სიახლეები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყურადღებით აკვირდება თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის გაშუქებას და შეშფოთებას გამოხატავს იმ ფაქტის გამო, რომ სამართალდამცავები ვერ უზრუნველყოფენ პერიმეტრის იმგვარად დაცვას, რომ არ გასაჯაროვებულიყო მნიშვნელოვანი დეტალები სპეცრაზმელებისა და ტექნიკის განლაგებასთან დაკავშირებით, რაც საფრთხის შემცველია როგორც სპეცოპერაციაში მონაწილე პირების, ისე ადგილობრივი მოსახლეობისა და ადგილზე მყოფი ჟურნალისტების უსაფრთხოების თვალსაზრისით.

სამართალდამცავების მოქმედების მიუხედავად, მედიას აქვს ვალდებულება დეტალურად არ გააშუქოს ანტიტერორისტული ან თავდაცვითი ქმედებები, რამაც შესაძლოა რადიკალური დაჯგუფებების ქმედებების შეცვლა და ოპერაციის ჩავარდნა გამოიწვიოს. 

ქარტია დაუშვებლად მიიჩნევს დაუდასტურებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოქალაქეთა „ტერორისტებად“ მოხსენიებას და გარკვეულ ეთნიკურ ჯგუფთან მათ დაკავშირებას, რადგან ამგვარი ინფორმაცია მხოლოდ ნეგატიურ სტერეოტიპებს აღვივებს და ხელს უწყობს სტიგმატიზაციას. ამიტომაც მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი აარიდონ ამგვარი სავარაუდო კავშირის ჩვენებას, არამხოლოდ საკუთარ ტექსტებში, არამედ მოქალაქეთა კომენტარების შერჩევისას.

სპეცოპერაციის გაშუქებისას მედიამ, ერთის მხრივ, არ უნდა მიენიჭოს გადაჭარბებული მნიშვნელობა მომხდარ ამბავს და არ გამოიწვიოს პანიკა საზოგადოებაში და, მეორეს მხრივ, მოქალაქეებს მისცენ შესაძლებლობა მიიღონ სრული ინფორმაცია მიმდინარე მოვლენების შესახებ. გაშუქებისას გამოყენებული უნდა იყოს ნეიტრალური ტონი. მედია ყურადღებით უნდა მოეკიდოს ვიდეო და ფოტო კადრების გამოყენებას, მათ შორის, როცა ამას ავრცელებენ თვითმხილველი მოქალაქეები
22.11.2017

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მოსაზრება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივაზე

 

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) საზოგადოებას საკანონმდებლო ცვლილებები რამდენიმე მიმართულებით შესთავაზა. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შეშფოთებას იწვევს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მე-14 და 591-ე მუხლებში გათვალიწინებული ცვლილებები, რომლის მიხედვითაც თვითრეგულირებიდან რეგულირებაში გადადის ამავე კანონის 56-ე მუხლის შემდეგი ნაწილები:

1. იკრძალება ომის ნებისმიერი სახით პროპაგანდა.

2. იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის.

3. იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის, მსოფლმხედველობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა თვისებისა თუ სტატუსის გამო შეურაცხყოფისაკენ, დისკრიმინაციისაკენ ან ამ თვისებისა თუ სტატუსის განსაკუთრებული ხაზგასმისაკენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს არსებული შუღლის ილუსტრირებას.

5. იკრძალება ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკურ, გონებრივ და ზნეობრივ განვითარებაზე მავნე ზეგავლენის მომხდენი პროგრამების იმ დროს განთავსება, როცა მათ მიერ ამ პროგრამების ნახვის ან მოსმენის დიდი ალბათობა არსებობს.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, თუკი მოქალაქე მიიჩნევს, რომ რომელიმე პროგრამაში ეს მუხლები დაირღვა, შეუძლია მიმართოს მხოლოდ თვითრეგულირების ორგანოს, რაც ნიშნავს იმას, რომ თავად მაუწყებელი იმსჯელებს დარღვევის შესახებ. ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში კი მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ამ მუხლების დარღვევაზე სამსჯელოდ მიმართონ კომისიას ან სასამართლოს, კომისიასაც შეეძლება საკუთარი ინიციატივით დაიწყოს საქმის წარმოება, დარღვევის დადგენის შემთხვევაში კი მაუწყებელს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება.

