"ობიექტივის" წინააღმდეგ PHR - მა ქარტიას მიმართა
12.03.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო ორგანიზაციის "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)" განცხადება ტელეკომპანია "ობიექტივის" ეთერში გასულ მასალასთან დაკავშირებით. სადავო გახდა 2018 წლის 27 თებერვალს გადაცემა "სოციალური თემატიკის" ის სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა მანუჩარ მელიქიძის ცხოვრებისეული ტრაგედიის შედეგებს და აღწერდა მის   ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას. 

PHR-ის განცხადების თანახმად, ტრაგედიის სიმძაფრის გადმოცემისას მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო მისი შვილების ემოციურ განცდებს, რა დროსაც ჟურნალისტმა გაავრცელა ბავშვებისთვის საზიანო ინფორმაცია.10 წუთიანი სიუჟეტის განმავლობაში ნახევარზე მეტი დრო ეთმობა კადრებს, რომელშიც ჩანს, თუ როგორ შფოთავენ და ტირიან ბავშვები.

"იმის გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვნები იდენტიფიცირებულები არიან, სიუჟეტი, თავის მხრივ, შეიცავს ბავშვების ცხოვრებისეული დეტალების შესახებ ინფორმაციას, ვიდეო კი, გარდა სატელევიზიო ეთერისა, სოციალურ ქსელშიც გავრცელდა (გასათვალისწინებელია სოციალური ქსელის მასშტაბები - გამოხატული რეაქციების, ნახვის, გაზიარებისა და კომენტარების ველი), ადვილი შესაძლებელია, მათი მდგომარეობა განხილვის საგანი გახდეს სკოლასა თუ მათთვის ნაცნობ სხვა გარემოში როგორც უფროსების, ისე თანატოლების მხრიდან, რაც აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაციისას ბავშვებისთვის განმეორებითი ტრავმისა და სტრესის მუდმივობის საფუძველს ქმნის", - ნათქვამია განცხადებაში.

შესაბამისად PHR-ი მიიჩნევს, რომ  მასალაში დარღვეულია ქარტიის 8 პრინციპი, რომლის თანახმადაც ჟურნალისტმა „ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის“.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.