სახელმძღვანელო წესები
კატეგორია - სახელმძღვანელო წესები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გამოსცა ეთიკურად გაშუქების სახელმძღვანელო წესების კრებულის მეორე ნაწილი, სადაც შესულია ქარტიის მიერ 2017-2018 წლემში მომზადებული რეკომენდაციები. კრებული მოიცავს პრაქტიკულ რჩევებს ისეთი საკითხების გაშუქებისთვის, როგორიცაა:
  • პირადი ცხოვრება
  • ფსიქიკური ჯანმრთელობა
  • სასამართლო პროცესები
  • არჩევნები
  • გენდერული საკითხები
  • ბუნებრივი კატაკლიზმები
  • ბავშვებთან დაკავშირებული საკითხები
  • შესწორების სტანდარტი მედიაში

ჩამოტვირთეთ კრებული

კატეგორია - სახელმძღვანელო წესები
ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

მიწისძვრა, ხანძარი, წყალდიდობა, ქარიშხალი - ამგვარი ბუნებრივი კატაკლიზმების გაშუქება მედიას ხშირად უწევს. ინფორმირებულობის მნიშვნელობა ასეთ დროს იზრდება, მოქალაქეები განახლებულ ცნობებს ელიან. მედიის მიერ გავრცელებულ ზუსტ ცნობებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, განსაკუთრებით მოვლენის პირველ ეტაპზე. ამ თემებზე მუშაობისას ჟურნალისტს ინფორმაციის გადაცემასთან ერთად, საკუთარი უსაფრთხოებაზე ზრუნვაც უწევს. რედაქცია დარწმუნებული უნდა იყოს, რომ პროფესიონალიზმთან ერთად ჟურნალისტს აქვს ფიზიკური და ფსიქოლოგიური მზაობა გააშუქოს ბუნებრივი კატაკლიზმები.

რეკომენდაციები რედაქციას:

  • უმჯობესია შემუშავებული ჰქონდეს სპეციალური პროტოკოლი ველზე მომუშავე და ოფისში დარჩენილი ჟურნალისტებისთვის.
  • უნდა მოახერხოს ჟურნალისტის აღჭურვა შესაბამისი ტანსაცმლით და უსაფრთხოების ტექნიკით, ბუნებრივი კატაკლიზმების ტიპის მიხედვით.
  • მოაგვაროს ტრანსპორტირების, კვების და სხვა ტექნიკური საკითხები. მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული ევაკუაციის გეგმა, მათ შორის ის თუ რა ტრანსპორტით ტოვებს ჟურნალისტი შემთხვევის ადგილს.
  • მნიშვნელოვანია რედაქციას ჰქონდეს ინფორმაცია სხვა მედიასაშუალებების შესახებ, რომლებიც კატასტროფის ზონაში იმყოფებიან, რათა საკუთარ გადამღებ ჯგუფთან კომუნიკაციის შეფერხების ან დაკარგვის შემთხვევაში საშუალება ჰქონდეს მიიღოს მათ შესახებ ინფორმაცია.

ადგილზე მისვლამდე ჟურნალისტი უნდა შეეცადოს:

  • მოიძიოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მომხდარის შესახებ. ამისთვის შესაძლოა დაიხმაროს ადგილობრივი ჟურნალისტები.
  • შეაგროვოს კონტაქტების ბაზა პასუხისმგებელი უწყებების, ექსპერტების, დაინტერესებული პირებისა და ადგილობრივების, ვისაც შეიძლება დამატებითი ინფორმაცია ჰქონდეს.
  • თან ჰქონდეს ყველა იმ პირის საკონტაქტო ინფორმაცია, ვისი დახმარებაც შეიძლება თავად დასჭირდეს.
  • განსაზღვროს, როგორც სამუშაო ადგილი, ასევე ღამის გასათევი ლოკაცია თუ მოვლენების ეპიცენტრში ხანგრძლივად მოუწევს დარჩენა.
  • შეისწავლოს შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია. აუცილებელია თან იქონიოს ამობეჭდილი რუკა, ასევე რუკის აპლიკაცია, რომელიც ინტერნეტის გარეშეც მუშაობს და მონიშნულია როგორც ეპიცენტრი, ასევე საავადმყოფოები, თავშესაფრები და სხვა გადაუდებელი დახმარების პოტენციური წერტილები. თან ჰქონდეს პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები.
  • შეამოწმოს კვების ბლოკები, დამტენები, გადამყვანები, მეხსიერების ბარათები, ყველა აქსესუარი, რაც შეიძლება მუშაობისას დასჭირდეს. უმჯობესია თან ჰქონდეს რამდენიმე მობილური კომპანიის სიმ ბარათი იმ შემთხვევისთვის, თუ რომელიმე ქსელს პრობლემა ექნება.
  • მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული თუ ვის უნდა ეკონტაქტოს ჟურნალისტი, როგორია სუბორდინაცია, ვისი მითითებები უნდა შეასრულოს.
  • თუ შემთხვევის ადგილზე მყოფი ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ კონკრეტულ წერტილზე მისვლა სახიფათოა, მაშინ რედაქტორის მოთხოვნის მიუხედავად, მას შეუძლია დატოვოს სამუშაო ლოკაცია, დაასაბუთოს საკუთარი გააწყვეტილება და საქმის კურსში ჩააყენოს რედაქცია. ჟურნალისტის უსაფრთხოების დაცვა უპირველესი ამოცანაა.
ტექნიკური დეტალები
ჩაცმულობა
  • გადაამოწმეთ ამინდის პროგნოზი და შეარჩიეთ მოხერხებული ტანსაცმელი
  • ფეხსაცმელი უნდა იყოს მოხერხებული, დახურული. წყალდიდობის დროს წყალგაუმტარი, მსუბუქი და მაღალყელიანი.
  • შარვალი და ზედა უმჯობესია ღია, ნეიტრალური ფერის (არ შეიძლება ხაკი, ანდა სამხედრო ფორმას მიმსგავსებული შეფერილობის). შარვალი არ უნდა იყოს ჯინსის, რადგან დასველებისას მძიმდება და მოუხერხებელია.
  • თან იქოინეთ საწვიმარი;
  • წაიღეთ სამედიცინო ნიღაბი, ანდა ყელსახვევი, შარფი, რომელიც შესაძლებელია გამოიყენოთ კვამლის, მტვრის, გაზისგან დასაცავად.
  • არ არის რეკომენდირებული ძვირადღირებული აქსესუარების (საათი, სამკაული) თან ქონა.
საცხოვრებელი ადგილი
  • ღამის გასათევი ადგილის არჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ უსაფრთხოებას. სიტუაციის მიხედვით, ასეთი ადგილი ზოგ შემთხვევაში, შეიძლება იყოს ცნობილი (ბრენდული) სასტუმრო, ანდა კერძო სახლი.
  • უმჯობესია თუკი საცხოვრებელი ადგილი არ იქნება მოწყვეტილი ცივილიზაციას, არ იქნება განთავსებული განცალკევებით, ანდა ისეთ ქუჩაზე, სადაც ჩიხია და არ არსებობს გასასვლელი ორივე მხარეს.
  • ადგილის შერჩევის შემდეგ კარგად შეისწავლეთ ყველა გასასვლელი შენობიდან.
  • იარეთ იმ გზებით, რომლითაც სხვებიც სარგებლობენ. ერიდეთ გაუკვალავი ბილიკებით მარტო სიარულს. გადაადგილების შესახებ რედაქციას პროაქტიულად აცნობეთ.
სამუშაო ადგილი
  • არ გაჩერდეთ ხეებთან ახლოს, რადგანაც ქარიშხლის თუ ხანძრის დროს არსებობს ტოტებისა და ხის, ასევე მეხის დაცემის რისკი.
  • მოერიდეთ წყლით დაფარულ ადგილებს, სადაც ასევე შეიძლება ელექტრო კაბელები გადიოდეს. თავი აარიდეთ ფეხსაცმლის გარეშე სიარულს.
  • ხანძრის დროს მანქანაში უნდა იყოს აწეული ფანჯრები, მანქანის კარი - ჩაურაზავი, ვენტილაცია - გამორთული. უნდა აკონტროლოთ ქარის მიმართულება, ხანძრის კერებთან მიახლოვებას ერიდეთ.