ქარტია მიიჩნევს, რომ 56-ე მუხლით განსაზღვრული პროგრამული ვალდებულებები უნდა დარჩეს თვითრეგულირების სფეროში, რადგან პროგრამის შინაარსის გამო მაუწყებლის სანქცირება მარეგულირებელ კომისიას აძლევს ბერკეტს  ზეგავლენა მოახდინოს მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე ანდა გამოიყენოს მის წინააღმდეგ, ვინაიდან კომისიას შეეძლება თავად შეაფასოს და გადაწყვიტოს თუ რომელი გადაცემა, რესპონდენტის გამონათქვამი ახდენს ადამიანის დისკრიმინაციას რომელიმე ნიშნით ანდა ხაზს უსვამს რომელიმე ნიშანს, ეთერში გაჟღერებული გამონათქვამი აუცილებელი იყო პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე თუ არა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობა, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი და პოლიტიკური გავლენისგან ამ ორგანოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებითაც არაერთი კითხვა არსებობს.  ამის ყველაზე ნათელი მაგალითია ისიც, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს კომისიის მიერ ტელეკომპანია „იმედის“ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის საფუძვლად სწორედ ზემოთ ხსენებულ 56-ე მუხლში არსებული ჩანაწერი მიეთითა და აღინიშნა, რომ ამ არხის ეთერში გადაცემული ბადრი პატარკაციშვილის მიმართვა ქმნიდა კონსტიტუციური წესრიგის შეცვლის საფრთხეს.

ამგვარი პრაქტიკა აჩვენებს, რომ კომისიის ხელში მაუწყებლის შინაარსის რეგულირების გადასვლა მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს. გარდა ამისა, ისეთი ტიპის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, თვითრეგულირებიდან რეგულირებაში საკითხის გადატანა აღიქმება მედიაგარემოს გაუარესებად.

კომისია საკუთარ დასაბუთებაში ცვლილების საჭიროებას ევროპული დირექტივით ხსნის. კერძოდ, აღნიშნულია, რომ „აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევროპული დირექტივის მე-6 მუხლის თანახმად, წევრი სახელმწიფოები შესაბამისი საშუალებებით უზრუნველყოფენ, რომ მათი იურისდიქციის ქვეშ მყოფი მედია მომსახურების მიმწოდებლების მიერ მიწოდებული აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურება არ შეიცავდეს რასობრივი, სქესობრივი, რელიგიური ან ეროვნული ნიშნით სიძულვილის გაღვივებას.“

ევროპულ დირექტივაში საუბარი არ არის იმაზე, რომ აღნიშნული ვალდებულება აუცილებლად რეგულირების გზით  უნდა შესრულდეს. ქარტია მიესალმება კომისიის მცდელობას შეასრულოს ევროპული დირექტივები და შემცირდეს სიძულვილის ენის, შუღლის გაღვივების თუ არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი პროდუქციის სამაუწყებლო ეთერში გაშვება, თუმცა მიგვაჩნია, რომ პრობლემის მოგვარების არასწორი გზა არის შერჩეული. ამ საკითხის რეგულირების ნაცვლად უმჯობესია გაძლიერდეს თავად მაუწყებლებში არსებული თვითრეგულირების მექანიზმი.

განსხვავებით დამოუკიდებელი თვითრეგულირების ორგანოსგან, როგორიც არის საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, მაუწყებლების თვითრეგულირების მექანიზმი არ არის ეფექტური. ამ მექანიზმის შექმნის დღიდან, 2009 წლიდან 2015 წლამდე ქვეყანაში არსებულ ყველა მაუწყებელში ჯამში 90 განცხადება არის შესული, ამასთან საყურადღებოა ისიც, რომ საჩივრების რაოდენობა კლებადია, თუ 2011 წელს 23 განცხადება შევიდა, 2015 წელს მხოლოდ 5 საჩივარი იყო განხილული. ამის პარალელურად ქარტიამ თუკი 2011 წელს მხოლოდ 3 საქმე განიხილა, 2015 წელს ამ რიცხვმა 35-ს მიაღწია. წელს კი უკვე 60-მდე განცხადება მიიღო. ეს ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეები თანდათან აცნობიერებენ თვითრეგულირების მნიშვნელობას და თუკი მაუწყებლების თვითრეგულირების ორგანოებიც გააქტიურდებიან, სულ უფრო მეტი მოქალაქე მიმართავს მას.

