დისკუსია თემაზე: "უწყობს თუ არა ხელს მედია სექსუალური უმცირესოებების მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას?-
14.02.2013

კატეგორია : ღონისძიებები;
გუშინ, 2013 წლის 13 თებერვალს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფისში გაიმართა დისკუსია თემაზე: “უწყობს თუ არა ხელს მედია სექსუალური უმცირესოებების მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას?” დისკუსიას უძღვებოდნენ ქარტიის საბჭოს წევრები ზვიად ქორიძე და ირაკლი აბსანძე. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებმა.

მონაწილეებმა იმსჯელეს ტელევიზიებში, ბეჭდურ და სოციალურ მედიაში ჰომოფობიის გამოვლენის კონკრეტულ შემთხვევებზე. მომხსენებელი ირაკლი აბსანძის მოსაზრებით, უმეტეს შემთხვევაში ამ სახის გამოხატვას არა აქვს წინასწარ განზრახული ხასიათი, „ეს უფრო იმით არის განპირობებული, რომ ადამიანებს არა აქვთ მგრძნობელობა ამ საკითხის მიმართ.“

ზვიად ქორიძის მოსაზრებით, მედიის განსაკუთრებული როლი მდგომარეობს იმაში, რომ ჟურნალისტმა ხელი არ უნდა შეუწყოს დისკრიმინაციის წახალისებას. მისი აზრით, სამწუხაროდ ყველაზე უგრძნობი თემა მედიაში არის სექსუალური უმცირესობები. მონაწილეთა მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ საგამოძიებო ორგანოების მიერ კადრების მედიისთვის მიწოდებისას, მედია საშუალებების მიერ ამ კადრების გამოყენება გარკვეულწილად უწყებს ხელს სტერეოტიპების ჩამოყალიბებას ლგბტ პირების მიმართ. თუმცა, იქვე აღინიშნა, რომ კარგი პრეცენდენტი იქნება, თუ რომელიმე მედია საშუალება ასეთი სახის ინფორმაციას ისე გაავრცელებს, რომ არ გამოიყენებს მოწოდებულ კადრებს, რითაც ის ხელს შეუწყობს საქართველოში არსებული სტანდარტების ამაღლებას.

ეკა აღდგომელაშვილის მოსაზრებით, მედიის როლია ხელის შეუწყოს ჰომოფობიის შემცირებას, რადგან მისი აზრით, პრობლემა ჯგუფი კი არ არის, პრობლემა ჰომოფობიაა. დისკუსიის ბოლოს გამოითქვა მოსაზრებები და რეკომენდაციები, რომ სასურველია საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგების ჩატარება ამ თემებზე, ასევე, მყისიერი რეაგირება ნებისმიერი ასეთი სახის გამოვლინებაზე. მედიაში არსებული ხარვეზების გამოსწორების საუკეთესო გზად მიჩნეულ იქნა თითოეულ დარღვევაზე მოქალაქეების რეაგირება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყოველ მეორე ოთხშაბათს მართავს დისკუსიებს მედია ეთიკის პრობლემებზე.

მომდევნო დისკუსია გაიმართება 27 თებერვალს.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.