სახელმძღვანელო წესები
კატეგორია - სახელმძღვანელო წესები

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

სოციალური მედია თანამედროვე ჟურნალისტიკის განუყოფელი ნაწილი გახდა, როგორც ინფორმაციის მოძიების, ასევე გავრცელების თვალსაზრისით. წინამდებარე რეკომენდაციები ეყრდნობა საერთაშორისო მედიის სარედაქციო დოკუმენტებს, პრესის საბჭოების კოდექსებს და მიზნად ისახავს ჟურნალისტების დახმარებას, რათა მათ შეძლონ პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას მიუკერძოებლობის და სანდოობის შენარჩუნება სოციალური მედიის გამოყენებისას.

დოკუმენტში გაწერილი რეკომენდაციები ზოგადი ხასიათისაა და კონკრეტული დეტალები თავად მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისად უნდა შეთანხმდეს და  დარეგულირდეს.

ზოგადი პრინციპები

  • სოციალური ქსელის პირადი ანგარიში ჟურნალისტის მხრიდან შესაძლოა გამოყენებული იყოს როგორც პირადი, ისე პროფესიული მიზნებისთვის.
  • სოციალური მედიის გამოყენებისას ჟურნალისტი ისევე ვალდებულია დაიცვას ეთიკური და პროფესიული სტანდარტები, როგორც ეს რეალურ სივრცეში ხდება.
  • სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაციის გამოყენება დაშვებულია, თუმცა, აუცილებელია გადამოწმება, ვინაიდან ონლაინ სივრცეში ყალბი ინფორმაციის გავრცელება ძალიან მარტივია.
  • რედაქციის მიერ საკუთარი ჟურნალისტებისთვის სოციალურ ქსელში რეგულაციების დაწესებისას უნდა იყოს დაცული ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და მედიის მიმართ აუდიტორიის სანდოობის უზრუნველყოფას შორის. ამისათვის საჭიროა რედაქციამ შრომითი ურთიერთობის დაწყებისთანავე აცნობოს ჟურნალისტს თუ რა რეკომენდაციას აძლევს სოციალურ ქსელში ქცევასთან დაკავშირებით და რა შედეგი იქნება მისი დარღვევისას.


ინფორმაციის წყაროები და სოციალური მედია

სოციალური ქსელები ინფორმაციის მნიშვნელოვან წყაროდ იქცა. ხშირ შემთხვევაში საჯარო პირები თუ ორგანიზაციები პირველად ინფორმაციას სწორედ სოციალური ქსელების მეშვეობით ავრცელებენ. ვირტუალურ სივრცეში გაყალბება კიდევ უფრო გამარტივდა. ინფორმაციის გაცვლისას კი ბევრი ნიუანსი შეიძლება დაიკარგოს. არაერთი შემთხვევაა ყალბი ანგარიშებით ამა თუ იმ პირის სახელით ინფორმაციის გავრცელებისა, რაც თანამედროვე მედიის კიდევ ერთ გამოწვევად იქცა. ჟურნალისტებს უწევთ ინფორმაციის გადამოწმების  ახალი რესურსების მოხმარება ისწავლონ.

Facebook-ი რომ საჯარო სივრცეა ეს საქართველოს უზენაესმა სასამართლომაც თქვა თავის ერთ ერთ გადაწყვეტილებაში. შესაბამისად, სოციალური ქსელიდან ინფორმაციის აღება, ამ პლატფორმის როგორც წყაროდ გამოყენება პრობლემას არ ქმნის, თუმცა ჟურნალისტმა უნდა გაიაზროს არის თუ არა სოციალურ ქსელში გავრცელებული ცნობა ინფორმაციული ღირებულების, შესაძლებელია თუ არა ავტორთან დაკავშირება და დეტალების დაზუსტება? ანგარიშის ნამდვილობის შემოწმება?

"გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში, "საჯაროდ გავრცელება" არ გულისხმობს ინფორმაციის მხოლოდ პრესასა თუ ტელევიზიაში გახმაურებას, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც სოციალური მედია, ბლოგინგი და მიკრობლოგინგი სულ უფრო დიდ როლს ასრულებს თანამედროვე საზოგადოების ცხოვრებაში. ნებისმიერი საშუალება, რომელიც ინფორმაციის პირთა განუსაზღვრელი წრისადმი მიწოდებისათვის გამოდგება,  საჯაროდ გავრცელების წყაროდ უნდა შეფასდეს. . .  ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და პოპულარული სოციალური ქსელი არის Facebook, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მილიონობით მომხმარებელს აერთიანებს. Facebook-ზე" კონკრეტული მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი ხდება მასთან დამეგობრებული პირებისათვის ან ყველა მომხმარებლისათვის, ავტორის არჩევანის  შესაბამისად. ინფორმაციასთან დაშვებულ ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ამ ინფორმაციის გაზიარება თავისი კონტაქტებისათვის თუ პირთა განუსაზღვრელი წრისათვის, ასევე ციტირება პირად საუბარში, პრესასა თუ ინტერნეტ გამოცემებში.  სოციალური ქსელის სწორედ ამ თვისებების გათვალისწინებით, კონკრეტული მომხმარებლის მიერ ე.წ სტატუსის თუ კომენტარის გამოქვეყნება ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებად უნდა შეფასდეს".

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 9 იანვრის №ას-1559-1462-2012 განჩინება
  • სოციალური ქსელიდან მოპოვებული ინფორმაცია უნდა გადიოდეს გადამოწმების ყველა იმ ფილტრს, რასაც ჩვეულებრივ, სხვა გზებით მოპოვებული ახალი ამბავი გადის.
  • ჟურნალისტს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს სოციალური ქსელში გამოქვეყნებული პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გამოყენებისას. ასეთ დროს სჯობს, ნებართვა აიღოს ავტორისგან.
  • თუ ჟურნალისტი ვერ ამოწმებს ინფორმაციის ნამდვილობას, მან აუცილებლად უნდა ამცნოს ამის შესახებ აუდიტორიას. სარედაქციო კოდექსების ნაწილი ჟურნალისტებს რეკომენდაციას აძლევს, რომ გადამოწმების ამ ეტაპზე არ გაჩერდნენ და საბოლოო შედეგი გააცნონ საზოგადოებას - დადასტურდა ეს ინფორმაცია თუ არა.
  • ინფორმაციის წყაროთა გადამოწმება სოციალურ ქსელებში, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე შესაძლოა, რთული იყოს, თუმცა ჟურნალისტმა მაინც ყველა ღონე უნდა იხმაროს მის გადასამოწმებლად.
  • ჟურნალისტს სიფრთხილე მართებს ყალბი ანგარიშების გადასამოწმებლადაც. ცნობილი ადამიანების ოფიციალური გვერდები სპეციალური მარკერით აღინიშნება, რითიც დასტურდება მათი ნამდვილობა. თუმცა, იყო შემთხვევები, როცა Twitter-იც მოტყუვდა და მარკირება ყალბ ანგარიშს გაუკეთა. ამიტომ აუცილებელია, ჟურნალისტმა თავად გადაამოწმოს. როდესაც არსებობს ეჭვი ანგარიშის ნამდვილობასთან დაკავშირებით უნდა აცნობოს აუდიტორიას.
  • მასალაში რომელიმე ელექტრონული ბმულის მითითებისას ჟურნალისტი დარწმუნებული უნდა იყოს მის სანდოობაში (we think, before we link).
  • სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტო ან ვიდეო მასალის ჟურნალისტურ პროდუქტში გამოყენებისას, სასურველია ჟურნალისტმა დაადგინოს ვის აქვს საავტორო უფლება ამ მასალაზე და მათგან ნებართვა აიღოს.
  • სოციალურ ქსელებში დიდი ხნით ადრე გადაღებული ფოტო ხშირად ვრცელდება როგორც ახალი, რაც შესაძლოა მანიპულაციის საფუძველი გახდეს, ეს კი თავიდან უნდა აირიდოს მედიამ.
  • ჟურნალისტმა არ უნდა მიმართოს რაიმე ხერხს სხვის ანგარიშში შესაღწევად. მაშინაც კი, როდესაც პირადი მიმოწერა საჯარო სივრცეში ქვეყნდება, მასალის გამოყენებამდე ჟურნალისტი უნდა ეცადოს საუბრის მონაწილეებთან მისი ნამდვილობის შემოწმებას, თუ ეს ვერ ხერხდება, მაშინ ამის შესახებ უნდა აცნობოს აუდიტორიას.
  • სოციალური ქსელით კომენტარის აღებისას, საუბრის დაწყებამდე ჟურნალისტმა რესპონდენტი უნდა გააფრთხილოს, რომ მისი ნათქვამი გასაჯაროვდება.
  • ჟურნალისტს ან მედიასაშუალებას სოციალური ქსელით შეუძლია მოუწოდოს მკითხველს გამოთქვას აზრი ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, ასევე სთხოვოს, რომ მიაწოდონ რედაქციას მოვლენის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა. არ უნდა მოუწოდოს მკითხველს მასალის გამოგზავნა ისეთი ადგილიდან, სადაც ყოფნამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მოქალაქეს.
  • მაშინ, როცა ჟურნალისტი წყაროსთან ამყარებს კომუნიკაციას სოციალური ქსელით, ან იყენებს სოციალურ ქსელებს პროფესიული საქმიანობისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ის მომხმარებლებისთვის იდენტიფიცირებული იყოს, როგორც ამა თუ იმ მედიის ჟურნალისტი.

