სიახლეები




საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწყებს განაცხადების მიღებას ქარტიის პრიზი 2023-ის მოსაპოვებლად. ყოველწლიური კონკურსის მიზანია ეთიკური ჟურნალისტიკის განვითარების ხელშეწყობა და პროფესიული სტანდარტების დამკვიდრება.



კონკურსი ცხადდება შემდეგ ექვს ნომინაციაში:

1. სტატია/მულტიმედია სტატია ონლაინ მედიაში

2. სიღრმისეული ან საგამოძიებო ნამუშევარი

3. ფოტო/ფოტორეპორტაჟი ონლაინ ან ბეჭდურ მედიაში

4. ბლოგი/მოსაზრება ონლაინ მედიაში

5. ადგილობრივი პრობლემების საუკეთესო გაშუქება

6. ხალხის რჩეული - საუკეთესო ნამუშევარი ევროინტეგრაციის თემასთან დაკავშირებით

გამარჯვებულებს შეარჩევს დამოუკიდებელი ჟიური. „ხალხის რჩეულის“ ნომინაციაზე კი გამარჯვებული გამოვლინდება ხმის მიცემით, დამოუკიდებელი ჟიურის მიერ შერჩეული სამი კანდიდატიდან.

პრიზები დაწესებულია USAID მედია პროგრამის მიერ.

განაცხადის შესავსებად გადადით ბმულზე - https://forms.gle/ppSufpEUY11eMmnJA 

პროცედურები და შერჩევის კრიტერიუმები:

  • მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ მედია პროდუქტი, რომელიც გამოქვეყნდა 2022 წლის 11 დეკემბრიდან 2023 წლის 11 ნოემბრამდე პერიოდში.
  • საკონკურსოდ მასალის წარდგენა შეუძლია როგორც ჟურნალისტს ინდივიდუალურად, ისე მედიასაშუალებას.
  • მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს გამოქვეყნებული მასალის ბმული. იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო ნამუშევარი ინტერნეტ სივრცეში არ მოიძებნება, კონკურსანტს შეუძლია გამოგზავნოს ჩანაწერი, სტატიის შემთხვევაში კი მისი სკანირებული ან სქრინ ვერსია.
  • მონაწილეობის მსურველმა უნდა შეავსოს აპლიკაცია.
  • დამატებითი მასალები (არსებობის შემთხვევაში) გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ethicscharter@gmail.com
  • თითოეულ აპლიკანტს შეუძლია ერთი საკონკურსო ნაშრომის წარდგენა ერთ ნომინაციაში.
  • საკონკურსო ნაშრომი მომზადებული უნდა იყოს საქართველოს აუდიტორიისთვის.
  • საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 30 ნოემბერი, 18:00 საათი.
  • გამარჯვებული გამოვლინდება 2023 წლის დეკემბერში.

ნამუშევრების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები:

  • თემის აქტუალობა/მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი;
  • თხრობის სტილი და ტექნიკა;
  • ინფორმაციის გადმოცემის ხერხების მრავალფეროვნება;
  • დრამატურგია და ვიზუალური მხარე;
  • ინფორმაციის წყაროთა მრავალფეროვნება;
  • ინფორმაციის სიზუსტე;
  • ფაქტებისა და მოსაზრებების გამიჯვნა, მიუკერძოებლობა;
  • მხარეთა ბალანსი;
  • სიძულვილის ენის გამოუყენებლობა.

ჟურნალისტური პროდუქტის შერჩევის მთავარი კრიტერიუმია პროფესიული და ეთიკური სტანდარტები, რასაც ეფუძნება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

01.11.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „ფორმულას” ჟურნალისტების წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია გიორგი კაპანაძე.

სადავო მასალა 2023 წლის 10 ოქტომბერს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია არასწორად გააშუქა და ფაქტები მიზანმიმართულად დაამახინჯა მისი დისკრედიტაციის მიზნით. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტისგანზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

01.11.2023
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 2 ნოემბერს 1 საქმეს ონლაინ განიხილავს: 

18:00 საათი: მორის დანდურიშვილი ტელეკომპანია „ფორმულას" ჟურნალისტის სალომე გოგოხიას წინააღმდეგ

სადავო მასალა 2023 წლის 21 ოქტომბერს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია არასწორად გააშუქა და ფაქტები განზრახ დაამახინჯა. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეხუთე (შესწორება), მერვე (ბავშვთა უფლებები) და მეთერთმეტე (ფაქტისგანზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მასზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com 

საქმის  განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.