დღეს მხოლოდ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს, ეს ნიშნავს იმას, რომ განიხილება მხოლოდ იმ პირის საჩივარი, რომელზეც უშუალო გავლენა მოახდინა პროგრამამ. ეს კი ეწინააღმდეგება თვითრეგულირების პრინციპს. თუკი მედიის მიზანია ხარისხის გაუმჯობესება, ეთიკური პრინციპების დაცვა, მაშინ მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს თუ ვინ მიმართავს და მიუთითებს მაუწყებლობის შესახებ კანონის 56-ე მუხლის თუ მაუწყებელთა კოდექსის დარღვევაზე. მით უმეტეს, რომ შუღლის გაღვივების მოწოდების, დისკრიმინაციის თუ სხვა შემთხვევაში შესაძლებელია ძნელად მოიძებნოს პირი ან პირთა ჯგუფი, რომელზეც პირდაპირი და უშუალო გავლენა მყისიერად მოახდინა გადაცემამ. ჩვენი შეფასებით, მაუწყებლებში საჩივრების შემცირებაც სწორედ იმით არის გამოწვეული, რომ აქტიურ მოქალაქეებს, რომლებიც მიმართავდნენ მაუწყებლებს, უარი უთხრეს საჩივრის განხილვაზე იმ მოტივით, რომ ისინი არ იყვნენ დაინტერესებული პირები.

ამიტომაც უმჯობესია, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ იმუშაოს სწორედ თვითრეგულირების გაძლიერების კუთხით. რაც შეიძლება გამოიხატოს იმაში, რომ გაფართოვდეს დაინტერესებული პირის ცნება და ყველა მოქალაქეს შეეძლოს მაუწყებლისთვის მიმართვა. ამასთან, განისაზღვროს საჩივრის განხილვის ვადები, ყველა მაუწყებელმა საკუთარ ვებსაიტზე გამოაქვეყნოს საჩივრის შეტანის და განხილვის პროცედურების შესახებ ინფორმაცია, აქვე განათავსოს როგორც პირველი ინსტანციის, ასევე თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოს წევრთა ვინაობა. მაუწყებლის მიერ საჩივრის განხილვის პროცედურების დარღვევის შემთხვევაში კი კომისიამ დროულად და ეფექტიანად წარმართოს საქმის წარმოება და მხოლოდ ამის საფუძველზე დაასანქციროს მაუწყებელი.

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონის 56-ე მუხლში არსებული ჩანაწერი, რომელიც ეხება ომის პროპაგანდას თუ შუღლის გაღვივებას, გარკვეულწილად ასახულია საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებში და იმ შემთხვევაში თუ რომელიმე პირი, მათ შორის მაუწყებელი დაარღვევს ამ ნორმებს, დაეკისრება პასუხისმგებლობა.

მაგალითად სისხლის სამართლის კოდექსის 2391 მუხლის თანახმად დასჯადია „რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისაკენ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება, თუ ეს ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.“

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად ასევე ისჯება

„საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, ანდა ასეთი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელება, აგრეთვე ამავე მიზნით შეიარაღებისაკენ მოწოდება“

შესაბამისად, თუკი ნამდვილად იარსებებს რეალური საფრთხე შუღლის გაღვივების, ომის პროპაგანდის თუ ხელისუფლების დამხობის, დღესაც არსებობს სამართლებრივი მექანიზმები მათ შორის მაუწყებლების წინააღმდეგ. ამგვარი ფაქტების გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე სხვა სტრუქტურების კომპეტენციაა და არა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის.