კითხვები რედაქციისთვის:

  • ვინ არის ვიდეოს/ფოტოს/ტექსტის ავტორი? რა მოტივაცია ჰქონდა გავრცელებისას?
  • თავად გადაიღო თუ სხვის გადაღებულს ავრცელებს?
  • აქვს გავრცელების უფლება?
  • რას ამბობს ფოტოს მეტა მონაცემები (Metadata)?
  • ინფორმაციის მიღების სხვა წყაროები არსებობს?
  • რამდენად ღირებულ ინფორმაციას აწვდის მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. ღირს მისი გამოყენება?
  • არსებობს თუ არა შეთანხმებული პროცედურები, რაც უნდა გაიაროს ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში (Facebook, Twitter, Youtube და აშ) გავრცელებული ფოტოს/ვიდეოს შესამოწმებლად?

ჟურნალისტის გამოხატვა სოციალურ ქსელში

2015 წელს Associated Press-ი და CNN შეცდომაში შეიყვანა მოქალაქე მარი პარკერმა, რომელმაც twitter-ზე გამოაქვეყნა ინფორმაცია თითქოს შეესწრო სროლას სან ბერნანდოში. მსროლელი კი ერთერთ ორგანიზაციას დაუკავშირა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ინფორმაცია არასწორი იყო, რის გამოც მედიასაშუალებებმა ბოდიში მოიხადეს.  მარი პარკერმა კი განაცხადა: "როდესაც სროლის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, twitter-ზე მე დავწერე როგორ მოვკარი თვალი სროლას. მაშინვე ბევრმა რეპორტიორმა გამომიგზავნა შეტყობინება და მთხოვა ინტერვიუ. მიმიწვიეს პირდაპირ ეთერში. შესანიშნავი იყო როგორ აღმოვჩნდი ტელევიზიაში."

  • სოციალურ ქსელში ინფორმაციის გამოქვეყნება საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებაა, იმის მიუხედავად მითითებული აქვს პირადი (private) რეჟიმი თუ საჯარო (public).
  • ნებისმიერი სახის პერსონალური ინფორმაცია, პოსტი, კომენტარი, შესაძლოა მომხმარებელმა აღიქვას და დააკავშიროს იმ მედიასაშუალებასთან, რომელშიც პოსტის ავტორი ჟურნალისტი მუშაობს, ამიტომაც ჟურნალისტი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ინფორმაციას, რომელსაც სოციალურ ქსელში აქვეყნებს, განსაკუთრებით, იმ თემაზე, რაზეც ის ან მისი რედაქცია მუშაობს.
  • სოციალურ ქსელში პოლიტიკური შეხედულებების, სიმპატიების ან ანტიპატიების გამომხატველი პოსტის გამოქვეყნებამ შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ჟურნალისტის მიუკერძოებლობა და დააზიანოს მის მიმართ ნდობა.
  • სოციალურ ქსელში რაიმე სახის საინფორმაციო ან სხვა სახის კამპანიის ღია მხარდაჭერამ შესაძლოა, ეჭვქვეშ დააყენოს ჟურნალისტის მიმართ სანდოობა.
  • ბუნებრივია, ჟურნალისტსაც აქვს უფლება, ჰქონდეს პირადი სივრცე ინტერნეტში, ამიტომაც საუკეთესო გამოსავალია, გამოიყენოს სოციალური გვერდების სპეციალური ფუნქციები, ფილტრები, რათა მარტივად განსაზღვროს რა სახის ინფორმაცია პირთა რა წრეს გაუზიაროს. ამასთან მნიშვნელოვანია, მუდმივად ახსოვდეს, რომ წარმოადგენს მედიასაშუალებას.

 

კითხვები რედაქციისთვის:

  • არის თუ არა ჟურნალისტი სამუშაოს დაწყებისას წინასწარ ინფორმირებული გამოხატვის რა ფარგლები აქვს დაწესებული რედაქციას სოციალურ ქსელებში?
  • შეუძლიათ თუ არა ჟურნალისტებს სხვა პლატფორმაზე ბლოგების წერა?
  • რა პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მას შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში?
  • ვინ იღებს პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევაში გადაწყვეტილებას?


დამეგობრ
ება, გამოწერა სოციალურ ქსელში

ბრიტანულმა პრესის საბჭომ (Press Complaint Commission, 2014) კი ეთიკური სტანდარტის დარღვევა დაუდგინა ჟურნალისტს, რომელმაც მომჩივანის აზრით, შეურაცხმყოფელი კომენტარი გამოაქვეყნა Facebook -ზე. საქმე იმაშია, რომ საჩივრის ავტორი დაუკავშირდა რედაქტორს მაშინ, როდესაც ის ახლობლის გარდაცვალების გამო შვებულებაში იმყოფებოდა და უთხრა, რომ იმედგაცრუებული იყო, რადგან რედაქტორმა მისი წერილი გაზეთში არ გამოაქვეყნა. რედაქტორმა Facebook-ზე ამ ფაქტის შესახებ რამდენიმე პოსტი დაწერა და მომჩივანს ცხოვრების გამწარებით დაემუქრა.  მომჩივანი ფიქრობდა, რომ რედაქტორმა ამ ქმედებით დაარღვია ეთიკის მეოთხე მუხლი, რომელიც ჟურნალისტის მხრიდან შევიწროვებას, დაჩაგვრას კრძალავს.  საქმის განხილვისას გაზეთი აპელირებდა იმაზე, რომ მისი რედაქტორის მიერ პერსონალური ანგარიშით გამოქვეყნებული პოსტი შეზღუდული რაოდენობის ადამიანმა ნახა, გარდა ამისა, ის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იყო. პრესის საბჭომ ეთიკური სტანდარტის დარღვევა დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ჟურნალისტმა ეთიკური სტანდარტები უნდა დაიცვას ყოველთვის, მათ შორის სოციალურ ქსელებშიც.

  • პოტენციური ინფორმაციის წყაროების მეგობრებად დამატება Facebook-ში, ან Twitter-ზე "ადევნება" პროფესიული სტანდარტების დარღვევა არ არის. თუმცა, მხოლოდ ერთი ან რამდენიმე პოლიტიკოსის, ან საარჩევნო კანდიდატის "დამეგობრებისას", შესაძლოა მომხმარებელს დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ჟურნალისტი ამ კონკრეტული პოლიტიკოსის მიმართ დადებითად განწყობილი, ამიტომაც უნდა ეცადოს, რომ სოციალურ ქსელში დაიმეგობროს მეტნაკლებად ყველა კანდიდატი თუ პოლიტიკურ პროცესში მონაწილე პირი. ამასთან, ბევრი რედაქცია რეკომენდაციას აძლევს თავის ჟურნალისტს, რომ თავი შეიკავოს პოლიტიკოსების გვერდებზე კომენტარების გაკეთებისგან და რაიმე საკითხზე დისკუსიაში ჩართვისგან.
  • სხვადასხვა კომპანიის, პოლიტიკოსისა თუ უწყების Facebook გვერდის მოწონების ან მათ დახურულ ჯგუფებში გაწევრიანების შეზღუდვა ჟურნალისტს არ აქვს. თუმცა, მთავარია, ახსოვდეს, რომ ჟურნალისტი ამ ჯგუფებში არის მხოლოდ იმიტომ, რომ მიიღოს ინფორმაცია, დააკვირდეს იქ გავრცელებულ ინფორმაციას და არა იმისთვის, რომ მონაწილოება მიიღოს დისკუსიებში.