შინაარსობრივი მხარე

გაშუქების ტონი
  • ბუნებრივი კატაკლიზმებისას იმატებს ჭორები, გამოგონილი ამბები და სპეკულაცია. ამიტომაც, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გადამოწმებული ინფორმაცია. არაზუსტმა ცნობებმა შეიძლება დააბნიოს და საფრთხე შეუქმნას სტიქიის ზონაში მყოფ ადამიანებს.
  • ჟურნალისტის გამოწვევაა, რომ ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად არ დათესოს პანიკა და უსაფუძვლო შიში მოსახლეობაში. გაშუქების ტონი უნდა იყოს შეძლებისდაგვარად მშვიდი.
  • ბუნებრივი კატაკლიზმებისას ჟურნალისტებს ზოგჯერ უჭირთ აქტივიზმსა და პროფესიულ მოვალეობას შორის ზღვარის გავლება. მნიშვნელოვანია საკუთარი როლი მკაფიოდ გქონდეთ გააზრებული. ბალანსის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულების ფიზიკური დახმარების მცდელობისას. არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ ჰუმანიტარული დახმარების მისიაში არ იმყოფებით.
  • რედაქციამ კარგად უნდა განსაზღვროს როდის გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, როგორ და რა ფორმით აშუქებს მოვლენას სხვადასხვა პლატფორმაზე - სოციალურ ქსელში, ოფიციალურ ვებ-გვერდზე, დამხმარე ვებსაიტებზე და ა.შ.
  • საგანგებო რეჟიმში მუშაობის დროსაც შეეცადეთ მაქსიმალურად დაზუსტებული ინფორმაცია გაავრცელოთ, რათა თავიდან აიცილოთ სპეკულაცია და პანიკა. თუ კი ჟურნალისტს უწევს დაუზუსტებელი ინფორმაცის გადაცემა, მან ამის შესახებ ცხადად და ცალსახად უნდა აცნობოს აუდიტორიას.
  • განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ მათ, ვინც აცხადებს, რომ თვითმხილველია. გამოჰკითხეთ დეტალები და დარწმუნდით, რომ მან ნამდვილად თავად ნახა ის, რის შესახებაც ჰყვება.
  • ბუნებრივი კატასტროფების დროს იზრდება ყალბი აუდიო-ვიზუალური მასალის გავრცელების რისკი, ამიტომაც გადაამოწმეთ მოქალაქეთა მიერ მოწოდებული მასალები, რედაქცია თავად უნდა დარწმუნდეს, რომ აუდიტორიისგან მიღებული მასალები სინამდვილეს ასახავს.
იხ. სოციალური მედიის გამოყენების სახელმძღვანელო წესები

ეცადეთ მოიძიოთ:
  • დეტალები, რომლის ცოდნა დაეხმარება მოსახლეობას;
  • ის რისკები, რომლებიც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიან;
  • უწყებები რომელთა პასუხისმგებლობაცაა მოქალაქეთა დახმარება, ინფორმირება, მომზადება და ა.შ.;
  • ზარალის რაოდენობა და სახელმწიფოს გეგმები/ღონისძიებები დაზარალებულთა დასახმარებლად;
დაზარალებულებთან ურთიერთობა
  • ბუნებრივი კატაკლიზმებით დაზარალებულები გაუცნობიერებლად, წინასწარი გათვლის გარეშე ხვდებიან მედიის ყურადღების ცენტრში და მომეტებული საჯარო ინტერესის საგნად იქცევიან. ამ დროს მნიშვნელოვანია მედიამ პატივი სცეს მათ პირად ცხოვრებას და დაუსაბუთებლად არ შეიჭრას მათ პერსონალურ სივრცეში.
იხ. პირადი ცხოვრების გაშუქების სახელმძღვანელო
  • ეცადეთ არ გამოაქვეყნოთ ისეთი ვიზუალური მასალა, რომელიც დაზარალებულს, კატასტროფაში მოყოლილ ადამიანს ღირსებას შეულახავს. დააკვირდით, რა ფორმით ჩანან ისინი თქვენს მასალაში. რედაქციამ უნდა დაიცვას ბალანსი საჯარო ინტერესსა და იმ მასალის გამოქვეყნებას შორის, სადაც ადამიანთა ტანჯვაა ასახული;
  • ინტერვიუს აღებისას გაითვალისწინეთ დაზარალებულის ემოციური მდგომარეობა. ნუ აიძულებთ იმ დეტალების გახსენებას, რაც მის ხელახალ ტრავმირებას იწვევს;
  • ნუ დარჩებით მათ კერძო საკუთრებაში, თუკი დატოვებას გთხოვენ;
  • არ აედევნოთ, თუკი გთხოვენ რომ არ გაჰყვეთ თან;
  • ნუ შეაწუხებთ დაზარალებულებს ხშირი ზარებით, შეტყობინებებით, სახლთან დალოდებით; ცხადად განუმარტეთ თუ რომელ მედისაშუალებას წარმოადგენთ;
  • დაკრძალვის გადაღებისას აუცილებელია თანხმობა. სხვა შემთხვევაში, რედაქციამ უნდა დაასაბუთოს, რომ დაკრძალვის გადასაღებად განსაკუთრებულად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა.
ვიზუალური მასალა
  • მძიმე კადრების გამოქვეყნების შემთხვევაში, (დასახიჩრებულთა, გარდაცვლილთა ხედები) როგორც სამაუწყებლო, ისე ონლაინ მედიამ წინასწარ უნდა გააფრთხილოს მკითხველი ამის შესახებ. პრესა უნდა მოერიდოს ამგვარი ფოტოების გამოქვეყნებას გამოცემის პირველ გვერდებსა და გარეკანზე;
  • დაუშვებელია კადრებით, ხმით მანიპულირება. ამბის რეკონსტრუქციის შემთხვევაში, ცალსახად უნდა იყოს მითითებული, რომ სცენა დადგმულია;
  • მნიშვნელოვანია დაფიქრდეთ, თუ რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს მძიმე კადრების პერმანენტულად განმეორებამ, ანდა განგრძობითად ჩვენებამ;
  • ბუნებრივი კატაკლიზმების განმეორებითი აღწერის დროს რედაქცია უნდა დაფიქრდეს, რამდენად ღირს მძიმე ვიზუალური მასალის ხელახალი გავრცელება, სადაც კონკრეტულ პირთა ტანჯვაა ასახული.იფიქრეთ გადარჩენილთა, მათ ახლობელთა რეტრავმვირებასა და ემოციურ მდგომარეობაზე.

გამოყენებული მასალა:

კატეგორია - სახელმძღვანელო წესები
ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

კატეგორია - სახელმძღვანელო წესები
ყველა ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაცულია. ამიტომაც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეათე პრინციპი ცალკე გამოყოფს მას - “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი”.

კატეგორია - სახელმძღვანელო წესები
ფსიქიკური ჯანმრთელობა განიმარტება როგორც კეთილდღეობის მდგომარეობა, როცა ადამიანს შეუძლია საკუთარი პოტენციალის რეალიზება, ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ სტრესთან გამკლავება, ნაყოფიერად შრომა და წვლილის შეტანა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. თავის მხრივ ჯანმრთელობა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია „ჯანმრთელობას“ შემდეგნაირად განსაზღვრავს - „სრული ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობის მდგომარეობა და არა მხოლოდ ავადმყოფობის არარსებობა”.