01.11.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „ფორმულას” ჟურნალისტების წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია მორის დანდურიშვილი. 

სადავო მასალა 2023 წლის 21 ოქტომბერს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია არასწორად გააშუქა და ფაქტები განზრახ დაამახინჯა. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეხუთე (შესწორება), მერვე (ბავშვთა უფლებები) და მეთერთმეტე (ფაქტისგანზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

25.10.2023

2023 წლის 19 ოქტომბერს, მედიის წარმომადგენლებს სოფელ  ჭორვილაში შესვლის უფლება არ მისცეს. 

მედია ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მსვლელობის გასაშუქებლად მივიდა, რომლებიც სოფელში შესვლას და აქციის ჩატარებას გეგმავდნენ. პროცესი ადგილზე მყოფ სხვა ადამიანებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა განუმარტა, რომ სოფელში მედიის არ შეშვების მიზეზი მათივე უსაფრთხოება და “ქვის ცვენა” იყო. 

ქარტია მიიჩნევს, რომ თითოეული ასეთი შემთხვევა და მედიის მიმართ ცინიკური დამოკიდებულება ახალისებს მედიის მიმართ ძალადობას. დაუშვებელია, მედიას არ მიეცეს საშუალება შევიდეს სოფელში, საჯარო ტერიტორიაზე. ეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლაა, რაც საქართველოს კანონმდებლობით ისჯება.

მოვუწოდებთ სახელმწიფო უწყებებს, შეწყვიტონ ამგვარი პრაქტიკა - მედიის საქმიანობის შეზღუდვა და პატივი სცენ გამოხატვის თავისუფლებას. მისცენ ჟურნალისტებს საშუალება თავისუფლად შეასრულონ პროფესიული მოვალეობა და უზრუნველყონ უსაფრთხოდ მუშაობის პირობები. 

ქარტია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი.

20.10.2023

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება მმართველი პარტიის მიერ “მაუწყებლობის შესახებ კანონში” ინიციირებულ მორიგ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, იზრდება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილება, მათ შორის სიძულვილის ენის რეგულირებასთან დაკავშირებით. 

“ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ “კანონპროექტი მიზნად ისახავს „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის დახვეწას ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად და ტერორიზმისკენ მოწოდებისა და სიძულვილის ენის შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აღსაკვეთად, ეფექტური მექანიზმის შექმნას”.  კანონპროექტის თანახმად, 55 (2) მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება მარეგულირებელ კომისიაში იქნება შესაძლებელი.

მედიის ადვოკატირების კოალიცია იზიარებს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას და სრულად უჭერს მხარს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. კოალიციამ და მისმა წევრებმა არაერთგზის განაცხადეს ამის შესახებ და რეგულარულად მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ევროკავშირის მიერ შემუშავებული 12 პრიორიტეტის შესრულება, რაც უზრუნველყოფს, როგორც ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას, ასევე არსებული სერიოზული ინსტიტუციური გამოწვევების დაძლევის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს. 

მედიის ადვოკატირების კოალიცია აცნობიერებს სიძულვილის ენის  საკითხის მოგვარების აუცილებლობას.  ამ მიზნით კოალიციამ მაუწყებლებთან ერთად ჯერ კიდევ გასულ წელს  შეიმუშავა ალტერნატიული წინადადება, ეფექტიანი თანარეგულაციის მექანიზმი, თუმცა მმართველმა პარტიამ აღნიშნული შეთავაზება არ განიხილა. მსგავს მოდელზე საუბრობდნენ ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი ექსპერტებიც, რომლებიც ქვეყანაში არსებული კონტექსტის გამო ეფექტიანი თანარეგულაციის შემოღების მომხრენი იყვნენ. მიმდინარე წლის ზაფხულში, მმართველი გუნდის მიერ პარლამენტში წარდგენილი ცვლილებები კოალიციამ დადებითად შეაფასა, თუმცა არასაკმარისად მიიჩნია მეორე ეტაპის, თანარეგულირების ეფექტიანი მექანიზმის გარეშე.  

მარეგულირებლის ხელში დამატებითი ძალაუფლების  კონცენტრაცია ზრდის მისი ბოროტად გამოყენების რისკს. წარსული პრაქტიკის გათვალისწინებით, მედიის ადვოკატირების კოალიციისა და მედია ორგანიზაციებს შეშფოთების სრულიად  ლეგიტიმური საფუძველი აქვს. 

კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საპარლამენტო უმრავლესობას, რომ მედიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები არ მიიღოს მაუწყებლებთან კონსულტაციისა და ფართო კონსენსუსის გარეშე, რასაც მოითხოვს ევროდირექტივა აუდიოვიზულაური მედიამომსახურების შესახებ. 

17.10.2023
ტელეკომპანია ფორმულასა და TV პირველის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფებს ყოფილი მთავარი პროკურორის, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის დაცვა თავს დაესხა. მედია ფარცხალაძით კიდევ ერთხელ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის მიხედვით, FSB-ის ოფიცერმა ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის.
 
TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე წერს, რომ დღეს, 20 სექტემბერს, ფარცხალაძის დაცვა თავს დაესხა შაბათის ეთერის გადამღებ ჯგუფს და წაართვა სამაუწყებლო აპარატურა, ასევე, ტელეფონი წაართვეს ჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილს და, სავარაუდოდ, ცდილობდნენ მობილურიდან მისი პირადი ინფორმაციის და ტელეფონში შენახული კადრების მოპოვებას. 
 
ტელეკომპანია ფორმულას მიერ გავრცელებულ კადრებში კი ჩანს, რომ უცნობ პირს ძალის გამოყენებით მიჰყავს ოპერატორები, რა დროსაც ისმის ჟურნალისტის ხმა: “ხელი გაუშვით, რას აკეთებთ”. ასევე, ჟურნალისტი ეკითხება მას ვინაობას და ამბობს, რომ ის ჟურნალისტებზე ძალადობს. “რატომ სცემეთ ჩემი ოპერატორი, მიპასუხეთ”, — ამბობს ჟურნალისტი. კადრში ასევე ისმის სხვა - TV პირველის ჟურნალისტის, სავარაუდოდ, მარიამ გაფრინდაშვილის ხმა, რომელიც მოითხოვს, რომ მობილური დაუბრუნონ.
 
ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია. ასევე, თავდასხმები გამოწვეულია მმართველი პარტიის წარმომდგენლების აგრესიული რიტორიკით ჟურნალისტების მიმართ.
 
ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, დაუყოვნებლივ მისცენ პასუხისგებაში TV პირველისა და ფორმულას გადამღებ ჯგუფებზე თავდამსხმელები.
 
ამასთან, ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, არ წაახალისოს მოძალადეები და გაატაროს ყველა პრევენციული ღონისძიება, რათა უზრუნველყოს მედია მშვიდი და უსაფრთხო სამუშაო გარემოთი და დაიცვას ჟურნალისტები ყოველგვარი თავდასხმისა და საქმიანობაში უკანონო ხელშეშლისგან.
 
20.09.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 21 სექტემბერს 1 საქმეს ონლაინ განიხილავს: 

18:00 საათი: სალომე ღოღობერიძე ტელეკომპანია „ფორმულას" ჟურნალისტის რატი წვერავას წინააღმდეგ 

სადავო მასალა 10 აგვისტოს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლის პოზიციით, მედიამ ინფორმაცია არასწორად და დაუბალანსებლად გაავრცელა.

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) პრინციპის დარღვევაზე. 

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მასზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com 

საქმის  განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.

 

 

 

20.09.2023

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება ბოლო პერიოდის საგანგაშო შემთხვევებს, რომელიც მანიშნებელია მედიაგარემოს კიდევ უფრო გაუარესებისა ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტებს ისედაც რთულ ვითარებაში უწევთ საქმიანობა. სახიფათოა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, თავდასხმები წამყვანი მედიის, “მთის ამბების”, წინააღმდეგ, და მისი მცდელობები, ცენზურას დაუქვემდებაროს დამოუკიდებელი მედია OC Media. საგანგაშოა, ასევე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გადაწყვეტილება მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმის დახურვასთან დაკავშირებით. 

  • პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, აგრძელებს “მთის ამბების” წინააღმდეგ კამპანიას და აგრესიულ რიტორიკას. ის თავს დაესხა რედაქტორს, გელა მთივლიშვილს, და მას “თვითგამოცხადებული ჟურნალისტი” უწოდა. გელა მთივლიშვილის განცხადებით, მედია არ აპირებს პოლიტიკოსებთან დისკუსიაში შესვლას, თუმცა “მისი (შალვა პაპუაშვილის) და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის სხვა ლიდერების ყოველი ასეთი განცხადება აუარესებს მედიის სამუშაო გარემოს და მას უფრო მეტად საშიშს ხდის”.
  • დამოუკიდებელი მედიაგამოცემის, OC Media-ს, მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპედის გამოქვეყნებაზე უარის მიღების შემდეგ, უკმაყოფილება გამოთქვა წერილში, რომლითაც გამოცემის დონორებს  მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ მედიაგამოცემამ პარლამენტის თავმჯდომარის წარმომადგენელს უარის ობიექტური მიზეზები განუმარტა, პარლამენტის თავმჯდომარე შეეცადა, დონორებთან წერილის გაგზავნით მედიასაშუალებაზე გავლენა მოეხდინა და ის ცენზურის ქვეშ მოექცია. 
  • სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება ტელეკომპანია „ფორმულას“ თანადამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის, საქმის დახურვის შესახებ. მშვილდაძის ადვოკატის განცხადებით, საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულს საქმეში არსებული ვიდეოკადრები არ მიაწოდა და „ფორმულას“ მიერ ჟურნალისტური გამოძიების დროს აღმოჩენილი მტკიცებულებები არ გაითვალისწინა.

“ქართულმა ოცნებამ” მოსახლეობის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის პროტესტის შედეგად ვერ შეძლო “რუსული კანონის” მიღება, რომლის მიზანი ქვეყანაში, მათ შორის, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი მედიის განადგურება იყო. თუმცა, შალვა პაპუაშვილის განცხადებები და ქმედებები ცალსახად მიანიშნებს, რომ ხელისუფლება უარს არ ამბობს ქმედებებზე “რუსული კანონის” სულისკვეთებით და მედიაზე ზეწოლას ახორციელებს. 

თავდასხმები მედიის მფლობელებზე და დამოუკიდებელ ონლაინ მედიასაშუალებებზე ზეწოლის მცდელობები ძირს უთხრის ჟურნალისტების ძალისხმევას, თავიანთი ფუნქცია შეასრულონ. ასეთი ქმედებები არა მხოლოდ ზღუდავს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ ინფორმაციას, არამედ ქვეყანაში ჯერ კიდევ დარჩენილ დემოკრატიულ ინსტიტუტებსაც ანადგურებს. 

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს მმართველ პარტიას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები მედიის თავისუფლების დასაცავად. ევროინტეგრაციის გზაზე მყოფი ქვეყნისთვის სიტყვისა და გამოხატვის  თავისუფლების პრინციპების დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

14.09.2023

დღეს, 14 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ „ჟურნალისტურ ეთიკაზე და სტანდარტებზე იყოს ჩადარაჯებული”.

„თუკი რაიმეს ვოჩდოგი უნდა იყოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ის უნდა იყოს ჟურნალისტების ვოჩდოგი, ჟურნალისტების მიმართ უნდა ჰქონდეთ ეს დამოკიდებულება და აბსოლუტურად ჩუმად არიან”, - აღნიშნა მან OC Media-ს დონორებთან კომუნიკაციის შესახებ ჟურნალისტების კითხვის პასუხად.

ქარტია აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია არის ჟურნალისტების დამოუკიდებელი გაერთიანება, შესაბამისად, თავად წევრები წყვეტენ და გადაწყვეტენ, რით უნდა იყოს ეს ორგანიზაცია დაკავებული. ხელისუფლება კი დაკავებული უნდა იყოს გამოხატვის თავისუფლების დაცვით, ჟურნალისტებზე თავდამსხმელების სათანადო დასჯით, მედიის კითხვებზე პასუხის გაცემით და არა ინფორმაციის დამალვით, მედიაზე ზეწოლით, შემზღუდავი კანონებისა თუ ბრძანებების მიღების მცდელობებითა და მიღებით.

რაც შეეხება OC Media-ს დონორებთან პარლამენტის თავმჯდომარის კომუნიკაციას, საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია OC Media-ს დონორებთან პარლამენტის თავმჯდომარის კომუნიკაციას გამოეხმაურა იმავე დღეს, როგორც კი ეს ინფორმაცია გავრცელდა და მომხდარი თავისუფალი, მიუკერძოებელი მედიის დევნის მცდელობად შეაფასა. ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება, პრობლემა შეუქმნას თავისუფალ მედიას. მედიას სრული უფლება აქვს, უარი თქვას კონკრეტული მასალის გამოქვეყნებაზე, თუ ის წინააღმდეგობაში მოდის მის სტანდარტებთან და სარედაქციო პოლიტიკასთან და, მით უმეტეს, არ არის ვალდებული, მასალის წინასწარ გაცნობის გარეშე გასცეს თანხმობა მის გამოქვეყნებაზე. 