მედიასაშუალების ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში

  • სოციალურ ქსელში მედიასაშუალების ოფიციალურ გვერდით გავრცელებული ინფორმაცია აღიქმება როგორც მედიასაშუალების პროდუქტი და მასზე ვრცელდება ყველა ჟურნალისტური სტანდარტი, რაც ჩვეულებრივ, მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებულ პროდუქტზე ვრცელდება. ამგვარი პრაქტიკა აქვს საქართველოს ჟურნალისტურ ეთიკის ქარტიას და ევროპის ბევრი ქვეყნის პრესის საბჭოებსაც.
  • მედიასაშუალებაში მასალის ჩასწორებისას/მოხსნისას ანალოგიურად უნდა დარედაქტირდეს ოფიციალური გვერდით გავრცელებული ინფორმაციაც. მაგალითად, თუ ფოტო ჩასწორდა და სოციალურ ქსელში გამოცემის გვერდზე ისევ ძველი ფოტოთი არის განთავსებული, უნდა წაიშალოს და გავრცელდეს ახალი ვარიანტი. თუ ტექსტი ჩასწორდა ჟურნალისტურ პროდუქტში და იმავე ტექსტით არის გაზიარებული მასალა, ისიც გასწორებას ექვემდებარება.
  • იმ შემთხვევაში, თუ არასწორი ინფორმაცია იკითხებოდა მასალის ბმულშიც, გაასწორეთ ისიც.
  • თუ ვებგვერდზე გასწორების შემდეგ სოციალურ ქსელში ინფორმაცია მაინც ძველი ფოტოთი ან სათაურით ვრცელდება, ჩაასწორეთ მასალის ბმული და გამოიყენეთ შემდეგი რესურსი

კითხვები რედაქციისთვის:

  • არსებობს თუ არა ერთიანი სტანდარტი როგორ უნდა გასწორდეს სოციალური ქსელით მედიასაშუალების სახელით გავრცელებული მასალა?
  • როგორ ასწორებთ? ამცნობთ აუდიტორიას რომ არასწორი ინფორმაცია იყო გავრცელებული? თუ ისე არედაქტირებთ, რომ მხოლოდ ახალი ინფორმაცია იკითხებოდეს?

გამოყენებული მასალები:

კატეგორია - სახელმძღვანელო წესები

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ინტერესთა კონფლიქტი - სიტუაცია, როდესაც პირის პირადი, პროფესიული ანდა საზოგადოებრივი ინტერესი შესაძლებელია ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოვიდეს, რაც ხელს შეუშლის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.

ჟურნალისტის შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტი უმთავრესად მის მიუკერძოებლობას და სამართლიანობას აყენებს ეჭვქვეშ.

კონფლიქტი ინტერესებს შორის შეიძლება წარმოიქმნას რამდენიმე მხრიდან, მათ შორისაა - ოჯახი, პირადი ურთიერთობები, ფინანსები/ბიზნესი, სამოქალაქო აქტიურობა. საჭიროა ჟურნალისტმა გადახედოს საკუთარ ურთიერთობებს და დაფიქრდეს, როგორ უკავშირდებიან ისინი მის პროფესიულ საქმიანობას.

ზოგადი პრინციპები:

  • აუდიტორია უნდა იყოს დარწმუნებული, რომ მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკა თავისუფალია კერძო, ფინანსური, პოლიტიკური თუ სხვა ტიპის გავლენებისგან.
  • ჟურნალისტი არ უნდა იყოს არც პოლიტიკურ გაერთიანებების შემომწირველი და არც სხვადასხვა აქტივობების დამფინანსებელი.
  • ჟურნალისტი, მათ შორის ისინიც, ვინც სპორტულ ანდა გასართობ თემატიკაზე მუშაობენ, ვალდებულნი არიან, აირიდონ როგორც უკვე არსებული, ასევე მოსალოდნელი ინტერესთა კონფლიქტი და აცნობონ ამის შესახებ საკუთარ ხელმძღვანელობას.
  • მედიაორგანიზაციებს განსაზღვრული უნდა ჰქონდეთ საკუთარი სარედაქციო პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის თუ სხვა ქვემოთ ჩამოთვლილი საკითხებისადმი.
  • დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება იმუშაოს იმ თემაზე, სადაც ფიქრობს, რომ ინტერესთა კონფლიქტი აქვს.

ურთიერთობა წყაროებთან

თუ ჟურნალისტს აქვს ნათესაური ან სხვა სახის კავშირი საკუთარ წყაროებთან, შესაძლებელია აუდიტორიას უარყოფითი რეაქცია ჰქონდეს, ვინაიდან ეჭვქვეშ დადგეს ჟურნალისტის მიუკერძოებლობა - რამდენად დასვამს ადეკვატურ კითხვებს, იქნება თუ არა მის მიმართ კრიტიკული.

როდესაც ოჯახის წევრი ან მასთან სასიყვარულო ურთიერთობაში მყოფი პირი პოლიტიკაში აქტიურად ერთვება, ჟურნალისტმა უნდა შეაფასოს ის უხერხულობა, რაც შეიძლება შეიქმნას ამ თემაზე მუშაობისას და ამის შესახებ აცნობოს ხელმძღვანელობას. ამის შემდეგ მენეჯმენტი იღებს გადაწყვეტილებას - ჩამოაშოროს ჟურნალისტი მხოლოდ ამ ერთი კონკრეტული ამბის გაშუქებას, მთლიანად თემას თუ გადაიყვანოს სხვა პოზიციაზე.

2011 წელს, როდესაც აშშ-ს საზოგადოებრივი რადიოს გადაცემა "All Things Considered-ის" წამყვანის მიშელ ნორისის ქმარი ბროდერიკ ჯონსონი პრეზიდენტობის კანდიდატ ბარაკ ობამას საარჩევნო კამპანიის მრჩევლად დაინიშნა, წამყვანმა საკუთარ ხელმძღვანელობას აცნობა ამის შესახებ.

"ჩვენ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ბროდერიკის ახალი როლი სირთულეებს შემიქმნიდა გადაცემის წაყვანაში. საარჩევნო კამპანიისას ბროდერიკის მიერ დაკავებული პოზიციის თავისებურებიდან და იმ გავლენიდან გამომდინარე, რაც მას შეიძლება ჩვენს ოჯახზე ჰქონდეს, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დროებით, 2012 წლის არჩევნების დასრულებამდე აღარ წავიყვანო გადაცემა", - განაცხადა მიშელ ნორისმა და იმავე ორგანიზაციაში სხვა პოზიციაზე გადაინაცვლა.

  • ჟურნალისტმა გააცნობიერა, რომ ქმრის ახალი პოზიცია ხელს შეუშლიდა საარჩევნო კამპანიის გაშუქებაში;
  • მან ხელმძღვანელობას იქამდე აცნობა ქმრის ახალი პოზიციის შესახებ, ვიდრე ის დაიკავებდა ამ თანამდებობას;
  • ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით მიიღეს გადაწყვეტილება - ჟურნალისტი დარჩა ორგანიზაციაში, თუმცა, მისი საქმიანობა გაიმიჯნა პოლიტიკური საკითხების გაშუქებისგან. ნორისი წამყვანის პოზიციას დაუბრუნდა 2013 წელს.
პარალელურად სხვა ადგილას მუშაობა

ინტერესთა კონფლიქტის საკითხი დგება მაშინაც, როდესაც ჟურნალისტი პარალელურად სხვა ორგანიზაციაში მუშაობს. ეს ნიშნავს იმას, რომ აუდიტორიას შესაძლოა გაუჩნდეს კითხვა, რამდენად მიუკერძოებლად გააშუქებს ის არა თუ იმ ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციას, არამედ ზოგადად იმ სფეროში მიმდინარე მოვლენებს, სადაც მისი ორგანიზაცია მუშაობს.

