმართა, რაც ქვეყანაში ისედაც მძიმე მედიაგარემოს გაუარესების საფრთხეს ქმნის.

კანონპროექტი და განხილვის პროცესი - კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტში 2022 წლის 7 სექტემბერს ,,ქართული ოცნების” დეპუტატებმა დაარეგისტრირეს, საჯაროდ ხელმისაწვდომი 13 სექტემბერს გახდა. კანონპროექტი პარლამენტის სესიაზე 19 სექტემბერს პირველი მოსმენით, განხილვებისა და დისკუსიის გარეშე, გავიდა. დაჩქარების მიზეზად, კანონპროექტის ავტორებმა ევროკავშირთან აღებული ვალდებულების დროულად შესრულება მოიყვანეს და აღნიშნეს, რომ მეორე მოსმენამდე სამაუწყებლო მედიასა და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრები ჩაინიშნებოდა. მას შემდეგ პარლამენტში მხოლოდ ერთი შეხვედრა შედგა, სადაც დამატებითი შეხვედრის საჭიროება გამოიკვეთა, კანონპროექტის ტექსტის დეტალურად განსახილველად, თუმცა მოულოდნელად, 28 ნოემბერს, ჩაინიშნა მეორე მოსმენა, დამატებითი შეხვედრების გარეშე. ამჯერადაც არგუმენტი ევროკავშირთან აღებული ვალდებულების დროულად შესრულება იყო.

აღსანიშნავია ევროკავშირის მოთხოვნა ინკლუზიურობაზე, რაც ნიშნავს, რომ ევროკავშირისთვის გადამწყვეტია, საკანონმდებლო ცვლილებები მოხდეს მხარეებთან შეთანხმებით და კონსენსუსით, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესში არ მომხდარა.

ალტერნატიული წინადადება - საქართველოში არსებული მედია გარემოს საფრთხეების გათვალისწინებით, ტელემაუწყებლობის უმრავლესობამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანონპროექტის ალტერნატიულ ვარიანტზე იმუშავეს. აღნიშნული კანონპროექტი მეორე მოსმენამდე პარლამენტს თამარ კორძაიამ წარადგინა, თუმცა შეთავაზება მხედველობაში არ მიუღიათ.

ევროპის საბჭოს ექსპერტების დასკვნა სადავო სამი საკითხის შესახებ - მნიშვნელოვანია, რომ დირექტივის იმპლემენტაციისას, ევროკავშირი არ უთითებს ქვეყნებს თუ კონკრეტულად როგორ უნდა შეცვალონ კანონპროექტი - მისთვის მთავარია, ქვეყნებმა მიზანს მიაღწიონ. ეს ქვეყნებს აძლევს საშუალებას, დირექტივის შესრულებისას არსებული გარემოებები გაითვალისწინონ და ისეთი გზა აირჩიონ, რომელიც სფეროს არ დააზიანებს.

სწორედ ეს მიიღეს მხედველობაში ევროპის საბჭოს ექსპერტებმა და სადავო საკითხის შეფასებისას არასამთავრობო სექტორისა და მედიასაშუალებების მსგავსი პოზიცია ჩამოაყალიბეს.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მესამე მოსმენამდე ევროკავშირმა ვალდებულების შესასრულებლად და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე სამუშაოდ პროცესი 2023 წლის 31 მაისამდე გადაავადა.

მიუხედავად ამისა, წამყვანმა კომიტეტმა ცვლილებებს მხარი მესამე მოსმენითაც დაუჭირა.

მედიის ადვოკატირების კოალიციას მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებით და იცოდეს, რომ არ სრულდება ის მინიმალური სტანდარტიც კი, რომელიც დაინტერესებული პირების პროცესებში ჩართულობას გულისხმობს.

14.12.2022
2022 წლის 14 დეკემბერს, პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს, „მთავარი არხის” ჟურნალისტს, ნატაშკა ჯახუტაშვილს, ტელეკომპანია “იმედის” ოპერატორმა ხელი ჰკრა. ჩართვის დასრულების შემდეგ კი, “მთავარის” ჟურნალისტის შენიშვნას “იმედის” ოპერატორმა სიტყვიერი შეურაცხყოფითა და გინებით უპასუხა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქალ ჟურნალისტს შეურაცხყოფა კაცმა ოპერატორმა მიაყენა, შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, ხომ არ ჰქონდა ამ ქმედებას გენდერული საფუძველიც.

