primetime.ge-ს ჟურნალისტის წინააღმდეგ ქარტიას მიმართეს
27.12.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დასაშვებად სცნო ორგანიზაციის "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) განცხადება ონლაინ გამოცემა primetime.ge-ს ჟურნალისტის, ლილუ მიროტაძის წინააღმდეგ. სადავო მასალა 8 დეკემბერს გამოქვეყნდა და მოიცავს 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის ახლობლის Facebook სტატუსს. PHR-ის პოზიციით, სტატუსი ცალსახად შეიცავდა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნებს და ასევე, შეიცავდა არასრულწლოვნისთვის საზიანო ინფორმაციას და არღვევდა მის უდანაშაულობის პრეზუმფციას.

"ჟურნალისტის მიერ წარმოდგენილ მასალაში კონფლიქტში მონაწილე მოსწავლეების დედებზე, ქალებზეა გადატანილი მომხდარი ტრაგედიის ტვირთი, ისინი მოხსენიებულები არიან „მკვლელის დედებად“, ტექსტში კი, ვლინდება მტკიცება, თითქოს საზოგადოებაში არსებული ნეგატიური განწყობები, სწორედაც რომ დედებისკენ უნდა იყოს მიმართული...გამოძიების მსვლელობისას დაკავებული მოზარდები მოხსენიებულები არიან „მაძღარ მკვლელებად“, მაშინ, როდესაც სასამართლოს მათი ბრალეულობა არ დაუდგენია. ასევე, მიგვაჩნია, რომ ჟურნალისტურ პროდუქტში წარმოდგენილი სიძულვილის ენა ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის ინტერესების დაცვას, მას წარმოადგენს მონსტრად და შესაბამისად, შეიცავს მოზარდისთვის საზიანო ინფორმაციას. ", - ნათქვამია განცხადებაში. შესაბამისად PHR მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მერვე (ბავშვის ინტერესი) პრინციპები.

ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.