მედიის პარალელურად სხვადასხვა საჯარო თუ კერძო ორგანიზაციის პრესსამსახურში მუშაობა ქმნის ინტერესთა კონფლიქტს. ჩნდება მოლოდინი, რომ ინფორმაციაზე წვდომის თვალსაზრისით, სხვა ჟურნალისტებთან შედარებით მას უპირატესობა აქვს და არათანაბარი სამუშაო პირობები იქმნება.

კერძო ბიზნესი

ჟურნალისტებსა და რედაქტორებს არ უნდა ჰქონდეთ ბიზნეს ინტერესები რომელიმე კომპანიაში, რომლის საქმიანობასაც აშუქებენ.

კანადელი ჟურნალისტი ივან სალომონი CBC-ს წამყვანი იყო და ამზადებდა საზოგადოებრივ პოლიტიკური შინაარსის გადაცემებს. ცნობილია, რომ სალომონს მენეჯმენტისთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ ცოლთან ერთად ფლობდა კომპანიას, თუმცა, მისი მტკიცებით, აქტიურად ჩართული არ იყო საქმიანობაში. მაშინ მენეჯმენტმა ჩათვალა, რომ სალომონის საქმიანობა არ დააზარალებდა არხის რეპუტაციას და გავლენას არ იქონიებდა მასზე.

2015 წლის იანვარში სალომონი გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელი გამოძიების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ის დაკავებული იყო ძვირადღირებული ნახატების გაყიდვით. შუამავლობდა სხვადასხვა კოლექციონერებსა და მყიდველებთან, რაშიც იღებდა ანაზღაურებას. მხარეებს შორის იყვნენ ის პირებიც, ვინც სალომონის გადაცემებსაც სტუმრობდა. CBC-ს ეთიკის კოდექსის თანახმად, დასაქმებულმა "არ უნდა გამოიყენოს დაკავებული პოზიცია პირადი ინტერესებისათვის". მოგვიანებით, სალომონმა თქვა, რომ სახელოვნებო ბიზნესი შორს იდგა პოლიტიკური თემისგან, რასაც ის აშუქებდა, ამიტომ ვერ ხედავდა ინტერესთა კონფლიქტს. მისი თქმით, არასდროს გამოუყენებია CBC-ს სახელი პროდუქტის გასაყიდად. მოიხადა ბოდიში იმის გამო, რომ არხის სანდოობა დააზიანა.

  • ჟურნალისტმა დაუმალა ხელმძღვანელობას რეალური საქმიანობა
  • ჟურნალისტი გაათავისუფლეს სამსახურიდან

სამოქალაქო აქტივიზმი

ჟურნალისტი არ უნდა ჩაებას იმგვარ აქტივიზმში, რამაც შესაძლოა მედიასაშუალების სანდოობა და მიუკერძოებლობა ეჭვქვეშ დააყენოს. ეს ეხება როგორც რეალურ, ისე ონლაინ აქტივიზმს. ასეთ შემთხვევაში აუდიტორიას შესაძლოა გაუჩნდეს კითხვის ნიშნები - ხომ არ ახდენს გავლენას ჟურნალისტურ პროდუქტზე ავტორის სამოქალაქო აქტივიზმი.

კონფიდენციალური ინფორმაცია

ჟურნალისტს ხშირ შემთხვევაში მიუწვდება ხელი ისეთ ინფორმაციაზე, რაც სხვა პროფესიის ადამიანისთვის ძნელად მისაღები იქნება. კონფიდენციალური ინფორმაციის მედიაპროდუქტში გამოყენების ერთადერთი მიზანი მოქალაქეთა ინფორმირებაა.

დაუშვებელია პროფესიული მოვალეობისას მიღებული კონფიდენციალური ინფორმაციის პირადი სარგებლისთვის გამოყენება.

საჩუქრები წყაროებისგან

ჟურნალისტების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად სხვადასხვა პირები მათ ხშირად სთავაზობენ საჩუქრებს.

  • დაუშვებელია ინფორმაციის გავრცელების სანაცვლოდ საჩუქრის მიღება.
  • რედაქციას უნდა ჰქონდეს განსაზღვრული ლიმიტი, რა საფასურის საჩუქარი შეიძლება მიიღოს ჟურნალისტმა წყაროსგან. აქვე ჩნდება კითხვები:

o რა მოტივაცია შეიძლება ჰქონდეს კონკრეტულ კომპანიას თუ წყაროს, როდესაც ის საჩუქარს გჩუქნის?

o  ხდება ეს საჯაროდ თუ პირადად?

  • საზღვარგარეთ ყოფნისას გასათვალისწინებელია ქვეყნის კულტურა, თუ როგორ აღიქმება იქ საჩუქრის მიღება.
  • ჟურნალისტმა უარი უნდა თქვას სახელმწიფო დაწესებულებებისგან და ბიზნეს კომპანიებისგან ფასიანი საჩუქრების მიღებაზე.
  • ჟურნალისტმა საქმის კურსში უნდა ჩააყენოს ხელმძღვანელობა რომელიმე კონკურსში მონაწილეობის შესახებ განსაკუთრებით მაშინ, თუ კონკურსის პირობებმა, პრიზმა რაიმე გავლენა შეიძლება იქონიოს მედიაპროდუქტზე.

უფასოდ შესვლა ღონისძიებაზე

როდესაც გასაშუქებლად მიდის ჟურნალისტი უნდა მიიღოს თუ არა უფასოდ შესვლის შეთავაზება იმ ღონისძიებაზე, სადაც სხვები ფულს იხდიან? ნაწილი ჟურნალისტებისა ფიქრობს, რომ ბილეთი თავად რედაქციამ უნდა იყიდოს, რათა არ გაჩნდეს ვალდებულება ამ ღონისძიებების გაშუქებისა, სხვა ნაწილი კი მიჩნევს, რომ უფასოდ შესვლა გაშუქების ნაწილია. ამიტომ მედიამენეჯერებმა თითოეულ შემთხვევაში თავად უნდა აწონონ, ღირს თუ არა კონკრეტულ ღონისძიებაზე მასალის მომზადება, აქვს თუ არა მას ინფორმაციული ღირებულება, რის გამოც ჟურნალისტმა უფასოდ შესვლის შეთავაზება უნდა მიიღოს.  დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში სასურველია, ჟურნალისტმა აუდიტორიას აცნობოს, რომ ღონისძიებაზე მისი დასწრება თავად ორგანიზატორმა უზრუნველყო.

მედიატურები/მგზავრობა

უცხო პრაქტიკა არ არის როდესაც ჟურნალისტი რომელიმე კომპანიას ან საჯარო უწყებას მიჰყავს მედიატურში, რაც გულისხმობს მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას, ჟურნალისტებისთვის სხვადასხვა ადგილის დათვალიერებას, თუმცა, ხშირად მედიატურში მონაწილე პირები ამზადებენ მასალას, სადაც მთავარი მედიატურია და არა ის, რაც ამ ტურის განმავლობაში ნახეს და ტურის ორგანიზატორის დადებით კონტექსტში წარმოჩენას ისახავს მიზნად. კონკრეტული ამბის გასაშუქებლად საზღვარგარეთ უფასოდ მგზავრობაც იშვიათი არ არის.

ასეთ დროს რედაქციამ უნდა იმსჯელოს:

  • რის სანაცვლოდ იღებს ის ამგვარ შეთავაზებას?
  • ეუბნება თუ არა აუდიტორიას უფასოდ მგზავრობის ამბავს?
  • როგორ არწმუნებს, რომ ამბავს საინფორმაციო ღირებულება ჰქონდა, სწორედ ამიტომ მიიღო ეს შეთავაზება და რეალურად იმ უწყების თუ კომპანიის დადებით კონტექსტში წარმოჩენას არ ისახავდა მიზნად?

მგზავრობის ან ცხოვრების ანაზღაურება მიზანშეწონილია მხოლოდ გამონაკლისის დროს, როცა სხვანაირად ვერ ხერხდება რეპორტაჟის მომზადება (მაგ: ინაუგურაცია, სამხედრო ოპერაცია) თუ ჟურნალისტის მგზავრობის ან სასტუმროს ხარჯი ანაზღაურდა რომელიმე ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ, ამის შესახებ მითითება რეპორტაჟშივე უნდა გაკეთდეს.