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ 2009 წლის 10 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ მუხლებთან დაკავშირებით (52, 54. 56), რომელიც თვითრეგულირებას მიეკუთვნება და აღნიშნა, რომ

„ადამიანებს უფლება აქვთ, მიიღონ და გაავრცელონ იდეები და თავად გადაწყვიტონ, რა არის მათთვის მისაღები ან მიუღებელი. აღნიშნული რაციონალის საფუძველზე დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირებისთვის აუცილებელი გარკვეული აკრძალვების გარდა, პირები, მათ შორის მაუწყებლებიც, უფლებამოსილი არიან, გადასცენ ნებისმიერი ინფორმაცია და ითვლება, რომ ადამიანებს ამ იდეებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ.“

ამავე გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი ნორმები უნდა იყოს გათვალისწინებული ნათელი და განჭვრეტადი, ვიწროდ მიზანმიმართული კანონით.“ მოცემულ შემთხვევაში კი 56-ე მუხლში არსებული ჩანაწერი ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და მისი რეგულირებაში გადატანის შემთხვევაში კომისიას ენიჭება უფლებამოსილება თავად განსაზღვროს ეთერში გასული რომელი გამონათქვამი ეწინააღმდეგებოდა კანონს.

თითოეულ საკანონმდებლო ცვლილებას სჭირდება დასაბუთება. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ წარმოადგინოს რაიმე კვლევა, მაგალითები, როდესაც 56-ე მუხლის თვითრეგულირების დაქვემდებარების გამო რაიმე მყისიერი საფრთხე შეიქმნა შუღლის გაღვივების, ომის პროპაგანდის და არსებულმა მათ შორის საკანონმდებლო მექანიზმებმა ვერ იმუშავა, ამიტომაც საჭიროა, რომ მაინცადამაინც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ჰქონდეს 56-ე მუხლით გათვალისწინებული საკითხების რეგულირების ფუნქცია და სწორედ ეს ორგანო მოაგვარებს პრობლემას.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის მიუღებელია მაუწყებლობის შესახებ კანონის 56-ე მუხლის თვითრეგულირების სფეროდან ამოღება, კომუნიკაციის ეროვნული კომისიისთვის პროგრამაში ჩარევის შესაძლებლობა და ამის საფუძველზე მაუწყებლების სანქცირება, ვინაიდან შესაძლოა ის გამოყენებული იყოს სწორედ პასუხისმგებლიანი და კეთილსინდისიერი მაუწყებლების წინააღმდეგ. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებაზე პოლიტიკური გავლენების ეჭვები არსებობს. ევროპის დირექტივა ქვეყანას ავალდებულებს შექმნას ეფექტიანი მექანიზმი სიძულვილის ენის თუ არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის  წინააღმდეგ, თუმცა ეს მექანიზმი რა იქნება, თავად ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით. საქართველოს მსგავს ქვეყანაში, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები არ არის მყარი, თვითრეგულირებიდან რეგულირებაში საკითხის გადატანა, ვერ ჩაითვლება პროგრესულ ნაბიჯად. ნაცვლად ამისა, უმჯობესია მარეგულირებელმა კომისიამ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად არსებული თვითრეგულრიების მექანიზმების გააქტიურებაზე იმუშაოს. ამასთან, თუკი დადგება რეალური საფრთხე ან შუღლის გაღვივების ანდა სახელმწიფოებრივი წყობილების შეცვლისკენ მოწოდების, არსებული საკანონმდებლო აქტები იძლევა რეაგირების უფრო მეტად ეფექტიან საშუალებას, ვიდრე ეს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის ამ უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში იქნებოდა.

20.11.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტმა დავით კაკულიამ და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნოდარ მელაძემ ქარტიის მე-11 პრინციპის ის ნაწილი დაარღვიეს, რაც პლაგიატს კრძალავს.

მათ წინააღმდეგ განცხადება შემოიტანა ელისო ჯანაშიამ, ფოთში ბაზირებული ონლაინ გამოცემა tspress.ge-ს ხელმძღვანელმა, რომელიც აცხადებდა, რომ 2017 წლის 6 ოქტომბერს "რუსთავი 2-ის" საინფორმაციო გამოშვება "კურიერში" გამოყენებული კადრები ეკუთვნოდა მის გამოცემას, თუმცა მითითებული არ ყოფილა, ჩამოჭრილი იყო ლოგოც. 

