გიგა ბოკერიამ "რუსთავი 2-ის" სიუჟეტთან დაკავშირებით ქარტიას მიმართა
05.04.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო პოლიტიკური პარტია "ევროპული საქართველოს"  პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერიას განცხადება ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის, თეა ადეიშვილის წინააღმდეგ.

სადავო სიუჟეტი 25 მარტს გავიდა გადაცემა P.S.-ს ეთერში. მასალაში საუბარი იყო საქართველოს პარლამენტის რეზოლუციაზე, რომელიც ეხება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევასა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ . რეზოლუციაზე "ევროპულ საქართველოსაგან" განმსხვავებული მოსაზრებები ჰქონდა "ნაციონალურ მოძრაობას", რომელმაც, სიუჟეტის თანახმად, "სანქციების გაურკვევლობის გამო" რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.  

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა მაყურებელს არ მისცა შესაძლებლობა რეზოლუციის საკამათო საკითხს თავად გაცნობოდა, "თუმცა გააცნო საკუთარი შეფასება - რომ ტექსტი გაუგებარია. მან არც ევროპული საქართველოს რესპოდენტთა განმარტება არ გააშუქა დისკუსიისთვის ამ საკვანძო საკითხზე - არადა ინტერვიუს დროს საუბარი ამ თემასაც შეეხო", - ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ მაყურებელს მცდარი და არასრულფასოვანი ინფორმაცია მიეწოდა, რადგანაც მიიჩმალა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. შესაბამისად, დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მესამე (მიჩქმალვა) პრინციპები.

განცხადების თანახმად, მასალის ეთერში გასვლიდან მალევე გავრცელდა სიუჟეტის ერთ-ერთი მონაწილის და "ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას წერილობითი მიმართვა, სადაც გარდა განმარტებისა, მითითებული იყო თხოვნა - ტელეკომპანიას შემდეგ კვირას იმავე გადაცემის ეთერში გამოესწორებინა შეცდომა, რაც არ მომხდარა. შესაბამისად განმცხადებლი მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის მეხუთე პრინციპიც, რომელის თანახმადაც მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.
შემოგვიერთდით Facebook-ზე
ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

გენდერი სქესის სოციალური მახასიათებელია, რომელიც გამოხატავს საზოგადოების მიერ დადგენილ თუ გამომუშავებულ ფუნქციურ, ქცევით, მენტალურ თუ ემოციურ განსხვავებულობას ქალსა და კაცს შორის.