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა, იყო “მთის ამბების” რედაქტორის, გელა მთივლიშვილის მუშაობა შოვში, სტიქიის ზონაში და ის კიდევ ერთხელ დაესხა თავს “მთის ამბებს”. ქარტიის პოზიციაა, რომ შოვის ტრაგედიის გაშუქებისას და შემდეგ ხელისუფლებამ გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო, რასაც ქარტია მედიის ადვოკატირების კოალიციასთან ერთად გამოეხმაურა. „მთის ამბების“ რედაქტორი მედიის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი იყო, რომელიც საზოგადოებას შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. არსებობს ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ემუქრება მას საჯარო მოხელე „წყალში გადაგდებით“. გელა მთივლიშვილის განცხადებით, აგრესია მათ მიმართ მას შემდეგ გაჩნდა, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, „არაკაცი“ უწოდა, ხოლო პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა, პოსტის წაშლაზე მიუთითა.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმები თავისუფალ, მიუკერძოებელ ჟურნალისტებზე არის ნიშანი იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობს ზეწოლას იმ მედიაზე, რომელსაც ვერ აკონტროლებს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ზეწოლად მიიჩნევს პარლამენტის თავმჯდომარის წერილობით მიმართვებს თავისუფალი მედიის დონორებისადმი და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები როგორც ცალკეულ ჟურნალისტებზე, ისე მედიასაშუალებებზე, დაიცვას გამოხატვის თავისუფლება, არ ჩაერიოს მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და იზრუნოს მედიისთვის თავისუფალი უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაზე.

14.09.2023

ხელისუფლების წარმომადგენლები აგრძელებენ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმას. 

OC Media-ს ინფორმაციით, მათ დაუკავშირდნენ შალვა პაპუაშვილის ოფისიდან და სთხოვეს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მომზადებული ოპედის გამოქვეყნება. მიუხედავად მედიასაშუალების თხოვნისა, შალვა პაპუაშვილის წარმომადგენლებმა მედიას არ მიაწოდეს ოპედის სრული ვერსია.

მედიასაშუალების რედაქტორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, არ გამოქვეყნებულიყო პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მომზადებული მასალა. მათი უარი დასაბუთებული იყო კონკრეტული კრიტერიუმებით, რომელიც მედიასაშუალებას აქვს გაწერილი.

მოგვიანებით, OC Media-სთვის ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა დონორ ორგანიზაციებს და ჰკითხა, თუ რატომ აფინანსებენ ისეთ მედიასაშუალებას, რომელიც ცალმხრივად აშუქებს ინფორმაციას.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ OC Media-მ ინტერვიუ სთხოვა პარლამენტის თავმჯდომარეს, რაზეც უარი მიიღო.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება პრობლემა შეუქმნას თავისუფალ მედიას.

ქარტიის საბჭო აღნიშნავს, რომ მედიას სრული უფლება აქვს უარი თქვას კონკრეტული მასალის გამოქვეყნებაზე, თუ ის წინააღმდეგობაში მოდის მის სტანდარტებთან და სარედაქციო პოლიტიკასთან და მით უმეტეს არ არის ვალდებული მასალის წინასწარ გაცნობის გარეშე გასცეს თანხმობა მის გამოქვეყნებაზე. 

მოვუწოდებთ მმართველ პარტიას შეწყვიტოს თავისუფალი, მიუკერძოებელი მედიის დევნა და ხელი შეუწყოს თავისუფალი მედიის მუშაობასა და უსაფრთხოებას. 

12.09.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 15 სექტემბერს 2 საქმეს ონლაინ განიხილავს: 

18:00 საათი: კავშირი საფარი „რუსთავი 2-ის" წინააღმდეგ 

სადავო მასალა 22 აგვისტოს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლის პოზიციით, მედიამ არასწორი და მანიპულაციური ინფორმაცია თეა გოდოლაძის დისკრედიტაციის მიზნით განზრახ გაავრცელა. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენება), მეხუთე (შესწორება), მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

19:00 საათი: ნინო ქართველიშვილი „BBB აკადემიას" წინააღმდეგ 

სადავო მასალა ტელევიზიის ეთერში 2023 წლის 1 მაისს გავიდა.

განმცხადებლის პოზიციით, ვიდეორგოლი დისკრიმინაციულია და სტერეოტიპების გამყარებას უწყობს ხელს. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მერვე (ბავშვთა უფლებები) პრინციპის დარღვევაზე. 

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მასზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com 

საქმის  განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.

12.09.2023

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.