გადაწყვეტილება საქმეზე - დავით აბზიანიძე "პრაიმშოუს" წამყვანების წინააღმდეგ
15.02.2018

განმცხადებელი : დავით აბზიანიძე;
მოპასუხე : პრაიმშოუს წამყვანები;
დარღვეული პრინციპები : არ დარღვეულა;
გადაწყვეტილება

22 დეკემბერი 2017 წელი
საქმეზე N 160

დავით აბზიანიძე ანრი ჯოხაძის, ნინი ბადურაშვილის, მაია სტეფნაძის და ნინი ნადირაძე - კუზანოვას წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები
: თამუნა უჩიძე, ჯაბა ანანიძე, თაზო კუპრეიშვილი, მაია მამულაშვილი, ნინო ჯაფიაშვილი.

განმცხადებელი:
დავით აბზიანიძე

მოპასუხე: ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, მაია სტეფნაძე და ნინი ნადირაძე - კუზანოვა

აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა დავით აბზიანიძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2017 წლის 06 სექტემბერს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა "პრაიმშოუში", დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-4 და მე-7 პრინციპი. გადაცემის სადავო ნაწილი: "პრაიმშოუში" გამოიყენეს და გაავრცელეს დავით აბზიანიძის ვიდეო ჩანაწერი, სადაც ის დაცინვის მიზნით ტელეფონით უკავშირდება დავით ქაცარავას და აწვდის არასწორ ინფორმაციას, რაზეც დავით ქაცარავა სერიოზულად პასუხობს. შესაბამისად, დავით ქაცარავას რეაქცია ყალბი სატელეფონო ზარის მიმართ ხუმრობის და ქილიკის საგანი გახდა სოციალურ ქსელებში.

საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებელი დავით აბზიანიძე, მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან და არც შეპასუხება წარმოუდგენიათ. საქმის განხილვის დროს დავით აბზიანიძემ მოხსნა საკუთარი მოთხოვნა ქარტიის პირველ პრინციპთან დაკავშირებით.

სამოტივაციო ნაწილი 

ქარტიის მეოთხე თანახმად: “ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს”. განმცხადებელი აპელირებდა, რომ „პრაიმშოუმ“ ისე გამოყენა ვიდეო ჩანაწერი, რომ არ მიუღია თანხმობა დავით აბზიანიძისგან. საბჭო გაეცნო საქმის გარემობებს, გამოკითხა განმცხადებელი და დაადგინა, რომ ვიდეო ჩანაწერი დავით აბიზიანიძემ თავის ფეისბუქ გვერდზე თავად განათავსა საჯაროდ. ვიდეოს აქვს რამდენიმე ათასი ნახვა და ასეულობით მოწონება, არ იყო შეზღუდული ვიდეოს გაზიარება. ვიდეო გაავრცელა სხვადასხვა ონლაინ მედია საშუალებამ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ვიდეოს მიზანი სწორედ მისი საჯაროობა იყო და სხვა პირებს შეეძლოთ თავისუფლად გამოეყენებიათ/გაევრცელებინათ იგი. საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მე-4 პრინციპი არ დარღვეულა.

ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“. განმცხადებლის მითითებით, გადაცემის მსვლელობისას იგი იყო როგორც წამყვანების, ისე მოწვეული სტუმრების მხრიდან შეურაცხყოფის ობიექტი, ციტატები განცხადებიდან: „ანრი ჯოხაძემ კი „ცენზურის დაცვით“ გადაწყვიტა ჩემი გინება, მაგრამ, როგორც ის ამბობს ეთერში, ამას ეთერში ვერ იტყოდა“. „გადაცემის ყველა ლოგიკა აჩვენებს იმას, რომ მე ვარ სრულიად დემონიზებული და არავინ ეთერში არ მიცავს“. საბჭო აღნიშნავს, რომ მე-7 პრინციპის მიზნებისათვის უნდა მოხდეს დისკრიმინაციის და დისკრედიტაციის გამიჯვნა, მე-7 პრინციპი მოიცავს დისკრიმინაციას და არა დისკრედიტაციას. რა თქმა უნდა, როგორც წამყვანის, ისე სტუმრების შეფასებები დავით აბზიანიძის მიმართ ამ უკანასკნელის მიერ შეურაცხმყოფლად იქნებოდა აღქმული, მაგრამ საბჭოს მიზანია მოიკვლიოს მათ შორის [იგულისხმება შეურაცხმყოფელი ფრაზები] ხომ არ იყო რომელიმე დისკრიმინაციის შემცველი, რაც გულისხმობს რაიმე ნიშნის გამო პირის მიმართ ნეგატიურ, დამამცირებელ დამოკიდებულებას. დისკრიმინაციად ასევე ჩაითვლება სტიგმატიზაცია ან სტიგმის გაძლიერება.

საბჭოს წევრთა ნაწილმა ყურადღება გაამახვილა ანრი ჯოხაძის ფრაზაზე, რომლითაც მან კომენტირება გაუკეთა ვიდეოს: „ღმერთმა დაიფაროს რომ ამ ადამიანების ხელში აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყნის მომავალი პირველ რიგში“, მათ ეს მიიჩნიეს როგორც ზოგადად ახალგაზრდა თაობის დისკრიმინაციად, რასაც არ დაეთანხმა საბჭოს სხვა წევრები და მიუთითეს, რომ, მათი აზრით, ანრი ჯოხაძე ამ შემთხვევაში გულისხმობდა არა ზოგადად ახალგაზრდა თაობას, არამედ აქცენტს აკეთებდა დავით აბზინიძეზე და მის მეგობარზე, რომელიც ასევე ჩანდა ვიდეოში. ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის თანახმად პრინციპის დარღვევას ან არ დარღვევას მხარი უნდა დაუჭიროს მინიმუმ საბჭოს ხუთმა წევრმა. იმის გამო, რომ ამ რაოდენობის წევრმა მე-7 პრინციპის დარღვევას ან არდარღვევას არ დაუჭირა მხარი, გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული.

სარეზოლუციო ნაწილი 

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:
  1. ანრი ჯოხაძეს, ნინი ბადურაშვილს, მაია სტეფნაძეს და ნინი ნადირაძე - კუზანოვას არ დაურღვევიათ ქარტიის მე-4 პრინციპი.
  2. ქარტიის მე-7 პრინციპთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული.

საქმის მასალები:

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.