ფსიქიკურ დაავადებებს შორისაა:
  • დეპრესია
  • შიზოფრენია
  • პოსტ ტრავმული აშლილობა
  • ბიპოლარული აშლილობა და სხვა

ფსიქიკური დაავადებების რიცხვი თითქმის ორმაგდება ომისა და კატასტროფების შემდეგ. საზოგადოებაში არსებული სტიგმა კი ამგვარი პრობლემის მქონე ადამიანებს ხშირ შემთხვევაში ხელს უშლის მიიღონ ქვეყანაში არსებული სერვისები. სტიგმის გაძლიერებაში კი შესაძლებელია დიდი როლი ითამაშოს მედიის მიერ ამ თემის არასწორმა გაშუქებამ. ამიტომაც ჟურნალისტმა კარგად უნდა გააცნობიეროს რატომ ასახელებს პირის დიაგნოზს, რა დამატებით ინფორმაციას აწვდის აუდიტორიას და რა უარყოფითი შედეგი შეიძლება მოიტანოს არამხოლოდ მასალის გმირისთვის, არამედ ყველა იმ პირისთვის, ვისაც რაიმე სახის პრობლემა აქვს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

სტიგმა და სტერეოტიპები

  • არ გამოთქვათ ვარაუდი ადამიანის ფსიქიკური ავადმყოფობის შესახებ, თუკი ზუსტად არ იცით, რომ მას ამგვარი დიაგნოზი აქვს. დიაგნოზის არსებობის შემთხვევაშიც, ხაზგასმა პირის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა ამ დეტალის მიმართ განსაკუთრებული საჯარო ინტერესი არსებობს.
  • დაუშვებელია დიაგნოზით სპეკულირება.
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები მრავალფეროვანია, მათ განსხვავებული ფორმები და სიმძიმე აქვთ. ამგვარ პრობლემად მიიჩნევა როგორც მაგალითად, ნევროზი, ან შფოთი, ისე შიზოფრენია და ბიპოლარული აშლილობა. შესაბამისად, დაუშვებელია ყველა ტიპის პრობლემის ერთ კონტექსტში განხილვა. როცა კი შესაძლებელია, დააზუსტეთ რა ტიპის დიაგნოზთან გაქვთ საქმე, შიზოფრენიასთან, დეპრესიასთან თუ სხვა რამესთან.
  • არ მოიხსენიოთ ადამიანი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონედ, თუკი ეს დეტალი ჟურნალისტური პროდუქტის თემას ცხადად არ უკავშირდება და დამატებით ინფორმაციას არ აწვდის საზოგადოებას. მიუღებელია, ადამიანის მიერ სხვადასხვა ქმედების მტკიცებითი ფორმით დაკავშრება მის დიაგნოზთან, როდესაც დადასტურებული არ არის, რომ კონკრეტული ქმედება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით იყო გამოწვეული. მსგავსი მიდგომა საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას, თითქოს ფსიქიკური ჯანმრთელობის რომელიმე კონკრეტული პრობლემის მქონე დიაგნოზის მქონე ყველა პირი ამგვარად იქცევა.
  • განსაკუთრებით დაუშვებელია პირის შესაძლო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის ხსენება კრიმინალის ან ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლოში საქმის წარმოებაზე რაიმე გავლენას იქონიებს პირის დადასტურებული დიაგნოზი ანდა ამ კონკრეტული დეტალის მიმართ საჯარო ინტერესი მკაფიო და მაღალია. საჯარო ინტერესი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში უნდა იყოს დასაბუთებული.
  • თუკი მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ პირის დიაგნოზი ამბის მნიშვნელოვანი დეტალია, მისი გამჟღავნების დროს უმჯობესია დაასახელოთ წყარო. ვინ ამბობს ამას -
    • ექიმი ადასტურებს?
    • სასამართლოს მოთხოვნით დადგინდა?
    • მეზობლები, ახლობლები ამბობენ?
    • ასეთ დროს რამდენად ზუსტი შეიძლება იყოს მათი ინფორმაცია?
  • კრიმინალური ამბების გაშუქებისას ბრალდებულის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ხაზგასმა ხელს უწყობს ზოგადად თემის სტიგმატიზებასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების პოტენციურ დამნაშავეებად წარმოჩენას. კვლევები ცხადყოფს, რომ მოძალადეთა და მძიმე დანაშაულების ჩამდენთა უმეტესობას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს, ხოლო ფსიქიკური ჯანმრთელობის რომელიმე პრობლემის დიაგნოზის მქონე ადამიანების სრული უმეტესობა მოძალადე არ არის და არც კანონთან ჰქონიათ პრობლემები.
  • მედიამ ძალადობის, კრიმინალის ან ანტისოციალური ქმედებების გაშუქებისას თავი უნდა აარიდოს ჟურნალისტურ პროდუქტში მოწმეთა, თვითმხილველთა ან მეზობელ-ახლობელთა იმგვარი კომენტარების გამოყენებას, სადაც წყარო ხაზს უსვამს ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემას და ჩადენილ ქმედებას მას უკავშირებს.
  • როდესაც ასახელებთ პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემას, აუცილებელია დააზუსტოთ დიაგნოზის დასმის დრო და ამჟამინდელი მდგომარეობა. შესაძლოა, ადამიანს ოდესღაც ჰქონდა დიაგნოზი, მაგრად დღეს მისგან თავისუფალია.
  • მოერიდეთ კონკრეტული სიმპტომების ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებას. მაგალითად, მოწყენილობა, გაბრაზება, მარტო ყოფნის სურვილი - ეს ნორმალური ემოციებია როგორც დიაგნოზის მქონე პირებისთვის, ისე იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა არასდროს ჰქონიათ.

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანის მონაწილეობა ჟურნალისტურ პროდუქტში

  • მიეცით საშუალება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებს, თავადვე ისაუბრონ როგორც საკუთარ დიაგნოზზე, ისე სხვადასხვა მიმდინარე სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ თუ სხვა თემებზე. როგორც ზემოთ აღინიშნა ფსიქიკური დაავადებები სხვადასხვა სიმძიმისაა და არ ნიშნავს იმას, რომ ამგვარი პრობლემის მქონე ყველა ადამიანს არ შეუძლია გაცნობიერებულად გამოთქვას აზრი რომელიმე საკითხზე. ამიტომაც არ მოახდინოთ მისი დისკრიმინაცია, არ შეუზღუდოთ გამოხატვის თავისუფლება მისი დიაგნოზის გამო, მაგრამ დარწმუნდით რესპონდენტი ინტერვიუზე გააზრებულად დაგთანხმდათ.
  • ადამიანი, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის დიაგნოზის მქონეც გააშუქეთ ისე, რომ არ გახადოთ ბულინგისა და დაცინვის ობიექტი. რას უნდა მოიცავდეს გაშუქება
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ჟურნალისტურ მასალებში მიაწოდეთ აუდიტორიას ინფორმაცია, რომ განკურნება შესაძლებელია. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანური ისტორიები, განსაკუთრებით, იმ პირთა შესახებ, რომლებსაც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე შეექმნათ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ დაძლიეს.
  • აჩვენეთ, რომ დიაგნოზი არ ნიშნავს დასასრულს. თუმცა ამავე დროს ყურადღებით იყავით, პოზიტიურად წარმოჩენის ზედმეტმა მონდომებამ პირიქით, მათი სტიგმატიზება არ გამოიწვიოს.
  • მედიამ აუდიტორია უნდა მიაწოდოს შემდეგი ტიპის ინფორმაცია: 
    • რა ტიპის მკურნალობის მეთოდები არსებობს?
    • რა უფასო და ფასიანი სევრვისები მოქმედებს და სად შეიძლება ამ სერვისების მიღება? რამდენად ხელმისაწვდომია ის მოქალაქეებისთვის?
    • როგორ მუშაობს სახელმწიფო ფისიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით?
    • რამდენად ადეკვატურია და საკმარისია ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროგრამები?
    • როგორ მოახერხეს ადამიანებმა ამ პრობლემის დაძლევა?
  • ისევე როგორც სხვა თემების გაშუქებისას უპირატესობა მიანიჭეთ სისტემური პრობლემების ჩვენებას
  • მოერიდეთ ადამიანების პრობლემის სენსაციურ ჭრილში წარმოჩენას

