ბრალდებული არასრულწლოვნის იდენტიფიცირების გამო ქარტიას მიმართეს
05.12.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა ნიკა გურინმა, რომელიც მიიჩნევს, რომ ხუთმა მედიასაშუალებამ ეთიკური პრინციპები დაარღვია, ვინაიდან 4 დეკემბერს მათ მიერ მომზადებულ მასალებში, რომელიც ეხებოდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გაშუქებისას, ბრალდებული არასრულწლოვნის იდენტიფიცირება მოხდა. 

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ქარტიის მე-8 პრინციპი, რომელიც ჟურნალისტს ბავშვის ინტერესების დაცვას ავალდებულებს, დარღვეულია შემდეგ გადაცემებში - "რუსთავი 2-ის" საინფორმაციო გამოშვება "კურიერი", "იმედის" საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკა", საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვება "მთავარი", "ობიექტივის" საინფორმაციო გამოშვება და გამოცემა "ქიზიყი".  გამოცემა "ქიზიყთან" დაკავშირებით განმცხადებელი მე-8 მუხლის გარდა მიიჩნევს, რომ დაირღვა პირველი (სიზუსტე) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპებიც.

განცხადების თანახმად, "რუსთავი 2-მა", "ობიექტივმა" და აჭარის ტელევიზიამ  ბრალდებული არასრულწლოვნის დაკავების კადრები გაუშვა ყოველგვარი სახის დაფარვის გარეშე და ნებისმიერ პირს შეეძლო მოეხდინა ბრალდებულის იდენტიფიცირება. "იმედმა" კი დაასახელა მისი სახელი და გვარი.  რაც შეეხება "ქიზიყს", განცხადების თანახმად, მან გამოაქვეყნა ხორავას ქუჩაში მომხდარ მკვლელობისთვის ძებნილი არასრულწლოვნის ფოტო წარწერით "გაიცანით, სადისტი ბავშვი!!! ჯერ ლევან დადუნაშვილი მოკლა ადგილზე ხოლო შემდეგ დავით სალარიძე დაჭრა და 12 ჭრილობა მიაყენა" 

"ჟურნალისტმა აღნიშნული პიროვნების ანონიმურობის დარღვევისას საფრთხე შეუქმნა, როგორც ბრალდებულის, ასევე მისი ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების უსაფრთხოებას", - მიიჩნევს განმცხადებელი და იქვე უთითებს, რომ გათვალისწინებული არ ყოფილა ბავშვთა საკთხების გაშუქების აღიარებული სტანდარტები.

იმის გამო, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტის მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი, ქარტიის საბჭო უახლოეს დღეებში განიხილავს განცხადებას.
შემოგვიერთდით Facebook-ზე
წინასაარჩევნო კამპანია და კენჭისყრის დღე ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი ამბავია, რომლის გაშუქებამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს არამხოლოდ იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამომრჩეველი საბოლოოდ, არამედ ზოგადად საარჩევნო გარემოზე. სწორედ ამიტომ იზრდება მედიის პასუხისმგებლობა, რათა საარჩევნო სუბიექტები გააშუქონ მიუკერძოებლად, არადისკრიმინაციულად და სამართლიანად.
ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.