სიახლეები
ოთხშაბათს, 31 მაისს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 2 საქმეს განიხილავს:

19:00 საათი – პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველო“ – ლევან ჯავახიშვილის და ბელა ზაქაიძის წინააღმდეგ

29.05.2017
რა არ მოსწონთ ბავშვებს ქართულ მედიაში, რა თემების გაშუქებას ისურვებდნენ და როგორ შეუძლიათ თავად არასრულწლოვნებს ინფორმაციის გავრცელება, ამ საკითხებზე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF)18 მაისს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში არსებული მედია სტუდია “დროს” წევრ ბავშვებთან იმსჯელეს.

19.05.2017
ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქების შესახებ მიმდინარე პროექტის ფარგლებში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) აცხადებს კონკურსს მედიასაშუალებებისთვის. შერჩეულ რედაქციებში ჩატარდება პრაქტიკული სემინარი ბავშვთა საკითხების გაშუქების შესახებ.
18.05.2017

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწვევს ჟურნალისტებს

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად

რელიგიასთან დაკავშირებული თემების გაშუქება

ორდღიანი ტრენინგი გაიმართება 3-4 ივნისს თბილისში, ქარტიის ოფისში (შიო მღვიმელის 6ბ). ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჟურნალისტებს როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან.

07.05.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო მოქალაქე ელენე მაკარიძის განცხადება გაზეთ “ქრონიკა+-ის” ჟურნალისტის, გელა მამულაშვილის წინააღმდეგ.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სტატიაში “როდემდე უნდა იყოს ქართველი მომხმარებელი დაუცველი?” დაირღვა ქარტიის 1 (სიზუსტე) მე-3 (მიჩქმალვა) და მე-4 (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისერება) პრინციპი. მასალაში მოქალაქეები სხვადასხვა სერვისების დაბალ ხარისხზე წუხან. მათ შორის ელენე მაკარიძის სახელით მოცემული კომენტარი შეეხება “ყაზტრანსგაზისა” და “თელასის” კომპანიების მომსახურებას. განმცხადებელი ელენე მაკარიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში მხოლოდ ერთი ზრდასრული ელენე მაკარიძეა, მას კი არანაირი კომენტარი “ქრონიკა +-ისთვის” არ გაუკეთებია.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.
03.05.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, გაზეთ “კახეთის ხმის” რედაქტორს, მაია მამულაშვილსა და ჟურნალისტს, ნიკოლოზ ესიტაშვილს ქარტიის პრინციპები არ დაურღვევიათ.

ქარტიას განცხადებით „მოქალაქე ევროპული განვითარებისთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი მოსიაშვილმა მიმართა. სადავო მასალა, შეტევა ადგილობრივ მედიაზე – თელავის მედია კაფე დაიხურა, 2017 წლის 9 მარტს გამოქვეყნდა. მასალის თანახმად, “თელავის მედია კაფე, სადაც გაზეთ „კახეთის ხმის“ რედაქცია იყო ინტეგრირებული, დაიხურა.” მასალაში დახურვის მიზეზად დასახელებულია ის, რომ “თელავის მერიასთან ორწლიანი მოლაპარაკების მიუხედავად, თვითმმართველმა ერთეულმა რედაქციას აღარ გაუგრძელა იჯარის ხელშეკრულება”. ქარტიაში შემოტანილ განცხადებაში კი გიორგი მოსიაშვილი უთითებდა, რომ რედაქციამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, შესაბამისად დარღვეული იყო ქარტიის პირველი პრინციპი (სიზუსტე).

საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებელი დაესწრო, მოპასუხე ჟურნალისტმა და რედაქტორმა კი საბჭოს კითხვებს სკაიპის მეშვეობით უპასუხეს. გადაწყვეტილების

სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება
27.04.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ინტერნეტ გამოცემა fact2.ge-ს ჟურნალისტმა ბესო მახარაშვილმა ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მესამე (ფაქტების მიჩქმალვა) პრინციპი დაარღვია.

ქარტიას განცხადებით მომართა კომპანია iPlus-მა. ის მიიჩნევდა, რომ ეთიკური პრინციპები დარღვეული იყო Fact2.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში სათაურით „IPHONE+“-ის მორიგი დაზარალებული?! ნანიკო ხაზარაძე: არც დამიშვია, რომ შეიძლებოდა, მეორადი ტელეფონი მოეყიდა, მაგრამ… " განმცხადებელი ასევე ფიქრობდა, რომ დარღვეული იყო ქარტიის მეხუთე პრინციპიც, რომელიც ჟურნალისტს არასწორი ინფორმაციის შესწორებას ავალდებულებს. მტკიცებულებების წარმოდგენისთვის საბჭომ IPLUS-ს დამატებითი დრო მისცა.