ტერმინები

  • ეცადეთ სხვადასხვა მოვლენა არ აღწეროთ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ტერმინებით. მაგალითად, არ გამოიყენოთ “დაჯილდოების ცერემონიალი შიზოფრენიული/შიზოიდური იყო”.
  • დაუშვებელი და დისკრიმინაციულია შემდეგი ტერმინების გამოყენება: გიჟი, შეშლილი, შიზოფრენიკი, პარანოიკი და ა.შ.
  • დიაგნოზის დასახელებისას, აუცილებელია სიზუსტის დაცვა და წინა პლანზე არა დიაგნოზის, არამედ ადამიანის წამოწევა. მაგ: სწორია: ადამიანი, რომელსაც შიზოფრენიის/ დეპრესიის დიაგნოზი აქვს და არა შიზოფრენიკი, შიზოფრენიით/დეპრესიით დაავადებული, სულიერად ავადმყოფი და სხვა.
სწორია არასწორია

 

  • ადამიანი, რომელსაც შიზოფრენიის/ დეპრესიის დიაგნოზი აქვს
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანი
  • ადამიანი, რომელსაც ბიპოლარული აშლილობა დაუდგინეს

 

  • გიჟი
  • შეშლილი
  • შიზოფრენიკი
  • პარანოიკი
  • ფსიქიკური ავადმყოფი
  • შიზოფრენიით/დეპრესიით/ ბიპოლარული აშლილობით დაავადებული
  • სულიერად ავადმყოფი
  • ფსიქიკური პრობლემის მქონე
კატეგორია - სახელმძღვანელო წესები
სასამართლო პროცესის გაშუქებისას ჟურნალისტს პროფესიული სტანდარტების დაცვის გარდა, სამართლებრივი რეგულაციების ცოდნა და გათვალისწინებაც უწევს, რადგან  სასამართლო პროცესის გაშუქების წესები კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.
კატეგორია - სახელმძღვანელო წესები
გენდერი სქესის სოციალური მახასიათებელია, რომელიც გამოხატავს საზოგადოების მიერ დადგენილ თუ გამომუშავებულ ფუნქციურ, ქცევით, მენტალურ თუ ემოციურ განსხვავებულობას ქალსა და კაცს შორის.
კატეგორია - სახელმძღვანელო წესები
წინასაარჩევნო კამპანია და კენჭისყრის დღე ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი ამბავია, რომლის გაშუქებამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს არამხოლოდ იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამომრჩეველი საბოლოოდ, არამედ ზოგადად საარჩევნო გარემოზე. სწორედ ამიტომ იზრდება მედიის პასუხისმგებლობა, რათა საარჩევნო სუბიექტები გააშუქონ მიუკერძოებლად, არადისკრიმინაციულად და სამართლიანად.
კატეგორია - სახელმძღვანელო წესები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში არსებული ფინანსური დახმარებით ეთიკურად გაშუქების სახელმძღვანელო წესების კრებული გამოსცა.

კრებული მოიცავს 2016 წლის განმავლობაში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს შემდეგ საკითხებზე:
  • კრიმინალის გაშუქება
  • სუიციდის გაშუქება
  • ტერორიზმის გაშუქება
  • კვლევების გაშუქება
  • სოციალური მედიის გამოყენება
  • ჟურნალისტის ინტერესთა კონფლიქტი
კრებულის სრული ვერსია ელექტრონულად შეგიძლიათ ნახოთ აქ
კატეგორია - სახელმძღვანელო წესები
ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

მედიის ქცევის კოდექსების უმრავლესობა ბავშვებთან დაკავშირებული სა­კითხების გაშუქებაზე ცალკე ამახვილებს ყურადღებას, ვინაიდან ბავშვების უფლებები ყველაზე ადვილად შეიძლება დაირღვეს, მათ შორის მშობლების მხრიდანაც. სწორედ ამიტომ მედიას აკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა, და­იცვას ბავშვის ინტერესები, ხელი არ შეუწყოს მათი უფლებების დარღვევას, სტიგმატიზებას, სტერეოტიპების გამყარებას.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით შექმნა ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო დოკუმენტი, სადაც დეტალურად გაიწერა რეკომენდაციები, რჩევები, რაც ჟურნალისტს დაეხმარება ეთიკური დილემების გადაჭრაში.
კატეგორია - სახელმძღვანელო წესები

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები ხშირად მანიპულაციის საფუძველი ხდება. კვლევის მხოლოდ ერთ მონაცემზე აქცენტირებით შესაძლებელია მთელი კონტექსტი დაირღვეს, ამიტომაც მიღებული შედეგების სრულად ასახვა ერთგვარი გამოწვევაა ჟურნალისტისთვის. მედიასაშუალება უნდა ეცადოს შეცდომაში არ შეიყვანოს აუდიტორია და ამით არ დააზიანოს საკუთარი სანდოობა და მიუკერძოებლობა წინამდებარე სახელმძღვანელო წესები მოიცავს რეკომენდაციებს თუ როგორ უნდა გაშუქდეს საზოგადოებრივი აზრის კვლევა როგორც წინასაარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში და რა პრინციპებით უნდა ხელმძღვანელობდეს მედია სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშების გაშუქებისას, გამოკითხვებისა და ინტერაქტივების მომზადებისას.

ძირითადი პრინციპები:

  • მედია არ უნდა დაეყრდნოს სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ კვლევის შედეგების ინტერპერტაციებს, თავად უნდა შეძლოს შედეგების და ტენდენციების ანალიზი.
  • შედეგები უმჯობესია ნაჩვენები იყოს იმდაგვარად, რომ გამოჩნდეს ტენდენცია. ცალკეული მონაცემის უკონტექსტოდ ჩვენებამ შესაძლოა, აუდიტორია შეცდომაში შეიყვანოს.
  • კვლევის გაშუქებისას არ გამოიყენოთ ისეთი სიტყვები, რამაც შესაძლოა უფრო მეტი სანდოობა მიანიჭოს მას. მაგალითად უმჯობესია  "გამოკითხვის მიხედვით", "გამოკითხულთა აზრით" და არა "გამოკითხვა ამტკიცებს".
  • კვლევის გაშუქებისას, მნიშვნელოვანია აუდიტორიას მიეწოდოს ინფორმაცია, ვინ ჩაატარა კვლევა და როგორია ცდომილება, სასურველია ეს ინფორმაცია გატანილი იყოს გრაფიკებშიც.
  • აუდიტორიამ უნდა მიიღოს ინფორმაცია კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ
  • მონაცემთა ინტერპრეტაციისას მნიშვნელოვანია ცდომილების ცოდნა.
  • მნიშვნელოვანია, გაშუქებისას ყურადღება მიექცეს კითხვების ფორმულირებას, ხშირად, სწორედ კითხვის ფორმულირება განსაზღვრავს რესპონდენტების პასუხებს.
  • მედია უნდა მოერიდოს ყველა იმ გამოკითხვის გაშუქებას, რომლის მეთოდოლოგიის მიმართ კითხვის ნიშნები არსებობს.
  • წინასაარჩევნო პერიოდში მედია საზოგადოებრივი აზრის კვლევისას ძირითადი აქცენტი იმაზე კეთდება, რომელი კანდიდატია ყველაზე რეიტინგული, ან პირიქით. გამოკითხვების მხოლოდ ამ ფოკუსით გაშუქებაში არის საფრთხე, რომ სხვა მნიშვნელოვანი მიგნებები, ისეთები რომლებიც პირდაპირ არ უკავშირდება კანდიდატების რეიტინგებს, დაიკარგოს და მათ შესახებ მოსახლეობამ ვერ გაიგოს
  • დაუშვებელია კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა.

კითხვები, რომელზე პასუხებიც უნდა ჰქონდეს ჟურნალისტს

 

  • ვინ ჩაატარა კვლევა?

თუ გამოკითხვის შედეგების მომწოდებელი პირი არ ან ვერ გეუბნებათ, ვინ ჩაატარა კვლევა, მაშინ შედეგები არ უნდა გამოქვეყნდეს, ვინაიდან მათი სანდოობა ვერ მოწმდება. სოლიდური ორგანიზაციები ყოველთვის მოგაწვდიან საჭირო ინფორმაციას, რადგან მათთვის რეპუტაცია მნიშვნელოვანია და ისინი ყოველთვის შეეცდებიან თავი აარიდონ ცდომილებებს.

