ელისო კილაძემ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია
14.06.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, გაზეთ "ქრონიკა +-სი" მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

მის წინააღმდეგ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა შემოიტანა. ის სადავოდ ხდიდა 2018 წლის 5 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით "კორუფცია VS მართლმსაჯულება", რომელიც ეხებოდა ქვეყანაში არსებულ კორუფციას, ასევე, 2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის გამოძიებასა და სასამართლო პროცესში დიმიტრი ქუმსიშვილის ჩართულობას, რაც განმაცხადებლის მტკიცებით, არ შეესაბამებოდა სიმართლეს.

საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოპასუხე ჟურნალისტმა საბჭოს კითხვებს ტელეფონით უპასუხა. სხდომის მსვლელობისას განმცხადებლის წარმომადგენელმა მოხსნა საკუთარი მოთხოვნა მე-11 პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით, რაც ფაქტის განზრახ დამახინჯებას გულისხმობს. შესაბამისად, საბჭომაც მხოლოდ პირველი პრიციპის ჭრილში განიხილა სადავო სტატია და მისი დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.