იხილეთ გადაწყვეტილების სრული ვერსია
18.11.2017
ხუთშაბათს, 16 ნოემბერს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც განიხილება შემდეგი საქმეები:

  • 19:00 საათი - რუსუდან ბოლქვაძე შოთა ფალავანდიშვილის წინააღმდეგ

განცხადების თანახმად, რუსუდან ბოლქვაძეს ტელეკომპანია "იბერიამ" სთხოვა ინტერვიუ ერთ-ერთ საკითხზე, რაზეც უარი განუცხადა. თუმცა ჟურნალისტმა დაითანხმა, რომ მიწოდებინა მისთვის ინფორმაცია როგორც წყაროს. მიუხედავად ამისა, მათი საუბრის ჩანაწერი ეთერში გავიდა. რუსუდან ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა არაკეთილსინდისიერად მოიპოვა ინფორმაცია და გაამჟღავნა წყარო, შესაბამისად, მისი აზრით, დარღვეულია ქარტიის 1 (სიზუსტე), 4 (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება) და 6 (წყაროს დაცვა).
13.11.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად შეხვდა უმაღლესი სასწავლებლების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ბავშვთა საკითხების გაშუქებას ასწავლიან სტუდენტებს. შეხვედრისას იმსჯელეს თუ როგორ შეიძლება სწავლების პროცესში გამოყენებული იყოს ქარტიის მიერ შექმნილი მასალები და მედიამონიტორინგის შედეგები.

10.11.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანიების "იმედის", "რუსთავი 2-ისა" და "პალიტრანიუსის", აგრეთვე ონლაინ გამოცემა "აქცენტის" ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის მე-8 პრინციპი, რომელიც ჟურნალისტს ბავშვის ინტერესების გათვალისწინებას ავალდებულებს.

ოთხივე მედიასაშუალებამ მოამზადა მასალა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში არსებულ ბანაკში ქართველი მოსწავლეების მონაწილეობის შესახებ. ქარტიას მომართა ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა, რომელი მიიჩნევდა, რომ მასალაში ბავშვების იდენტიფიცირებით არასრულწლოვნების ინტერესი დააზიანეს.

ქარტიის საბჭომ საქმე ღია სხდომაზე განიხილა, რომელსაც ესწრებოდა განმცხადებელი. მას განცხადება ჰქონდა შემოტანილი "პირველი რადიოს" წინააღმდეგაც, რომელმაც ამავე თემაზე მოამზადა მასალა. სხდომას "პირველი რადიოს" წარმომადგენელიც დაესწრო და მხარეებს შორის შედგა მედიაცია. პირველმა რადიომ მასალიდან მოხსნა ფოტო, რომლითაც განმცხადებლის აზრით, ბავშვების ამოცნობა შესაძლებელი იყო.
03.11.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ინტერნეტგამოცემა "ინფორუსთავის" ჟურნალისტმა გიორგი ჩომახაშვილმა ქარტიის მე-11 პრინციპი დაარღვია, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს პლაგიატი.

მის წინააღმდეგ ქარტიას განცხადებით მომართა ქვემო ქართლის ტელევიზიის წარმომადგენელმა გიორგი მგალობლიშვილმა სადავო იყო 2017 წლის 4 ოქტომბერს პორტალ „ინფო რუსთავის“ მიერ გამოქვეყნებული ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი ვიდეო. განცხადების თანახმად მასალა ეკუთვნის ქვემო ქართლის ტელევიზიას, პირველად სწორედ მათ გამოაქვეყნეს, რადგან შემთხვევა ტელეკომპანიის გარეთ დამაგრებული ჩართვებისთვის საჭირო კამერამ დააფიქსირა,"ინფო რუსთავმა“ კი ისე გამოაქვეყნა, რომ არ მიუთითა ავტორი.

საქმის განხილვას ესწრებოდა მხოლოდ განმცხადებელი, გიორგი ჩომახაშვილმა კი ქარტიას საკუთარი პოზიცია წერილობით აცნობა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
03.11.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო ჟურნალისტ ნინო ზაუტაშვილის განცხადება გაზეთ "ალიას" ჟურნალისტის, ნინო ლაბარტყავას წინააღმდეგ. 