  • ვინ და რატომ დააფინანსა კვლევა?

აუცილებელია იმის ცოდნა, თუ ვინ გადაიხადა კვლევაში ფული, ვინ ფიქრობს, რომ საკითხი მნიშვნელოვანია და ვინ ინტერესდება ხალხის აზრით ამ საკითხთან დაკავშირებით.

  • რამდენი ადამიანი გამოიკითხა კვლევისთვის? როგორ შეირჩნენ ეს ადამიანები?
ამ კითხვაზე პასუხით გაიგებთ, რამდენად რეპრეზენტატულია კვლევა და ასახავს თუ არა ის მართლაც საზოგადოების აზრს. შესაძლებელია გამოკითხული იყოს მოსახლეობის მცირე ნაწილი, თუმცა, შერჩევა ისე იყოს ჩატარებული, რომ ეს მცირე ნაწილი წარმოადგენდეს მთელი საზოგადოების განწყობას. ასეთ შემთხვევაში მისი განზოგადება შესაძლებელია, შესაბამისად, კვლევა რეპრეზენტატულია.
  • რა არეალიდან (სახელმწიფო, რეგიონი) და რა ჯგუფიდან (მასწავლებლები, იურისტები, დემოკრატიული ამომრჩევლები და ა.შ.) აირჩნენ ეს ადამიანები?

ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რომელი ჯგუფიდან არიან რესპოდენტები არჩეულნი.  მაგალითად დასაქმებული ადამიანების გამოკითხვა მხოლოდ დასაქმებული ადამიანების აზრს შეიძლება ასახავდეს და არა მთელი საზოგადოების.

  • ვინ არ გამოიკითხა, თუმცა უნდა ყოფილიყო?

არც ერთი გამოკითხვა არ აღწევს ყველა პოტენციურ რესპონდენტამდე. საჭიროა იცოდეთ, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა მიუღებელი პასუხების მინიმიზაციისთვის. რამდენჯერ და რამდენი ხანი ცდილობდა საზოგადოებრივი აზრის გამომრკვევი მიუწვდომელ რესპოდენტებთან დაკავშირებას.

  • როდის გაკეთდა გამოკითხვა?

მოვლენები დიდ გავლენას ახდენს კვლევის შედეგებზე. დროის მონაკვეთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. რამდენიმე კვირის/თვის წინ გაკეთებული გამოკითხვა თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს ვალიდურად.

  • როგორ მიმდინარეობდა კვლევა?

არსებობს რამდენიმე ვარიანტი:  პირისპირ, ტელეფონით, ონლაინ, ან ელ. ფოსტით. თითოეულ მათგანს თავისი დადებითი და უარყოფითი ფაქტორები აქვს. რესპონდენტთა ქცევა, შესაძლოა სწორედ გამოკითხვის მეთოდით იყოს განპირობებული

  • სანდოა, თუ არა ინტერნეტ სივრცეში არსებული კვლევები?

ონლაინ კვლევები დიდი სიფრთხილით უნდა შეფასდეს გამოყენებამდე. იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი აზრის გამომრკვევი იყენებს კვლევის ჩასატარებლად აუცილებელ ფუნდამენტურ მეთოდებს, თუ ინტერესის ობიექტებს აქვთ უნივერსალური წვდომა ინტერნეტზე, მხოლოდ მაშინ ონლაინ კვლევები შეიძლება ჩავთვალოთ გასაშუქებლად სანდო წყაროდ.

  • რა კითხვებისგან შედგება გამოკითხვა?

აუცილებელია გაარკვიოთ, თუ რა სიტყვებითაა კითხვა ფორმირებული, რადგან სიტყვის ფორმამ შეიძლება არსებითი ცვლილებები შეიტანოს შედეგებში. არის, თუ არა კითხვა მიუკერძოებელი? ექნება, თუ არა რესპოდენტების უმრავლესობას პასუხის გაცემის შესაძლებლობა?

  • რა თანმიმდევრობით დაისვა კითხვები?

ხანდახან კითხვების თანმიმდევრობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს კვლევის შედეგზე. რიგ შემთხვევებში ეს კეთდება განზრახ, რიგ შემთხვევებში კი შემთხვევით. მაგალითად, თუ რთული ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში რესპოდენტს ჯერ ეკონომიკის შესახებ კითხავთ აზრს და შემდეგ პრეზიდენტზე, პრეზიდენტის პოპულარობის რეიტინგი ალბათ უფრო დაბალი იქნება, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ კითხვების თანმიმდევრობას შეცვლით.

  • გაკეთებულა, თუ არა სხვა კვლევები ამ საკითხზე? ემთხვევა, თუ არა შედეგები ერთმანეთს? თუ არა, რატომ?

თუ კვლევები განსხვავდება, პირველ რიგში შეამოწმეთ დროის მონაკვეთი, რომელშიც გაკეთდა თითოეული მათგანი. თუ დრო განსხვავდება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საზოგადოებრივი აზრი შეიცვალა.

თუ ორივე კვლევა დაახლოებით ერთსა და იმავე დროის მონაკვეთში გაკეთდა, სთხოვეთ ორივე კვლევის ავტორს ახსნა-განმარტების გაკეთება. კონფლიქტური კვლევებისგან, ხშირად კარგი "ამბავი" გამოდის. ეხმარება მკითხველს ამ შედეგების ინტერპრეტაციაში. მაგალითად, თუ შედეგი აჩვენებს მომხმარებლის ნდობის შემცირებას, მაშინ, როცა წამყვანი ეკონომიკური მაჩვენებლები გაუმჯობესდა, რეპორტი შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ ანალიზს იმაზე, თუ რამდენად აისახება გაუმჯობესება ხალხის ყოველდღიურ ეკონომიკურ ცხოვრებაზე.

კვლევის კონტექსტში ჩასმა თქვენი გაშუქების მთავარი ნაწილი უნდა იყოს.

  • რამდენია ცდომილება?
  • არსებობს თუ არა რაიმე ფაქტორი, რასაც შეიძლება გავლენა ექონია კვლევის შედეგის უზუსტობაზე?


შედეგების ანალიზი


ხშირად დაშვებული შეცდომები:

  • კვლევის ძირითადი შედეგების იგნორირება და მონაცემების თვითნებური ინტერპრეტირება

მაგ: დავით ბაქრაძე პოლიტიკოსთა რეიტინგებში ლიდერობს (იხ. ჩარტი)

რატომ არის არასწორი: ჯამურად, პოპულაციის თითქმის ნახევარმა, 42%-მა არ დაასახელა არც ერთი პოლიტიკოსი, რომელიც მისი აზრით, ყველაზე მისაღებია. არასწორია ამ 42%-ის იგნორირება და თქმა, რომ მთელს გამოკითხულ პოპულაციაში ყველაზე მისაღები პოლიტიკოსი ბაქრაძეა.

  • მტკიცება, რომ გამოკითხვის შედეგებით არჩევნების შედეგების წინასწარ განსაზღვრა შეიძლება

რატომ არის არასწორი: მაგალითად, 2012 წლის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვისა და  ამავე წლის საპარლამენტო არჩევნებზე სხვადასხვა შედეგი დაფიქსირდა.

შედეგების ამგვარი ინტერპრეტირებით, ისევ და ისევ იგნორირებულია კვლევის ძირითადი შედეგები და ფოკუსირება კვლევის უმნიშვნელო ციფრებზე ხდება, ისე რომ გვავიწყდება პოპულაციის 42% პროცენტი, რომელსაც გადაწყვეტილი არ აქვს ვის მისცემს ხმას. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია კვლევის მიზანი და ამოცანები. ასევე, ამგვარი ინტერპრეტაციებისას, იგნორირებულია საზოგადოებრივი აზრის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი - შესაძლოა ის, რასაც კონკრეტული დროის მონაკვეთში ამბობს გამოკითხული, აქტუალურია იმ კონკრეტული დროის მონაკვეთში, მოგვიანებით კი, არის შესაძლებლობა, რომ გამოკითხულმა აზრი შეიცვალოს.