რედაქციამ ასევე უნდა იმსჯელოს სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში ჟურნალისტების მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ. ამგვარ ღონისძიებაში მონაწილეობა უნდა იყოს დასაბუთებული და მიზნად ისახავდეს სპეციფიკური ცოდნის მიღებას.

ჟურნალისტი სარეკლამო მასალაში

ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ პოლიტიკურ თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტები არ უნდა მონაწილეობდნენ რაიმე პროდუქტის რეკლამაში, ანდა პრომოუშენში. "მაუწყებლობის შესახებ" კანონშიც აღნიშნულია, რომ "იკრძალება ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და წინასაარჩევნო დებატების პროგრამის წამყვანის ან ჟურნალისტის ნებისმიერი სახით მონაწილეობა რეკლამაში ან ტელეშოპინგში". ამ ნორმის მთავარი მიზანი ის არის, რომ როდესაც წამყვანის მიერ რეკლამირებული პროდუქტის შესახებ რაიმე ტიპის ინფორმაცია ამავე მედიასაშუალების მიერ გავრცელდება, აუდიტორიამ ეჭვქვეშ არ დააყენოს მისი მიუკერძოებლობა.

რეკომენდაციები რედაქციებს

რედაქციამ უნდა ჩამოაყალიბოს საკუთარი პოზიცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

  • როგორ უნდა მოიქცეს ჟურნალისტი, როცა ფიქრობს, რომ ინტერესთა კონფლიქტი აქვს? ვინ უნდა ჩააყენოს საქმის კურსში და რა შესაძლო გადაწყვეტილებები შესაძლოა არსებობდეს?
  • რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ჟურნალისტმა დამალა ინტერესთა კონფლიქტის არსებობის ფაქტი და არ აცნობა შესაბამის პირს ორგანიზაციაში?
  • შეუძლია თუ არა ჟურნალისტს სხვადასხვა ტიპის აქციაში მონაწილეობა? არსებობს თუ არა გამონაკლისი შემთხვევები?
  • როგორ უნდა მოიქცეს ჟურნალისტი როდესაც მას საჩუქარს სთავაზობენ? რა ღირებულების შეიძლება იყოს საჩუქარი რის აღებაც შეუძლია? როგორ უნდა მოიქცეს იმ შემთხვევაში, როდესაც საჩუქარს პირდაპირ ეთერში სთავაზობენ?
  • რა შემთხვევაში უნდა დათანხმდეს ჟურნალისტი უფასოდ მგზავრობას, რომელიმე ღონისძიებაზე უფასოდ შესვლას ანდა მედიატურში მონაწილეობას?
  • შეუძლია თუ არა ჟურნალისტს რაიმე კონკურსში მონაწილეობა?
  • შეუძლია თუ არა ჟურნალისტს ბლოგპოსტების წერა როგორც ამავე მედიასაშუალების, ისე სხვა გამოცემის პლატფორმაზე ანდა პერსონალურ ბლოგზე?

ამგვარი დეტალების გადაწყვეტა სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისად უნდა ხდებოდეს. დასაქმებულები კი ინფორმირებულნი უნდა იყვნენ ყველა იმ რეგულაციის შესახებ, რაც რედაქციის შიგნით არსებობს.

გამოყენებული მასალები:

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტის ინტერესთა კონფლიქტი

კატეგორია - სახელმძღვანელო წესები
ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

კრიმინალური ფაქტები და ანტისოციალური ქცევა იმ თემებს შორისაა, რომელსაც მედია აშუქებს იმისთვის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. როდესაც მომხდარი ფაქტის გარშემო ბევრი მნიშვნელოვანი გარემოება ჯერ კიდევ ბუნდოვანია, რთულდება  ეთიკური გაშუქების პროცესი,  გავრცელებული ინფორმაციის მიერ  მოტანილი  ზიანის შეფასება.  აქედან გამომდინარე ვაქვეყნებთ პრაქტიკულ  სახელმძღვანელო წესებს მედიისთვის, რათა გავაადვილოთ  გაცნობიერებული, პროფესიული  და ეთიკური გადაწყვეტების პოვნა (შეზღუდულ დროში).  დოკუმენტში მოცემულია ის ძირითადი წესები, რაც უნდა დაიცვას მედიამ კრიმინალური თემების გაშუქებისას, რათა არ დაარღვიოს როგორც მსხვერპლის, ისე ბრალდებულის და შემთხვევასთან დაკავშირებული სხვა პირთა უფლებები და არ მიაყენოს დამატებითი ზიანი.

როდესაც საქმის გარემოებები  რთულია, საჯარო ინტერესი კი  მაღალი,  ამბის მეორეხარისხოვანი დეტალების გაშუქების ვნება ქმნის რეალურ საფრთხეს  შეიქმნას ბრალდებულების და მათი ახლობლების  "დევნის" პრეცენდენტი, რისი თავიდან აცილებაც შეიძლება მხოლოდ ძირითადი, განსაკუთრებით  მნიშვნელოვანი, გადამოწმებული ფაქტების გაშუქებით, რაც ამცირებს  სპეკულაციებისა და საზოგადოებაში  მცდარი შეხედულებების შექმნის საშიშროებას.

უბედური შემთხვევების, ტრაგედიების, ძალადობის გაშუქებისას უნდა მოხდეს ბალანსის დაცვა საზოგადოებრივ ინტერესსა და ეთიკურ გაშუქებას შორის. მედია თანამგრძნობი უნდა იყოს ამგვარი მოვლენების მონაწილე პირების მიმართ და თავი უნდა აარიდოს პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შელახვას.

1.ზოგადი წესები

1.1. კრიმინალური ფაქტის გაშუქებისას ეთიკის სტანდარტების დარღვევის უფრო დიდ რისკი არსებობს ახალი ამბების მომზადებისას. როდესაც ფაქტი ახალი მომხდარია, ემოციური ფონი გამძაფრებულია და ხშირად ჟურნალისტები მისი ზეგავლენის ქვეშ ექცვიან. ჟურნალისტი უნდა შეეცადოს, შეინარჩუნოს ნეიტრალურ ტონი და არ მოექცეს ამბის მონაწილეთა ემოციური გავლენის ქვეშ.

1.2. მედიამ არ უნდა დაუშვას უსაფუძვლო პანიკის შექმნა საზოგადოებაში, ჭორების ან უსაფუძვლო ვარაუდების გავრცელება, რამაც შეიძლება გაუმართლებელი ზიანი მიაყენოს პირის რეპუტაციას ან კანონიერ ინტერესებს.

1.3. მედიასაშუალებამ არ უნდა გამოაქვეყნოს მასალა, რომელიც წაახალისებს კრიმინალს, დანაშაულს ან ანტისოციალურ ქმედებას. პირდაპირ ეთერში რესპონდენტის პირდაპირ მოწოდებას ძალადობისკენ მედია უნდა დაუპირისპირდეს და დაგმოს.

1.4. დაუშვებელია დანაშაულის ჩადენის ტექნიკის აღწერა.

2.იდენტიფიცირება

2.1. საზოგადოებას ლეგიტიმური ინტერესი აქვს ჰქონდეს ინფორმაცია კრიმინალური ამბების, გამოძიებისა და სასამართლო პროცესების შესახებ. მედიას მხოლოდ მაშინ აქვს კრიმინალისა და ანტისოციალური ქმედების მონაწილე პირების იდენტიფიცირების უფლება, როდესაც საზოგადოებრივი ინტერესი გადაწონის პირის ინტერესებს. ფაქტორები, რომელიც ამ დროს უნდა გაითვალისწინოს მედიამ არის: დანაშაულის სიმძიმე, არიან თუ არა მონაწილეები ცნობილი პირები და რამდენად მაღალია საჯარო ინტერესი იცოდეს საზოგადოებამ პირთა ვინაობა.

2.2. დანაშაულისა და ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას, მედიამ არ უნდა მოახდინოს სავარაუდო დამნაშავის, ბრალდებულის ან მსჯავრდებულის იდენტიფიცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მისი სახელი საზოგადოებისთვის ცნობილია ან საქმე საზოგადოებრივი ინტერესის მქონეა.