აღსანიშნავია, რომ არხის ხელმძღვანელობამ აღნიშნული ფაქტი დაგმო.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო აცხადებს, რომ ძალადობა მიუღებელია და ოპერატორის ქმედებას აუცილებლად უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება ტელეკომპანია “იმედის” მხრიდან. 

იმ შემთხვევაში, თუ ჟურნალისტური საქმიანობის დროს ხდება წინაღობის შექმნა სხვა მედიის წარმომადგენლის მხრიდან, მნიშვნელოვანია მითითება მოხდეს ეთიკური ნორმების დაცვით. ძალადობა დაუშვებელია.
28.11.2022

ტელეკომპანია „იმედის” ჟურნალისტმა, მარიკა ბაკურაძემ Facebook-ზე მისი სიუჟეტის კომენტარებში დაწერილი კრიტიკული მოსაზრებების გამო მოქალაქეებს პირადად დაურეკა, პასუხი მოსთხოვა, მათთან საუბრის შესახებ სიუჟეტი მოამზადა და შემდეგ მაყურებლის კრიტიკული გამონათქვამები 2022 წლის 28 ნოემბრის გადაცემაში სხვა წამყვანებთან და სტუმართან ერთად განიხილა. 

სიუჟეტში ჩანს, რომ ჟურნალისტი ეკითხება მოქალაქეებს, რატომ გამოიყენეს მათ ესა თუ ის ეპითეტი ან სიტყვა მისი გადაცემის გასაკრიტიკებლად. ერთ-ერთი რესპონდენტი მარიკა ბაკურაძეს ეუბნება, რომ ჯერ უნდა მოიპოვოს მასთან საუბრის უფლება და შემდეგ დაურეკოს, რაზეც ჟურნალისტი პასუხობს - „თქვენც მოიპოვეთ მაშინ იმის უფლება, რომ უცხო ადამიანები ასე შეაფასოთ”. 

მოგვიანებით, ჟურნალისტმა Facebook-ზე გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც აღნიშნა, რომ მისი აზრით, სიუჟეტი ეთიკურად იყო მომზადებული და სრულად იყო დაცული რესპონდენტების ანონიმურობა. ის ასევე აღნიშნავს, რომ იმ გადაცემის თემა, რომელშიც სიუჟეტი გავიდა და განიხილეს, იყო სიძულვილის ენა, თუ „როგორ წალეკა სოციალური სივრცე სალანძღავმა სიტყვებმა, ბრაზმა და აგრესიამ”.

ქარტიის საბჭო, პირველ რიგში, მიუთითებს, რომ მაყურებლის მხრიდან კრიტიკის მიზნით გამოთქმული თუნდაც აგრესიული კომენტარები, ან შეურაცხმყოფელი გამონათქვამები შეიძლება სულაც არ იყოს სიძულვილის ენა და ყველა კრიტიკული, შეურაცხმყოფელი და თუნდაც უცენზურო კომენტარის სიძულვილის ენად შეფასება დაუშვებელია.  

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1997 წელს მიღებული რეკომენდაციით, „სიძულვილის ენა მოიაზრებს გამოხატვის ყველა ფორმას, რომელიც ავრცელებს, აქეზებს, ხელს უწყობს ან ამართლებს რასობრივ შუღლს, ქსენოფობიას, ანტისემიტიზმს ან შეუწყნარებლობაზე დაფუძნებულ შუღლის სხვა ფორმებს, ნაციონალიზმის, ეთნოცენტრიზმის, დისკრიმინაციისა და უმცირესობათა ან მიგრანტთა მიმართ გამოხატული მტრობის ჩათვლით”.

სიუჟეტთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილისგან გამოითქვა პრეტენზია, როგორ და საიდან მოიპოვა ჟურნალისტმა მოქალაქეების მობილურის ნომრები. ქარტიის საბჭო აღნიშნავს, რომ არ მიიჩნევს ჟურნალისტის მხრიდან პროფესიულ დანაშაულად ნებისმიერი მოქალაქის პირადი ტელეფონის ნომრის მოპოვებას და მის გამოყენებას კომენტარის/ინფორმაციის მოსაპოვებლად, თუკი არსებობს საჯარო ინტერესი, თუმცა იქვე დასძენს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ამგვარი საზოგადოებრივი ინტერესი არ არსებობდა. 

საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიხედვით, საზოგადოებრივი ინტერესი არის მაღალი აქტუალობის მქონე იმ ფაქტისა ან/და მოვლენის შესახებ საჯარო ინტერესი (და არა ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობა), რომელიც ეხება პირთა ფართო წრეს ან საზოგადოების ერთ კონკრეტულ ჯგუფსა და საჯარო ინტერესის სფეროს, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განხორციელებასთან.

ამასთან, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონი არ ვრცელდება მედიაზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მხრიდან ამ საკითხის შესწავლა დაუშვებელია და შეიცავს მედიის წარმომადგენლების მუშაობის შეზღუდვის რისკებს. 

ქარტიის საბჭოს არაპროფესიონალურად მიაჩნია მედიის მხრიდან აუდიტორიისთვის პასუხის მოთხოვნა კრიტიკაზე, რადგან სწორედ საზოგადოებაა ის, ვისაც, არათუ უფლება აქვს, არამედ ვალდებულიცაა გააკრიტიკოს, დაიწუნოს ან მოიწონოს ჟურნალისტი და მისი მედიაპროდუქტი.

მედიას უნდა ახსოვდეს, რომ ჟურნალისტი ქმნის საჯარო პროდუქტს, ის თავადაც საჯარო პირია და მისი კრიტიკის უფლება აქვს ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერი ფორმით, თუ, რა თქმა უნდა, ის არ სცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და არ შეიცავს ძალადობისკენ მოწოდებას, მუქარას, სიძულვილის ენას. 

კრიტიკის გამო ადამიანების საჯაროდ შერცხვენა, მათთვის პასუხის მოთხოვნა ნიშნავს, რომ მედიას სწორად არ ესმის საკუთარი მისია, საკუთარი მოვალეობა. მეტიც, ეს შეიძლება დამაზიანებელი იყოს როგორც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის, ისე თავად მედიასაშუალებისთვის. 

27.11.2022

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ დანაშაულთან საპატრიარქოს წარმომადგენლის მიერ მედიის დაკავშირება ჟურნალისტების მიმართ ძალადობას ახალისებს და მათზე თავდასხმის რისკებს აძლიერებს.

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, საქართველოში ჟურნალისტებისთვის სამუშაო გარემო უკიდურესად საშიში გახდა - მათ ხშირად არ ეძლევათ შესაძლებლობა თავისუფლად შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმები მედიის წარმომადგენლების საქმიანობის თანმდევი ნაწილია.

საგანგაშოა, რომ საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მომხდენი პირები და ორგანიზაციები, მათ შორის, საქართველოს საპატრიარქო, თავისი მტრული დამოკიდებულებით და განცხადებებით ხელს უწყობენ მედიის მიმართ კიდევ უფრო აგრესიული გარემოს შექმნას.

მსგავსი მითითება ქმნის დაბნეულობას მოსახლეობაში, ყურადღების მიღმა ტოვებს ნამდვილ მიზეზებსა და მისი მოგვარების გზებზე საუბარს, რაც ასე მნიშვნელოვანია დღეს როგორც ქალთა მიმართ ძალადობის, ისე მედიის წინააღმდეგ გამოვლენილი დანაშაულების შესამცირებლად. 

26.11.2022

2022 წლის 25 ნოემბერს, ხაშურის მუნიციპალიტეტში, დედათა მონასტერში, თავდამსხმელები მონაზვნებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ერთ-ერთ მათგანზე სექსუალურად იძალადეს. დღეს მედიის ნაწილმა გაავრცელა ქალის ვინაობა და ფოტო. 