  • სხვდასხვა მონაცემის არარელევანტური შედარება

მაგალითად:

"გამოკითხვა აჩვენებს რომ ირაკლი ალასანია მოსახლეობის 51% - ისთვისაა მისაღები, შესაბამისად, პარტიასაც კარგი მხარდაჭერა აქვს".

"კვლევის შედეგები მცდარია, რადგან მოსახლების მიერ დავით უსუფაშვილის მოწონება მისი საქმიანობის მოწონება, ერთმანეთთან თანხვედრაში არ არის".

რატომ არის არასწორი: უმნიშვნელოვანესია დავაკვირდეთ კითხვის ფორმულირებას - "მოგწონს თუ არა კონკრეტული პირი?", "როგორ შეაფასებდი კონკრეტული პერსონის საქმიანობას", და "რომელი პარტიაა შენთან ყველაზე ახლოს", ეს სამი სხვადასხვა შეკითხვაა. არასწორია მათი ერთმანეთთან დაკავშირება და იმის თქმა, რომ თუკი პერ მოწონების გრაფაში მაღალი მაჩვენებელი აქვს, ხოლო პარტიას - დაბალი, შედეგები მცდარია.

  • აქტი და საზოგადოების აღქმა

საზოგადოებრივი აზრის კვლევა აჩვენებს, რას ფიქრობს ხალხი, ის არ არის მეცნიერულად დადასტურებული ფაქტი. გარდა ამისა, საზოგადოების განწყობები შესაძლოა შეიცვალოს, ცვლილება დაკავშირებულია სხვადასხვა გარემოებასთან, გამოკითხვის ჩატარების დროსთან, მიმდინარე მოვლენებთან და სხვა.

მაგ: "ყოფილი პრემიერმინისტრი გადაწყვეტილებებს იღებს ხელისუფლების სახელით".

რატომ არის არასწორი: საზოგადოებრივი აზრის კვლევა აჩვენებს პოპულაციის მოსაზრებებს და არა ფაქტებს, შესაბამისად, ფაქტის სახით იმის წარმოჩენა, რომ კვლევის მიხედვით ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილებებს ხელისუფლების ნაცვლად იღებს, მცდარია.

მაგალითი 2:  საქართველოში 65% უმუშევარია

რატომაა მცდარი: შეკითხვა ასეა ფორმულირებული "მიიჩნევ თუ არა თავს დასაქმებულად?’ ეს ნიშნავს, რომ ინტერვიუერი მოქალაქეებს ეკითხებოდა  მათი დასაქმების შესახებ. ხშირ შემთხვევაში, პოპულაციის ხედვა, მათივე დასაქმების შესახებ, განსხვავდება სახელმწიფოს ხედვისგან. შესაძლოა პირი თავს უმუშევრად მიიჩნევდეს, თუმცა სახელმწიფო მას დასაქმებულთა სტატისტიკაში თვლიდეს (მაგ: თვითდასაქმებულები). ფოკუს ჯგუფები აჩვენებს, რომ არის შემთხვევები, როცა ადამიანი არ მუშაობს კომპანიაში, ან არ მუშაობს თავისი პროფესიით, არის თვითდასაქმებული ან ფლობს მცირე ბიზნესს და  თავს მაინც დაუსაქმებლად მიიჩნევს. თუმცა, ის ფაქტი, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ამ კომპონენტში შესაძლოა რეალობას არ გამოხატავდეს, არ ნიშნავს იმას, რომ ის უმნიშვნელოა. პირის მოსაზრება ან კმაყოფილება მის სამუშაო სტატუსთან დაკავშირებით შესაძლოა უფრო საინტერესო იყოს, ვიდრე სტატისტიკის დეპარტამენტის ეკონომისტების მიერ დათვლილი რაოდენობრივი მონაცემი უმუშევრობის შესახებ.

  • ორი განსხვავებული გამოკითხვის შედარება, იმის დასადგენად, რომელია სწორი

რატომ არის არასწორი: როცა ორ კვლევას ადარებ, მნიშვნელოვანია გაითვალისწინო შემდეგი დეტალები: მეთოდი, რითიც რესპონდენტების შერჩევა მოხდა, სად ჩატარდა კვლევა, როდის გაკეთდა საველე სამუშაოები, რა მეთოდი იქნა გამოყენებული, რა არის კვლევის ცდომილება, როგორ იყო საკვლევი კითხვები ფორმულირებული,  რა იყო შესაძლო პასუხების ჩამონათვალი, როგორი იყო ინტერვიუერებისთვის მიცემული ინსტრუქცია. შესაძლებელია რომ ორმა გამოკითხვამ, მიუხედავად იმისა, რომ  დროის ერთ მონაკვეთშია ჩატარებული, ერთი და  იმავე მეთოდით, სხვა შედეგები დადოს. ეს იმიტომ, რომ შედეგებზე წვრილმანი დეტალებიც კი ახდენს გავლენას. ეს არ ნიშნავს, რომ ერთი კვლევა სწორია, მეორე არასწორი.  საზოგადოებრივი აზრი ხშირად იცვლება, ამის მიზეზი ბევრი ფაქტორია,  პერსონალური დეტალებით დაწყებული, სერიოზული, საერთო,  ფართომსაშატაბიანი ღონისძიებებით დამთავრებული. შესაძლოა ერთ კითხვას ადამიანმა დილით სხვა პასუხი გასცეს, საღამოს კი სულ სხვა.

  • კონკრეტული სეგმენტის უგულებელყოფა

მაგალითად, "ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს გამოკითხულთა 29% "ქართულ ოცნებას" მისცემდა ხმას

რატომ არის არასწორი: გრაფიკზე ჩანს, რომ კითხვაზე "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?" მხოლოდ იმ მოქალაქეებმა უპასუხეს, ვისაც არჩევნებში წასვლა გადაწყვეტილი ჰქონდა. ასეთი კი გამოკითხულთა 30% იყო. შესაბამისად, მხოლოდ 30 პროცენტიდან 29% აპირებს არჩევნებზე კოალიციისთვის ხმის მიცემას. აქედან გამომდინარე ამ მონაცემის განზოგადება არასწორია.

  • ცდომილების იგნორირება

მაგალითად, "გამოკითხვის მიხედვით, ნაციონალურ მოძრაობას უფრო მეტი მოქალაქე არასოდეს დაუჭერდა მხარს, ვიდრე ქართულ ოცნებას"

რატომ არის არასწორი: ყველა კვლევაში ცდომილება მინიმუმ 1%-ია, ამიტომ როდესაც ერთი მონაცემი მეორეზე ერთი პროცენტით მეტია, არასწორია ზრდაზე ან უპირატესობაზე ან ზოგადად რაიმე ტენდენციაზე საუბარი. შესაბამისად,  თუ სხვაობა ცდომილების ტოლია ან ნაკლებია ცდომილებაზე, ეს ნიშნავს რომ სხვაობა რეალურად არ არის.

ანგარიშები

ანგარიშები მნიშვნელოვნად განსხვავდება საზოგადოებრივი აზრის კვლევებისგან. თუ ეს უკანასკნელი კონკრეტული პირების გამოკითხვას გულისხმობს, ანგარიში უმთავრესად ექსპერტთა დაკვირვებას და ანალიზს ეყრდნობა.

  • თუ ანგარიშის მოსამზადებლად გამოყენებულია ფოკუს ჯგუფები და იქ მონაწილე პირთა მოსაზრებები, არ ნიშნავს იმას, რომ ავტორი ორგანიზაცია ამ ციტატას ეთანხმება. შესაბამისად, ჟურნალისტმა  ფოკუს ჯგუფის მონაწილის ციტატა არ უნდა გაავრცელოს, როგორც ორგანიზაციის დასკვნა.
  • საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშების შედარებისას აუცილებელია ყურადღება მიექცეს მეთოდოლოგიას, თუ რა მიმართულებით ზომავს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას ანგარიშის ავტორი ორგანიზაცია. მაგალითად, ერთი მათგანი შესაძლოა აქცენტს აკეთებდეს ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეშლაზე, მეორე კი მედიის მიმართულებით საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაზე. შესაბამისად სხვდასხვა ქულას ანიჭებდეს ამ ორ კომპონენტს.

