ქარტიის საბჭოს განცხადება საპატრიარქოს ბოიკოტზე “რუსთავი 2-ის” მიმართ
24.05.2018

კატეგორია : განცხადებები;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მედიის და ზოგადად გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის სამღვდელოებას და ყველა მოქალაქეს, “ვისთვისაც ღირებულია ეკლესია”, “რუსთავი 2-სთვის” ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოუწოდებს.

საქართველოში, როგორც დემოკრატიულ ქვეყანაში, ერთ-ერთი უმაღლესი ღირებულება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა. რაც არ უნდა კრიტიკულ და სხვა ჯგუფებისთვის მტკივნეულ თემაზე ამზადებდეს ჟურნალისტი გადაცემას, მისი გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს. საპატრიარქოს მიერ მოწოდებული ბოიკოტი სწორედ ამ უფლების განხორციელებას უშლის ხელს, აგრესიის სამიზნედ აქცევს კონკრეტულ ჟურნალისტსა და ზოგადად მთელ მედიას. მით უმეტეს, რომ უკვე არსებობს "რუსთავი 2-ის" წამყვანზე სხვა გადაცემის გამო თავდასხმის პრეცენდენტი, რა დროსაც 6 პირი დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. სასამართლო პროცესი დღემდე არ დასრულებულა.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ყოველწლიურად ათეულობით მილიონ ლარს საჯარო ფინანსებიდან ხარჯავს. ამასთან, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტია. მისი საქმიანობის მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქომ ითანამშრომლოს და არსებულ კითხვებს უპასუხოს მათ შორის "რუსთავი 2-ის", როგორც ერთ-ერთი დიდი მაუწყებლის მეშვეობით.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს ხელისუფლებას, რომელიც უნდა იყოს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გარანტი, დაიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოება, ამასთან დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და მაგალითი მისცეს საზოგადოების სხვა ჯგუფებს ამ ტელეკომპანიასთან თანამშრომლობის გაგრძელებით
შემოგვიერთდით Facebook-ზე
გენდერი სქესის სოციალური მახასიათებელია, რომელიც გამოხატავს საზოგადოების მიერ დადგენილ თუ გამომუშავებულ ფუნქციურ, ქცევით, მენტალურ თუ ემოციურ განსხვავებულობას ქალსა და კაცს შორის.
ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.