2.3. დაუშვებელია კრიმინალურ ისტორიებში მონაწილე, დაზარალებული, ბრალდებული და მსჯავრდებული ან/და თვითმხილველი არასრულწლოვნების იდენტიფიცირება.

2.4. დანაშაულის ან ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას, მაუწყებელმა არ უნდა მოახდინოს პიროვნების იდენტიფიცირება, როცა:

  • ადამიანი გამოიყენება ქმედების ილუსტრირებისათვის ან არ არის სრულად პასუხისმგებელი საკუთარ ქმედებაზე;
  • რთულია ინფორმირებული თანხმობის მიღება, მაგალითად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო;
  • არსებობს მაყურებლის მიერ გონივრული ვარაუდის საფუძველზე კადრში შემთხვევით მოხვედრილი პიროვნებების დანაშაულთან დაკავშირების შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, მასალა საჯარო ადგილას არის გადაღებული თუ კერძო ტერიტორიაზე.

2.5. მსხვერპლებს აქვთ უფლება, არ იყვნენ იდენტიფიცირებული საჯაროდ. მსხვერპლის სახელის და გვარის ცოდნა როგორც წესი არაფრისმომცემია ხოლმე. სახელის, გვარისა და ფოტოების ჩვენება შესაძლებელია ოჯახის წევრების ან თავად მსხვერპლის ნებართვით.

2.6. დაუშვებელია გარდაცვლილი პირის, უბედური შემთხვევისას დაზარალებულის ან ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიცირება, სანამ ფაქტი ოჯახის წევრებისთვის არ გახდება ცნობილი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამგვარი ინფორმაციის გავრცელება გამართლებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით.

2.7. თუ არსებობს სამართლებრივი საფუძვლები იმისა, რომ საქმის მონაწილეების სახელი და გვარები არ გამჟღავნდეს (თუ თავად საგამოძიებო ორგანოები იცავენ ანონიმურობას ან სასამართლო პროცესებია დახურული) მედიამ არ უნა მოახდინოს მათი იდენტიფიცირება.

2.8. როცა საქმე ეხება პედოფილიას, ან სექსუალურ ძალადობას, მაშინაც კი, როცა საგამოძიებო უწყებები ასახელებენ ბრალდებულის ვინაობას, მედიამ თავი უნდა შეიკავოს მათი იდენტიფიცირებისგან. გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს განსაკუთრებულად მაღალი საჯარო ინტერესი.

3. მსხვერპლი

3.1. მასალის მოსამზადებლად განკუთვნილი მცირე დროის გამო პირველი გამოწვევა ჟურნალისტებისთვის არის მსხვერპლის ინტერვიუზე დათანხმება. ეს განსაკუთრებით რთულდება მათთვის, ვისაც ვიდეორეპორტაჟის მომზადება სურს, რადგან დაზარალებულს შესაძლოა, არ სურს კადრში გამოჩენა იმ მდგომარეობაში, რაშიც მომხდარის შემდეგ იმყოფება. ეთიკურად გაშუქებისთვის:

  • მსხვერპლთან საუბარი დაიწყეთ კამერისა და სხვა ტიპის ჩამწერის გარეშე. შეუთანხმდით ინტერვიუზე და ამის შემდეგ დაიწყეთ ჩაწერა. წარუდგინეთ საკუთარი თავი, რათა რესპონდენტმა იცოდეს ვის ესაუბრება.
  • დაიწყეთ საუბარი ისეთი ფრაზებით რითიც აჩვენებთ, რომ თანაუგრძნობთ მსხვერპლს.
  • ერიდეთ შეცოდების ტონით საუბარს.
  • შეარჩიეთ მსხვერპლისთვის მოსახერხებელი ადგილი ჩასაწერად. ტრავმირებულ ადამიანებს ხშირად არ სიამოვნებთ უცხო ადამიანებთან კონტაქტი, მით უფრო მათი შეხება. ამიტომ ეცადეთ ნაკლებად გამოიყენოთ დასამაგრებელი მიკროფონი (ეწ "პეტლიჩკა").
  • კითხვები დასვით ისე, რომ მსხვერპლმა არ იგრძნოს თავი დამნაშავედ მომხდარ ამბავში.

3.2. მედია უნდა შეეცადოს, არ მოახდინოს მსხვერპლის რეტრავმირება. ადამიანს აქვს "დავიწყების უფლება", რაც ნიშნავს იმას, რომ მედიამ არ უნდა შეუწყოს ხელი პირისთვის მძიმე ისტორიის გახსენებას და ხელახლა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩაყენებას. თუმცა, ძველი ამბის შეხსენება შესაძლებელია საჭირო გახდეს ახალი და წარსულში მომხდარი ფაქტის დასაკავშირებლად.

4. ბრალდებული

4.1. პირი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით.

4.2. მედიამ არ უნდა მოიხსენიოს პირი დამნაშავედ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას.

4.3. დაუშვებელია ბრალდებულის ეთნიკური, რელიგიური ან სხვა სახის იდენტობის დაკავშირება დანაშაულთან, ან მისი იდენტობის ხსენება, თუკი ის პირდაპირ არ უკავშირდება დანაშაულის მოტივს.

4.4. სასამართლო პროცესების გაშუქებისას, დაუშვებელია, მედიაგაშუქებაში იკვეთებოდეს წინასწარგანწყობა ბრალდებულის ბრალეულობის შესახებ.

4.5. ბრალდებულის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ შესაძლებელია გამოიწვიოს აგრესია საზოგადოებაში როგორც მის, ისე მისი ახლობლების მიმართ. შესაბამისად, მედიას უნდა ესმოდეს ის რისკი, რასაც ბრალდებულის შესახებ ინფორმაციის გავრცელება გამოიწვევს.

4.5. მნიშვნელოვანია მედია ბოლომდე მიყვეს კრიმინალური ამბის გაშუქებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა პირის იდენტიფიცირება ხდება. შესაძლოა ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგეს და ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია უნდა მიეწოდოს იმისათვის, რომ არ მოხდეს პირის სტიგმატიზაცია.

4.6. მედიამ უნდა  მიიღოს ყველა გონივრული ზომა ადამიანის რეპუტაციისათვის გაუმართლებელი ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით.

5. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

5.1. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობით სარგებლობენ როგორც კერძო, ისე საჯარო პირები. მედიამ პატივი უნდა სცეს შემთხვევასთან დაკავშირებული ყველა პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.

5.2. მედიამ თავი უნდა შეიკავოს დაზარალებულის, ბრალდებულის და შემთხვევასთან დაკავშირებული სხვა პირთა ცხოვრებიდან ისეთი დეტალების გასაჯაროვებისგან, რომელიც საქმესთან კავშირში არ არის.

5.3. ჟურნალისტებს შეუძლიათ რამდენ ხანსაც სურთ იმყოფებოდნენ დაზარალებულის, ბრალდებულის სახლებთან მხოლოდ გზაზე, საზოგადოებრივ ადგილას და არა სახლის კართან, მიუხედავად იმისა, ის პირი საჯარო არის თუ არა.

6. ვიზუალური მხარე

6.1.მედია სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთი ვიზუალური მასალის ჩვენებას, რომელზეც ასახულია ადამიანთა ტრაგედია და ტანჯვა.

6.2. მიზანშეწონილი არ არის დაზარალებულის, გვამისა ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე. მათი გადაღება უნდა მოხდეს მხოლოდ გარკვეული მანძილიდან, რათა შეუძლებელი იყოს დაზარალებულის იდენტიფიცირება.

6.3. ტანჯვისა და მწუხარების ამსახველი საარქივო მასალის (დანაშაულის ჩათვლით) გამოყენებისას მაუწყებელი უნდა შეეცადოს, შეამციროს ის პოტენციური ტრავმა, რომელიც შესაძლოა ამ მასალამ მიაყენოს მასში ასახულ პიროვნებას და/ან მის ნათესავებს. იგივე ეხება ინსცენირებულ რეკონსტრუქციებსა და ფაქტებზე დაფუძნებულ პროგრამებს.

6.4. დაუშვებელია დანაშაულის ჩადენის ხერხის ისეთი აღწერა ან დემონსტრირება, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს დანაშაულის ჩადენას, გარდა იმ შემთხევებისა როცა არსებობს სარედაქციო დასაბუთება.