ქარტიის საბჭო დაუშვებლად, უკიდურესად არაეთიკურად და არაპროფესიონალურად მიიჩნევს სექსუალური ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიცირებას და ფოტოს გამოქვეყნებას, მით უმეტეს, როდესაც ძალადობაგამოვლილ ადამიანს ამაზე მედიისთვის თანხმობა არ მიუცია და როდესაც ეს ინფორმაცია არანაირ საჯარო ინტერესს არ წარმოადგენს.   

მოვუწოდებთ მედიას, მომხდარის გაშუქებისას პატივი სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას, დაიცვას ეთიკური სტანდარტები და არ მოახდინოს ძალადობაგამოვლილი ადამიანის იდენტიფიცირება, რამაც შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს მას.  

მედიის მიერ მსხვერპლის უფლებების დარღვევა აზიანებს მედიის მიმართ ნდობას. 

მედიას ნებისმიერი ამბის გაშუქებისას უნდა ესმოდეს საკუთარი მისია და უნდა იფიქროს იმაზე, თავისი ქმედებით ხომ არ აყენებს ზიანს ადამიანს, რომლის უფლებების დაცვაც ევალება.

მედიას უნდა ახსოვდეს ისიც, რომ ყოველი მსგავსი წინდაუხედაობა და შეცდომა ასევე აზიანებს მისდამი საზოგადოების ნდობას, რადგან საზოგადოება ჟურნალისტისგან სამართლიანად ელის, რომ ის მისი მოკავშირეა და მის კეთილდღეობაზე ზრუნავს.  

ჟურნალისტები და რედაქტორები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ მსგავსი შემთხვევების გაშუქებას და ყურადღება მიაქციონ თითოეული შემთხვევის თავისებურებას. ძალადობაგამოვლილი ადამიანის ვინაობის გამხელამ შესაძლოა გამოიწვიოს მისი რეტრავმირება და ზიანი მიაყენოს მას არამხოლოდ დღეს, არამედ მომავალშიც. 

სექსუალური ძალადობის შემთხვევების გაშუქებისას, მედიამ ასევე უნდა გაითვალისწინოს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები, განწყობები და მასალების მომზადებისას არ უნდა შეუწყოს ხელი გენდერული უთანასწორობის გაღრმავებას. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ჟურნალისტებს შეახსენებს: 

  • ძალადობაგამოვლილ ადამიანს აქვს უფლება, არ იყოს იდენტიფიცირებული საჯაროდ;
  • სახელის, გვარისა და ფოტოების გამოქვეყნება შესაძლებელია თავად მისი გააზრებული ნებართვით, თუ არსებობს განსაკუთრებული საჯარო ინტერესი;  
  • მედიამ ყველაფერი უნდა იღონოს იმისთვის, რომ არ გამოიწვიოს ერთხელ უკვე ტრავმირებული ადამიანის ხელახალი ტრავმირება. 
04.11.2022

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი დარტყმაა თავისუფალ მედიაზე.

2022 წლის 2 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ისე, რომ განმარტებები არ გაუკეთებია და მხოლოდ იმის აღნიშვნით შემოიფარგლა, რომ სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს.

2019 წლის 19 აპრილს ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ მრჩეველთა საბჭომ დირექტორს - ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადა და დაკავებული პოზიციიდან გადააყენა. აჭარის ტელევიზიაში არსებული პროგრესის ფონზე, უსაფუძვლო იმპიჩმენტმა ბევრი კითხვა გააჩინა.

ახალი მენეჯმენტის მიერ კრიტიკული ჟურნალისტების მიზანმიმართულმა დევნამ კი ცხადი გახადა, რომ ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავდა მიზნად. საბჭოს გადაწყვეტილება ნათია კაპანაძემ სასამართლოში გაასაჩივრა. 2022 წლის 6 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ნათია კაპანაძე სასამართლოში წარდგენილი სარჩელის ფარგლებში დავობდა მაუწყებლის საბჭოს მიერ გარემოებების არასათანადოდ გამოკვლევის გამო.