სადავო მასალა ალიამ 31 ოქტომბერს გამოაქვეყნა - “ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე აქციის დასრულების შემდეგ „ალიასთან“ ჟურნალისტ ნინო ზაუტაშვილს ამხელს. მასალაში ჰომოფობიური მარშის ერთერთი ლიდერი ანდრო ბრეგაძე საუბრობს და ამბობს ნინო ზაუტაშვილი არის "მხედრიონისდროინდელი ჟურნალისტი, რომელმაც ზვიად გამსახურდიას დამხობის შემდგომ, როდესაც მე დამიჭირეს და ზვიად გამსახურდიას სხვა მომხრეებს იჭერდნენ, ეს ქალი მათ წამებას ესწრებოდა და იყო ამ წამების უშუალო მონაწილე!"

ნინო ზაუტაშვილი მიიჩნევს, რომ მასალაში დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეშევიდე (დისკრიმინაცია) პრინციპები, რადგან მოცემული ბრალდებები უსაფუძვლოა და ზიანს აყენებს როგორც მის პროფესიულ კარიერას ასევე მის გადაცემას "რეალური სივრცე".

ქარტია საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.


02.11.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად სცნო ტრანსგენდერ ქალთა ცენტრის განცხადება ტელეკომპანია "იბერიის" წამყვან არჩილ გამზარდიას წინააღმდეგ. სადავო მასალა 27 ოქტომბერს გავიდა ეთერში. გადაცემა ეძღვნებოდა საქართველოს ნაკრების ვიცე კაპიტნის,  გურამ კაშიას მიერ ჰოლანდიის საფეხბურთო ჩემპიონატში ლგბტ პირთა სოლიდარობის და ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩართვას და შესაბამისი სამკლაურით სტადიონზე გასვლას.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ გადაცემა  შეიცავდა "ლგბტქი თემის მარგინალიზების და დისკრიმინაციის, ასევე საზოგადოებაში სტიგმატიზების მაპროვოცირებელ განცხადებებს", შესაბამისად დაირღვა ქარტიის მეშვიდე პრინციპი, რომელიც დისკრიმინაციას კრძალავს.

ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.


01.11.2017
დაიწყო განაცხადების მიღება "ქარტიის პრიზი 2017-ის" მოსაპოვებლად. კონკურსის მიზანია პროფესიული სტანდარტების დამკვიდრების და ეთიკური ჟურნალისტიკის განვითარების ხელის შეწყობა

კონკურსი ცხადდება შემდეგ ხუთ ნომინაციაში:
  • სატელევიზიო/ვიდეორეპორტაჟი
  • მულტიმედია პროექტი (1 მასალა ან სერია)
  • სტატია ან ნარკვევი ბეჭდურ ან ონლაინ მედიაში
  • ჟურნალისტური გამოძიება
  • ბავშვთა საკითხები - უპირატესობა მიენიჭება შშმ ბავშვების შესახებ მომზადებულ მასალას
პირველ ოთხ კატეგორიაში კონკურსი კვლავაც ცხადდება IREX-ის პროექტის მხარდაჭერით, ხოლო "ბავშვთა საკითხები" დაწესებულია გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ. გამარჯვებულებს ნომინირებული კონკურსანტებიდან და მათ მიერ წარმოდგენილი მასალებიდან შეარჩევს დამოუკიდებელი ჟიური.