6.5. მტკიცებულებების შეგროვების მიზნით, დანაშაულის რეკონსტრუქციის გადაცემისას, მაუწყებელმა მკაფიოდ უნდა მიუთითოს სად იწყება და მთავრდება რეკონსტრუქცია.

7.ტერმინოლოგია

7.1. კრიმინალის გაშუქებისას ჟურნალისტები განსაკუთრებით ყურადღებით უნდა მოეკიდნენ  სახელებს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ტერმინებს.

7.2. ინტერვიუს ჩაწერისას მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს დანაშაულის მოწონების ან გამართლებისგან და დაიცვას პატიმართან ინტერვიუს ჩაწერის წესები.

ძირითადი სამართლებრივი ტერმინები, რომელიც კრიმინალის გაშუქებისას გამოიყენება

(ტერმინები მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად)

ბრალდებული – პირი, რომლის მიმართაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული

მსჯავრდებული – პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი

ეჭვმიტანილი - ქართულ კანონმდებლობაში ეს ტერმინი აღარ არსებობს.

დაზარალებული – სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის შედეგად.

მხარე – ბრალდებული, მსჯავრდებული, გამართლებული, მათი ადოკატი, გამომძიებელი, პროკურორი.

ბრალდების მხარე – გამომძიებელი, პროკურორი.

დაცვის მხარე – ბრალდებული, მსჯავრდებული, გამართლებული, მათი ადვოკატი.

დაკავება - დაკავება არის თავისუფლების ხანმოკლე აღკვეთა, რომლის საფუძველი შეიძლება გახდეს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, რომლისთვისაც კანონით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა, ამასთანავე, პირი მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულ დაკავების მომენტიდან პირი ითვლება ბრალდებულად.

აღკვეთის ღონისძიება - დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა პროკურორი მოსამართლეს წარუდგენს შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ. მოცემულ ვადაში შუამდგომლობის წარდგენის არ არსებობის შემთხვევაში პირი გათავისუფლდება.

აღკვეთის ღონისძიების სახეები - გირაო, არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში გადაცემა, შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, პირადი თავდებობა, სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა და პატიმრობა.

საპროცესო შეთანხმება -  სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და უთანხმდება პროკურორს სასჯელზე, ბრალდების შემსუბუქებაზე ან ნაწილობრივ მოხსნაზე.

კატეგორია - სახელმძღვანელო წესები
ტერორისტული აქტი არის ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში ტერორის, შიშისა და ქაოსის გამოწვევას. მისი გავრცელება კი ხშირად დამოკიდებულია იმ მესიჯებსა და ვიზუალიზაციაზე, რასაც მედია იყენებს ამ თემის გაშუქებისას. ტერორიზმს საჯაროობა სჭირდება, საკუთარი აზრების საზოგადოებაში გავრცელება. ამ მიზნის მისაღწევად ყველაზე კარგი საშუალება მედიაა. ამიტომაც  ცდილობენ მის დღის წესრიგში ისე მოხვედრას, რომ საკუთარი სათქმელი სასურველი კუთხით გაშუქდეს. ტერორისტული დაჯგუფებები კარგად ფლობენ არა მხოლოდ საჭირო ტექნიკას, ვიდეოკამერებს, ხმის ჩამწერებსა თუ ინტერნეტს, არამედ ერკვევიან იმ მედია ეფექტებსა და ტექნიკაში, რისი გამოყენებითაც შეძლებენ მედიის ყურადღების მიპყრობას. ტრაგედია და შოკისმომგვრელი ამბები მედიაში კარგად იყიდება, რაც ხშირად აღმოჩნდება ხოლმე ცდუნება ტერორისტული შინაარსის მქონე მასალის გავრცელებისას. ასეთ დროს მედია ტერორისტთა იდეების ტირაჟირების ხელისშემწყობი ხშირად ხდება. ტერორისტული აქტივობა არ მოიცავს მხოლოდ მედიის, როგორც ინსტრუმენტის გამოყენებას. ხშირად ჟურნალისტები აღმოჩნდებიან ხოლმე მათი სამიზნეები, ხდებიან მსხვერპლები და გამოყენებულები არიან მოლაპარაკებების იარაღად. წინამდებარე სახელმძღვანელო წესები დაეხმარება მედიას ტერორიზმთან დაკავშირებული თემების გაშუქებაში, სწორი კუთხისა თუ ტერმინების შერჩევაში.

ზოგადი რეკომენდაციები:

 