განმცხადებელმა წარმოადგინა სატელეფონო ჩანაწერი მედიასაშუალებასთან, თუმცა, საბჭომ მიიჩნია, რომ ამით არ დგინდებოდა მეხუთე პრინციპის დარღვევა, შესაბამისად, მხოლოდ პირველი და მესამე პრინციპი მიიჩნია დარღვეულად.
26.04.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 26 აპრილს 19:00 საათზე განიხილავს „მოქალაქე ევროპული განვითარებისთვის“ თავმჯდომარის, გიორგი მოსიაშვილის განცხადებას “კახეთის ხმის” რედაქტორის, მაია მამულაშვილისა და ჟურნალისტის, ნიკოლოზ ესიტაშვილის წინააღმდეგ.

25.04.2017

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ ქარტიის მეშვიდე პრინციპი დაარღვია, რომლის თანახმადაც  "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით."

ქარტიას განცხადებით მიმართა "თანასწორობის მოძრაობამ" სადავო გადაცემა ეთერში 3 აპრილს გავიდა და ტრანსგენდერ ადამიანებს მიეძღვნა. განმცხადებელი  მიიჩნევდა, რომ გადაცემა იყო დისკრიმინაციული, ვინაიდან წამყვნმა ვერ უზრუნველყო პროცესების მართვა.

საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებელი ესწრებოდა, მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

21.04.2017

აქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველოს" განცხადება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "ქრონიკაში" დაირღვა ქარტიის რამდენიმე პრინციპი - პირველი (სიზუსტე), მე-3 (ფაქტის მიჩქმალვა), მე-5 (შესწორება), მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება).

სადავო სიუჟეტი "რაისიანების საქმე" 11 აპრილს გავიდა ეთერში და ეხებოდა "თავისუფალი საქართველოს" წევრის შვილის დაკავებას და პარტიის ბრიფინგს. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ როგორც წამყვანის, ლევან ჯავახიშვილის, ისე სიუჟეტის ავტორის, ბელა ზაქაიძის მიერ გადაცემული ინფორმაცია იყო არაზუსტი. "ფაქტების დამახინჯებით პარტიის მიერ გავრცელებული განცხადება წარმოჩინდა, როგორც დაუსაბუთებელი ინფორმაცია. ხოლო პარტიის მიერ მოხდენილი რეაგირება, როგორც - არადროული", - აღნიშნულია განცხადებაში.

ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს, სადაც დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.

20.04.2017

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" (WISG) განცხადება, რომლის თანახმადაც ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "ქრონიკაში" 20 მარტს გასულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა).

სადავო სიუჟეტი “მორიგი თავდასხმა ტრანსგენდერებზე’’ ეხება ტრანსგენდერი ქალებზე თავდასხმას. განცხადების თანახმად,  მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი ტრანსგენდერი ქალებისა და ზოგადად ლგბტი თემის მიმართ ღია დისკრიმინაციულ ტერმინოლოგიას არ იყენებს, ჯგუფის წევრებზე საუბრისას იგი ტრანსგენდერ ქალებს მოიხსენიებს ამგვარად: „ტრანსგენდერი გაბი“ „როგორც ტრანსგენდერები ამბობენ“  „რამდენი ტრანსგენდერის განცხადება შევიდა...“. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სიტყვა "ტრანსგენდერის" არსებით სახელად გამოყენებით დაირღვა ქარტიის პრინციპები, ვინაიდან სწორია "ტრანსგენდერი ქალი", "ტრანსგენდერი კაცი".

მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ წამყვანი ნანა ლეჟავა და ჟურნალისტი ქეთი ფარცხალაძე.

საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს, სადაც დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

20.04.2017

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, საინფორმაციო სააგენტო GHN-ის რედაქტორმა თემურ ჭუმბურიძემ ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას მიმართა კომპანია iPlus-მა, რომელიც სადავოდ ხდიდა GHN-ზე გამოქვეყნებულ მასალას სახელწოდებით „აშშ-დან დასკვნა ჩამომივიდა, „iPhone+“-ში ნაყიდი „iPhone5“ ფასლიფიცირებულიაო და ისე ავღელდი, ინფარქტით საავადმყოფოში აღმოვჩნდი! განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ “ჟურნალისტმა არ სცადა, გაერკვია ერთი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს” და არ ჩაასწორა ინფორმაცია. თავდაპირველად iPlus-ი დავობდა მეცხრე პრინციპთან დაკავშირებითაც, რომელიც ჟურნალისტს სარეკლამო და სარედაქციო მასალების გამიჯვნას ავალდებულებს, თუმცა საქმის განხილვისას საკუთარი მოთხოვნა ამ პრინციპთან დაკავშირებით მოხსნა. რადგან სტატიაში ავტორი იდენტიფიცირებული არ იყო, მოპასუხედ განისაზღვრა რედაქტორი თემურ ჭუმბურიძე.

საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებელი ესწრებოდა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება,

19.04.2017
შემოგვიერთდით Facebook-ზე
ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

გენდერი სქესის სოციალური მახასიათებელია, რომელიც გამოხატავს საზოგადოების მიერ დადგენილ თუ გამომუშავებულ ფუნქციურ, ქცევით, მენტალურ თუ ემოციურ განსხვავებულობას ქალსა და კაცს შორის.