მაგალითი 1.

არასწორია: ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ანგარიშის მიხედვით საქართველოში მედიაგარემო გაუმჯობესდა"

სწორია: ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" რეიტინგში  საქართველომ წინ წაიწია

ცხრილიდან ჩანს, რომ საქართველოში მედიაგარემო საერთო მაჩვენებლით -0.26 ქულით გაუარესდა, მაგრამ რეიტინგში 5 საფეხურით მაინც წინ წაიწია. მეთოდოლოგიას თუ ჩავხედავთ და მთლიან რეიტინგს გავეცნობით, შევადარებთ წინა წლის მონაცემებთან, აღმოვაჩენთ, რომ უფრო მეტი ქულით გაუარესდა იმ ქვეყნების მდგომარეობა, რომლებიც წინა წელს საქართველოზე უკეთეს პოზიციებს უკავებდნენ. სწორედ სხვა ქვეყნებში მდგომარეობის გაუარესების გამო გადაინაცვლა საქართველომ 5 პოზიციით წინ და არა იმიტომ, რომ მედია გარემო ქვეყანაში გაუმჯობესდა.

ქუჩაში გამოკითხვა

  • საზოგადოების გამოკითხვა ქუჩაში, ეწ VOX POP არის კარგი საშუალება ამა თუ იმ საკითხისადმი საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულების საჩვენებლად. დაუშვებელია მათი მოსაზრებების განზოგადება, ვინაიდან ამგვარი გამოკითხვა არ არის რეპრეზენტატული და არ ასახავს მთელ საზოგადოებას შესაბამისად არასწორია გამოკითხვის წარდგენა მაგალითად, ამგვარად "თბილისელთა აზრით". უმჯობესია "ჩვენ მიერ გამოკითხულთა აზრით".
  • ჟურნალისტმა კეთილსინდისიერად უნდა შეარჩიოს რესპონდენტები მასალის მონტაჟისას და არ მიანიჭოს უპირატესობა მხოლოდ ერთი მოსაზრების მქონე პირებს.
  • უმჯობესია ჟურნალისტი წინასწარ შეუთანხმდეს მოქალაქეს და სთხოვოს გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება, ამცნოს თემა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს ჩაწერა.
  • ჟურნალისტმა არ უნდა დაუსვას ისეთი კითხვა განსაკუთრებით არასრულწლოვანს, რაც მას დაცინვის ობიექტად წარმოაჩენს. მაგალითად, არ უნდა ჰკითხოს ბავშვს მოსაზრება საერთაშორისო პოლიტიკაზე, თემაზე რაზეც ლოგიკური შეფასებით შეუძლებელია მისგან ადეკვატური პასუხის მიღება.


ინტერაქტივი

ინტერაქტივის კითხვის შერჩევისას მედიასაშუალება უნდა მოერიდოს იმგვარად ფორმულირებას, რაც:

  • მანიპულაციის საფუძველი გახდება. ვინაიდან კითხვის პასუხიც მედიის მიერ არის შეთავაზებული მანიპულაციის რისკიც იზრდება
  • სვამს იმ პრობლემას, რაც საზოგადოებაში არ არსებობს
  • აყენებს საზოგადოებას რეალურად არარსებული დილემის წინაშე

დაუშვებელია ინტერაქტივის განზოგადება და ისეთი ფრაზების გამოყენება, როგორიცაა "საზოგადოების აზრით", "მაყურებელი მიიჩნევს, რომ". უმჯობესია თქვათ "შემოსული ზარებიდან, ამდენი მიიჩნევს, რომ", "მათგან, ვინც ინტერაქტივში მიიღო მონაწილეობა"

ინტერაქტივისას შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტული საკითხის, პირის მხარდამჭერებმა დარეკონ/გააგზავნონ შეტყობინება. შესაბამისად, ინტერაქტივის კითხვის პასუხების გამოყენება საზოგადოების დამოკიდებულების საჩვენებლად, არ არის რეკომენდირებული.


გამოყენებული მასალა

  • საქართველოს საარჩევნო კოდექსი
  • "ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) საქართველოს ოფისიდან მიღებული დოკუმენტი "ხშირად დაშვებული შეცდომები NDI-ს კვლევის გაშუქებისას"
კატეგორია - სახელმძღვანელო წესები

ჩამოტვირთეთ pdf ვერსია

სუიციდი ერთ-ერთი რთული თემაა გაშუქების თვალსაზრისით, ვინაიდან ერთდროულად ბევრი ეთიკური დილემის გადაჭრა უწევს ჟურნალისტს. კვლევებმა დაადასტურა, რომ ცალკეული შემთხვევების ზედაპირულმა გაშუქებამ შეიძლება გამოიწვიოს თვითმკვლელობის ახალი შემთხვევები და პირიქით, ფრთხილმა, კვალიფიციურმა გაშუქებამ შესაძლოა ეს რიცხვი შეამციროს კიდეც. შესაბამისად, რედაქცია განსაკუთრებით ყურადღებით უნდა მოეკიდოს ამგვარი ინფორმაციის გავრცელებას და დასვას კითხვა - რატომ ვაშუქებთ ამ კონკრეტულ შემთხვევას?

გაშუქების მიზანი

სუიციდი ხელშეუხებელი თემა არ არის.  ყოველწლიურად ბევრი ადამიანი სწორედ ამ მიზეზით იღუპება. შესაბამისად, სუიციდის შესახებ საზოგადოებას, ცხადია, უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია. მთავარი საკითხი ისაა, უნდა გავაშუქოთ თუ არა ყოველი კერძო შემთხვევა? - ამ კითხვაზე ფსიქოლოგებსა და მედიამკვლევრებს ცალსახა უარყოფითი პასუხი აქვთ. მედიამ უნდა უპასუხოს კითხვებს:

  • რატომ აშუქებს თვითმკვლელობის ამ კონკრეტულ შემთხვევას?
  • რატომ ასახელებს გარდაცვალების მიზეზს (თვითმკვლელობას)?

სუიციდი ორი მიმართულებით შეიძლება გაშუქდეს:

ზოგადი - ამგვარი გაშუქების მთავარი ფოკუსი პრობლემაზე მსჯელობაა. მაგალითად, შესაძლებელია, საზოგადოებას დაეხმაროთ გაარჩიონ სუციდის გამომწვევი ნიშნები, რათა მოხდეს პრევენცია. ასევე შეიძლება გაშუქდეს ოფიციალური უწყებების მიერ მზარდი სტატისტიკის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და აქცენტი გაკეთდეს გამომწვევ მიზეზებზე.

ინდივიდუალური - თუ მედიასაშუალება გადაწყვეტს, რომ კონკრეტული შემთხვევის შესახებ მოუყვეს აუდიტორიას, ამგვარი ამბავი ერთ-ერთ კრიტერიუმს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს:

  • კონკრეტული შემთხვევის მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი.
  • ამ ფაქტის გაშუქებასთან დაკავშირებით არსებობს გარდაცვლილის ოჯახის წევრების ან ახლობლების გაცნობიერებული თანხმობა.

იდენტური კრიტერიუმების მიხედვით უნდა გადაწყვიტოს რედაქციამ გაასაჯაროვებს თუ არა იმ პირის ვინაობას, რომელიც სუიციდის შედეგად გარდაიცვალა.