  • საზოგადოებას აქვს უფლება მიიღოს ინფორმაცია ტერორიზმთან და მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით, თუმცა მედიას აკისრია პასუხისმგებლობა უნებურად არ გახდეს ხელშემწყობი ტერორისტული შინაარსის მიმართვების თუ მოწოდებების ტირაჟირებისა.
  • ტერორისტული აქტები თუ მასთან დაკავშირებული სხვა ამბები უნდა გაშუქდეს ზუსტად, სრულად, შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით და დიდი პასუხისმგებლობით.
  • უარყოფითი ქმედების დაკავშირება მასში მონაწილე პირების წარმომავლობას ან რელიგიურ მრწამსთან არარელევანტურია. ამგვარი ინფორმაცია მხოლოდ ნეგატიურ სტერეოტიპებს აღვივებს და ხელს უწყობს სტიგმატიზაციას. ნაცვლად ამისა, აჩვენეთ მთლიანი სურათი და ხაზი გაუსვით იმას, რომ რელიგიურ ან ეთნიკურ ღირებულებებს კავშირი არ აქვს ტერორიზმთან. წარმოაჩინეთ ექსპერტთა და ანალიტიკოსთან შეფასებები, სტატისტიკა ან სხვა რელევანტური ინფორმაცია, რომელიც პრობლემას მთლიანობაში წარმოაჩენს.
  • ტერორიზმთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებისას საჭიროა ბალანსის დაცვა რათა ერთის მხრივ არ მიენიჭოს გადაჭარბებული მნიშვნელობა მომხდარ ამბავს და არ გამოიწვიოს პანიკა საზოგადოებაში და მეორეს მხრივ, მოქალაქეებმა მიიღონ სრული ინფორმაცია მიმდინარე მოვლენების შესახებ.
  • როდესაც მწვავდება სიტუაცია და ჩანს საზოგადოების ერთი კონკრეტული ჯგუფის დისკრიმინაციის საფრთხე, მედიამ ხელი უნდა შეუწყოს დისკრიმინაციის და მისგან გამოწვეული საფრთხეების შესახებ დისკუსიის დაწყებას. სასურველია აჩვენოს დადებითი მაგალითები დაპირსპირებული ჯგუფების ურთიერთთანამშრომლობისა.
  • გაშუქებისას გამოყენებული უნდა იყოს ნეიტრალური ტონი. მოერიდეთ მოქალაქეთა "ჩვენ" და "ისინი" ჯგუფებად დაყოფას.
  • ტერორისტული დაჯგუფების წევრები არ უნდა იყვნენ წარმოჩენილნი გმირებად, არ უნდა მიწეროთ ისეთი თვისებები, რაც მათ "მამაც მებრძოლებად" წარმოაჩენს. ამგვარმა გაშუქებამ შესაძლოა მათი ქმედების მიმართ დადებითი განწყობა გამოიწვიოს განსაკუთრებით მოზარდებში. ტერორიზმი გაშუქებული უნდა იყოს როგორც კრიმინალური აქტი, კანონმდებლობის და სამართლის ჭრილში.
  • გაშუქების დიდი წილი არ უნდა დაეთმოთ ტერორისტული ორგანიზაციის წევრთა ლიდერებს, მათი ცხოვრების სტილს, მიზნებსა და განხორციელებულ ქმედებებს. ამ ჭრილში გაშუქებამ შესაძლოა მათდამი  პოზიტიური დამოკიდებულება გააჩინოს.
  • ტერორისტული აქტი (სუიციდი) არ აღწეროთ დეტალებში, რათა არ შეიძინოს ერთგვარი ინსტრუქციის სახე.
  • დეტალურად არ გააშუქოთ ანტიტერორისტული ან თავდაცვითი ქმედებები, რამაც შესაძლოა რადიკალური დაჯგუფებების ქმედებების შეცვლა და ოპერაციის ჩავარდნა გამოიწვიოს.
  • მოსახლეობას უნდა მიეწოდოს ინფორმაცია მიღებული ცნობების წყაროების შესახებ. უნდა იცოდეს რას ეყრდნობა ჟურნალისტი ინფორმაციის გავრცელებისას.
  • ადამიანთა პირადი ცხოვრება და სხვა უფლებები დაცული უნდა იყოს ყველა შემთხვევაში.
  • არასწორი ინფორმაციის გავრცელებისას შესწორება უნდა მოხდეს და ეცნობოს აუდიტორიას დროულად.
  • ტერორიზმთან დაკავშირებული თემების გაშუქებისას ვებგვერდებზე სასურველია კომენტარების მოდერაციის ჩართვა ან ამ ფუნქციის მთლიანად შეზღუდვა, რითიც თავიდან იქნება აცილებული რადიკალიზმის შესაძლო გამწვავება.
ტერმინოლოგია
  • ტერორისტული აქტების გაშუქებისას მნიშვნელოვანია ისეთი ჟურნალისტური ენის გამოეყენება, რომელიც თავისუფალია შეფასებებისგან. უმჯობესია, ფაქტები აღიწეროს მშრალად, მედიამ არ გამოიყენოს ზედმეტად ემოციური სიტყვები და შეფასებები. მნიშვნელოვანია ტერმინი "ტერორისტი" გამოიყენონ სათანადოდ და არ გახდეს იარლიყი, რამაც შესაძლოა დააზარალოს მედიასაშუალების რეპუტაცია.
  • "ტერორისტული აქტის" ნაცვლად უმჯობესია მედიამ გამოიყენოს მოვლენის ამსახველი უფრო კონკრეტული სიტყვები, მაგალითად "აფეთქება", "დაბომბვა", "სროლა", "ცეცხლის გახსნა", "შეიარაღებული პირი", "გამტაცებელი", "თავდამსხმელი" და სხვა.
  • ჟურნალისტებმა მაქსიმალურად უნდა გაამარტივონ ინფორმაციის აღქმა, შესაბამისად, არ უნდა გამოიყენონ სხვა ადამიანების ენა/ტერმინები ინფორმაციის გადმოსაცემად.
  • ჟურნალისტებმა არ უნდა შეცვალონ სიტყვა "ტერორისტი" სხვა სიტყვით, როცა ის ნახსენებია რესპონდენტის ციტატაში, უნდა ჩანდეს, რომ ამ ტერმინს წყარო იყენებს.  თავად ჟურნალისტი ამ სიტყვის გამოყენებას მაქსიმალურად უნდა ერიდოს არა იმიტომ, რომ ჟურნალისტი ნეიტრალურია  ან აქვს გარკვეული სიმპატია ტერორიზმის მიმართ, არამედ იმიტომ, რომ ზოგადად, ტერორიზმი რთული მოვლენაა, რომელსაც არც თუ ისე იშვიათად, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ქვეტექსტებიც ახლავს ხოლმე. ასეთი მოვლენების გაშუქებისას, ორივე მხარეს ყოველთვის აქვს მოლოდინი, რომ მედია ობიექტური იქნება. სიტყვა "ტერორისტის", "ტერორისტული ჯგუფის" ხმარება კი, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მედიის მიუკერძოებლობის საკითხს.
  • ხშირად ზოგიერთი აფეთქების ან სხვა სახის ტრაგიკული მოვლენის დროს, საკმაოდ ცხადი და ნათელია, რომ საქმე შესაძლოა ტერაქტთან გვქონდეს, მიუხედავად ამისა, მედიამ მაინც უნდა აარიდოს თავი ამ ტერმინის გამოყენებას, რადგან აუდიტორიას თავად აქვს უნარი და უფლება მოვლენა შეაფასოს ან არ შეაფასოს ტერორისტულ აქტად.  აუცილებელია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ჟურნალისტმა საკუთარ თავს ჰკითხოს, არის კი სიტყვა "ტერორისტის" გამოყენება ობიექტური, ზუსტად ვიცით, რომ საქმე ტერორისტებთან გვაქვს? თუ ეს მხოლოდ ჩვენი ეჭვია... ამ სიტყვის გამოყენებით ხომ არ ვირჩევთ კონკრეტულ პოლიტიკურ პოზიციას?
ვიზუალიზაცია
  • ტერორისტული შინაარსის მქონე ვიზუალური მასალა ხშირ შემთხვევაში მედიისთვის მიმზიდველია, ვინაიდან ძალადობის კადრები შეიცავს ემოციას, ტრაგედიას და უფრო მეტად იქცევს ყურადღებას. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ მედიას ჰქონდეს ინფორმაცია კადრებში გადმოცემული ამბის შესახებ.
  • მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ იმ ეფექტს, რაც შეიძლება მოახდინოს ტერორისტული შინაარსის შემცველი კადრების გავრცელებამ. პასუხისმგებლობა გულისხმობს იმას, რომ:
    • არ მოახდინოს ტერორისტული მოწოდებების და მიზნების  ტირაჟირება;
    • არ დაარღვიოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ადამიანებისთვის დამატებითი ტკივილის მიყენება, განსაკუთრებით მსხვერპლებისა და მათი ახლობლებისთვის
  • კადრები უნდა გადაიცეს რედაქტირებული სახით რათა თავიდან იქნას აცილებული მის მიერ საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება.
  • მედიას უნდა ჰქონდეს გააზრებული ის პოლიტიკური და ეთიკური ქვეტექსტი, რაც შეიძლება ჰქონდეს ამგვარი კადრების გავრცელებას. ძალადობის შემცველი კადრების ხშირად ტირაჟირებით, საზოგადოების მიერ ის აღიქმება როგორც "ნორმალური" მოვლენა.
  • დაუშვებელია ამბის გასამძაფრებლად სხვა დროს გადაღებული ფოტოს/ვიდეოს გამოყენება შესაბამისი მითითების გარეშე.
  • განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს მედია მკითხველთა მიერ მოწოდებულ ან სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებსა და ინფორმაციას. ორმაგად უნდა გადაამოწმოს მისი წარმომავლობა და ნამდვილობა, რათა შეამციროს არასწორი ინფორმაციის გავრცელების რისკი.

ბალანსი

ტერორიზმთან დაკავშირებული თემების გაშუქებისას მედიამ უნდა შეძლოს ბალანსის დაცვა:
  • გამოხატვის თავისუფლებასა და ტერორიზმისთვის პლატფორმის დათმობას შორის;
  • გრაფიკული კადრების გავრცელებასა და შესაბამის კონტექსტს შორის;
  • პირად განწყობებსა და მიუკერძოებლობას შორის;
  • ბაზრის მოთხოვნებსა და პროფესიულ პასუხისმგებლობას შორის;
  • საზოგადოების წნეხს, რომელიც მოქმედებისკენ მოგიწოდებს და სამართლიანობას შორის, რომელიც ქმედების შეზღუდვას გკარნახობს, რათა ამბის მთლიანად გადმოცემა შეძლო;
  • მოსაზრებების პლურალიზმის წარმოჩენასა და ტერორიზმის წინააღმდეგ საერთო პოლიტიკის დაცვას შორის.
ამ დილემების წინაშე დგება ჟურნალისტი თითოეული კონკრეტული შემთხვევის დროს და გადაწყვეტილებასაც შესაბამისად იღებს.

დოკუმენტი მომზადებულია შემდეგ წყაროებზე დაყრდნობით:

ჩამოტვირთეთ მთლიანი დოკუმენტი

კატეგორია - სახელმძღვანელო წესები
რეკომენდაცია გაცემულია შემდეგი საქმის განხილვის შემდეგ - გიორგი მოსიაშვილი მაია მამულაშვილის წინააღმდეგ
ჟურნალისტური ეთიკის საბჭო მიუთითებს, რომ ეთიკური
კატეგორია - სახელმძღვანელო წესები
რეკომენაცია გაცემულია შემდეგი საქმის განხილვის შემდეგ - "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი ჟურნალისტების: "ლევან სუთიძის, ქეთი კვაჭანტირაძის, ბექა მჭედლიშვილის,