თამარ ბაღაშვილმა და დიანა ჯოჯუამ ქარტიის პირველი და მეთერთმეტე პრინციპი დაარღვიეს
15.12.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებმა თამარ ბაღაშვილმა და დიანა ჯოჯუამ ქარტიის 2 პრინციპი დაარღვიეს: პირველი, რომელიც ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას ავალდებულებს ჟურნალისტს და მეთერთმეტე, რომლის თანახმადაც,  უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად მიიჩნევა ფაქტის განზრახ დამახინჯება.

მათ წინააღმდეგ ქარტიას დავით მახარაშვილმა მიმართა. ის მიიჩნევდა, რომ 2018 წლის 16 ნოემბერს საინფორმაციო გადაცემა "კურიერში" კახა კალაძის ბრიფინგიდან ინფორმაცია არასწორად გაავრცლეს. კერძოდ, ისე წარმოაჩინეს თითქოს თბილისის მერი ქართველ სამხედროებს 2008 წლის ომში თანამებრძოლების ცხედრების მიტოვებაში ადანაშაულებდა. განმცხადებლის თქმით, მსგავსი რამ კახა კალაძეს არ უთქვამს. ამის დასტურად კი ბრიფინგის სრული ვერსია წარმოადგინა.

ქარტიის საბჭომ მსჯელობის შემდეგ დაადგინა როგორც სიზუსტის დარღვევა, ისე ფაქტის განზრახ დამახინჯება.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.