გაშუქების დეტალები

  • თუ სამართლებრივად დადასტურებული არ არის, რომ საქმე გვაქვს სუიციდთან, თავად ნუ გააკეთებთ საქმის ამგვარ კვალიფიკაციას.
  • სუიციდის განხორციელების ადგილი და დეტალების გასაჯაროვება საჭირო არ არის. ამგვარ დეტალებზე ყურადღების გამახვილებით შესაძლოა, უნებურად თავად ვასწავლოთ, თუ როგორ გააკეთონ ეს. განსაკუთრებით მაშინ, თუ ადამიანმა სუიციდს იმ ადგილას ან იმ მეთოდით მიმართა, რაც საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია.
  • დაუშვებელია სუიციდის რომანტიზება, სენსაციურ ჭრილში გაშუქება, წარმატებული ადამიანის თვითმკვლელობის, როგორც რაღაც უსაფუძვლოს ან აუხსნელის წარმოჩენით მგრძნობიარე ადამიანებს შეიძლება, გაუჩნდეთ განცდა, რომ სუიციდის შემდეგ მათ სიცოცხლეს დააფასებენ.
  • სუიციდი როგორც პრობლემის გადაჭრის გზა, არ უნდა იყოს ნაჩვენები.
  • მოერიდეთ ხაზგასმას იმაზე, როგორი ახალგაზრდა, ლამაზი, ნიჭიერი ადამიანი იყო გარდაცვლილი. ეს განსაკუთრებით სახიფათოა არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი სუიციდის გაშუქებისას. ამ ასაკში მათ უმთავრესად ყურადღების ცენტრში მოხვედრა სურთ, მედიამ კი გაუცნობიერებულად შესაძლებელია სუიციდი დაუსახოს ამგვარ გზად.
  • არ დაიყვანოთ სუიციდი მხოლოდ ერთ მარტივ მიზეზამდე, მაგალითად, პირად ურთიერთობებში არსებული პრობლემები, ფინანსური მდგომარეობა, ნარკოტიკები და აშ. განსაკუთრებით საშიშია სუიციდის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის (მაგალითად, ფსიქიკური პრობლემები) დასახელება. ამგვარი გაშუქება ფარულ მესიჯს ატარებს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის გამოსავალი სუიციდია.
  • ფრთხილად იყავით, სანამ სუიციდის ცალკეულ შემთხვევებს შორის ურთიერთკავშირის დადგენას გადაწყვეტთ.
  • უნდა შესთავაზოთ აუდიტორიას ინფორმაცია იმ სერვისების შესახებ, რომელიც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს და სუიციდის მსხვერპლთა ოჯახის წევრებს ეხმარება.
  • სუიციდი ზოგჯერ გაშუქებულია რელიგიურ და კულტურულ კონტექსტში. რელიგიებს, კულტურებს, სულიერ სწავლებებს აქვთ სხვადასხვა ჩვევები, რომლებიც ასოცირებულია სიკვდილთან: დასაფლავების, გლოვის რიტუალები. სუიციდის ცალკეული შემთხვევის გაშუქებისას მნიშვნელოვანია იმ რელიგიური და კულტურული გარემოს, კონტექსტის ცოდნა, სადაც სუიციდის მსხვერპლი ცხოვრობდა.

ვიზუალური მასალა:

  • ყურადღებით მოეკიდეთ სათაურსა და ვიზუალურ მასალას, რასაც იყენებთ. იფიქრეთ იმაზე, მიაყენებთ თუ არა ტკივილს გარდაცვლილის ახლობლებს ამგვარი გაშუქებით.
  • სათაურში მოერიდეთ სიტყვების "თვითმკვლელობა", "სუიციდი" გამოყენებას.
  • ეცადეთ, არ გამოაქვეყნოთ იმ პირის ფოტო, ვინც სუიციდის შედეგად გარდაიცვალა. ამით შეამცირებთ საკითხის რომანტიზებას.
  • იფიქრეთ სიტყვებზე, გაშუქების ენაზე, რასაც სუიციდის შესახებ სტატიაში ან სიუჟეტში გამოიყენებთ. თავი აარიდეთ სიტყვებს, სურათებს, ხატებს, რომლებმაც შესაძლოა სუიციდის გლამურულ, რომანტიკულ კონტექსტში წარმოჩენას შეუწყოს ხელი.
  • თავი აარიდეთ სენსაციურ გაშუქებას, მყვირალა სათაურებს და გამომსახველობით გრაფიკას, ფოტოებს.

ახლობლებთან უერთერთობა

  • მეგობრებს და ნათესავებს შესაძლებელია, ტანჯავდეთ დანაშაულის მძაფრი შეგრძნება ან გარდაცვლილის მიმართ განიცდიდნენ რისხვას.
  • ხანდახან შეიძლება ჩათვალოთ, რომ მოცემულ მომენტში უმჯობესია ნათესავებსა და მეგობრებს ახლოსაც არ გაეკაროთ.
  • ახლობლებს პირდაპირ არასდროს ჰკითხოთ "რატომ გააკეთა მან ეს?"
  • სუიციდის მსხვერპლის ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები არიან აფექტურ მდგომარეობაში, დაბნეულები, თავს გრძნობენ დამნაშავედ და ეძებენ პასუხებს კითხვაზე, რატომ მოიქცა მათი ახლობელი ასე. ასეთ სიტუაციაში მათ შესაძლოა ჟურნალისტებს უთხრან ისეთი რამ, რასაც მომავალში ინანებენ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სუიციდის მსხვერპლის გარემოცვა ხშირად იყენებს მედიასთან ინტერვიუს იმისთვის, რომ ბრალი დასდოს რომელიმე პირს ახლობლის თვითმკვლელობაში. არადა, ამ დროს, ისინი, მიღებული შოკის გამო, შესაძლოა კარგად ვერც აცნობიერებდნენ საკუთარ ნათქვამსა თუ ქმედებებს. კვლევები ცხადყოფს, რომ სუიციდის მსხვერპლთა ოჯახი თავადვე არის სუიციდისკენ მიდრეკილი მაღალი რისკჯგუფი.
  • გადაამოწმეთ ფაქტები, განსაკუთრებით მაშინ, როცა რესპონდენტი არ არის სუიციდის მსხვერპლის ახლო ნათესავი, ასეთ დროს შესაძლებელია მას უბრალოდ მედიის ყურადღების ცენტრში მოხვედრა უნდოდეს.
  • არ უთხრათ ტრავმირებულ ადამიანს, მსხვერპლის ოჯახს, რომ შენ იცი, რას გრძნობს ის ახლა, რადგან შენ არ გამოგიცდია, რას ნიშნავს ახლობლის დაკარგვა.

მითების გაღრმავება

მედიამ ხელი არ უნდა შეუწყოს სუიციდთან დაკავშირებით არსებული სტერეოტიპების, მითების გაძლიერებას. მაგალითად:

ადამიანებს ეკრძალებათ სუიციდზე საუბარი - სუიციდზე საუბარი აკრძალული არ არის.

სუიციდზე საუბარი წაახალისებს სუიციდს - თუ შიშობ, რომ ვინმე შეიძლება მიდრეკილი იყოს სუიციდისკენ, უნდა ისაუბრო ამაზე, უნდა მიაწოდო მას ინფორმაცია და დახმარების გზები. თუ ადამიანებმა იციან ნიშნები, რითიც სუიციდისკენ მიდრეკილი ადამიანის გამოვლენა შეიძლება, შესაძლოა დავეხმაროთ მათ.

ადამიანები რომლებიც სუიციდზე საუბრობენ, თავს არასოდეს მოიკლავენ - ადამიანები რომლებიც თავს იკლავენ, სუიციდამდე ხშირად საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ ცხოვრება არ ღირს.

მათ ვინც თავი მოიკლეს, სიცოცხლე აღარ უნდოდათ - კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებმაც თვითმკვლელობა სცადეს, ამბობენ, რომ მათ სიცოცხლე კი არ მობეზრდათ, უბრალოდ  საკუთარი ცხოვრების შეცვლა სურდათ.

გამოყენებული მასალები

  • Australian Press Council - Specific Standards on Coverage of Suicide
  • Media Freedom Committee and the Newspaper Publishers’ Association (2011) – Reporting Suicide
  • American Association of Suicidology – Recommendations for Suicide http://www.suicidology.org/Portals/14/RecommendationsForReportingOnSuicide_swm.pdf
  • კავკასიის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლაgipa.ge საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება - სუიციდის გაშუქება სახელმძღვანელო ჟურნალისტებისთვის /media/1000044/2015/02/suicide.pdf
  • ოქრუაშვილი მაია (2005) - პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა http://bit.ly/1sCbH2K