საყურადღებოა, რომ სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა მისი პოზიცია და 17 გარემოებიდან 11 გარემოების ნაწილში ჩათვალა, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს პოზიცია იყო დაუსაბუთებელი და არ ემყარებოდა კონკრეტული ფაქტების ანალიზსა და ობიექტურ შეფასებას, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ 5 გარემოებაზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება არ დაეკმაყოფილებინა კაპანაძის სარჩელი.

ნათია კაპანაძის ინტერესებს სასამართლოში იცავდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. როგორც საიას, ასევე მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი ორგანიზაციების შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ხელისუფლება ზღუდავს მედიის თავისუფლებას, ხოლო სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობა პრობლემურია.

ვფიქრობთ, მსგავსი გადაწყვეტილებები საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვების მცდელობის ფონზე, კიდევ უფრო გვაშორებს ევროპულ მომავალს.

02.11.2022

2022 წლის 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოაცხადა განაჩენი ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი დირექტორის, ამჟამად „მთავარი არხის“ დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე და გვარამია პატიმრობაში დატოვა.

მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და სახალხო დამცველის სასამართლოში წარდგენილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრების მიხედვით, გვარამიასთვის წარდგენილი ბრალდება არ შეიცავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საკმარის მკაფიო ნიშნებს. შესაბამისად, ნიკა გვარამიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მისი, როგორც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის ხელმძღვანელის დასჯას ემსახურება.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის სტატუსის მისაღებად დაწესებულ მოთხოვნებს პლურალისტული მედიაგარემოსა და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შესახებ. ნიკა გვარამიას საქმე მოხვდა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაშიც. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ საქართველო კიდევ უფრო დააშორა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და ბუნდოვანი გადახადა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი.

არსებულ კრიტიკულ სიტუაციაში კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, შეიწყალოს ნიკა გვარამია და დადებითი როლი შეასრულოს ევროპის კავშირში ინტეგრაციის პროცესში.

13.10.2022

2022 წლის 12 ოქტომბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადაცემა ,,დიდ შესვენებაში” წამყვანებმა ანეკდოტის მოყოლითა და საკუთარი რეაქციებით ხელი შეუწყვეს დისკრიმინაციული გარემოს შექმნასა და სტერეოტიპების გაძლიერებას. 

მოგვიანებით გადაცემის შემოქმედებითმა ჯგუფმა  გააკეთა განმარტება, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მათ არ აქვთ გააზრებული პასუხისმგებლობა და დისკრიმინაციული გარემოს შექმნას ვერ აღიქვამენ პრობლემად. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, არ შეუწყოს ხელი დისკრიმინაციული და არატოლერანტული გარემოს შექმნას. ანეკდოტებით და კომედიური ისტორიებით იზრდება სტიგმატიზაციის ხარისხი და სტერეოტიპები უფრო ძლიერდება. სტერეოტიპები შშმ პირებთან მიმართებით, თუნდაც კომედიურ კონტექსტში, განამტკიცებს არასწორ დამოკიდებულებებსა და წარმოდგენებს. 

ქარტიის საბჭო მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს, აღნიშნული მასალა წაშალონ გვერდიდან და გააკეთონ სათანადო განმარტება. 

05.10.2022

2022 წლის 5 ოქტომბერს ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ TV პირველის ჟურნალისტს, ნატო გოგელიას პროფესიული საქმიანობის შესრულებისას შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართა და გამოიყენა დისკრიმინაციული, სექსისტური ენა. 

ქარტია გმობს დავით დარჩიას რეპლიკებს ჟურნალისტის მიმართ და აღნიშნავს, რომ თანამდებობის პირის მხრიდან სრულიად მიუღებელია, როგორც ამგვარი დამოკიდებულება ჟურნალისტისადმი, ისე ასეთი დისკრიმინაციული ლექსიკის გამოყენება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ დისკრიმინაცია და გადავიდნენ მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმზე.

მნიშვნელოვანია, ხელისუფლების წარმომადგენელს ესმოდეს მედიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში და იზრუნოს მათ შორის კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და სათანადოდ მოექცეს მათ.

ქარტია მიიჩნევს, რომ დაუშვებელია მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესია და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობის წახალისება, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება. 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.