პროცედურები და შერჩევის კრიტერიუმები:
  • მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ ჟურნალისტური პროდუქტი, რომელიც გამოქვეყნდა 2016 წლის 1 დეკემბრიდან 2017 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდში
  • საკონკურსოდ მასალის წარდგენა შეუძლია როგორც ინდივიდუალურ ჟურნალისტს, ისე მედიასაშუალებას
  • მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს ვიდეო რეპორტაჟის და მულტიმედიის შემთხვევაში  ჩანაწერი ან ბმული, სტატიის შემთხვევაში კი მისი სკანირებული ან სქრინ ვერსია.
  • მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს მოკლე ავტობიოგრაფია და საკონკურსო ნაშრომის მოკლე ანოტაცია
  • მონაწილეობის თითოეულ მსურველს შეუძლია ერთი საკონკურსო ნაშრომის წარდგენა ერთ ნომინაციაში, რაც ასევე მითითებული უნდა იყოს
  • საკონკურსო ნაშრომი გამოქვეყნებული უნდა იყოს საქართველოში მოქმედ რომელიმე მედიასაშუალებაში
  • მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Ethicscharter@gmail.com
  • ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 1 დეკემბერი, 18.00 საათი.
ზოგადი კრიტერიუმები:
  • ჟურნალისტური პროდუქტის შერჩევის მთავარი კრიტერიუმია პროფესიული და ეთიკური სტანდარტები, რასაც ეფუძნება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • უპირატესობა ენიჭება ნამუშევარს, რომელიც პასუხობს ქარტიის 11 პრინციპს
  • საკონკურსო ნამუშევრების თემატიკა არ არის შეზღუდული, იგი შესაძლოა ეხებოდეს საზოგადოების ცხოვრების ნებისმიერ სფეროს, თუმცა შერჩევის ამოსავალი პრინციპი იქნება ის, თუ როგორ უმკლავდება ავტორი პროფესიულ და ეთიკურ დილემებს.

მასალის შეფასებისას ყურადღება გამახვილდება შემდეგ ფაქტორებზე:
  • თემის აქტუალობა/მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი
  • თხრობის სტილი და ტექნიკა/ინფორმაციის გადმოცემის ხერხების მრავალფეროვნება
  • ინფორმაციის წყაროთა მრავალფეროვნება
  • ინფორმაციის სიზუსტე
  • ფაქტებისა და მოსაზრებების გამიჯვნა
  • მხარეთა ბალანსი
  • სიძულვილის ენისა და შეუფერებელი ლექსიკის უარყოფა/ გამოუყენებლობა
  • სიუჟეტების და მულტიმედია პროექტის შემთხვევაში ასევე დრამატურგია, ამბის თხრობის ტექნიკა და ვიზუალური მხარე
01.11.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 2 ნოემბერს გამართავს სხდომას, სადაც განიხილავს შემდეგ საქმეებს:

19:00 საათი - გიორგი მგალობლიშვილი გიორგი ჩომახაშვილის წინააღმდეგ


31.10.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო ელისო ჯანაშიას განცხადება ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტების, ნოდარ მელაძის, დავით კაკულიასა და სოფო ჭულუხაძის წინააღმდეგ. სადავო გახდა საინფორმაციო გამოშევბა "კურიერში" 2017 წლის 6 ოქტომბერს გასული სიუჟეტი, რომლის თანახმადაც ფოთის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან", გოჩა კურდღელია ამომრჩევლებს დაემუქრა, თუ ის "მაღალი ლეგიტიმაციით ვერ გაიმარჯვებს, ცენტრალური ხელისუფლება ფოთში დაგეგმილ პროექტებს შეაჩერებს".

განცხადების თანახმად,  დარღვეულია ქარტიის მე11 პრინციპი, რომელიც პლაგიატს კრძალავს. ელისო ჯანაშიას თქმით, "კურიერში" გამოყენებული კადრები გადაღებული იყო ფოთში არსებული ონლაინ გამოცემა Tspress.ge-ს მიერ, რის შესახებაც "რუსთავი 2-ის" რედაქციამ არ მიუთითა. ამასთან "ჩამოჭრლი იყო გამოცემის ლოგოები, რომელიც განთავსებულია ვიდეომასალის მარჯვენა ზედა კუთხეში", - აღნიშნულია განცხადებაში.

ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს


30.10.2017
შემოგვიერთდით Facebook-ზე
ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

წინასაარჩევნო კამპანია და კენჭისყრის დღე ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი ამბავია, რომლის გაშუქებამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს არამხოლოდ იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამომრჩეველი საბოლოოდ, არამედ ზოგადად საარჩევნო გარემოზე. სწორედ ამიტომ იზრდება მედიის პასუხისმგებლობა, რათა საარჩევნო სუბიექტები გააშუქონ მიუკერძოებლად, არადისკრიმინაციულად და სამართლიანად.