გადაწყვეტილება საქმეზე - სოფიო ბაჩილავა ტელეკომპანია „ობიექტივის“ არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ
11.07.2018

განმცხადებელი : სოფიო ბაჩილავა;
მოპასუხე : ობიექტივი;
დარღვეული პრინციპები : 8 პრინციპი;
გადაწყვეტილება

27 მაისი, 2018 წელი

საქმეზე N 193 

სოფიო ბაჩილავა ტელეკომპანია „ობიექტივის“ არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: ლიკა ზაკაშვილი, გიორგი სულაძე, თამუნა უჩიძე, მაია მამულაშვილი, ნინო ჯაფიაშვილი.

განმცხადებელი: სოფიო ბაჩილავა

მოპასუხე: ტელეკომპანია „ობიექტივის“ არა იდენტიფიცირებული ჟურნალისტი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა სოფიო ბაჩილავამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია „ობიექტივის“ მიერ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე განთავსებულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის მე-7 და მე-8 პრინციპი. სიუჟეტში არ იყო მითითებული მისი ავტორის ვინაობა. ქარტიის საბჭოს სამდივნოს მიმართვის მიუხედავად ტელეკომპანია „ობიექტივს“ არ მოუწოდებია ინფორმაცია თუ კონკრეტულად ვინ იყო პასუხისმგებელი აღნიშნულ სიუჟეტზე. ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის 3.5 პუნქტის თანახმად „თუ შეუძლებელია პასუხისმგებელი პირის მოძიება, ქარტიის გადაწყვეტილებაში მოპასუხედ მიეთითება არაიდენტიფიცირებული ავტორი“. ტელეკომპანია „ობიექტივს“ არც საქმის განხილვაში მიუღია მონაწილეობა და არც წერილობით წარმოუდგენია საპასუხო პოზიცია.

სამოტივაციო ნაწილი 

ქარტიის მე-8 პრინციპის მიხედვით: „ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება“.

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი შეეხებოდა შვიდი და ექვსი წლის არასრულწლოვანებს. სიუჟეტის თანახმად, ბავშვების მზრუნველობაზე დედამ უარი თქვა, ბავშვების „გაყიდვას აპირებდა“ და ახლა მათ ბებია მძიმე სოციალურ პირობებში ზრდის. სიუჟეტში სრულად იდენტიფიცირებულია [ვიზუალი, სახელი, საცხოვრებელი ადგილი] ორივე არასრულწლოვანი, მათი მძიმე სოციალური ყოფა, ასევე ნაჩვენებია მათი განცდები თუ როგორც ენატრებათ დედა და რა მძიმე სოციალური მდგომარეობა/გაჭირვება აქვთ.

ქარტიის საბჭოს აზრით, ჟურნალისტის მიზანი იყო შემდგომში დახმარების იმედით შეჭირვებული არასრულწლოვანების მიმართ გამოეწვია საზოგადოების თანაგრძნობა, თუმცა ბავშვთა საკითხების გაშუქება განსაკუთრებულ სიფრთხილეს და პასუხისმგებლობას გულისხმობს. ჟურნალისტს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება შეაფასოს თუ რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს ამ სიუჟეტმა ბავშვებზე. ასაკის გამო ბავშვი ვერ აფასებს და ვერ იღებს გააზრებულ გადაწყვეტილებას თუ რამდენად შეესაბამება მის ინტერესებს, რომ საზოგადოების ფართო ფენამ ნახოს მისი გაჭირვება, ემოციები და ა.შ. ჟურნალისტმა უნდა შეაფასოს, სიუჟეტი ხომ არ გამოიწვევს მის სტიგმატიზებას, დაცინვას მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრების და მიტოვების გამო. საბჭო მიიჩნევს, რომ ბავშვის ამ კონტექსტში წარმოჩენა არ ემსახურებოდა მის საუკეთესო ინტერესს.

სიუჟეტში ჩანს, რომ არასრულწლოვნების მეურვე, ბებია თანახმა იყო, რომ ბავშვებს მონაწილეობა მიეღოთ ამ სიუჟეტში. ქარტიის სახელმძღვანელო წესები „ბავშვთა საკითხების გაშუქების“ შესახებ, ცალსახად მიუთითებს, რომ „მშობლის ან მეურვის თანხმობა არ ათავისუფლებს ჟურნალისტს პასუხისმგებლობისგან თავად გადაწყვიტოს რამდენად სწორი იქნება ამა თუ იმ საკითხზე ბავშვის კომენტარის ჩაწერა, ან ფოტოს გამოქვეყნება. მან თავად უნდა შეაფასოს ის ნეგატიური შედეგები, რაც შეიძლება ბავშვის იდენტიფიცირებას მოჰყვეს. ზოგჯერ მშობლები ნაკლები ინფორმაციის, განათლების თუ უბრალოდ მძიმე ემოციური მდგომარეობის გამო, ვერ იაზრებენ, რა საფრთხეების მომტანია“.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის მე-8 პრინციპი. ქარტიის მე-7 პრინციპი - “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ როგორც თავად ჟურნალისტის, ისე ბებიის მხრიდან დედის მიმართ სიუჟეტში გამოთქმული შეფასებების/ფაქტების საფუძველზე შესაძლოა ბავშვების დედა საზოგადოებამ აღიქვას როგორც "ბავშვების გამყიდველი", ამან კი შეიძლება ხელი შეუწყოს დედის მიმართ საზოგადოებაში სტიგმის ჩამოყალიბებას. აღნიშნულმა სტიგმამ კი სამომავლოდ ხელი შეუშალოს მას ცხოვრების სრულფასოვან გაგრძელებასა და სოციალიზაციაში.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში არ იკვეთება ნიშანი, გარემოება, რომლის მიხედვითაც ხდება დედის დისკრიმინაცია ან სტიგმატიზება. რა თქმა უნდა, დედის შესახებ ინფორმაცია [აქვე აღსანიშნავია, რომ დედის იდენტიფიცირება თითქმის შეუძლებელია სიუჟეტიდან] გადაუმოწმებელი ინფორმაციაა, გარკვეულწილად ხდება მისი დისკრედიტაციაც, მაგრამ არ იკვეთება დისკრიმინაცია

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:
  1. ტელეკომპანია „ობიექტივის“ არა იდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მე-8 პრინციპი.
  2. ტელეკომპანია „ობიექტივის“ არა იდენტიფიცირებულ ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის მე-7 პრინციპი.

საქმის მასალები

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.